№8 როგორ გააცურა ბერიამ ამერიკელები ოპერაცია „ცარიელი გვირაბის“ ჩატარებით
ლავრენტი ბერიას გენიალური მზვერავობა არა მარტო იმით გამოიხატებოდა, რომ ინფორმაციის მოპოვების უნიკალური ნიჭი ჰქონდა, არამედ იმითაც, რომ მას მოწინააღმდეგის დეზინფორმირებაც შეეძლო, რაც ერთობ მნიშვნელოვანია სადაზვერვო საქმიანობაში. მსგავსი დეზინფორმაციული კამპანია არაერთხელ ჩაუტარებია ბერიას, რასაც მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანია საქმისთვის. თუმცა, ამ მეთოდს ლავრენტი პავლოვიჩი „სუფთა დაზვერვის“ მიღმაც ახორციელებდა. კონკრეტულად კი, მნიშვნელოვან სახელმწიფო პროექტებზე მუშაობისას, რათა დეზორიენტაცია შეეტანა დაინტერესებული მხარის საქმიანობაში და წარმატებით დაეფარა თავისი ნამდვილი საქმე. მსგავსი ტიპის სამუშაო შესრულდა ატომურ პროექტზე მუშაობისას და ბერიამ დიდი წარმატებით მოახერხა ამერიკელებისთვის თავგზის აბნევა. საბჭოთა უშიშროების მაღალჩინოსანი, გენერალ-ლეიტენანტი, საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი, პავლე ფიტინი იხსენებდა: „ლავრენტი ბერია რომ სტალინმა საბჭოთა ატომური ბომბის შექმნის კურატორად დანიშნა, მე იმ პერიოდში საგარეო დაზვერვას ვხელმძღვანელობდი. ჩვენს უწყებას არც ისე აკლდა საქმე. ამის შემდეგ კი, სამუშაო გაგვიასმაგდა. ბერიამ მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები შეიმუშავა. შეგვკრიბა უწყების ხელმძღვანელობა და დაწვრილებით ჩაგვაყენა საქმის კურსში. ამერიკელებს ჯერ არ ჰქონდათ ატომური ბომბი, მაგრამ „მანჰეტენის პროექტზე“ მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა და ვიცოდით, რომ ეს ამბავი სულ რამდენიმე კვირის საქმე იყო. ჩვენი ქვეყანა კი მხოლოდ მაშინ იწყებდა ბომბის კეთებას და შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ამ საქმეში. ვიცოდით ისიც, რომ ამერიკა ყოველმხრივ შეგვიშლიდა ხელს და ბერიას გეგმით, ისე უნდა გვემოქმედა, რომ ერთი მხრივ, უზარმაზარი ნახტომებით ემუშავათ ჩვენს ფიზიკოსებს და ატომური იარაღი უმოკლეს დროში დაემზადებინათ, მეორე მხრივ კი, თავი მოგვეჩვენებინა მტრისთვის, განსაკუთრებით ამერიკისთვის, რომ თითქოს საბჭოეთი ძალიან შორს იდგა ამ იარაღის შექმნისგან. ჩვენი უწყება (საგარეო დაზვერვა) დიდი დატვირთვით ამუშავდა ორივე მიმართულებით. ჩვენმა მზვერავებმა ამერიკული ატომური პროექტის შუაგულში შეაღწიეს და საბჭოთა ფიზიკოსებს უძვირფასესი საიდუმლო-სამეცნიერო ინფორმაციებით ამარაგებდნენ. ბერიამ კი, დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება დაგვავალა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაგვერწმუნებინა ჩვენს მეცნიერულ ჩამორჩენილობასა და ატომური ბომბის შექმნის მცდარობაში. უნდა ვაღიარო, რომ ამერიკელებს მაღალი დონის სადაზვერვო უწყება ჰქონდათ. იქ მუშაობდნენ მაღალი კლასის მზვერვავები და ანალიტიკოსები. ამიტომ, მათი გაცურება იოლი საქმე არ იყო. ჩვენ ამერიკელებს ხელში ჩაუგდეთ იმის „უტყუარი“ საიდუმლო დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა (1946 წელს), რომ საბჭოეთი ატომური ბომბის შექმნას შეძლებდა თხუთმეტი-ოცი წლის შემდეგ – 1960-1965 წლებში. მაგრამ, ეს საკმარისი არ იყო და დამატებითი ღონისძიებების ჩატარება გახდა საჭირო, მათ საბოლოო დარწმუნებაში. პირველი „უტკა“ (ცრუინფორმაცია) ამერიკელებს მათმა აგენტმა, ფილიპ პოტაპოვმა მიაწოდა. პოტაპოვს, დაზვერვის ენაზე რომ იტყვიან, ჯერ კიდევ 1944 წლიდან „ვაძოვებდით“, ანუ მეთვალყურეობის ქვეშ გვყავდა. ის უშიშროების სამეცნიერო განყოფილებაში მუშაობდა. პროფესიით ფიზიკოსი გახლდათ და ამერიკელებმა ის, სამეცნიერო მივლინების დროს გადაიბირეს ვაშინგტონში. ჩვენ მალევე გავშიფრეთ ის და ბერიას ვაუწყეთ ამის შესახებ. მან კი გვიბრძანა:
– ხელი არ ახლოთ და მხოლოდ აძოვეთ. საიდუმლო ინფორმაციებს კი ჩამოაშორეთ, მაგრამ ისე, რომ მან იფიქროს, თითქოს კვლავ საქმეშია. გარწმუნებთ, მომავალში ის გამოგვადგებაო.
