№8 რატომ იყო შიშველი რატი წითელაძე გაცილებით პოპულარული და რის გამო დაასახელეს ის კანის ფესტივალზე საუკეთესო, 6 რეჟისორს შორის
ქართული „ცარიელი სახლი”, რომლის ხელმძღვანელი რატი წითელაძეა, „ბერლინალეს“ 10 რჩეულ პროექტში მოხვდა. ის მსოფლიოს 133 ქვეყნის 3 100 აპლიკანტს შორის შეირჩა. როგორც რატი ამბობს, პროექტი Berninale co-Production Market-ზე მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კინოინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე წარდგება და გამარჯვებული, კონკურსის წესით გამოვლინდება. გარდა, „ბერლინალეს” ფესტივალისა, „ცარიელი სახლი” სხვა, არაერთ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ღონისძიებაზე იყო წარდგენილი, კერძოდ, ლოკარნოს კინოფესტივალის ინდუსტრიულ სექციაში Open Doors სპეციალური აღნიშვნის პრიზი მოიპოვა. თავად რატი კი, კანის ფესტივალზე, 6 საუკეთესო რეჟისორს შორის შეარჩიეს.
რატი წითელაძე: ყოველთვის ვფიქრობდი, ნიჭიერი არ ვარ-მეთქი (იცინის). მაგრამ, რაც დრო გადის, მივხვდი, ასე არ არის და ვცდებოდი. თუმცა, ნიჭთან ერთად, გამართლებაც საჭიროა. როცა სპორტს მივდევდი, რინგზეც ასე იყო – მარტო ვარჯიშით და ფიზიკური მონაცემით, წინ ვერ წახვალ, თუ ცოტა გამართლებაც არ ახლავს ამ ყველაფერს.
– როდის მიხვდი, რომ გაგიმართლა?
– არასდროს მითამაშია ლატარია, რომ მომეგო, თორემ მივხვდებოდი, რომ გამიმართლა (იცინის). ეს ხუმრობით, მაგრამ, როცა საზოგადოებაში გამოვჩნდი, ეს უკვე გამართლება იყო ჩემთვის. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ამ ჩემი წარმატებების მიღმა, ძალიან ბევრი წარუმატებლობა იმალება. ამან უფრო გამაძლიერა და სტიმული, ბიძგი მომცა, მებრძოლა. ასე რომ, ჩემი წარმატების საწინდარი, ის წარუმატებლობებია – ბევრმა წარუმატებლობამ გამხადა წარმატებული.
– თქვი, როცა საზოგადოებაში გამოვჩნდი, მაშინ გამიმართლა და გავხდი წარმატებულიო. ფაქტობრივად, ხალხმა შიშველი ფოტოებით გაიცნო რატი წითელაძე და ამით გახდი პოპულარული. არ მეთანხმები?
– ჰო, ასეა. წლების წინ, როცა შიშველი გამოვჩნდი, მაშინ გამიცნო ხალხმა, თორემ, როცა სპორტსმენი ვიყავი და მიღწევები მქონდა, არავინ ინტერესდებოდა ჩემით. იცნობდნენ რატის, როგორც კარგი ფიზიკური მონაცემების მქონე ბიჭს. რეჟისურაში რომ გადავინაცვლე, მინდოდა, ხალხისთვის ის სულიერებაც დამენახვებინა, რაც ამ ნავარჯიშები სხეულის შიგნით იყო. მართლა არ ველოდი ამხელა წარმატებას, მაგრამ ფაქტია, ასე მოხდა. თუმცა, ახლა ეს არავის აინტერესებს, ისევ ის შიშველი რატი ახსოვთ.
– სწორედ ის სიშიშვლე იყო, გოგონები რომ მოხიბლე და უამრავი თაყვანისმცემელი გაიჩინე...
– გეთანხმებით, მოვხიბლე, მაგრამ ახლა რა, აღარ ვხიბლავ? (იცინის) გულახდილად რომ გითხრათ, გარეგნობა დიდ გავლენას ახდენს, თუნცად იმ სფეროში, სადაც დღეს ვარ, კინემატოგრაფიას ვგულისხმობ. როცა წითელ ხალიჩაზე გადიხარ, ყველა თვალს გადევნებს და ამ გარეგნობაში, შენი ხასიათიც უნდა ჩანდეს.
