№8 რა არ ასწავლა ნუკი კოშკელიშვილმა მეუღლეს და როგორ აათვისებინა მან ბენს ქართული ცრურწმენები
ნუკი კოშკელიშვილი 6 თვის ორსულია და ივნისში, პატარა ბიჭის დაბადებას ელოდება. ორსულობამ მშვენიერი ნუკი კიდევ უფრო გაალამაზა – საოცრად უხდება და განსაკუთრებულად გამოიყურება.
ნუკი კოშკელიშვილი: ამჯერად გრანდიოზული სიახლით ვარ ჩამოსული. როცა საქართველოში ჩამოვდივარ, სულ ვცდილობ, რამე ახალი ჩამოვიტანო. ახლა ისეთი სიახლით ვარ, რომ შემიძლია, ცოტა ხანი დავისვენო და ჩემზე აღარ იჭორაონ.
– ალბათ, ჭორებს აღარ აქცევ ყურადღებას.
– არა, რადგან თვითონაც მიყვარს ჭორების კითხვა. იქიდან გამომდინარე, რომ მეც დიდი ჭორიკანა ვარ, არასდროს არანაირი ჭორი არ მწყინს. პირიქით, მიხარია და ვხალისობ. თან, ზუსტად რომ ვიცი, იმ ვიღაცაზე ნათქვამი ტყუილია, კარგად ვხალისობ ხოლმე. მოკლედ, დიდი ამბავი მაქვს. ცოტა მეშინია, ამაზე თამამად ვილაპარაკო. მაინც პირველია და ყოველთვის რაღაც საშიშროება არსებობს. ერთი დღე რომ გათენდება და ისე ძალიან არ მოძრაობს ბავშვი, როგორც მოძრაობს ხოლმე, ვამბობ: დედა, ნეტავ არავისთვის არაფერი მეთქვა, თვალი ხომ არ მეცა-მეთქი.
– გჯერა ასეთი ცრურწმენების?
– კი, მჯერა. სადღაც 16 წლის ასაკში მქონდა საყვარელი ჯინსი და მჯეროდა, როცა ის ჯინსი მეცვა, ყველაფერი კარგად იქნებოდა: გამოცდებსაც ვაბარებდი და ყველაფერი გამოდიოდა. ეს ჯინსი გაცვდა და მერე ვდარდობდი, ჩემი დადებითი ემოციების დრო დასრულდა-მეთქი. მაგრამ, ასე არ ყოფილა. მერე თავი მოვატყუე: ახლა მაისური იქნება ასეთი – ჯინსის სული გადავა მასში-მეთქი. მადლობა ღმერთს, აღარ მაქვს მსგავსი რაღაცები, მაგრამ ზოგი ცრურწმენის მჯერა. არასდროს გადავკოცნი ადამიანს კარში გასვლისას, ვეტყვი: კართან გადაკოცნა ხომ არ შეიძლება-მეთქი. ბენსაც ავკიდე, გადააფურთხებს ხოლმე, აკაკუნებს, საოცრებებს აკეთებს. ჩუსტი თუ გადატრიალებულია, მორბის და ასწორებს: ვინმე ცუდად არ გახდესო. მე მაქვს ცრურწმენების მთელი პაკეტი. თან, ხალხში ვამბობ: არ ვარ ცრუმორწმუნე-მეთქი, მაგრამ როგორც კი ჩუსტი გატრიალდება, შინაგანად ვიღრინები: ვიღაც ცუდად უნდა გახდეს-მეთქი. ჩანგალი თუ დავარდება, სტუმარს ველოდებით; მარილი თუ დაიბნევა, ვიჩხუბებთ და მოკლედ, ვარ ერთ ამბავში.
– რას აკეთებს ამ დრო ბენი?
– ბენმა ყველაფერი ისწავლა: ჩუსტის შემოტრიალებები, მარილის გადაყრები, ჩანგლის შემოწმებები, ყველაფერი.
– მათაც ჰქონდათ ასეთი ცრურწმენები?
– არა, მათ არაფერი ჰქონიათ. დალაგებული ხალხია.
– შავი კატისაც გეშინია?
– შავი კატა არ მაწუხებს და ეგ ბენისთვის არ მისწავლებია.
– გარკვეული პერიოდის განმავლობაში რომ არ ამხელდი შენს ორსულობას, ესეც ცრურწმენებს უკავშირდება თუ უბრალოდ, გინდოდა, ცოტა მოზრდილიყო?
