კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 ცივსისხლიანი მკვლელი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

ჰოლმსს ძალიან გაუკვირდა, როცა მასთან ღვთისმსახური ჯეიმს ეპლი მივიდა დახმარების სათხოვნელად. ის აღშფოთებული და შეშფოთებული იყო იმით, რომ მის ძმისშვილს, ადგილობრივ ახალგაზრდა ექიმს, გრიფინს, მკვლელობაში სდებდნენ ბრალს. მისტერ ჯონ ტრელონი, ერთ-ერთი ძალიან მდიდარი სკვაირი და მემამულე, სრულიად მოულოდნელად, მკვდარი იპოვეს საკუთარ საწოლში. მოძღვარი ამტკიცებდა, რომ სამოცდაშვიდი წლის ჯონ ტრელონი კიდევ ათი წელი მაინც იცოცხლებდა, ისეთი ჯანმრთელი იყო. გაკვეთამაც დაადასტურა მისი იშვიათი ჯანმრთელობის ამბავი.
– თქვენ იცით, მას თავიც კი არასდროს სტკენია. გრიფინი სულ ამბობდა, ასეთი ჯანმრთელობა ახალგაზრდასაც კი შეშურდებაო... ახლა მის მკვლელობაში სდებენ ბრალს.
– რადგან მისი პირადი ექიმი იყო? – დაინტერესდა შერლოკი.
– მარტო ეს არ არის, – ამოიოხრა მოძღვარმა და უოტსონს ისე შეხედა, თითქოს ფიქრობდა, ეთქვა თუ არა მისი თანდასწრებით ეს ამბავი.
ჰოლმსმა გაიღიმა.
– ჩემო ძვირფასო ეპლ, თუ გინდათ, რეალურად დაგეხმაროთ, ყველაფერი უნდა მითხრათ. ვხვდები, რომ ძმისშვილი თქვენი ერთადერთი იმედია. ცოლი არ გყავთ, ქვრივი ხართ, ეკონომი ქალი კი, არცთუ ისე აკურატულია. თქვენი ბიბლიოთეკის თაროებზე მუდმივად მტვერია.
ღვთისმსახური წამოხტა.
– თქვენ ჯადოქარი ხართ, მისტერ ჰოლმს. საიდან იგებთ ასეთ რაღაცებს. მე დაბნეული ადამიანი ვარ, მაგრამ ზუსტად შემიძლია, ვთქვა, ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე სიტყვაც არ დამიძრავს.
– ეს ჩემი პატარ-პატარა ღირსებებია. ესე იგი, თქვენ დაბნეული ადამიანი ხართ?
– დიახ. ახალგაზრდობაში მედიცინით ვიყავი გატაცებული. მაგიტომაც შემიძლია, დაბეჯითებით ვამტკიცო, რომ რაღაც არაბუნებრივ ძალებთან გვაქვს საქმე. მკვლელობის არავითარი კვალი, საერთოდ არაფერი... რამ მოკლა, რანაირად მოკლეს, გაუგებარია. ჩემი საწყალი გრიფინი... რა მისი ბრალია, რომ ჯიუტმა მოხუცმა ანდერძი შეცვალა და მთელი თავისი ქონების მემკვიდრედ ის გამოაცხადა.
– აჰა, ასეა საქმე? საინტერესოა, არც ისეთი დაბნეული ყოფილხართ.
– როგორ არა. მამაჩემი მეუბნებოდა, უმჯობესია, ადამიანის სულის გადარჩენაზე იზრუნო, ვიდრე მისი სხეულის. ისეთი გაფანტული ხარ, პაციენტს ტყუილუბრალოდ ამოაჭრი ნაღვლის ბუშტს და ქლოროფორმით დააძინებო...
ჰოლმსს ამ სიტყვებზე სახე უცნაურად გაუნათდა და უოტსონს ანიშნა, ჩემი ჩანაწერების რვეული მომაწოდეო. მასში ცოტა ხანს იქექებოდა. როცა იპოვა, რასაც ეძებდა, კმაყოფილებით ჩაიცინა.
