№8 ბარამბოს რეცეპტები თქვენი ჯანმრთელობისთვის
ბარამბო, იგივე მელისა, მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. მისი ფოთლებიც და ღეროც დიდი ხანია, ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით, რასაც განაპირობებს მცენარის ქიმიური შემადგენლობა. ფოთოლიც და ღეროც გამოიყენება როგორც პირდაპირი სახით, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში, რაც ძალიან კარგ შედეგს იძლევა.
ხალხურ მედიცინაში ბარამბოს იყენებენ მთელი რიგი დაავადებების დროს, როგორიცაა: ნევროზი, ნერვული გულისცემა, კლიმაქსი, დისმენორეა (მტკივნეული, არარეგულარული მენსტრუაცია), მელანქოლია, ბრონქული ასთმა, პირღებინება ორსულობისას. ავიცენა ბარამბოს იყენებდა თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ.
მას იყენებენ ნევროზული მდგომარეობისას, რომელსაც თან ახლავს თავბრუხვევა, აგრეთვე – მუცლის არეში ტკივილისა და კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნების, პირის ღრუში ცუდი სუნისა და კბილის ტკივილის დროს.
ბარამბოს ნაყენის მისაღებად აიღეთ 2 სუფრის კოვზი ნედლეული, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 400 მილილიტრი (2 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი. დაახურეთ თავსახური, დააყოვნეთ ცოტა ხანს და გაწურეთ. ერთი დღის დოზა გაანაწილეთ და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. ნაყენი უნდა შეინახოთ ბნელ, გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ბარამბოს ნედლ ფოთოლს იდებენ ჩირქოვან ადგილზე, ასევე, დაჟეჟილობისა და შეშუპების დროს.
ბარამბოს გამოყენებისას ავადმყოფს ეხსნება ხუთვის შეგრძნება, სუსტდება ან სულ ისპობა ტაქიკარდიის მოვლენები და ტკივილები გულის არეში, მცირდება გულისცემის სიხშირე, დაბლა იწევს სისხლის წნევა.
კრუნჩხვა, იპოქონდრია, გაძლიერებული გულისცემა – 2-4 გრამი წმინდად დაფქული ბარამბოს ფხვნილი გამოიყენეთ დღეში ერთხელ ჭამის დროს.
შაკიკი, თავის ტკივილი – 4 სადილის კოვზ მშრალ, დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათით. მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
არითმია – 2 სადილის კოვზ მშრალ დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათით. მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
სტენოკარდია – 1 სადილის კოვზ მშრალ, დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათით. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ასთმა – 4 სუფრის კოვზ მშრალ, დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით 400 მილილიტრი მდუღარე წყალი და დააყენეთ 4 საათით. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
მომატებული სექსუალური აგზნება, მტკივნეული მენსტრუაცია, კლიმაქსური ნევროზი – 1 სადილის კოვზ მშრალ დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათით. მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ბარამბოს ნაყენი
1 სადილის კოვზ ბალახს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ 40 წუთით და გაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ, ყველა სახის ნერვული დაავადების, კუჭის ნევროზის, შიშის, დეპრესიის და სხვათა დროს. ღრძილების დაავადებებისა და კბილის ტკივილის დროს ნაყენი ან ნახარში გამოსავლებად გამოიყენეთ, კომპრესები კი – სახსრების რევმატული ტკივილის, კონტუზიის, წყლულისა და ფურუნკულის დროს. 15 გრამ ბალახს დაასხით 180 მილილიტრი მდუღარე, თბილად შეფუთეთ და დააყენეთ 1 საათით. გაწურეთ და ეს დოზა მიიღეთ 3-4-ჯერ დღეში მენსტრუალური ციკლის დარღვევისას.
ბარამბოს ნაყენი სპირტზე
1 სადილის კოვზ ბალახს დაასხით 100 მილილიტრი სპირტი ან 1 ჩაის ჭიქა არაყი. დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ 15 წვეთი 3-ჯერ დღეში, კუჭ-ნაწლავის დაავადებისა და მუცლის შებერვისას. 1 ჩაის კოვზ ბარამბოს წვენს 1 ჩაის ჭიქა მდუღარეზე იყენებენ ოყნის სახით ბუასილის გამწვავებისა და კუჭის შეკრულობისას.
ბარამბოს ნედლი ყვავილებისგან მზადდება ჩაი, რომელსაც ცივი სახით სვამენ, როგორც გამაგრილებელ სასმელს; ცხელი სახით კი, როგორც ოფლმდენ საშუალებას. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ამცირებს თავბრუხვევას.
ენდრო – კანის კიბოს სამკურნალოდ
ენდრო შეიცავს ორგანულ მჟავებს, პექტინებს, შაქარსა და სხვა ნივთიერებებს. მედიცინაში გამოიყენება ენდროს შემცვლელი პრეპარატები, რაც შლის ფოსფატურ და ოქსალატურ ქვებს თირკმელებსა და შარდის ბუშტში. ენდრო აყუჩებს ტკივილის შეგრძნებას შარდის გამოყოფის დროს, ტკივილს თირკმელებში, აუმჯობესებს წყალ-მარილოვან ცვლას.
