კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 რატომ გამორიცხეს თეატრალურიდან ენდი ძიძავა და როგორ ატკინეს მას გული მეუღლის ქურდული სამყაროს წევრობის გამო

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

მსახიობი ენდი ძიძავა ცოტა ხნის წინ, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდა ჩიკას დედის – ნანუნას როლში. მისი რეალური ცხოვრება, პირადი თუ შემოქმედებითი თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო და გამორჩეულია.
ენდი ძიძავა:
„ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩემთვის მოულოდნელად და შემთხვევით მოვხვდი. ქასთინგის მენეჯერმა, ეკა მჟავანაძემ, მთხოვა, ჩიკას დედის როლის სინჯზე მივსულიყავი. გამიკვირდა და ეკას ვუთხარი კიდეც, რომ ეს შეცდომა იყო. ვფიქრობდი, რომ არჩევანს ჩემზე არ შეაჩერებდნენ. ამიტომ, გამიკვირდა, მეორე დღესვე რომ დამირეკეს. კამერის წინ საკუთარი თავი სასტიკად არ მომწონს და სიმართლე გითხრათ, რაც მე გამოვჩნდი, სერიალს ვეღარ ვუყურებ (იცინის). პირველ სერიაში ჩემი ამოცანა იყო, ჩიკაზე მეტად ექსცენტრიკული ვყოფილიყავი. თუმცა ნანუნას ასეთი შემოსვლა ძალიან ბევრს ზედმეტად მოეჩვენა. ჩემი შვილი თვალს ადევნებს სოციალურ ქსელში ჩემთან დაკავშირებულ კომენტარებს და მათ შორის, იყო რაღაც, რაც მეწყინა და მეტკინა. მეორე სერიის გადაღებაზე ძალიან დათრგუნული მივედი, მაგრამ შემოქმედებითმა ჯგუფმა დამამშვიდა. მითხრეს, რომ ის ვარ, ვინც მათ უნდოდათ. სულ ვფიქრობ, რამდენად სწორი ნაბიჯი გადავდგი, როდესაც სერიალში მონაწილეობაზე დავთანხმდი. ამას პირველი სერიის შემდეგ, მაყურებლის რეაქციებიდან გამომდინარე ვამბობ.
– ძალიან პატარა ასაკში აგირჩევიათ მსახიობობა პროფესიად, თუმცა მერე თეატრალურიდან გამოგრიცხეს. გაიხსენეთ ის ამბები.
– პირველ კლასში გადავწყვიტე, რომ მსახიობი უნდა ვყოფილიყავი და მას შემდეგ, გადაწყვეტილება არ შემიცვლია. სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე თეატრალურში. თუმცა, სწავლა რომ დავიწყე, თავიდანვე პროტესტი გამიჩნდა პარტიული ისტორიის, ათეიზმისა და პოლიტეკონომიის ლექციების მიმართ. ასეთ ლექციებზე არ შევდიოდი. ფილოსოფიის ლექციებიც არ მიზიდავდა, რაც ახლა ძალიან მიკვირს. მერე მივხვდი, რომ მაშინდელი მარქსისტული და ლენინური  ფილოსოფია არ მიზიდავდა. მოკლედ, გაცდენები დამიგროვდა და ინსტიტუტიდან გავირიცხე. თუმცა, მეორე წელსვე გამიკეთდა აღდგენა, გამიმართლა და თემურ ჩხეიძის ჯგუფში მოვხვდი. შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამიმართლა – ბატონ რამაზ ჩხიკვაძემ ცხოვრებაში ერთადერთხელ აიყვანა ჯგუფი, რომელშიც მეც ვიყავი და საბედნიეროდ, მე მისი ერთ-ერთი, უსაყვარლესი სტუდენტი აღმოვჩნდი. გარიცხული გოგონა მშობლიურ ქალაქს დავუბრუნდი და სამედიცინოზე ჩასაბარებლად დავიწყე მზადება. სკოლაში ძალიან წარმატებული მოსწავლე ვიყავი, ამიტომ თეატრალურის შემდეგ, სამედიცინოზე წასვლა ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. თუმცა, თეატრის სიყვარული მაინც თავისას შვრებოდა და ერთ დღეს, მესხიშვილის თეატრში მივედი, რომლის ახალი სამხატვრო  ხელმძღვანელი ედგარ ეგაძე გახლდათ. მხოლოდ მას გავუმხილე ჩემი მდგომარეობის შესახებ. ქალაქში არ ვამბობდი, რომ თეატრალურიდან გამომრიცხეს. ყველამ იცოდა, რომ აკადემიური ავიღე. ბატონმა ედგარმა მთავარი როლი მაჩუქა. პრემიერის შემდეგ უპრობლემოდ აღმადგინეს თეატრალურში.