– განაგრძეთ ანდერძის ამბავი. ძველ ანდერძში ვინ იყო მემკვიდრე?
– მისი დისშვილი, მომხიბვლელი დოლორესი. ბიძას ის ძალიან უყვარდა, მაგრამ მძიმე ხასიათის კაცი იყო და ერთ დღეს ძალიან გაუბრაზდა ქარაფშუტობისთვის.
– კონკრეტული მიზეზი ჰქონდა?
– როგორ გითხრათ, დოლორესი ახალგაზრდა იურისტზე დაინიშნა ტრელონის უჩუმრად, ალბათ, შეუყვარდათ ერთმანეთი. ეინსუორთი სკვაირის იურისტიც იყო, მის დოკუმენტაციას აგვარებდა. კარგი ახალგაზრდაა. ვერაფერს ვიტყვი მასზე.
– ბოლოს ვინ ნახა გარდაცვლილი? როგორც მივხვდი, თქვენ და თქვენი ძმისშვილი ძალიან ახლოს იყავით მასთან.
– დიახ. მე ყოველდღე ვაკითხავდი. საღამოობით ბიბლიას კითხულობდა. ათ საათზე კი, საათს მომართავდა და დასაძინებლად წვებოდა. ხუთ საათზე იღვიძებდა, დგებოდა და მუშაობას იწყებდა. აქტიურად უვლიდა მეურნეობას.
– ვინ იყო მისი სიკვდილის ღამეს მამულში?
– დოლორესი და მისი საქმრო, ასევე ჩვენც – მე და გრიფინი, ყველა სავახშმოდ დაგვპატიჟა გუდმენს ჰოლში. დიდი ჭექა-ქუხილი იყო იმ საღამოს. მისტერ ტრელონს მისი ძალიან ეშინოდა და ითხოვდა, მარტო არ დამტოვოთო. ეინსუორთი დაჰპირდა, ღამით რამდენჯერმე შემოვალ თქვენთანო.
– შეასრულა პირობა?
– ჩვენ ათის ნახევარზე წამოვედით. ამბობს, რომ ორჯერ შევიდა მასთან – თორმეტი საათისთვის და ორის ნახევარზე. დილით მოახლემ უკვე გარდაცვლილი ნახა. როგორ გგონიათ, მოკლეს?
– მე და დოქტორ უოტსონი თქვენთან ერთად წამოვალთ გუდმენს ჰოლში და ამ კითხვაზე პასუხს იქ გაგცემთ.
– ო, მისტერ ჰოლმს, დაეხმარეთ გრიფინს, თორემ მისი ფიცხი ხასიათის გამო და შეცვლილი ანდერძის გადამკიდე, მთავარი ეჭვმიტანილია. მხოლოდ იმიტომ არ დააპატიმრეს, რომ ვერ მიაგნეს მკვლელობის იარაღს. სიმართლე გითხრათ, მეც თავს ვიმტვრევ, როდის შეიძლებოდა, მოეკლათ, თანაც მძინარე. არავითარი კვალი, არავითარი სამხილი... მაგრამ პოლიციას მოტივი აქვს. ლესტრეიდი ამბობს, რომ ესეც საკმარისია გრიფინის სახრჩობელაზე გასაგზავნად.
– ოჰ, ეს ლესტრეიდი, ისიც ამ საქმეშია?
– დიახ. ამბობს, რომ თუ თქვენ გამოძიებაში ჩაერთვებით, მკვლელობის იარაღსაც აპოვნინებთ.
ჰოლმსმა  თავი დააქნია.
– ვნახოთ. პრინციპში, სრული სურათის შესადგენად მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი მაკლია.
ჰოლმსის თხოვნით, ჯეიმს ეპლიმ იმ საბედისწერო ღამის ყველა მონაწილე გუდმენს ჰოლში შეკრიბა. დოლორესი პერიოდულად ტიროდა. მის საქმროს საკმაოდ მშვიდად ეჭირა თავი.
– მისტერ ჰოლმს, დოლორესი ძალიან განიცდის ბიძის სიკვდილს. არ შეიძლება, დღეს თავი ავარიდოთ შეკითხვებს?
