№8 აპირებს თუ არა ნოე სულაბერიძე მესამედ ოჯახის შექმნას და რის გამო ვარჯიშობს ის „ფსიხივით”
გამომდინარე იქიდან, რომ ნოე სულაბერიძე არაერთი წარმატებული პროექტის ავტორია, მისდამი ინტერესი ყოველთვის იყო. მაგრამ, ბოლო პერიოდში მაყურებლის წინაშე განსაკუთრებით ხშირად ჩანს, კიდევ ერთი წარმატებული გადაცემით – „პრაიმშოუ“ და შესაბამისად, ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა, მათ შორის, მისი პირადი ცხოვრებისადმი.
– ნოე, რადგან დღეს „ვალენტინობაა“ (ინტრევიუ ჩაწერილია 14 თებერვალს), მითხარი, აქვს ამ დღეს შენთვის განსაკუთრებული დატვირთვა?
– რა თქმა უნდა და ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. მიხარია, როცა ვხედავ, როგორ ემზადებიან წყვილები ამ დღისთვის ან როგორ ატარებენ ერთად დროს. ძალიან მაგარია, როცა ამ ყველაფერს უყურებ, თვალს უხარია. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ეგ ეტაპი და ვიცი, რომ აუცილებლად კიდევ იქნება.
– ბევრისგან მსმენია, სიყვარულს რად უნდა გამორჩეული დღეები, ყოველი დღე დღესასწაულიაო.
– გოგოებს რომ ჰკითხო, უნდათ, ყოველდღე რვა მარტი და ვალენტინობა იყოს, მაგრამ ეგრე არ არის ცხოვრება (იცინის). ეს ხუმრობით, სინამდვილეში, ადამიანი სულ უნდა ცდილობდეს, რჩეულს ყოველი დღე დღესასწაულად უქციოს, მაგრამ თუ რომელიმე ჩაუვარდება, ამისგან ქალმა ტრაგედია არ უნდა შექმნას. ოღონდ ქალმაც უნდა შეუქმნას მამაკაცს დღესასწაული. მარტო მოლოდინი არაა საკმარისი. ურთიერთობაში ქალმაც უნდა შეიტანოს თავისი წვლილი. ტოლერანტობის ეპოქაში ვცხოვრობთ და ყურადღება ყველასთვის მნიშვნელოვანია. ნებისმიერ ქალს რომ ჰკითხო, რა სჭირდება ყველაზე მეტად მამაკაცისგან, პირველი, რასაც გიპასუხებს, იქნება – „ყურადღება“. კაცსაც არანაკლებ სჭირდება ყურადღება და სითბო, რასაც ქალები ძალიან ხშირად ივიწყებენ და მარტო ცალ კარში უნდათ ხოლმე თამაში. თუმცა, რეალურად, კაცებს რომ ყურადღებას აკლებენ, მერე, ზუსტად ამიტომ ინგრევა ურთიერთობები. ჩემს შემთხვევაში, ამას ვერ ვიტყვი. მსგავსი გამოცდილება მე არ მქონია, ეს მხოლოდ და მხოლოდ გვერდიდან დანახული ფაქტია.
– როცა ასე აქტიურად ჩანხარ ეკრანზე, უფრო გააქტიურდა შენი პირადი ცხოვრებისადმი ინტერესი. ცნობილია, რომ ქალებში საკმაოდ პოპულარული ხარ და ხშირად მსმენია: რა მოსწონთ ნოეში ქალებს, რა აქვს ასეთიო და გვითხარი, რა ხიბლავთ ქალებს შენში?
– სიმართლე გითხრა, არ გამიგია, თუ ასე ლაპარაკობენ და ძალიან მიხარია, სინამდვილეში თუ ასეა (იცინის). ეს ნებისმიერი მამაკაცისთვის სასიამოვნო ფაქტია. მაგრამ, არ ვიცი, ასეთ შემთხვევაში რა ვილაპარაკო საკუთარ თავზე. ეს, ალბათ, უფრო იმან უნდა თქვას, ვინც ამას ამბობს.
– შენთვის არასდროს უთქვამთ?
– მსმენია, რომ ყურადღებიანი ვარ და ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ესაა, დანარჩენი, არ ვიცი (იცინის).
