კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 ყირამალა საყვარლები

(ისტორია ოცდამეთორმეტე)
გახანუმებული მული, ანუ ქალი მაინც მსხვერპლია
(მოქმედი პირები:
ლანა, ეკა, ლაშა და ქეთა)
– მაგ ქუჩის ქალს ჰგონია, რაღაც ახალი მითხრა?! ძუკნა ეგ! ვითომ რომ იშმუშნებოდა უხერხულად! იმედია, ჩემი ძმა მართლაც ადგამს რქებს! მაგრამ მე რომ სულ მარტო დავრჩი?! ზურაც მივლინებაშია და ლაშაც არ ჩანს. ზურა სად წავიდა?! არ მახსოვს, სახლში არ გაეთია ღამე?! არც ლაშა დადიოდა არსად იმ ქუჩის ქალის გარეშე. როგორ ჩამაწვეთა ჯერ სახელი და მერე ის ფოტოები: მე იმ ფოტოებს არ დავხედავ. პირდაპირ ლელის წავუღებ! ის მოიფიქრებს რამეს, რომ ის ქალი მოვაშორო ჩემს ზურიკოს! არა, ეს ეკა მაინც სად დაიკარგა?! მეტყოდა, სადმე რომ დაეპირებინა წასვლა. ორი დღეა, არ ჩანს. ლელის ვერ ვუკავშირდები და ვინმესთვის გულის გადაშლაც მჭირდება. ეკა რამეს მირჩევდა. აუცილებლად მირჩევდა! ზურიკოც რომ წამლის გარეშე მყავს?! ისევ არ აურიოს ტვინი იმ საზიზღარმა ქალმა! არადა, რა კარგად იყო. სამსახურიდან პირდაპირ სახლში მოდიოდა. ცოტა კი არის მოდუნებული, მაგრამ გაუვლის მალე და ისევ ისეთი ზურიკო იქნება: ყურადღებიანი და კარგი მეოჯახე.
ის დედაკაცი კი უნდა ვნახო: მისამართს გავიგებ და მივადგები სახლში. მაინტერესებს, როგორ შემომხედავს თვალებში! ეგ ნამუსგარეცხილი! ცოლიან კაცს დასდევს და მოსვენებას არ აძლევს! ლაშამაც იცის, ნეტავ?! როგორ არ ეცოდინება, ის საზიზღარი ქალი მისი თანამშრომელია! ეს როგორ არ გამახსენდა?! და მე რატომ არ მითხრა? რა უნდა ეთქვა – რა სისულელეებს ვამბობ?! უნდა გავიგო მისამართი და ვნახო! მორჩა! მე მაგას ჩემს ზურას ვერ დავუთმობ! ჩემი ქმარი ჩემია და მორჩა! ჩემს ქმარს ვერავინ წამართმევს ვერც მე და ვერც ჩემს შვილებს! და საიდან გავიგებ მის მისამართს?! საიდან და ლენა მეტყვის, ბუღალტერი!
სასწრაფოდ მოვნახე ლენას ნომერი: ლენ, ლანა ვარ, კარგად. შენ? რა უნდა გთხოვო, თქვენი თანამშრომელი რომაა, თეო, ლაშამ რაღაც დამაბარა მასთან – არა, ტელეფონის ნომერი არა, მისამართი მჭირდება. მადლობა დიდი. მესიჯით გამომიგზავნე. ლაშამ დამიტოვა და დავკარგე. არ გამცე, თორემ გამიბრაზდება. გკოცნი და გელოდები!
ესეც ასე! მივადგები მე მაგას სახლში ამ საღამოს! მაგრამ ეს ეკა სად გაქრა?! დედამისიც არ არის აქეთ! ხომ კარგადაა ეს გოგო?! ან ჩემი ძმა ვისთან ერთადაა?! უი, არა – ეკასთან როგორ იქნება? საიდან?! ეს აზრი როგორ მომივიდა თავში?! შე ქუჩის ქალო, გგონია, ზურიკოს სკანდალს მოვუწყობ მაგ შენი მოთრეული ფოტოების გამო?! ვერ ეღირსები! აი – ის საძაგელი ქალი კი ვერ გადამირჩება!