– მოდი, შენს ბოლო წარმატებაზე ვისაუბროთ – შენი პროექტი „ცარიელი სახლი“ „ბერლინალეს” 10 რჩეულ პროექტში მოხვდა. როგორც ვიცი, საკმაოდ სოლიდური პრიზებია გამარჯვებული პროექტებისთვის დაწესებული და „ცარიელ სახლს“ ბევრი კინოკრიტიკოსი, წარმატებას უწინასწარმეტყველებს.
– სანამ ამაზე ვისაუბრებ, მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტზე წლებია, ვმუშაობ. სამწუხაროდ, საქართველოს კინოცენტრში ეს პროექტი არ დააფინანსეს, არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. უცხოეთში კი, დიდი აღიარება მოჰყვა. არადა, საქართველოში რომ დაეფინანსებინათ პროექტი, უკვე დაწყებული მექნებოდა გადაღებები. მოკლედ, პროექტი გავგზავნე უცხოეთში, რომ საერთაშორისო დონეზე მიმექცია ყურადღება. იქ მოიწონეს და ათეულშიც მოხვდა. ამას გინდა, გამართლება დაარქვით, გინდა ოთხწლიანი შრომის შედეგი. ფაქტია, წარმატება მომიტანა. ამისთვის, ბრძოლა და მოთმინება ნამდვილად ღირდა. „ცარიელი სახლი” ავტობიოგრაფიული ისტორიაა, რომელიც 90-იანი წლების საქართველოში ვითარდება და 11 წლის გოგოს ტრაგიკულ ამბავს გვიამბობს. ეს ქართული პროექტი „ბერლინალეს” 10 რჩეულ პროექტში მოხვდა და მსოფლიოს 133 ქვეყნის 3 100 აპლიკანტს შორის შეირჩა. ახლა, პროექტი Berlinale Co-Production Market-ზე, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კინოინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე წარდგება და გამარჯვებული, კონკურსის წესით გამოვლინდება. გამარჯვებულს, პროექტის განვითარებისთვის ფულადი ჯილდო, 10 000 ევრო გადაეცემა. სხვათა შორის, გარდა „ბერლინალეს“ ფესტივალისა, „ცარიელი სახლი” სხვა, არაერთ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ღონისძიებაზეც იყო წარდგენილი და საკმაოდ კარგი შეფასებები მისცეს. ლოკარნოს კინოფესტივალის ინდუსტრიულ სექციაში Open Doors-ს სპეციალური აღნიშვნის პრიზი მოიპოვა. ასევე, არის Eurimages-ს პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებული საუკეთესო პროექტისთვის TIFF-ის საერთაშორისო ფესტივალზე. მე კი, კანის ფესტივალზე, 6 საუკეთესო რეჟისორს შორის შემარჩიეს. ეს იგივეა, მსოფლიოს ჩემპიონი გავმხდარიყავი.
– გული გწყდება, რომ საქართველოში სათანადოდ არ გაფასებენ როგორც რეჟისორს?
– არა, გული კი არ მწყდება, უბრალოდ, მიკვირს. წარმოიდგინეთ, სოფლიდან ჩამოსული ნავარჯიშევი ბავშვი, რინგზე დავდექი და გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი. თურქეთის საზღვრთან ახლოს მდებარე, აჭარის მთიან სოფლიდან ჩამოულ 12 წლის ბიჭს, თბილისი ლონდონად მეჩვენებოდა. მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე, დღეს ექვს საუკეთესო რეჟისორს შორის დამასახელეს კანის ფესტივალზე და ჩემმა გადაღებულმა ფილმმა უამრავი ქვეყანა მოიარა, უამრავი პრიზი აიღო. მეტი რა გავაკეთო? მოკლედ, რომ ვაკვირდები, იმ ჩემი სიშიშვლის წარმატება, არც კი შეედრება ამ ჩემს რეჟისორულ წარმატებებს. ჩემმა სიშიშვლემ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო და აჟიოტაჟი გამოიწვია, ვიდრე ჩემმა წარმატებებმა რინგსა და კინოინდუსტრიაში. მაგრამ რა ვქნა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, სრულყოფილება არ არსებობს, სულ სრულყოფილებისკენ მივისწრაფვი და მიმართლებს.
