კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 როდის გადაიტანა ცხოვრებაში ყველაზე მძაფრი განცდა გურამ ფირცხალავამ და რატომ დაენგრათ ოჯახი მას და ლეილა აბაშიძეს

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

„დათა თუთაშხია, „მიზანი”, „თეთრი ბაირაღები”, „მიდიოდა მატარებელი”, „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი”,  „სპირალი”, „ყვარყვარე” და კიდევ სამოცდაათამდე კინოროლი.  
მსახიობობაზე არასდროს უოცნებია. ხან მფრინავობა უნდოდა, ხან გემის კაპიტნობა, ხანაც „შოფრობა”. მომავალ პროფესიასთან დაკავშირებულ ხმამაღლა გამოთქმულ მის სურვილებს დედის აღშფოთება მოსდევდა. კინოზე შთაბეჭდილება შეექმნა ბავშვობაში ნანახი ფილმებით „გიორგი სააკაძე” და  ნიკოლაი კრუჩკოვის „საბჭოთა მზვერავი.” გავა წლები და სწორედ ნიკოლაი კრუჩკოვთან ერთად მოხვდება გადასაღებ მოედანზე. მანამდე გრძელი და რთული გზა უნდა განვლოს. საბჭოთა ჯარში ქართული გაზეთის საშუალებით იგებს, რომ თბილისის თეატრალური ინსტიტუტი მიღებას აცხადებს. მისი ყურადღება განსაკუთრებით იმ ჩამონათვალმა მიიპყრო, რაც მისაღებ გამოცდებზე დასჭირდებოდა. გაუხარდა, რომ ტექნიკური საგნები აქ არაფერ შუაში იყო და გადაწყვეტილებაც უმალ მიიღო – ინსტიტუტში საბუთებს აგზავნის. თეატრალურ ინსტიტუტში მისულმა აღმოაჩინა, რომ არც ლექსი იცის, არც იგავ-არაკი, არც პროზა და სრულიად მოუმზადებელია. იქვე, ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში აძლევენ დავალებას მეორე დღისთვის. ჯარიდან ახალდაბრუნებულს წასასვლელი არსად აქვს და დავალების მოსამზადებლად, რკინიგზის სადგურში მიდის. გამოცდაზე მიცემული დავალების, პროზის ნაცვლად, კომისიის ერთ-ერთი წევრის შეკითხვაზე, ჯარში ნამყოფი თუ ხარ და იქ ყველაზე განსაცვიფრებელი რა გინახავსო, ერთ ამბავს ყვება ჯარში ყოფნის პერიოდიდან ცეცხლმოკიდებულ ცაზე, რომლის ჩაქრობაც ეწადა და ვერ გაეგო, როგორ ჩაექრო. ამაზე კომისიის წევრებმა ძალიან იახალისეს. პროზა კი, რომელიც გამოცდაზე უნდა წაეკითხა და აბიტურიენტი ოცნებობდა, ყველას დავიწყებოდა, მართლაც  აღარავის ახსოვდა, გარდა დოდო ალექსიძისა. მაგრამ, როცა ალექსიძეს კოლეგებმა უთხრეს, რაღა პროზა გინდა, ცოცხალი ამბავი მოყვა თავისი ცხოვრებიდანო, გაჩუმებულა. ასე მოხვდა ფოთელი ბიჭი – გურამ ფირცხალავა თეატრალურ ინსტიტუტში. საინტერესო ამბები ინსტიტუტშიც გაგრძელდა. საკურსო სპექტაკლის წინ, ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბი მოუვიდა
და დაჭრეს. სპექტაკლში პატიმარს თამაშობდა. „ჩემი მასწავლებელი საშა მიქელაძე გახლდათ, ცნობილი კაცი. ჩემთვის თავის გადახოტრა უნდოდათ და მილიციის უფროსთან, ჯიმი მიქელაძესთან, საშა მივიდა. ეს ბავშვი მჭირდება, სპექტაკლში უნდა ითამაშოსო. გაგიჟდა ჯიმი, მილიციელებიც კი გამილახა და როგორ გავუშვაო. მაგრამ, რას იზამდა. დილით მოდიოდა საშა მიქელაძე, ჯიმი გადამცემდა მას და ხელჩაკიდებული მივყავდი სპექტაკლზე. სპექტაკლი რომ მთავრდებოდა, ისევ ხელჩაკიდებული მოვყავდი ჯიმისთან. ასე