– სიურპრიზის გარდა, ზოგადად, ამბობენ, რომ 10 კვირამდე მუცლის მოშლის დიდი რისკიაო. მე ვთქვა, ფეხმძიმედ ვარ და მერე, ღმერთმა დაიფაროს და რამე მოხდეს-მეთქი, არ მინდოდა ასე. ბევრი ქალი მთელ ფეხმძიმობას მალავს და მიმაჩნია, რომ სწორიცაა. შენთვის ხარ და ამ დიდ საიდუმლოს ინახავ. მე ვერ გავძელი, რადგან ძალიან მიყვარს ყველაფერზე წივილი-კივილი. არაფერს არ ვმალავ. ამიტომ, როგორც კი ექიმმა მითხრა: მუცლის მოშლის პროცენტმა დაიწიაო, მაშინვე ხმამაღლა ვთქვი. ბენმა, რა თქმა უნდა, იცოდა – მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით.
– როგორი იყო პირველი ემოცია?
– მოგატყუებთ, რომ ვთქვა, ორივეს რაიმე ემოცია გვქონდა-მეთქი. ვაპირებდით, დაგეგმილი იყო და არანაირი ემოცია არ გვქონია. ერთმანეთს გადავხედეთ: ყოჩაღ ჩვენ და ახლა რას ვშვრებითო. ექიმი გვინდა, ჰო?! – დაახლოებით ასეთი საუბარი გვქონდა. არანაირი ახტა-დახტა და ტირილები. გაუხარდა, იტირა – მსგავსი არაფერი ყოფილა. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, დავგეგმეთ და გამოვიდა. დღემდე თამაში მგონია, არ მჯერა. ალბათ, სანამ ამ ბავშვს არ დავინახავ, მეგონება, რომ ცეკვა-თამაშია. თითქოს მოვიგონეთ და ვერთობით. ბენი კი ამბობს, რომ აბსოლუტურად გააზრებული მაქვსო, მაგრამ არა მგონია. პირველია და ამიტომაც არ გვაქვს ბოლომდე გააზრებული, რომ კიდევ ერთი ისეთი ვინმე გვეყოლება, რომელიც სულ ჩვენთან იქნება, ვერ მოვიშორებთ. ვიღაცები მეუბნებიან: ისე გეყვარება, როგორც არასდროს არავინ გყვარებიაო. ჩემთვის ვფიქრობ: ღმერთო, რა საინტერესოა, არ ვიცნობ და მეყვარება-მეთქი. რა ვიცი, იქნებ, არ არის კარგი პიროვნება – რა თქმა უნდა, ვხუმრობ.
– დავგეგმეთო – რას გულისხმობ?
– ჩვენ ვილაპარაკეთ: ხომ არ გავიდა საკმარისი დრო მარტო ყოფნისა? შევირგეთ ტკბილი ცოლქმრობა და მოდი, კიდევ ერთი შემოგვემატოს. კარგი, ვცადოთო და გამოგვივიდა. არ მეგონა, ასე მარტივად თუ გამოვიდოდა, მადლობა ღმერთს. ამას ახლა ვაფასებ, რომ ვიხედები მარჯვნივ-მარცხნივ. ამის სულ მეშინოდა და ალბათ, ეს შიში ყველას დაჰყვება. ისეთი ისტორიები ვიცი: საერთოდ რომ არ გამოსდიოდათ არაფერი და საბოლოოდ, გამოუვიდათ. მთავარია, დაიჯერო და იმედი არ დაკარგო, შემდეგ აუცილებლად გამოვა.
– როგორი იყო შენი ოჯახის წევრების რეაქცია?
– ძალიან გაუხარდათ. დიდად არ დამიანონსებია, ჯერ დედაჩემს ვუთხარი და იმან უთხრა დანარჩენებს. მათთვისაც მოულოდნელია, პირველად ხდებიან ბებია-ბაბუა. ბენის მშობლებისთვის არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან 755 შვილიშვილი ჰყავთ უკვე. ჩემებსაც ბოლომდე არ აქვთ გააზრებული. ვერ ხვდებიან, მე რომ ღიპიანი დავდივარ აქეთ-იქით.
– როგორ მიდის ორსულობის პროცესი?
