№9 დოპინგით შეგულიანებულები
ანუ რატომ არ უწერია რუს ყორნებს გათეთრება
ცნობილია, რომ დოპინგის ჭარბად მოხმარებისთვის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენები ნეიტრალური დროშითა და ჰიმნით დაუშვეს, იმიტომ რომ, თავად ქვეყანას აეკრძალა მონაწილეობა (რაკი დოპინგს ვერ გადააჩვიეს) და მხოლოდ სპორტსმენებს დაერთოთ ნება.
თითქოს ეს ჭკუის სასწავლებელი უნდა ყოფილიყო (იმ თვალსაზრისით, რომ დოპინგს არ უნდა გაჰკარებოდნენ სათოფეზეც კი), მაგრამ, რაკი კუზიანს სამარე თუ გაასწორებს და ვერც ყორნები თეთრდებიან, რუს კერლინგისტებს, კერძოდ, ცოლ-ქმარ ალექსანდრ კრუშელნიცკისა და ანასტასია ბრიზგალოვას, სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფხენიანის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი ჩამოერთვათ.
რატომ? იმიტომ რომ, სისხლში დოპინგური ნივთიერება მელდონიუმი აღმოუჩინეს.
მართალია, ინციდენტს ძირფესვიანად ოლიმპიური თამაშების დამთავრების შემდეგ გამოიძიებენ, მაგრამ მანამდე, კრუშელნიცკი ამტკიცებს, რომ ამ საქმეში უბრალოა. ანუ დოპინგი თამაშის დროს არ მიმიღიაო და უფრო უარესიც, აშკარად სხვა ტურნირში მონაწილოებისას, არც მეტი, არც ნაკლები, ჩამიყარეს საკვებშიო.
რთული სათქმელია, გაითვალისწინებს თუ არა ამ ვერსიას სპორტული გამოძიება, ოღონდ, ფარულად თუ ხილულადაა ჩაყრილი, ფაქტია, რომ რუსი სპორტსმენების გამარჯვებებში დოპინგს ლომის წილი უჭირავს.
აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, საკუთარ ძლევამოსილ სამხედროებსაც დოპინგით ხომ არ აგულიანებს ეს ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი?!