– წარმატებული დასაწყისის შემდეგ რატომ გადაწყვიტეთ, თეატრს ჩამოშორებოდით?
– ეს უკვე პირადი ცხოვრებაა. მე თავად გავაკეთე არჩევანი თეატრსა და პირად ცხოვრებას შორის. ჩემი მეუღლე სხვა ქვეყანაში უნდა გადასულიყო საცხოვრებლად და მეც დაუფიქრებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება, იმისთვის რომ, ჩემს საყვარელ ადამიანს გავყოლოდი.
– თეატრთან კავშირის გაწყვეტას დიდი დეპრესია მოჰყვა?
– საშინელი დეპრესია დამეწყო. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ყოფინისთვის ყველა პირობას მიქმნიდნენ. 90-იანებში, როცა საქართევლოში ყველაფერი „უ”-ზე იწყებოდა, მე იქ არაფერი მაკლდა. თეატრიდან წამოსვლამდე, ბოლო სპექტაკლს ხუთი მაყურებელი ესწრებოდა. მათგან ერთი, ჩვენი კაპერდინერი იყო და ერთიც ნასვამი კაცი, რომელმაც, ალბათ, სითბოში შეაფარა თავი და პირველ რიგში ეძინა. მივხვდი, რომ თეატრის აქტუალობაზეც კი აღარ იყო საქმე. ქვეყანაში ისეთი სიდუხჭირე სუფევდა, ადამიანებს თეატრამდე მოსვლაც კი არ შეეძლოთ. ალბათ, ამიტომაც მივიღე ასე მარტივად ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება. იქ რომ ჩავედი, არანაირი პრობლემა არ მქონია, გამუდმებით დავდიოდი თეატრებში და არცერთ სპექტაკლს არ ვტოვებდი. იქიდან კი ისტერიკული ტირილით ვბრუნდებოდი უკან. უთეატრობა ძალიან მაწუხებდა. სერიოზული დეპრესია დამეწყო. რა თქმა უნდა, დაიწყეს ჩემი მკურნალობა, მაგრამ ბოლოს თქვეს, რომ მე აუცილებლად უნდა დავბრუნებოდი ჩემს საქმეს. ამიტომაც გადავწყვიტე წამოსვლა. მაშინ მესხიშვილის თეატრში ბატონი გიორგი სიხარულიძე იყო ახალი მოსული. მას ჩემი მდგომარეობა ავუხსენი, შანსი მომცა და 15 წლის შემდეგ, საბოლოოდ დავუბრუნდი სცენას.
– განსხვავებული და საოცარი სიყვარულის ისტორია გაქვთ. თუ შეიძლება, რომ ამაზეც გვიამბოთ.