– გაცივდა ყველაფერი! დროზე მოდით! – გავძახე ბავშვებს და ჩემმა ტელეფონმაც დარეკა: ვინ უნდა რეკავდეს?
– ძამიკო, სად იყავი?! გული გაგვიხეთქე ყველას! ჩამოხვედი?! და ჩემთან მოდიხარ? აქ დარჩები? ჩემო საყვარელო, ახლავე ყველაფერს გაგიმზადებ, შენი ოთახი გელოდება. თავზე შემოგევლები. რა დაგახვედრო, მითხარი? კი, კი, მახსოვს, რა დამავიწყებს, რაც შენ გიყვარს. რამდენ ხანში მოხვალ? გელოდები. მოვასწრებ ყველაფერს. მოდი, ჩქარა!
რა უცნაურია, რატომ მოდის აქ?! მოვიდეს, მე მიყვარს, ჩემი ძმა რომ ჩემთანაა, მაგრამ რაღაც უნდა ხდებოდეს. ის ქუჩის ქალი ტყუილად არ კაპარჩხანობდა.
ფანჯრიდან გადავხედე: ეკას ფანჯრიდან შუქი გამოდიოდა. მაშინვე მასთან ჩავედი.
– ეკა, სად იყავი? გუშინ მოგიკითხე, მაგრამ რად გინდა?! ტელეფონიც გამორთული გქონდა.
– მეგობართან ვიყავი, ტელეფონი გამიფუჭდა, – ეკა უხასიათოდ მეჩვენა.
– ისე, არ უნდა გამაცნო ის შენი მეგობარი? მე ჩემი ოჯახის ყველაფერი მოგიყევი, შენ კი…
– აუცილებლად გაგაცნობ, მალე. ოღონდ ამჯერად სხვა მეგობართან ვიყავი, ქალთან.
– ეკა, უარი არ მითხრა. უნდა მომეხმარო. ამო, რა ჩემთან, თან, მარტო ვარ სახლში და რაღაცებიც უნდა მოგიყვე.
– ლანა, მოდი, სხვა დროს. კაი?
– მაშინ მომეხმარე, ცოტა დრო მაქვს, სუფრა უნდა გავშალო და არაფერს არ მოგიყვები.
– მერე მე რომელი დამხმარე მნახე?! თუ ისევ ზურას უწყობ რომანტიკულ საღამოს, აა?
– არა, უფრო უკეთესს.
– ვაჰ, ეს ძალიან საინტერესოა. ყურად იღე, ხომ, ჩემი რჩევა? მოვდივარ კი არადა, მოვქრივარ! – ეკა აშკარად გამხიარულდა, ტელეფონი აიღო და ერთად გავედით.
– და ვინაა ეს უკეთესი? – მკითხა კიბეებზე და ეშმაკურად მოჭუტა თვალები.
– ამო, ამო და ნახავ.
– რას ვნახავ, გოგო?! მესამე ზედმეტია-მეთქი, ხომ გითხარი? ისევ არ მიჯერებ?!
– ეკა, რას ჰგავხარ?! ასეთი მიჯაჯულ-მოჯაჯული არასდროს მინახავხარ! წადი ახლავე და გამოიცვალე.  უნდა ვბრწყინავდეთ ამ საღამოს.
– როგორ? მეგობარიც მოჰყავს?! არ გადამრიო: ჯგუფური სექსი და რამე? – ეკამ ისე გადაიკისკისა, ყურები ლამის დამიგუბდა.
– ჰო, აბა?! ვსწავლობ შენგან რაღაც-რაღაცებს. მასე ვერ შემოგიშვებ სახლში: მოიპრანჭე, გალამაზდი და ამოდი. მიდი, მიდი, დროზე! – მომეჩვენა, რომ ეკა გამხიარულდა.
მე სასწრაფოდ დავტრიალდი სამზარეულოში: ჩემი ძმა დიდი მჭამელი არაა. ისე უგემურად ილუკმება, რომ ჭამას შეგაძულებს. დედაჩემი სულ ამაზე ეჩხუბებოდა: კაცი არ დაისმება შენთან ერთად სუფრაზეო. იმიტომაც მყავს ასეთ კარგ ფორმაში ჩემი ლამაზი ძამიკო!