– რომ გადაშალო ენციკლოპედია და ნახო ყველა ის გართულება (ცუდ გართულებას არ ვგულისხმობ), რაც ორსულობას ახლავს, ყველა მაქვს მე: ტოქსიკოზი, გასუქება, ფეხების ტკივილი, სიმძიმე – სრული პაკეტი. ორსულები რომ მხვდებიან და მეუბნებიან: მართლა, მე საერთოდ არაფერი მჭირდაო, მინდა, მოვკლა. იმიტომ რომ, ტოქსიკოზიც მქონდა, თან, 24-საათიანი – პირველი სამი თვე ვკვდებოდი, ვერ გავდიოდი სახლიდან. მერე სულ მეძინებოდა, ვერ ვიღვიძებდი. ახლა დამეწყო სიმძიმის შეგრძნება. თითქოს დიდად არ გამოვიყურები, მაგრამ მიჭირს ადგომა, სიარული. ადვილად ვიღლები, წელი მტკივა, 100 წლის ბებერი ვარ. რომ ვბანაობ, მერე ნახევარი საათი მჭირდება იმისთვის, რომ დავისვენო. შხაპს რომ გადავივლებ, მერე ისე ცუდად ვარ, ისეთი დაღლილი, რომ ცოტა ხანი უნდა წამოვწვე. კიბეზე ასვლა ძალიან მიჭირს.
– ბენი როგორ ზრუნავს შენზე?
– უკან დაბრუნდა, ამერიკაში. რაც დავმძიმდი, იმის მერე არ არის ჩემთან. ახლა ჩავაკითხავ და წამიღოს-წამომიღოს, მიმიტანოს-გამომიტანოს.
– ბენი გუდაურში გყავდა. რამდენად მოეწონა იქაურობა?
– გაგიჟდა გუდაურზე, კავკასიონი რომ დაინახა: ასეთი სილამაზე არ მინახავს. მე მგონი, ყველაზე შთამბეჭდავი იყო, რაც საქართველოში ვანახეო. მეც რომ მივდივარ გუდაურში, მგონია, რომ სამოთხეში ვარ, არარეალურ სამყაროში და ისიც გაგიჟდა.
– როდის ელოდები ბავშვის დაბადებას?
– ივნისში, ჩემს დაბადების დღეზე ველოდები. იქ უნდა გავაჩინო, მივდივარ უკვე. ჩემი დაბადების დღე არასდროს მიყვარდა და თუ მოახერხებს, ჩემს დაბადების დღეზე გაჩნდება, ნამდვილად შემიყვარდება ეს დღე. ჯერჯერობით არ ვნერვიულობ მშობიარობაზე. თუ გართულება არ არის, ეს იმდენად ბუნებრივი პროცესია, ფიზიოლოგიურად მინდა, ვიმშობიარო. თუმცა, არ ვიცი, ბოლო წუთებში რა იქნება. ადამიანურად, ყოველგვარი სიგიჟეების გარეშე ვაპირებ მშობიარობას. აი, გაუტკივარების მეშინია. ნემსი ხერხემალში: მაგიჟებს, არ მინდა, ამაზე ფიქრი.
– მოიფიქრეთ უკვე სახელი?
– ჯერ არ გვაქვს მოფიქრებული და ეს არის ჩემი „აქილევსის ქუსლი”. წარმოდგენა არ მაქვს, რა დავარქვა. ყველას ვეუბნები, თქვენს მკითხველსაც: თუ ბიჭის რამე კარგი სახელი იცით, მომწერეთ „ინსტაგრამზე”, ან „ფეისბუქზე-მეთქი“. საერთაშორისო სახელი მინდა ან ქართული და ძველი. ბენიც აქტიურადაა ჩართული, თან, ბოლო წუთამდე გოგონა გვეგონა და ცივი წყალი გადაგვასხეს. თუმცა, სქესს ჩვენთვის, არცერთისთვის, არ ჰქონია მნიშვნელობა, მაინც მეყვარებოდა სიგიჟემდე. რომ ვიმშობიარებ, დედა აუცილებლად ჩამოვა და მერე მეც მალევე წამოვალ საქართველოში. ბათუმში მინდა, რომ წავიყვანო – ბაკურიანში, ბორჯომში... ზაფხულში აქ ვიქნებით. იმოგზაუროს. ინტერნაციონალურ ოჯახში გაჩნდა, მიჩვეული იქნება მოგზაურობას.
– ბენი აპირებს მშობიარობაზე დასწრებას?
– კი. ბენი აპირებს, რომ დაესწროს მშობირობას. მეც არ ვარ წინააღმდეგი, ვეუბნები: თავთან დადექი-მეთქი. ვნახოთ, ალბათ, ასე იქნება. წინასწარ არ მინდა რამის თქმა.