ენდროს სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ჯერ კიდევ ავიცენა უწევდა რეკომენდაციას მისი ფესვებისგან მომზადებულ სასმელს. ის
თაფლით დამტკბარ წყალზე მზადდებოდა და გამოიყენებოდა საჯდომი ნერვის ანთების, ქსოვილთა მგრძნობელობის დაკარგვისა და დამბლის სამკურნალოდ. ენდროს ნაყოფისგან, ასევე, თაფლის დამატებით, ამზადებდნენ გადიდებული ელენთის სამკურნალო წამალს. ენდროს ფესვებისგან მიღებული პრეპარატები ტრადიციულია ფიტოთერაპიაში, თუმცა თანამედროვე მედიცინაშიც წარმატებით იყენებენ. განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, რადგან საუკეთესო ნეფროლიზური და სპაზმების მომხსნელი საშუალებაა. გამოდევნის წვრილ ქვებსა და ქვიშას საშარდე
გზებიდან. ცნობილია, რომ ენდროს პრეპარატები განსაკუთრებით ეფექტურია ფოსფატური და ოქსალატური ბუნების კენჭების დასაშლელად.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ენდროს ნაყენი და ნახარში; ოფიციალურ მედიცინაში კი იყენებენ ენდროს ექსტრაქტს წვეთებსა და აბებში, ნაყენს, ფხვნილსა და ფიტოჩაის მცენარეებისგან. ასევე, მცენარის ფესვებისგან ამზადებენ მალამოს (კვერცხის გულთან და შაბთან ერთად), რომელსაც გარეგანი დაზიანებების, მოტეხილობის დროს ხმარობენ.
ენდროს ნახარში კარგად მოქმედებს ზედა და ქვედა კიდურებიდან მარილების გამოდევნაზე ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: პოდაგრა, ართრიტი, ოსტეოქონდროზი, პოლიართრიტი. ნახარში ასე მზადდება: 1 ჩაის კოვზ კარგად დაქუცმაცებულ ენდროს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი. შემდეგ დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი. გადაწურეთ, გააგრილეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჭიქა ჭამიდან 40 წუთის შემდეგ.
ნაყენი გამოიყენება ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისა და ქოლეცისტიტის დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, შარდმომგვრელი და სპაზმოლიტური საშუალება.
ენდროს წვეთებს მედიცინაში იყენებენ თირკმელებისა და საშარდე გზების ანთებითი დაავადებების დროს.
ენდროს ნახარში: აიღეთ 10 გრამი დაქუცმაცებული ენდროს ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთის განმავლობაში, ნელ ცეცხლზე თავდახურული ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ 15 წუთი და გადაწურეთ. მიირთვით ერთი სადილის კოვზი დღეში 3-5-ჯერ.
ენდროს ექსტრაქტი: რეკომენდებულია შარდკენჭოვანი დაავადების დროს. 3-4 წვეთი დააწვეთეთ შაქრის ნატეხზე და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, მიირთვით დღეში სამჯერ. კოლიკის, ანუ შეტევისებური ტკივილის დროს, ჭამის შემდეგ, ერთჯერადად, 20 წვეთის მიღებაც კი შეიძლება. მკურნალობის კურსი 20-30 დღეს მოიცავს. კურსის განმეორება შეიძლება 4-6 კვირის შემდეგ.
ენდროს ნაყენი: აიღეთ ერთი ჩაის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული ენდროს ფესვი, დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 10 საათი, შემდეგ 5 წუთი ადუღეთ და გადაწურეთ. შარდკენჭოვანი დაავადების დროს, კერძოდ, თირკმელებში ფოსფატური კენჭების არსებობის შემთხვევაში, მთელი ულუფა ნაყენი ცხელ-ცხელი მიიღეთ დილით.
ენდროს ხალხურ მედიცინაში გამოიყენებენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა ამენორეა (მენსტრუაციის უქონლობა), ანურია (თირკმელების მიერ შარდის გამოყოფის შეწყვეტა), გულის სარქვლის უკმარისობა, ელენთის, სასუნთქი სისტემის, ნაწლავთა და ძვლის ტუბერკულოზის, რაქიტის, ოსტეომიელიტის, ანემიის, ასციტის, დიზენტერიის, იშიასისა და პოდაგრის შემთხვევებში.
ენდროზე დამზადეულ სამკურნალო საშუალებებს იყენებენ პიგმენტური ლაქების გასაღიავებლად, წყლულებისა და დერმატომიკოზების სამკურნალოდ. ფესურის ნახარშს გარეგანად იყენებენ კანის კიბოს სამკურნალოდაც.