ყველაფერი გავამზადე, ეს ეკა კიდევ არა და არ ჩანდა. ქაჩალმა ჯერ არ მოიფხანაო, ხომ?! მოვიდა, როგორც იქნა...
ეკა ისეთი იყო, ელავდა. ამ გოგოს უცნაურობა სჭირს, ერთ წამში ახერხებს გარდასახვას. შევათვალიერე და მომეწონა. ყველაფერი თავის ადგილას ჰქონდა: ზომიერად შიშველიც იყო და ჩაცმულიც. ჩემი ძმა თვალს მაინც დაასვენებდა.
– აი, მეც მოვედი, დამავალე, რა ვქნა?! და შენ რატომ ხარ ისევ ხალათში?! ჩაიცვი შენც. თორემ მე სასცილოდ გამოვიყურები აშკარად.
– არაფერი, საყვარელო, ყველაფერი მოვამზადე. რა უნდა გითხრა: ხომ იცი, ჩემს რძალს ვერ ვიტან. ჰოდა, სამი დღეა, გიჟადაა. გაუჩინარდა ეს მისი ქმარი და არც ურეკავს, არც ამბავს კითხულობს. დადიოდა ჩემთან და ისტერიკებს აწყობდა, ვიღაც ქალთან ერთად არის ნამდვილადო და ზურიკოს აიძულებდა, გაეგო, ვინ იყო ის ქალი.
– ხედავ, შენ? მე შენი ძმა პატიოსანი კაცი მეგონა.
– პატიოსანი მამაკაცები არ არსებობენ, ხომ იცი ეს შენ.
– ვიცი და ამიტომ არც პატიოსანი ქალები უნდა არსებობდნენ, – ცოტა ღვარძლიანად კი ამოთქვა ეკამ.
– ადრე არ გეთანხმებოდი, ახლა გეთანხმები! ეკა, ლელი უნდა მიპოვო რამენაირად. მჭირდება და შენი რჩევაც მჭირდება, მაგრამ ამაზე მერე ვილაპარაკოთ, – ამასობაში ზარიც დაირეკა, გააღე და გამოვალ მეც.
ეკა კარის გასაღებად წავიდა. ის კი გავიგონე, რომ იკითხა, ვინ არისო, მაგრამ მერე ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, შემოსასვლელში გავედი.
– ძამიკო, შემოდი, რა კართან დგახარ.
– მე წავალ მაშინ, – თქვა ეკამ.
– რას ჰქვია, წახვალ?! ახლა არ ამოხვედი?! – კინაღამ გადავირიე მე.
– არ წახვიდეთ, თორემ ვიფიქრებ, ჩემი მოსვლა გეწყინათ, – თქვა ლაშამ, - დიახ, სწორედ იმას ვიფიქრებ, რომ ჩემი ძმის მოსვლა გეწყინა, – ავყევი მეც.
ეკამ უხერხულად გაიღიმა და რატომღაც, კაბა ჩამოიწია.
– თქვენ დასხედით და მე ახლავე მოგაშველებთ ცხელ-ცხელ ხაჭაპურს. ლაშა, სად იყავი? შენი ცოლი დასაბმელია. იცის, რომ ჩამოხვედი? აგვაწიოკა ყველა. ცოცხლად დაგვჭამა, გაიძახოდა, ვიღაც ქალთან ერთად არისო, – უდიდესი სიამოვნებით ვამბობდი ამას და ვნატრობდი, რომ სიმართლე ყოფილიყო, – შენ ისე საეჭვოდ დუმხარ, მგონი, რაღაცაშია საქმე, არა?! ეკა, რას იტყვი?
ეკამ მხრები აიჩეჩა, თვალები მოჭუტა და ლაშასკენ გამომცდელად გაიხედა: თავად გვითხრას და გავიგებთ, თან, არც გავთქვამთ.
– ასეთი მშვენიერი ქალბატონების მოტყუება ქვეყნის ღალატის ტოლფასია, ამიტომ ვაღიარებ: დიახ, დიახ, სწორედ ისეა საქმე, როგორც თქვენ ეჭვობთ!