პოტაპოვი მართლაც გამოგვადგა და ამერიკელებს „ატომური უტკა“ შევუგდეთ. თან, ჩვენი აგენტიც მივუჩინეთ, რომელიც პოტაპოვს „გადაბირებული“ ჰყავდა. მოღალატეზე თვალთვალით შევიტყვეთ, რომ პოტაპოვს ამერიკელები დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას სთხოვდნენ საბჭოეთის „ატომურ ჩამორჩენილობაში“ საბოლოოდ დასარწმუნებლად. აქ იმუშავა „გადაბირებულმა მოღალატემ“. პოტაპოვს მან ურჩია, ამერიკელებისთვის ეთქვა, რომ მოსკოვში მდებარე ფიზიკის ინსტიტუტის ქვეშ, ჩახერგილ სარდაფებში, ეგრეთ წოდებული, მიმართული მოსასმენი აპარატურა დაემონტაჟებინათ ფარულად და ისე მიეღოთ ინფორმაციები. ამერიკელები ჩვენ დავარწმუნეთ, რომ თითქოს ფიზიკის ინსტიტუტში ხორციელდებოდა ატომური ბომბის შექმნის თეორიული სამუშაოები.
– ოპერაციას „ცარიელი გვირაბი“ ვუწოდოთ, თუ რა თქმა უნდა, წინააღმდეგნი არ ხართ, – გვითხრა ბერიამ იმ შეკრების ბოლოს, როდესაც მის (ბერიას) მიერვე მოფიქრებულ გეგმას ვამუშავებდით.
წინააღმდეგი არავინ იყო. ბერიას იდეა ყველას მოგვეწონა და „ცარიელი გვირაბი“ დაიწყო“.
ბერიას მიერ მოფიქრებული ოპერაცია იმ მომენტამდე გრძელდებოდა, სანამ სემიპალატინსკში პირველი საბჭოთა ატომური ბომბი არ გამოსცადეს და მხოლოდ მაშინღა მოიქაჩლეს თავი ამერიკელებმა, მაგრამ უკვე გვიან იყო. მანამდე კი, ისინი ყოველდღიურად იღებდნენ „ნამდვილ ინფორმაციებს“ ფიზიკის ინსტიტუტიდან, სადაც საბჭოთა „ფიზიკოსები“, სინამდვილეში კი, უშიშროების სამეცნიერო განყოფილების თანამშრომლები, „თეორიულ სამუშაოებს“ ატარებდნენ. მოგვიანებით, თავის მემუარებში, „ცეერუს“ ყოფილი შეფი ალენ დალასი სინანულით წერდა: ბერიასა და მის სტრატეგიულ დაზვერვას ასე რომ არ მოვეტყუებინეთ, საბჭოეთს უფრო აქტიურად შევუშლიდით ხელს ატომური იარაღის სწრაფად შექმნაშიო. პავლე ფიტინი იხსენებდა: „ყოველი დეზინფორმაციის შინაარსი, რომელიც „ცარიელი გვირაბის“ ფარგლებში დგებოდა, მის საქმეში გაშვებამდე ბერიასთან იგზავნებოდა დასადასტურებლად და მხოლოდ მისი დასტურის მერე ხორციელდებოდა. ეს იყო ზღვა მასალა და მას კვალიფიციური ფიზიკოსები ადგენდნენ. როლები, თითოეული სიტყვა, უმკაცრესად იყო გაწერილ-განაწილებული, მსახიობებს (უშიშროების თანამშრომლებს) კი, ისინი უზადოდ უნდა შეესრულებინათ, რაც დიდი წარმატებითაც განხორციელდა და ამის მთავარი შემოქმედი ბერია გახლდათ“.
ოპერაცია „ცარიელი გვირაბის“ საქმის კურსში იყო სტალინი. ის, ფაქტობრივად, ონლაინ-რეჟიმში იღებდა ინფორმაციებს ამ ოპერაციის მსვლელობაზე. მოლოტოვის თქმით, კარგადაც ხალისობდა და ბერიას ხუმრობით „გაქნილი თაღლითიც“ კი შეარქვა... როგორც იგივე ალენ დალესი აღიარებდა, საბჭოური ატომური ბომბის გამოცდის შემდეგ, ამერიკელები, თეთრი სახლის ადმინისტრაცია და მთელი მთავრობა შოკში იყვნენ. დალესი წერს: „როგორც კი ბომბის გამოცდის ამბავი შევიტყვე, პირველი, რაც თავში მომივიდა, იყო ის, რომ გავიფიქრე, ბერიამ კვლავ გაგვაცურა...“ სტალინმა ბერიას „ცარიელი გვირაბის“ განხორციელებისთვის მორიგი სახელმწიფო ჯილდო უბოძა და წითელი ვარსკვლავით დააჯილდოვა.