ნაყენი: 200 მილილიტრი გამოხდილი წყალი გააცხელეთ 80-85 გრადუსამდე, ჩაყარეთ მასში 20 გრამი მშრალი ფესვი, დააყოვნეთ 2-3 საათით და გაწურეთ. მიღებული ნაყენი მიიღეთ ყოველი ჭამის შემდეგ 75 მილიგრამის ოდენობით. აღნიშნული პრეპარატი შეუცვლელია შარდმდენი გზების დაავადებების დროს.
ნახარში კომპრესებისთვის: 10 გრამ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 100 მილილიტრი წყალი და ადუღეთ ორთქლის აბაზანაზე 10-15 წუთი. შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ. ის არეგულირებს ეპიდერმისის ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. მისი გამოყენება შეიძლება, ასევე, რევმატიზმის, პოდაგრისა და პოლიართრიტის დროს. აღნიშნული ნახარში მიიღეთ ჭამის წინ, დილით და საღამოს, ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით.
ენდროს საფუძველზე დამზადებულ პრეპარატებს ადამიანის ორგანიზმი, მთლიანობაში, კარგად იტანს, მხოლოდ ყურადღება უნდა მიექცეს, რომ მისი მიღების დროს შარდი მოწითალო ფერის ხდება. თუ სიწითლე ინტენსიურია, ენდროზე დამზადებული პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.
ასევე, ენდროს მიღება არაა რეკომენდებული კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს.
კვრინჩხის (ღოღნაშო) სამკურნალო თვისებები
კვრინჩხი გამოიყენება კვების მრეწველობაში (ცოცხლად, კომპოტის, მურაბის, ჯემის, ნაყენის და სხვა სახით), ნაყოფისგან ამზადებენ ძმარს, ხდიან არაყს.
ფოთლებს იყენებენ ჩაის სუროგატად. ნაყოფის წვენითა და ფესვებით შეიძლება ქსოვილების წითლად, მწვანედ, ყვითლად, ყავისფრად, ნაცრისფრად შეღებვა. მცენარის ყვავილები კარგია პირის ღრუს, ყელის, საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთებისას.
ნაყოფიცა და ყვავილებიც ხალხურ მედიცინაში გამოიყენება რევმატიზმის, ფურუნკულების, კანის დაჩირქების დროს. მცენარის ფოთლების ჩაის აქვს მსუბუქი გამხსნელი ეფექტი, ამაღლებს დიურეზს. სვამენ მას ქრონიკული შეკრულობის, ცისტიტის, პროსტატის ადენომის დროს. ის ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვინც ფიზიკურად არააქტიურია.
კვრინჩხის ფოთლების ნაყენი გამოიყენება პირის ღრუს ანთებისას, კანის დაავადებების, ნეფრიტის, ცისტიტის დროს. ფოთლებისა და ყვავილების ნაყენი თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებისას, ასევე, დერმატოზების დროს საუკეთესო საშუალებაა.
კვრინჩხის ქერქსა და ფესვებს ოფლმდენი და სიცხის დამწევი თვისებები აქვს.
კვრინჩხის ნაყოფს შემკვრელი მოქმედება ახასიათებს და, ზოგადად, კუჭ–ნაწლავის დაავადებების დროსაა რეკომენდებული (წყლულოვანი კოლიტი, დიზენტერია, საკვებით მოწამვლა). ნაწლავების ინფექციური დაავადების დროს სამკურნალო თვისებები აქვს კვრინჩხის ღვინოსაც. ეფექტური საშუალებაა ღვიძლისა და თირკმელების დაავადებისას. მისი ახალგამოწურული წვენი კარგია სიყვითლის (ბოტკინის) დროს.
მცენარის ნაყოფი გამოიყენება კანდიდამიკოზების დროს. არის ანტისეპტიკური, შარდმდენი და გამამაგრებელი საშუალება. მატებს მადას.
კვრინჩხის ყვავილებს ხალხურ მედიცინაში იყენებენ, როგორც შარდმდენ, კუჭში გამხსნელ, ოფლმდენ საშუალებას. მას შეუძლია პირღებინების შეწყვეტა, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. აქვს სისხლდენის შეჩერების ეფექტი. ნორჩ ფოთლებს ჩაის სახით აყენებენ.
გაითვალისწინეთ: მავნებელია კვრინჩხის კურკა, ის ძლიერ შხამს შეიცავს. კურკიანი კვრინჩხის დაკონსერვებისას გაითვალისწინეთ, რომ მისი შენახვა ერთ წელიწადზე მეტხანს არ შეიძლება, რადგან კურკის შხამები უკვე პროდუქტში დაიწყებს გავრცელებას.
შესაძლოა, ამ მცენარემ ალერგიული რეაქციაც გამოიწვიოს, რადგან საღებავებს შეიცავს. ასევე, არ შეიძლება მისი მიღება კუჭის მჟავიანობის მომატებისას.