სიხარულისგან ტაში შემოვკარი: ხუმრობ თუ მართლა?! დედა, ამას რას მოვესწარი?! მოყევი, მიდი, გელოდებით. ვინ არის, რას აპირებთ, სად იყავით? – დავაყარე კითხვები.
– ვხუმრობ, ლანა, ვხუმრობ. მოკლედ, თქვენი რჩევა მჭირდება ორივესი: დავადგინე და გავარკვიე, რომ ჩემი ცოლი რაღაცას მასმევდა, რამაც მომწამლა და რომ არა, ერთი ღვთისნიერი ადამიანი, რომელმაც ბოლოს მიმატოვა, ახლა ჩემი პანაშვიდი იქნებოდა.
თეფში ხელიდან გამივარდა: რას გასმევდა?! როგორ თუ გასმევდა?! ჯადოს გიკეთებდა?! – ეკას შიშით გადავხედე და გამახსენდა, მეც ხომ ვასმევ ჩემს ზურიკოს რაღაცას?! – და საიდან იცი, რომ გასმევდა?!
– ეგ ზუსტად ვიცი და, როგორც ჩანს, სულ მაგაზე ვყავდი. დოზა მოუვიდა ახლა მეტი... კი გამიჭირდა დაჯერება, მაგრამ ნაღდი ამბავია, – ლაშა ეკას თვალმოუშორებლად უყურებდა.
არადა ეკა გულგრილად უსმენდა, მე კიდევ გადარევას არაფერი მაკლდა: და ეგ საზიზღარი ქალი აქ მოდიოდა და კონცერტებს აწყობდა! უარესის ღირსი ხარ, ეგ რომ ცოლად მოათრიე.
– ძალიან ოჯახური თემატიკაა და მე მართლა წავალ, ზედმეტი ვარ, – ეკა წამოდგა: ლაშა, სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა კიდევ ერთხელ და მიხარია, რომ გადარჩით, თუ, რა თქმა უნდა, გადარჩით, – ლანა, წავალ მე უკვე.
ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა: რძალი თუ უკვე ყოფილი რძალი მირეკავდა. ტელეფონს ვუპასუხე, ხმამაღლამოლაპარაკეზე ჩავრთე და ეკას ხელით ვანიშნე, შეყოვნებულიყო: ლანა, ვიცი, რომ ლაშა შენთანაა. დავინახე, მისი მანქანა როგორ შემოვიდა თქვენი სახლის ეზოში. რატომ მიმალავ ჩემს ქმარს?
– რა შენი ქმარი? რა უნდა შენს ქმარს ჩემთან? – ღილაკს დავაჭირე, რომ ჩემი ხმა არ გაეგონა და ეკას შევეხვეწე: შენთან წაიყვანე, გთხოვ, მომიკლავს ძმას! ლაშა, ჩანთაც გააყოლე და დაგირეკავთ, როცა წაეთრევა.
მე კი მაგიდის ალაგება დავიწყე, ერთი თეფში დავტოვე მხოლოდ. ტელევიზორი ჩავრთე და ტელეფონში ჩავძახე: ამობრძანდი და დარწმუნდი საკუთარი თვალით, რომ ამ სახლში ჩემი და ბავშვების მეტი არავინაა!

ისტორია ოცდამეცამეტე
ახალი ცხოვრების ძველი ნარჩენები!
(მოქმედი პირები: ჯამლეთა, მარინა, ლევანო და დუდუ)
დილით უთენია შეანჯღრია მარინამ, საკმაოდ უხეშად და კაცივით. ჯამლეთა ძლივს მოეგო გონს, სად იყო და ვინ ანჯღრევდა...
– ადექი, აქ სასტუმრო არ მაქვს მე და საქმეს მიხედე!
– რა იყო, გოგო, მაცადე გამოფხიზლება... ავდგები, აბა, რას ვიზამ...