– შენ არასდროს გაგიკეთებია რამე ქალებში პოპულარობის მოსაპოვებლად? თუნდაც ეს იყოს, გარეგნობაზე განსაკუთრებული ზრუნვა.
– ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა ქალებში პოპულარობის მოპოვება. რაც შეეხება გარეგნობას, ვარჯიში ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ითქვას, „ფსიხივით” ვვარჯიშობ. არა იმიტომ, რომ ქალებს მოვეწონო, უბრალოდ, ეს ჩემი ინვესტიციაა, რომელსაც საკუთარ მომავალში ვდებ. მინდა, 20-30 წლის შემდეგაც კარგ ფორმაში ვიყო.
– ნოეს რა მოსწონს ქალებში?
– ქალს, რომელიც მომეწონება, სამი ძირითადი მახასიათებელი უნდა ჰქონდეს: გარეგნობა, ინტელექტი და შინაგანი პატიოსნება. ქალი სანდო უნდა იყოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ერთგულება, პატიოსნება, სანდოობა – რაც გინდა, ის დაარქვი ამას. თუმცა, პატიოსნება სახლში ჯდომას არ გულისხმობს. პირიქით, საერთოდ არ მინდა, რომ ჩემი რჩეული სახლში იჯდეს. ჩემთვის ძალიან დიდი პლუსია, როცა ქალი რეალიზებულია. ყველა ქალს უნდა ჰქონდეს მამაკაცის მხრიდან საშუალება, რომ თავის საქმეში რეალიზება შეძლოს.
– კიდევ ერთი აქტუალური კითხვა – აპირებს ნოე სულაბერიძე კიდევ ერთხელ დაოჯახებას, ორი განქორწინების შემდეგ?
– რა თქმა უნდა. მარტო ცხოვრება არ მინდა. ალბათ, მოვა ჩემს ცხოვრებაში ეტაპი, როცა ოჯახი მექნება. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ დღეს ასე არაა. ჩემი შვილები, დედა – ჩემი ოჯახია, მაგრამ თუ მეორე ნახევარზე მეკითხები, ეგ ეტაპიც აუცილებლად დადგება. არ მივეკუთვნები ადამიანთა იმ კატეგორიას, თავისუფალ ურთიერთობებზე რომ ოცნებობენ. მიმაჩნია, რომ ყველაზე ღირებული ცხოვრებაში ის მომენტია, როცა სამსახურიდან დაღლილი ბრუნდები სახლში და კარს მეორე ნახევარი გიღებს. ეს ძალიან დიდი კომფორტია. ტრაგედია არც ისაა, თუ ასე არ ხდება, მაგრამ ასე ჯობია. ალბათ, ჩემს ცხოვრებაშიც დადგება ეს მომენტი.
– ახლა რა ხდება?
– ახლა – განსაკუთრებული არაფერი ხდება.
– შენი და ქრისტინე იმედაძის სიყვარულის ამბავი, არ არის მართალი?
– არა, ქრისტინე ჩემი მეგობარია. ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდება ისეთი, სათქმელად რომ ღირდეს.
– ყოფილ მეუღლესთან – ეკა სამხარაძესთან, რომელსაც ასევე ძალიან კარგად იცნობს საზოგადოება, როგორი ურთიერთობა გაქვს?
– ეკასთან ძალიან კარგი, ცივილიზებული ურთიერთობა მაქვს. ის ჩემთვის ყოველთვის ძალიან ღირებული ადამიანი იქნება, რომელსაც ბევრი კარგი და იშვიათი თვისება აქვს. ეკა ჩემგან ყოველთვის დაიმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას და თანადგომას, აბსოლუტურად ყველაფერში.
– როგორი მამა ხარ?
– ეს ბავშვებს უნდა ჰკითხოთ. მე ვცდილობ, კარგი მამა ვიყო. ბავშვებს ვუყვარვარ და ალბათ, ამას აქვს მიზეზი. საერთოდ, ზედმეტი სიმკაცრისა და იმავდროულად, ზედმეტი ბავშვურობის, წინააღმდეგი ვარ. ვცდილობ, ყოველთვის ერთ ენაზე ველაპარაკო მათ, ისევე, როგორც ჩემს ტოლს. ვფიქრობ, ეს აღზრდის ძალიან სწორი მეთოდია. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია აღზრდის საკითხი. ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, ბევრი არაღირებული მომენტისგან დაუცველები ვართ, რომელიც შეიძლება, მოულოდნელად გაჩნდეს ჩვენს ცხოვრებაში. იმ ეპოქაში, სადაც ინტერნეტია, გინდა არ გინდა, ბევრ სიბინძურეს ხედავენ ბავშვები და საფრთხეც არსებობს. ცოტა ხნის წინ ვნახე ახალი ფილმი „საოცრება“, რომელშიც მთავარ როლს ჯულია რობერტსი ასრულებს. მგონია, რომ ეს ფილმი ყველა მშობლისთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს. იმდენად ემოციური და შთამბეჭდავია, ვფიქრობ, ყველამ უნდა უყუროს. მასში ძალიან ბევრ კითხვაზეა პასუხი გაცემული.