– წელს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა და რამდენიმე კანდიდატურა წამოაყენეს. ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით, მათ შორის, ერთ-ერთი კანდიდატი მეც ვიყავი და დიდი უპირატესობით გავიმარჯვე. როცა ჩემი კანდიდატურა სამინისტროში წარდგა ამ პოსტზე მე, რა თქმა უნდა, არ დამნიშნეს. ზუსტად ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ შემდეგ, ჩემმა ძალიან საყვარელმა და ახლობელმა ადამიანებმა, შესაძლოა, დაუფიქრებლად, მაგრამ ძალიან მატკინეს გული ერთი ფრაზით. როცა უარის მიზეზებზე დაიწყო საუბარი, ერთმა მეგობარმა მითხრა: ენდი, შენი სოციუმი გაითვალისწინე, როცა ამხელა განაცხადს აკეთებდიო?! ერთმა ჩემმა მეგობარმა მინისტრის წინაშე თქვა, რომ მე მორალი და ზნეობა არ მიწყობდა ხელს, ამ თანამდებობისთვის. სოციუმში მან ჩემი პირადი ცხოვრება და ჩემი მეუღლის სტატუსი იგულისხმა. მხოლოდ მაშინ დავიწყე ჩემს პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა საუბარი. ამიტომ, დღეს ხაზგასმით ვამბობ, რომ მე არ მრცხვენია ჩემი სოციუმის. დიახ, ჩემი შვილის მამა იმ სამყაროს წევრია, მაგრამ ზნეობითა და მორალით ასჯერ მაღლა დგას ისეთ ადამიანებზე, ვისაც ასე, უმისამართოდ შეუძლიათ სხვისი ზნეობისა და მორალის შელახვა. „ჩემი შვილის მამა“ – ამ ფრაზასაც არასასიამოვნო გამოხმაურება მოჰყვა. „ადამიანის ასე მოხსენიება ახალი ტენდენციაა?” – წერდნენ. საქმე ისაა, რომ მე და ის უკვე აღარ ვიგულისხმებით ერთ მთელად. ჩვენ წლებია, ერთად აღარ ვცხოვრობთ. მე კი არ მსიამოვნებს გამოყენება ფრაზის: „ჩემი ყოფილი მეუღლე“. მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ მოვიხსენიებ მას, როგორც ჩემი შვილის მამას.
– თქვენი ურთიერთობის დასაწყისი როგორი იყო?
– ამ ადამიანთან ერთად 22 წელი ვიცხოვრე. ის ძალიან საინტერესო და უზომოდ განათლებული პიროვნებაა. სხვანაირად მასთან ყოფნას ვერ შევძლებდი. განშორების მიუხედავად,  ის ჩემთვის დღემდე ყველაზე ძვირფასი ადამიანია. მერვეკლასელი გოგონა ვიყავი, როცა მან სკოლის ფორმაში დამინახა და მაშინვე მოვეწონე. შემდეგი ორი წელი ერთმანეთს ვეღარ გადავეკვეთეთ. მეათე კლასში შემთხვევით შევხვდით და დავმეგობრდით. მომდევნო რამდენიმე წელი, როგორც მერე გავიგე, პატიმრობაში იმყოფებოდა. როგორც კი გათავისუფლდა, კვლავ ვნახეთ ერთმანეთი. ის ყველა ჩემი თაყვანისმცემლისგან განსხვავდებოდა. ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი იყო. სითამამით არ გამოირჩეოდა. უფრო მეტიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან კომპლექსიანიც კი გახლდათ, გამარჯობას რომ მეუბნებოდა, წითლდებოდა. მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ვერ წარმომედგინა, თუ ის ამ გზას დაადგებოდა.
– თავიდანვე იცოდით, რომ ქურდული სამყაროს წარმომადგენელი იყო?
– თანაცხოვრება ჯერ კიდევ არ გვქონდა დაწყებული, როცა მისი გადაწყვეტილების შესახებ გავიგე – ის ამ გზას უნდა დადგომოდა, რაც ვერ წარმომედგინა. ადამიანი 80-იან წლებში სიგარეტს არ ეწეოდა და არ სვამდა. ამის ფონზე, როცა ეს შევიტყვე, საკმაოდ მწვავე რეაქცია მქონდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ უკვე ვეღარაფერს შევცვლიდი. ორიდან ერთი გზა უნდა ამერჩია: ან ურთიერთობა გამეწყვიტა, ან... მე მასთან დავრჩი.