– მალე, საქმე მაქვს მე და ისიც ზედმეტია, აქ რომ დაგტოვე, – მარინა აშკარად აჭრილი ჩანდა, გაწეწილი და შეშუპებული, ახლა გეიშას სულაც არ მოგაგონებდა და არც მოგანდომებდა რამეს. მაგრამ ჯამლეთა უცბად გამოფხიზლდა, მარინას ავი თვალები საოცრად აშინებდა. ამ დილით კი ისინი განსაკუთრებულად ელავდნენ და კვესავდნენ.
– მოხდა რამე, რა გჭირს, ადამიანო?!
– მოხდა თუ მოხდება, ეს ჩემი საქმეა! შენ შენსას მიხედო უნდა. ადექი, ყავა მზად არის, დავილაპარაკოთ უნდა, – მარინა სამზარეულოსკენ წავიდა და ჯამლეთა მომენტალურად ფეხზე დადგა, სახეზე წყალი შეისხა და შეთხელებულ თმაზე სველი ხელები გადაისვა: სახე არც მას ჰქონდა მაინცდამაინც ანგელოზის, მაგრამ კაცია და ეს არ ედარდება...
– სანამ საუზმეს მიირთმევ, გეთაყვა, კარგად მომისმინო უნდა, – მარინა ყავას სიგარეტს აყოლებდა და საუზმობდა. ჯამლეთამ ყავა დაისხა და, რაკი სხვა მაგიდაზე არაფერი დახვდა, თვითონაც სიგარეტს მოუკიდა.
– გისმენ, მარო-ჯან, გისმენ მთელი გულითა და ყურითა!
– ჯღანაობის დრო არ მაქვს და არ მგონია, შენც სახალისოდ გქონდეს საქმე. სადაცაა ლევანო გიპოვის და თავი უნდა დაიძვრინო. უნდა მოიფიქრო, რას ეტყვი და როგორ მოიქცევი. ბუნებრივია, მე არ მახსენებ, მაგრამ თუ საჭირო გახდება, უჩივლებ. ჰო, რას მიყურებ უცოდველი კრავივით! გაგარტყამს, დაარტყამ და მერე გაგიგდებს. დიდად არ გაუძალიანდები, ვიცი, მაგრამ ისე უნდა შემოალახვინო თავი, რომ ძალადობის ნიშნები გქონდეს. მოკლედ, დააჭერინებ ლევანოს... რატომ და – არ არის შენი საქმე. დამაცადე, ასეა საჭირო. მერე, უფრო ზუსტად კი, ახლა, ამ ნომერზე დარეკავ. ეტყვი, რასაც გეტყვი და იმას გააკეთებს ისიც და შენც, რასაც გეტყვით...
– მარო, შენ თავი პროკურორი გგონია, თუ მე შენი შნირი? რა იყო, ფიქრობ, რაკი ლევანო დამეძებს, მაგის გამო ერთი თითის დაწკაპუნება გინდა და „შესტიორკად“ გადამაქცევ? მოიხედე აქეთ, ავლაბრის ტურფავ, ეგ ვისთანაც გაგსვლია, ისევ იქ ჩმახე.  მე წავედი ახლა, მკიდიხართ შენი ლევანოც და შენც, – ჯამლეთა მოულოდნელად მკაცრი და მრისხანე გახდა. აშკარად არ ელოდებოდა მარინა, რომ მისი ძველი და ქლესა ნაცნობი ასე გარდაისახებოდა, თან – წუხანდელი მარცხის ფონზე. ცოტა კი დაიბნა, მაგრამ ძველი ბოზი ასე იოლად როდი ყრის ფარ-ხმალს. რაც მარინას კაცები თავის ჭკუაზე უთამაშებია, ეს ხვითო რას დაუძვრება...
– კაი, ახლა! რას ავარდი ფინთი გოიმივით. მაცალე, ბოლომდე აგიხსნი და ამას იმიტომ გეუბნები, დრო უნდა მოვიგოთ. თუ სწრაფად ვიმოქმედებთ, მაგარი კუში შეგვრჩება და ხომ იცი, არ გაწყენინებ...
ფულის ხსენებაზე ჯამლეთა მოლბა.