ვიარეთ სამი დღე და მერე გამიშვეს. ვხუმრობდი, რა დღეში ვარ ფირცხალავა, თავადებს ხელით დავყავარ-მეთქი.” უცნაური თუ კომიკური მომენტები პირად ცხოვრებაშიც ჰქონია, როცა მასზე შეყვარებულ ქალბატონებს მისთვის ხელის მოწერა უთხოვნიათ და ისიც უპრობლემოდ დათანხმებულა. როცა ქალი გთხოვს, უარი რატომ უნდა უთხრა, ხელის მოწერა როგორ უნდა დააყვედრო ქალსო. პირველად, 15 წლის დაქორწინდა ვინმე ნელი ჟღენტზე. მერე გადასაღებ მოედანზე, მშვენიერი ლეილა აბაშიძე შეუყვარდა. სულ ორი წელი იყვნენ ერთად. მესამედ სრულიად შემთხვევით ქუჩაში, წვიმიან ამინდში შეხვდა თავის ბედს, დიღმის კინოსტუდიიდან მანქანით მომავალი. ქალბატონს სახლამდე მანქანით მიყვანა შესთავაზა, შემდეგ კი, ცოლობა. ეს ქალბატონი მომავალი მსახიობის,  დათო დარჩიას დედა, თანგული სიხარულიძე გახლდათ. გურამ ფირცხალავა, რომელიც უკვე სამი წელია, აღარ არის,  საქართველოში ყველა დროის საუკეთესო მსახიობ მამაკაცადაა აღიარებული. მისი დღიურებიდან
ორ-სამ საინტერესო ეპიზოდს შემოგთავაზებთ. ერთ-ერთი სწორედ თეატრალურ ინსტიტუტში ის,  პროზად მოყოლილი ამბავია.    
***

ბატონი გურამი ახალგაზრდობაში ყოფილი დიადი სამშობლოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. (გ. გაჩეჩილაძე)
„ავედი სათვალთვალო თუ საყარაულო კოშკურაზე. მიჭირავს ჩემზე გაპიროვნებული ავტომატი და ვოცნებობ: „რა იქნება, ახლა დაიწყოს ომი, შემოვიდეს მტერი, აგერ არ მაქვს ავტომატი (იარაღი დიდი იმედია, საერთოდ), ავტომატიდან გმირობამდე ერთი ნაბიჯია!„ ამ ფიქრებში რომ ვარ მე უბედური, დაახლოებით ღამის 2-3 საათია და, არ განათდა ამ უკუნ ღამეში მთელი ცა?! ნათდება და ციმციმებს თვალის საწიერზე.
„აუუ! გურამჩიკ! მტერი მოდის!“
„მიშველეთ!“ – უნდა ვიყვირო, მაგრამ დროზე დავაჭირე ენას კბილები –  გმირობა რო გინდა, „მიშველე” გიშველის? არადა, ანათებს და ანათებს მთელი ცა… ცოტა კი შევშინდისავით… რაღა ვქნა ახლა?
ავტომატი – კი, მაგრამ, ვის ვესროლო, რომ არავინ ჩანს?!
საერთოდ, ნადირობის ტრფიალი გახლდით. თავის დროზე სურების ტყეში დათვისთვისაც მისვრია; არ მოხვედრია, მაგრამ მაინც ეწყინა...  თუმცა, ის დათვი ჩემს თვალში მაინც მკვდარია. ის კი იყო დათვი, მაგრამ, ახლა ვის ვესროლო, კაცო, ცას?! გუმანი მეუბნება, რომ ამერიკელი იმპერიალისტები დაგვესხნენ თავს… ჩამოვცოცდი კოშკურიდან და ვეცი ოპერატიულ ტელეფონს. უფრო განათდა და განათდა ცა... გადავირიე.

– ალო, ალო! – ყურმილი „კომბატმა“ აიღო.
– ჩტო ტაკოე, კაცო? – მეკითხება „კომბატი“ ნამძინარევი, მშვიდი, მოთენთილი ხმით.
– რა ჩტო ტაკოე, ჩტო ტაკოეს დროა ახლა? – გადავირიე მეგრულად. – ტავარიშ სინიაევსკი („კომბატის“ გვარია), ნებო გარიტ! ნებო გარიტ (ხლებ გარიტო – გიორგი მახარაშვილი რომ ყვიროდა, ისე)! – ჩავძახე ყურმილს.
– კაკოე ნებო, ბლიად?! – შეშინდა „კომბატი“.
– ნაშა, სავეტსკი... გარიტ! კაკ დეისტვოვატ? ყურმილის იქითა მხრიდან მხიარული ხარხარი მომესმა. ვიცი ახლა, რომ „კომბატი“ ამ მოულოდნელი ამბით შოკში ჩავარდა და ნერვიული სიცილი დაეწყო...
