№9 რით პასუხობს ქმარი დეტექტივივით ეჭვიან ცოლს
როცა გიყვარს, ეჭვიანობა ნორმალური მოვლენაა. თუმცა, ზოგჯერ ის უმართავი ხდება, ანგრევს ოჯახებს, ურთიერთობებს, გრძნობას... ის სტერეოტიპული მოსაზრება, რომ არ არსებობს სიყვარული ეჭვიანობის გარეშე, ბევრ ქალს უმწარებს ცხოვრებას. ეჭვი ადვილად იქცევა სუიციდის იარაღად, თუკი მას „მივუშვებთ“ და უფლებას მივცემთ, ჩვენ გარშემო ყველაფერი განადგურდეს.
თინიკო (37 წლის): მე არასდროს ვყოფილვარ ეჭვით დაავადებული. პირიქით, მეცინებოდა კიდეც მათზე, ეჭვს აყოლილები სისულელეებს რომ სჩადიოდნენ. როდის და როგორ დამემართა ის, რომ მეც მათ დავემსგავსე, ვერ ვხვდები.
– ეჭვიანობით ყველა ეჭვიანობს...
– არა. ყველა ისე არ ეჭვიანობს, როგორც მე. ნამდვილი დეტექტივი გავხდი და მხოლოდ ძალიან დიდი ხნის შემდეგ გავაცნობიერე, რომ საშინელ ადამიანად ვიქეცი. ცოლი კი აღარ ვიყავი, არამედ აბეზარი დეტექტივი. რომელ კაცს სჭირდება ასეთი ქალი სახლში?! ჰოდა, რაც ჩემსა და ჩემი ქმრის ურთიერთობაში მოხდა, ოთხმოცდაათი პროცენტით ჩემი დანაშაულია.
– თუ ქმარს არანაირი საბაბი არ მოუცია, ეჭვიანობა მართლაც მძიმე იქნებოდა მისთვის.
– საქმე ისაა, რომ მთავარია, არ დაავადდე ეჭვით, თორემ საბაბს იქ მოძებნი, სადაც გინდა. ამას ახლა ვამბობ, როცა უკვე საღი აზრი დამიბრუნდა. მაშინ კი ყველაფრის განადგურებაზე ვიყავი თანახმა. თითქოს გონება დამებინდა.
– ერთ დღეს დაგეწყოთ ეჭვიანობის შეტევები, მოულოდნელად?
– არა. მოულოდნელად არ დამწყებია. მაპროვოცირებელი ფაქტორი იყო ის, რომ ჩემი დაქალი ქმარმა მიატოვა. ბუნებრივია, მასთან ერთად განვიცადე. შევეცადე, როგორმე მენუგეშებინა. ყოველდღე დავდიოდი მასთან, ის ტიროდა – მე ვაწყნარებდი; ლაპარაკობდა – ვუსმენდი, ლაპარაკობდა – ვუსმენდი და უცებ ჩავწვდი მისი სიტყვების აზრს: „როგორი ბრმა ვიყავი, ამდენი ხანი ტყუილში მაცხოვრა და ვერაფერს მივხვდი. ვინ იცის, რამდენს დამცინოდა თავის კახპასთან ერთად. ახლა როგორი შეურაცხყოფილი ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად ვენდე...“
– ამ სიტყვებმა გაფიქრებინათ, რომ ქმარი გღალატობდათ?
– ამ სიტყვებმა მაფიქრებინა, რომ მეც შეიძლებოდა, აღმოვჩენილიყავი იგივე მდგომარეობაში. შეურაცხყოფილი დავრჩებოდი და მწარედ ვიტირებდი საკუთარი გულუბრყვილობის გამო. როგორ გითხრათ, დავინტერესდი: არ მინდოდა, მაგრამ მუდმივად ამაზე მეფიქრებოდა. აკვიატებული იდეა ფიქრად მექცა, რომ თუ სიფრთხილეს გამოვიჩენდი, აუცილებლად ვიქნებოდი შეურაცხყოფილი და დამცირებული. იცით, რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია ფიქრებს ადამიანზე? თუ რამე აგეკვიატა – მორჩა! ფიქრობ, ფიქრობ და მერე იმ რეალობაში ცხოვრობ... არ ვცდილობ, თავი ამ ფორმით გავიმართლო, მაგრამ მინდა, ავხსნა, რა დამემართა და რატომ შევიცვალე. ეს საშინელი ცვლილება იყო და ლამის ცხოვრება დამენგრა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მეგონა, არაფერს ვაშავებდი.