– ეს სხვა ბაზარია. აბა, მიდი, გისმენ და ისე, ცოტა დაამუხრუჭე მაინც განკარგულებების გაცემისას... – მარინას ირონიული ღიმილის ჩრდილმა გადაურბინა და ისევ მოიღუშა, – ახლა უნდა ახვიდე თეოს საყვარლის ცოლის ძმის ცოლთან – რა ჩავახვიე, არა?! არის ერთი შალავა, ჩემი ფული მართებს. თანხა დიდია, დრო დასჭირდება. მაგრამ სხვა გზა არ ექნება. უნდა დაურეკო. მე არ მახსენებ. არც ტელეფონში და  არსად. მიხვდება. სამ დღეს მისცემ. დაგევაჭრება და მაქსიმუმი 5-ზე დაეთანხმები. ფულის მოცემის დრო რომ იქნება, მერე გეტყვი,  სად უნდა მოიტანოს. მანამდე ლევანოს უნდა აარიდო თავი. თუ მაინც გიპოვა, როგორც გითხარი – უჩივლებ და ეგ არის. მოკლედ, ასეა. ყველა დეტალი რად გინდა. მთავარია, საქმეში ხარ და კუშს გიყოფ.
– მაინც რამდენია ეგ კუში. მიღირს რო?
– ჯამლეთა უნიფხო, გჩუქნი, ფაქტობრივად, არაფერში და ახლა ვაჭრობას იწყებ? ერთბაშად იქნებ არც გენახოს ამდენი... – მარინამ გულიანად და სისხლის გამყინავად, ანუ, როგორც მხოლოდ მან იცოდა, ისე გადაიხარხარა და ჯამლეთასაც დაეკარგა სურვილი, უფრო მეტი დეტალი გამოეკითხა. ეს ქალი მოსიარულე შარია და, რაც მალე დააღწევს მას და მის ოინებს თავს, უკეთესია.
მაგიდაზე დაგდებულ ფურცელს დასწვდა და ჯიბეში ჩაიდო. მერე მშვიდად მოისმინა, როდის და რა უნდა ეთქვა ამ ფურცელზე დაწერილი ტელეფონის ნომრის პატრონისათვის. მერე წამოიზლაზნა და უხალისოდ გავიდა გარეთ.
– მიდი, მიდი, შე უბედურო, ერთი სარფიანი საქმე მაინც გაჩარხე, სანამ თავს ციხეში გიკრავენ... – მარინამ ზიზღნარევი მზერა გააყოლა დაუპატიჟებელ, მაგრამ მაინც საჭირო სტუმარს და საძინებლისკენ დაიძრა. უზარმაზარი კარადის წინ დადგა, დაბლა თაროდან სამგზავრო ჩემოდანი გადმოიღო და იატაკზე გადაშალა. მერე დოინჯი შემოიყარა და კარადის დაჟინებული დათვალიერება დაიწყო.
***
 დუდუ საავადმყოფოში აღარ შესულა, ლევანოს დაურეკა და საკუთარი მანქანის საჭეც დაუთმო.
– ახლა საით? ისე, სადმე შევიდეთ,  ცოტა დავისვენოთ, რამე შევჭამოთ, კარგად დავალაგოთ და ისე ვიდვიჟენიოთ.
– ძმა ხარ! წუხანდელის მერე ლუკმა არ ჩამსვლია პირში და, საერთოდ, ისეთი დაღლილი ვარ, არაქათგამოცლილიო, აი, ჩემზეა! წამო, ვიცი მე, სადაც ავალთ. დალაპარაკებაც შეიძლება და უგემრიელესი ლობიანები აქვთ. ჩაქაფული ბოლოს როდის გასინჯე?! იფ, ისეთს ამზადებენ, ისეთს...
– არა, რამე უფრო მსუბუქი, ლობიანი შეიძლება. თან ახლა ჩაქაფული და არაყი, მერე საქმეს ვინ მიხედავს? თუ გადაიფიქრე იმ არაკაცის...
– კაი ახლა, მე შენთვის, თორემ, რა გადავიფიქრე, ადამიანო. სანამ მაგის სისხლს არ დავინახავ, რა მომასვენებს. ირას თვალებში როგორ შევხედავ...
