№8 როგორი მამაა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე, რომელსაც 61 000 ბავშვის უსაფრთხოება აბარია
აქტუალურობიდან გამომდინარე, ჩვენი ჟურნალის დღევანდელი სტუმარია, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.
– ისეთ სისტემას ხელმძღვანელობთ, უმჯობესია, საუბარი თქვენი ბავშვობიდან დავიწყოთ...
– ბავშვობა ქუთაისში გავატარე. ძალიან მოწესრიგებული და დამჯერი, ვფიქრობ, გამორჩეული ბავშვი ვიყავი. ვცდილობდი, ზედმიწევნით შემესრულებინა მშობლებისა და მასწავლებლების თხოვნა, გამემართლებინა მათი მოლოდინი. მახსოვს, ქართული ცეკვა მიყვარდა და ყოველთვის სოლოს ვასრულებდი ბაღის ზეიმებზე (იცინის). წარჩინებით დავამთავრე ქუთაისის 31-ე სკოლა. სკოლაშიც აქტიურად ვიყავი, ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში: ვმღეროდი ხალხურ სიმღერებს, პირველ ხმას, დავდიოდი ფეხბურთსა და კარატეზე (იცინის).
– რა გზა გაიარეთ, ვიდრე ბაღების მართვის სააგენტოს ჩაუდგებოდით სათავეში?
– ორი ფაკულტეტი დავამთავრე: სახელმწიფო ადმინისტრირება და ინჟინერ-ტექნოლოგია. წლების განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რამაც ცოდნა და გამოცდილება შემძინა. ვმუშაობდი და სტაჟირებები გავლილი მაქვს ირლანდიაში, უნგრეთში, პოლონეთსა და აშშ-ში. საჯარო სამსახურში მოღვაწეობა 2012 წლიდან დავიწყე. გახლდით ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი, 2014 წლიდან თბილისის მერიის „ტექნოლოგიური განვითარების ფონდისა“ და შემდეგ, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი. ეს იყო ძალიან საინტერესო ეტაპი, ბევრი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდა ჩემი ხელმძღვანელობით, მათ შორის, „უეფას სუპერ თასისთვის“ დინამოს სტადიონის რეკონსტრუქცია, „ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის“ ობიექტების მშენებლობა, არაერთი საერთაშორისო ფორუმი და სხვა.
– რა არის თქვენი პრიორიტეტი ახალ სამსახურში?
– თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში 2017 წლის ნოემბერში დავინიშნე. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მეტად საპასუხისმგებლო პოზიცია ჩავიბარე. ბავშვები, რომელთა რაოდენობა ჩვენს ბაღებში 61 000-ია, მოითხოვენ დიდ ყურადღებასა და ყოველდღიურ ზრუნვას. მათი უსაფრთხოება ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც ჩემი სამოქმედო გეგმის ყველაზე დიდ ნაწილს მოიცავს. ამისთვის, ქალაქის მერისა და მთავრობის მხარდაჭერით, მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. მათ შორის, ძველი ბაღების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა.
– ბაგა-ბაღების კვებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე რას გვეტყვით? ჩემი შვილიც 35-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელია. მისი დირექტორი, ქალბატონი
რუსუდან აბულაძე და მთელი კოლექტივი ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვებს ყველანაირი პირობა შეუქმნან განვითარებისთვის.
– ეს აჟიოტაჟი, რა თქმა უნდა, გადაჭარბებულია. ამით სარგებლობენ დაინტერესებული ჯგუფები, სინამდვილეში, კვების რაციონი საერთაშორისო სტანდარტებთან არის შესაბამისობაში. ის შედგენილია საქართველოს მთავრობის 487-ე დადგენილების შესაბამისად და მასში გათვალისწინებულია: 1 292 კილოკალორია, რაც ბავშვის დღიური ნორმაა. ამაზეა აგებული ბაღების მენიუც.
– გვიამბეთ თქვენს ოჯახზე...
– ოჯახი ათი წლის წინ შევქმენი. ჩემი მეუღლე სოფი კვატაშიძეა. გვყავს ულამაზესი, 8 წლის ნუცი – ძალიან წარმატებული მოსწავლე. სწავლობს ფრანგულს, ესპანურს, ინგლისურს. სამწუხაროდ, ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, უკვე წლებია, სრულად არ ვარ ჩართული საოჯახო საქმეებში. მაგრამ, ჩემი მეუღლე ღირსეულად ართმევს თავს ყველა დაკისრებულ ვალდებულებას და უძღვება ოჯახს. ნუცას ახლა ძალიან საინტერესო ასაკი აქვს და მასთან ურთიერთობა, მისი აზრების თუ ემოციების გაზიარება, დიდი სიამოვნებაა ჩემთვის.
– თქვენს ოჯახს თუ უსარგებლია საჯარო ბაღის მომსახურებით და კმაყოფილი თუ იყავით ბაღის სერვისით?
– ჩემი შვილი დადიოდა როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღში. მინდა, აღვნიშნო, რომ მიუხედავად მთელი რიგი სისტემური პრობლემებისა, საჯარო ბაღები თბილისში პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ეს სისტემა ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომელიც მუდმივ განახლებასა და ზრუნვას საჭიროებს.