– მხოლოდ  მცირე დროს წაგართმევთ. ჯერ მიცვალებულს დავხედავ, მერე ყველანი მის საძინებელში ავალთ და იმ ღამის ყველა დეტალს გავიხსენებთ.
ჰოლმსი გამადიდებელი შუშით ათი წუთის განმავლობაში ყურადღებით აკვირდებოდა გარდაცვლილის სახეს. შემდეგ სიტყვის უთქმელად გაუძღვა ყველას სკვაირის საძინებლისკენ. ოთახს, მძიმე ავეჯი და მუქი ინტერიერი უსიამოვნო, დამთრგუნველ იერს სძენდა. მარმარილოს ზედაპირიან ტუმბოზე წამლებსა და ფლაკონებს შორის ოქროს საათი იდო. ჰოლმსმა აიღო და მომართა. დოლორესმა შეჰკივლა და სახეზე ხელები აიფარა.
– თუ ღმერთი გწამთ, ნუ შვრებით ამას. ზუსტად ისეა, როგორც იმ ღამეს, როცა თქვენ მომართეთ საათი. ისეთი ხმა აქვს, თითქოს მიცვალებული კვნესოდეს.
ჰოლმსმა ღვთისმსახურს შეხედა.
– თქვენ მომართეთ საათი?
– დიახ.
– რამე უცნაურობა ხომ არ შეგინიშნავთ?
– მხოლოდ ის, რომ საათი ძალიან სწრაფად მოიმართა. ამას ახლა მივხვდი, როცა თქვენც მომართეთ საათი და საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა.
– ანუ, ეს ნიშნავს, რომ იმ ღამეს მისტერ ტრელონი ათ საათზე არ დაწოლილა. შესაბამისად, მასთან თორმეტ საათზე შესული ადამიანი მძინარეს ვერ ნახავდა. აქედან კითხვა, ვინ იყო შესული გარდაცვლილის საძინებელში? თქვენ მისტერ ეინსუორთ, რომელსაც ცოლად მდიდარი მემკვიდრის შერთვა გინდოდათ და უცებ, ეს შანსი კინაღამ ხელიდან გამოგეცალათ, როცა მისტერ ტრელონმა ანდერძი შეცვალა. დიახ, თქვენ ცივსისხლიანი მკვლელი ხართ, ძალიან საშიში ადამიანი. ლესტრეიდ, სწორედ მისტერ ეინსუორთია სკვაირის მკვლელი.
– სისულელეა, როგორ დაამტკიცებთ ამას? როგორ მოვკალი, რა საშუალებით.
– ქლოროფორმით, ჩემო ძვირფასო. ამ ოთახში ორი ადამიანია ისეთი, ვინც იტყვის, რა მოუვა მძინარე ადამიანს, თუკი სახეზე ქლოროფორმით გაჟღენთილ ქსოვილს ათი წუთით მაინც დავაფარებთ და ვასუნთქებთ. მართალია, მისტერ ეპლი – მას გული გაუჩერდება. მე დავათვალიერე მიცვალებული. ტუჩების გარშემო პაწაწინა ბუშტუკები შევამჩნიე, რაც ქლოროფორმით გამოწვეული მსუბუქი დამწვრობის შედეგია. ნებისმიერი სამედიცინო ექსპერტიზა დაადასტურებს ამას. მიკვირს, აქამდე რატომ არ მიაქციეს ყურადღება. ლესტრეიდ, თუ გინდათ, მკვლელი არ გაგექცეთ, ახლავე დაადეთ მას ხელბორკილები. ხედავთ, ძვირფასო ინსპექტორო, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს დეტალებს? რამდენჯერ გვილაპარაკია ამაზე. თქვენ ამტკიცებდით, რომ მარტო მოტივია მნიშვნელოვანი. მოტივი სხვასაც შეიძლება, ჰქონდეს, მაგრამ მკვლელობის გეგმა მხოლოდ ერთი ადამიანის, მკვლელის თავში იბადება და იგეგმება.
P.S. ორი თვის შემდეგ დოლორესი ახალგაზრდა ექიმ, გრიფინზე დაინიშნა.

скачать dle 11.3