– კონკრეტულად, რას აკეთებდით? რას ნიშნავს იყო დეტექტივი-ცოლი?
– საშინელ რაღაცას. ახლა რომ ვფიქრობ საკუთარ თავზე, როგორ გულისამრევად ვიქცეოდი, საშინლად ვბრაზობ. რატომ არავინ გამომიჩნდა ჭკუის დამრიგებელი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ქარი იმსახურებდა ისეთ მოპყრობას, როგორც მოვექეცი. ამიტომ, რითაც მიპასუხა, სრულიად ვიმსახურებდი.
– მამაკაცები არც ისეთი „უწყინარები“ არიან, როგორადაც თავს გვაჩვენებენ. ღირს მათთან „დანაშაულის“ აღიარება?
– საქმე ისაა? როცა იცი, რომ კარგი ურთიერთობა შენ გააფუჭე, საკუთარი დანაშაული უნდა აღიარო, ალბათ. რად მინდა, გავჯიუტდე და გარშემო ყველაფერი დამენგრეს. მე ჩემი ქმარი და ოჯახი ძალიან მიყვარს, ვერ დავკარგავ. მაგრამ, ვერც ბოლომდე გამოვუტყდები იმაში, რომ ძალიან დავაშავე. უბრალოდ, ვაღიარებ, რომ არასწორად ვიქცეოდი. ჩემს არანორმალურ, პათოლოგიურ ქცევებსა და დეტექტიურ გამოხდომებს ქმარმა თავისი ტაქტიკა დაუპირისპირა – ირონია და ცინიზმი. მერე მაიგნორებდა, რამაც კინაღამ დამანგრია. ფაქტობრივად, გამრიყა. ცოტაც და ჩვენ შორის გაჩენილ უფსკრულს ვეღარაფრით ამოვავსებდი, რომელ ოჯახურ ბედნიერებაზეა ლაპარაკი. არადა, ამდენი სისულელე სწორედ ოჯახის ბედნიერებისთვის გავაკეთე. რატომ დამემართა ასეთი საშინელება? მხოლოდ იმის შიშით, რომ ქმარი მიღალატებდა, საღი აზრი დავკარგე. ნერვიულობამ გონება დამიბინდა. ეჭვიანობა თითქოს გამართლებულია, მაგრამ არა ასეთი – დეტექტიური და უღირსი: ქექვა მისი ტანსაცმლის ჯიბეებში, მობილურში მესიჯებისა და ზარების შემოწმება. კიდევ უფრო უარესი ის დაკითხვები იყო, რომელსაც ვუწყობდი.
– დაკითხვები?
– დიახ, ამას სხვა რამეს ვერ დავარქმევ. კიდევ დიდხანს მითმენდა და ხმას არ იღებდა. სად იყავი, რატომ დაგაგვიანდა, ვის ელაპარაკებოდი?.. თავადაც ვერ მივხვდი, როგორ ვიქეცი ისტერიკულ, ნევრასთენიკად. ახლა მეც მაღიზიანებს ჩემი მაშინდელი „მე“, თითქოს სხვა ვიღაც ჩამისახლდა სულში. იცით, როგორ გამოვფხიზლდი? ერთ დღეს ჩემი ქმრის თვალებში ზიზღი დავინახე – ისეთი ზიზღი, რომ შევძრწუნდი და სახეზე ხელები ავიფარე. გავიქეცი და მეორე ოთახში ჩავიკეტე. სარკის წინ ვიჯექი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, აქამდე როგორ მივედი-მეთქი. მერე, რამდენიმე დღე ჩემთვის, ჩუმად დავდიოდი. არც ქმრის მხრიდან იყო ურთიერთობის განახლების ინიციატივა. წარმოდგენა არ მქონდა, როგორ შევძლებდით კომუნიკაციის აღდგენას. მერე მივედი და ბოდიში მოვუხადე. ძნელი იყო, გამიჭირდა, მაგრამ შევძელი.
– ფიქრობთ, რომ ეს კარგი გამოსავალი იყო?
– არ ვიცი, კარგი გამოსავალი იყო თუ ცუდი, მაგრამ კუთხეში მომწყვდეულივით ვიყავი. ბოდიშის მოხდა კატასტროფა არ არის. უბრალოდ, მე ეჭვიანობის მცირედი უფლებაც კი წავართვი საკუთარ თავს. ახლა ჩემი მთავარი ამოცანა ქმართან ძველებური ურთიერთობის აღდგენაა. ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ მისი ნდობა და სიყვარული დავაბრუნო.