– და... და... გარიტ! – ისევ ხარხარი:
– ეხ, გრუზინ, გრუზინ... ტი ვ შკოლე ხოდილ?
– რის შკოლა, რა შკოლა, ტავარიშ ნაჩალნიკ... ვრაგ ნა გრანიცე!
– ოი, სმეშნოი ტი... – ისევ ხარხარებს ის კაცი, – ეტო ჟე სევერნოე სიანიე („ჩრდილოეთის ციალი“ – გამახსენდა სკოლაში ნასწავლი)... მაგრამ, სად სკოლის შავ-თეთრი ფურცელი და, სად – „ცეცხლწაკიდებული“ ცა! მოკლედ, პირველი „ფიასკო“ ვიგემე. დაიკარგა გმირობის აშკარა შანსი. ახლა მიკვირს: თუ მკვლელობის მცდელობისთვის კაცს უმაღლეს სასჯელს უსჯიან, გმირობის მცდელობისთვის რატომ არ უნდა მისცენ გმირობა? მაგრამ, რას იზამ, „პატარა კაცსა დიდ კაცთან („კომბატთან”) როდის გასვლია მართალი?“
 ***
„სამხედრო სამსახური მურმანსკის ოლქში მოვიხადე. ნაწილში „სტარიკები“ დამხვდნენ, ამათგან ერთი ვაჟკაცური გარეგნობის უკრაინელი ჯარისკაცი, გვარად ბონდარი აქტიურობდა. მანამ მდია, სანამ საკადრისი პასუხი არ მიიღო. დარწმუნდა რომ ჩემთან მტრობა არ ღირდა და ბოლოს დავძმაკაცდით. მალე
ამ ჩვენს ბონდარს გათავისუფლების დრო მოუვიდა, მაგრამ აშშ-სა და კუბას შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, საბჭოთა ჯარში დემობილიზაცია ნახევარი წლით შეაჩერეს. ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა დარდის არყით გაქარვება სცადა და ერთ არასასიამოვნო ისტორიაში გაეხვა, რომლის მთავარი მომქმედი „გმირიც“ მე აღმოვჩნდი. ნაწილში არსებობდა ტანკის პრინციპზე აგებული და ტანკზე უფრო ძლიერი მანქანა „ბატი“. მას ძირითადად გზების დასაგებად ან თოვლისაგან მათ გასაწმენდად იყენებდნენ, რადგან უზარმაზარი, ბრტყელი და განიერი ცხვირი ჰქონდა. „ბატს“ ბონდარი მართავდა. ერთხელაც, არყით უგონოდ მთვრალმა უკრაინელმა „ბატი“ გაიტაცა და გეზი ფინეთის საზღვრისკენ აიღო. ახლა ვერ გეტყვით, რისი იმედი მქონდა მაშინ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მის მობრუნებას შევძლებდი. ნაწილის უფროსობამ „ვილისი“ მომცა და გაქცეულ მეგობარს მთელი სისწრაფით დავედევნე. მალე დავეწიე, გავუსწარი და მანქანა გზის გარდიგარდმო გავაჩერე. ბონდარმა „ბატი“ ჩემს შორიახლოს გააჩერა და მთხოვა, გავცლოდი. როდესაც ჩემგან უარი მიიღო, მოულოდნელად, ავტომატი მომიშვირა. ნასვამი იყო და თან, გაცოფებული. რა უნდა მექნა? ერთი რამ ვიცოდი, ვერ გავიწეოდი. ახლა ადგილიდან დაძვრა და მისთვის გზის დათმობა ჩემს ძალებს აღემატებოდა. არ ვიცი, ეს ყველაფერი რამდენ ხანს გრძელდებოდა, სავარაუდოდ, წუთები, მაგრამ ბევრს, ალბათ, მთელი ცხოვრება არ მოუწევს ისეთი მძაფრი განცდის გადატანა, როგორიც მე დროის იმ მცირე მონაკვეთში გადავიტანე. ჩემმა სიჯიუტემ თუ თავგანწირვამ ბონდარი გატეხა. ავტომატი მიწაზე დაანარცხა, „ბატიდან“ ჩამოხტა, მომიახლოვდა, გადამეხვია და მორჩილი ბავშვივით თავი მხარზე დამადო. ნაწილში ბონდარის მკაცრად დასჯა გადაწყვიტეს. ისევ აქტიურად ჩავერთე საქმეში. თქვენ წარმოიდგინეთ, ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა ჩემი როლი მომხდარ ინციდენტში და ბონდარი არათუ სასჯელისგან გაათავისუფლეს, ორ კვირაში, შინ გაამგზავრეს კიდეც.“
скачать dle 11.3