– პატარა გოგოებს, ზოგჯერ, ძალიან იზიდავთ ბიჭების ასეთი ცხოვრების სტილი. თქვენც ხომ არ გქონდათ ეს მომენტი?
– არ ვიცი, რამდენად მქონდა მიზიდულობის მომენტი, მაგრამ იცით, მასში რა მომწონდა? იყვნენ ბიჭები, საკუთარი ძალის იმედი რომ ჰქონდათ, ვიღაცები უკვე ავტორიტეტები იყვნენ. მას ეს ყველაფერი არ სჭირდებოდა. ძალიან მშვიდი და წყნარი იყო და მის სიმშვიდეში საოცარი ძალა ჩანდა. ხმამაღალი ტონით არასდროს უსაუბრია, მაგრამ მისი ერთი სიტყვა ყველაფერი იყო. არასდროს არავის დაჩაგრავდა, რაც განსაკუთრებით მომწონდა. ამ ყველაფერს პოზის გამო არ აკეთებდა, მართლა ასეთი იყო. ზოგადად, ქუთაისში მაშინ ეს მენტალობა მოზღვავებული გახლდათ და მგონი, მეტ-ნაკლებად, ახლაც არის. ასეთი ბიჭები „ბირჟაზე“ იდგნენ, სვამდნენ, ნარკომანობდნენ და ეს ყველაფერი მათი „პოზა“ იყო. თუმცა, ის ასეთი არ იყო. ამიტომ, როცა ეს ამბავი გავიგე, არ დავიჯერე. უფრო მეტიც, წლების მერე, როცა ის გათავისუფლების შემდეგ ვნახე, დამოძღვრა დავუწყე: რა პროფესია უნდა აერჩია და როგორ მომზადებულიყო ამისთვის.
– იმ დროისთვის საკმაოდ ხმაურიანი გადაწყვეტილება მიიღეთ – ქორწინებამდე თანაცხოვრებას ვგულისხმობ.
– მე მასთან ყველა ეტაპი გავიარე. ჩუმ-ჩუმად შეხვედრა და ამ შეხვედრების მიღმა რაც ხდება, ამ ყველაფრის კეთება არ დამიწყია. ვიყავით შეყვარებულები, შემდეგ დავიწყეთ თანაცხოვრება და მოგვიანებით, დაგვერქვა ოჯახი. თანაცხოვრებიდან თორმეტი წლის შემდეგ გავაჩინე შვილი. მანამდე ვფიქრობდი, რომ ჯერ ამის დრო არ იყო. თავიდან, რა თქმა უნდა, ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ მერე, ყველა დამშვიდდა.
– როდის შეიცვალა სიტუაცია. ახლა რატომ არის ეს ურთიერთობა წარსული?
– ერთი ჩვეულებრივი დღე ჩემთვის არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. ტყუილი არ მიყვარს და აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდ ტყუილში ვიყავი – მის ცხოვრებაში სხვა ქალი და შვილი არსებობდა, რამაც გამაოგნა. დაშორებაზე არც გვისაუბრია, ყველაფერი უსიტყვოდ მოხდა. დღეს ჩვენს ირგვლივ ბევრი ამბობს, რომ ეს არ არის ფინალი. მაქვს ამბიცია, რომ მე მისი ნომერ პირველი მეგობარი ვარ, თუმცა, არ ვიცი, რას მოგვიტანს ეს მეგობრობა მომავალში. ის ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და გათავისუფლების შემდეგ, ნაკლებად წარმომიდგენია, რომ ჩვენ ისევ ერთად ვიყოთ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამეკვიატა: „არასოდეს თქვა არასოდეს“.
скачать dle 11.3