– ჰოდა, წამოდი, დავილაპარაკოთ და ორი ლუკმაც გვეყოფა.
წვიმამ გადაიღო. სამაგიეროდ, ქალაქში ტალახი და ნიაღვარი დარჩა. ლევანომ სულ რამდენიმე წუთში გააჩერა მანქანა და სამი საფეხურით მიწაში ჩასასვლელისკენ გაიყოლა დუდუც. ნახევრად სარდაფი ნახევრად დაბნელებული დახვდათ. მაგრამ ისეთი სურნელი ტრიალებდა, ორივე მიხვდა, რომ გვარიანად მოშიებულები იყვნენ. სანამ შეკვეთას ელოდებოდნენ, ლევანომ ჯამლეთას თეოსადმი გრძნობების ისტორია უამბო.
– ესაა, რა... რაც წახვედი, დაჰყვება. თეო სულ დასცინის, მაგრამ ეს ხომ ხედავ,  სულ ბოღმას აგროვებს. და ამჯერად გადაამლაშა. პირველ ჯერზე უნდა გამეხია ლაჯზე, მაგრამ მეც ვიყავი დამნაშავე და ირამ, არაო, თეოს უმტრობს მერეო... და აგერ, უდანაშაულობის გემო აუვარდა, ახვარს. უხ, მე მაგისი ქლესა დედა... – ლევანოს თვალები ჩაუსისხლიანდა. არც დუდუ ჩანდა მთლად მშვიდი. ჯამლეთა-ჯონდოს ისტორიამ საკუთარი გაქცევა-წაქცევაც გაახსენა და ისიც, რომ სრული კარტბლანში დაუტოვა ასეთ ტიპებს და რომ თეო სავსებით შეიძლებოდა, სულ სხვა გზასაც დასდგომოდა... ახლა ის ზურაც სანახავია და ეს ყველაფერი მისი უტვინობის შედეგიცაა.
– მივხედავთ. შენ ის თქვი, სად უნდა ვეძებოთ. და ეგ მარინა, აუ, ბიჭო, ეგეთი ქალი სად აიკიდე, ტო?! ირას პატრონს... რა ვიცი, სულ იმას ვნატრობდი, სიყვარულით ოჯახი მღირსებოდა. ქალი, რა, დაილია, მაგრამ ცოლს ამას... არ ვიცი, ლევანო. არ ვიცი და ეგ ამბავი თვითონ მოაგვარე, ძმაო. მე მანდ რა ხელი მაქვს...
– ვიცი, მაგრამ, აი ვერაფერს ვახერხებ. გულს არ უნდა, ფეხები მექაჩება. რამდენჯერ ვთქვი, მეტად აღარ და... ირა მიყვარს, ბიჭო, ხომ იცი, ჩემი პირველი სიყვარულია. ირას გამო ყელს გამოვღადრავ ნებისმიერს...
– ჰოდა, ახლა ის დროა, გონს მოეგო. ჯერ ეგ ჯამლეტა ვიპოვოთ და მერე მიხედე მაგ მარინას. სად უნდა ვეძებოთ? იასნია, სახლში ან არ ეგდება, ან არ გაგვიღებს. სად შეიძლება, კიდევ იყოს?
– ისე, მარინასთანაც შეიძლება... ეგენი ადრე...
– რატომ არ მიკვირს, ნეტა. მაგრამ არც ის გაყიდის, ძაღლი ძაღლის ტყავსო, ხომ იცი... გაიხსენე, მიდი, სად დვიჟენიობს, სად მუშაობს. ამ ქალაქში ყველა უმუშევარი როგორ ხართ, ტო?!
– ვართ, რა, მე თუ ვმუშაობ, ეს სახელმწიფოს დამსახურებაა, აი?! არ იცი შენ აქაური ამბების, დუდუ, მარა მიხვდები მალევე. ჯამლეთაც სადღაც დაყიალობს. არ ვიცი მე მაგის სამსახურის ამბავი. მაგრამ დავრეკავ და ვიკითხავ. მიწისქვეშეთიდან ამოვთხარო უნდა ეგ არამზადა! და ერთბაშად გავუსწორო ყველა ანგარიში. თან პროცენტით...
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3