– გგავს რომელიმე შვილი?
– ორივე მგავს და ჩემთვის ორივე თანაბარია სიყვარულის თვალსაზრისით: ბიჭს თავისი ხიბლი აქვს, გოგოს – თავისი. ბიჭს ისე უყურებ, როგორც შენი თავის გაგრძელებას, გოგოს – როგორც სითბოს ნაწილს. ჩემი აზრით, კარგი შვილები მყავს, რაც ძალიან მიხარია. ძალიან კარგად არიან აღზრდილები, რაც მარტო ჩემი არა, ოჯახის დამსახურებაა. ძალიან ვნერვიულობ მათ მომავალზე. მინდა, ყველაფერი ისე აეწყოთ ცხოვრებაში, როგორც თვითონ უნდათ. ბიჭი 14 წლისაა, გოგო – 9-ის.
– გადავიდეთ გადაცემაზე, რომელმაც ძალიან მალე დადო მაღალი შედეგი. ელოდი ამას?
– ვიცოდით, რომ „პრაიმშოუ“ წარმატებული იქნებოდა, მაგრამ ასე მალე თუ შეუყვარდებოდა მაყურებელს, არ გვეგონა. ეს ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რაც სასიხარულოსთან ერთად, დამატებითი პასუხისმგებლობაცაა.
– შენი ყველა პროექტი ძალიან წარმატებული, ლიდერი და ხმაურიანია. რისი შედეგია ეს ყველაფერი?
– ყოველთვის, როცა რაღაცის გაკეთებას ვიწყებ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდები. როცა სამი და ოთხი წარმატებული პროექტი გაქვს გაკეთებული, ეს კიდევ უფრო დიდ პასუხიმგებლობას გაკისრებს. მაყურებელი შენგან წარმატებულ პროექტებსაა შეჩვეული და შეცდომის უფლება არ გაქვს. ბევრი ფიქრისა და შრომის შედეგია ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებ.
– მაია სტეფნაძემ დატოვა „პრაიმშოუ“, რა გახდა ამის მიზეზი?
– მაია ძალიან მაგარი ადამიანი და პროფესიონალია. ის დაგვეხმარა მაშინ, როცა მე თან ცეკვებს ვაკეთებდი და პარალელურად, ამ შოუს ვიწყებდით. ორად გახლეჩა ძალიან მიჭირდა და მივხვდი, მარტო ვერ მოვერეოდი ამ ყველაფერს. მაია იყო ერთადერთი, ვისაც ბოლომდე ვენდობოდი, რადგან კარგად იცის თავის საქმე. ის დაგვეხმარა ამ გადაცემის სწორ რელსებზე დაყენებაში. ერთობლივად ძალიან კარგად ვმუშაობდით, მაგრამ დროის სიმცირის გამო, მასაც ძალიან უჭირდა, აქ და გია ჯაჯანიძესთან ერთდროულად ყოფნა. ამიტომ, მარტივად შევთანხმდით. ეს ის შემთხვევა არაა, როცა წყენით მთავრდება ურთიერთობა. არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა.
– წავიკითხე მისი კომენტარი. ამბობდა, რომ გადაცემის მიმართულებასთან დაკავშირებით, ვერ შეთანხმდით.
– როცა თემას ვგეგმავთ, პროდიუსერები და სცენარისტები, რა თქმა უნდა, ვკამათობთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ, მიზეზად ამის დასახელება არასწორია და ვფიქრობ, ეს მაიას სიტყვების არასწორი ინტერპრეტირებაა. ჩვენი საქმიანი ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ მაიას დროის სიმცირის გამო აღარ გაგრძელდა.