– უცხოელმა კინომატოგრაფისტებმა რომ შემოგთავაზონ დაფინანსება და „ცარიელი სახლის“ გადაღება მათი ქვეყნის სახელით, ამაზე დათანხმდები?
– არ ვიცი, ალბათ, არ დავთანხმდები. ეს ქართული პროდუქტია და მინდა, საქართველოში გადავიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი. სხვათა შორის, საფრანგეთიდან იყო დაინტერესება. შეიძლება, ფრანგულ-ქართული ფილმი იყოს საქართველოში გადაღებული, მაგრამ მე ქართველი რეჟისორი ვარ. მინდა, ქართული ფილმი გადავიღო და არანაირ კომპრომისზე არ მინდა, წავიდე. რასაკვირველია, მინდა, დამაფინანსონ და ფილმი გადავიღო. მაგრამ, მინდა, ის ისეთი იყოს, როგორიც მე მინდა და არა, როგორიც – უცხოელ დამკვეთებს.
– „ცარიელ სახლამდე,” იყო ფილმი „დედა“, რომელმაც საკმაოდ დიდი წარმატება მოგიტანა მსოფლიოს მასშტაბით და არაერთი ჯილდო...
– ქართული ფილმი „დედა”, მოკლემეტრაჟიანია და ის, ყველა მარტოხელა დედას ეძღვნება. საფრანგეთში Cannes Global Short Film Awards-ის გამარჯვებულია. ფილმმა გალაზე 3 პრიზი მოიპოვა: მთავარი როლის შესრულებისთვის ნინო ვარსიმაშვილმა, როგორც საუკეთესო სოციალურმა ფილმმა და საუკეთესო ფილმმა. მსოფლიო მასშტაბით, 200-მდე ფესტივალზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში აჩვენეს. ფილმს მოპოვებული აქვს 19 საერთაშორისო პრიზი: ამერიკის, ინგლისის, არგენტინის, ესპანეთისა და სხვა კინოფესტივალებზე. სამწუხაროდ, საქართველოში, 40 000-ზე მეტი მარტოხელა დედაა, რომლებსაც რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. ეს ფილმი, ყელა მათგანს ეძღვნება. ჩემთვის კი, უდიდესი პატივია, ჩემი ნამუშევრებით ვიყო მსოფლიოს ასეთი მნიშვნელოვანი კინოფესტივალის ნაწილი.
– შენს სოციალურ ქსელში ვნახე ვიდეო, სადაც შენი ცხოვრებაა ასახულია 90 წამში. როგორ ჩაატიე მთელი ცხოვრება ასე მოკლე დროში?
– 90 წამში ჩემი ცხოვრების ათი წელი ჩავატიე და რომ ვუყურებ, მეც მიკვირს, ამხელა გზა, რა შრომით გავიარე და უმოკლეს დროში როგორ ჩავატიე (იცინის).
– სპორტს სამუდამოდ ჩამოშორდი?
– კი, ასე გამოვიდა. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ვერ შევძლებ დღეს სპორტით დაკავებას. მთლიანად კინომატოგრაფიაში ვარ გადავარდნილი.
– პირადი ცხოვრება?
– კანი, „ბერლინალე“, კინო და სცენარია ჩემი შვილიც, ცოლიც და საყვარელიც (იცინის). „ცარიელი სახლი“ დღეს ჩემი პირადი ცხოვრებაა.
– ამდენ კინოფესტივალზე ხვდები და ცნობილ მსახიობებთან თუ გაქვს შეხება?
– როგორ არა. მაგალითად, ბრედ პიტს გამარჯობით ვესალმები, მონიკა ბელუჩის კი, მოკითხვით (იცინის). სხვათა შორის, მონიკას ყველა როგორც სექსუალურ ქალს, ისე აფასებს, მე კი როგორც ნიჭიერ მსახიობს.