კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 რა ლეგენდები დადიოდა თბილისში იაშა ტრიპოლსკიზე და რა ცდებს ატარებდა მის ტვინზე დიმიტრი უზნაძე

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

ეს მსახიობი, რომელზეც ახლა გიამბობთ, ჩვენს თაობას უფრო ეკრანიდან ახსოვს – ფილმიდან „მანანა”, სადაც ის პატარა, ანცი გოგოს, მანანას მამის როლს ასრულებს, ასევე არაჩვეულებრივი მსახიობების, სანდრო ჟორჟოლიანის, სესილია თაყაიშვილის, იპოლიტე ხვიჩიასა და მედეა ჩახავას გვერდით. მის შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცის  –  ვინ იყო, როგორ გახდა მსახიობი, კიდევ რა როლები აქვს შესრულებული თეატრსა თუ კინოში, როგორი ცხოვრება ჰქონდა… ამიტომ, გადავწყვიტე, ის ახლოდან გამეცნო თქვენთვის.
საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი იაკობ (იაშა) ტრიპოლსკი 1919 წლის 31 დეკემბერს, ახლანდელ დაბა ფასანაურში (დუშეთის რაიონი), დაიბადა. ფასანაურის სკოლის ფრიადოსანმა 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (დასავლეთ ევროპის ენების სპეციალობით). მან თარგმნა ინგლისურიდან „პიგმალიონი”, „კეისარი და კლეოპატრა”. 1942 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლები: მანუჩა (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“), იასონი (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია“), ტიბალტი, მალვოლიო (შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „მეთორმეტე ღამე“), თინიბეგი (ს. მრევლიშვილის „ზვავი“), ბახა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), დათიკო (ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“), გიჟუა, მოურავი (ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“) და ასე შემდეგ.  კინოში თეიმურაზი („ქეთო და კოტე“), პროფესორი („ჭრიჭინა“), ი. სტალინი („მიზნის არჩევა“), ზურაბ გურგენიძე („ქალის


ტვირთი“), თორღვაი („ხევისბერი გოჩა“) და სხვა.
იაშა ტრიპოლსკის პაპა, საგზაო ინჟინერი – იაგორ ტრიპოლსკი, რომელიც თურმე ჯებირების კარგი მშენებელი გახლდათ, 1832 წელს, პოლონეთის აჯანყების შემდეგ, გამოქცეულა პოლონეთიდან და მთიულეთში დასახლებულა. ტრიპოლსკები პოლონეთში შლახტიჩები ყოფილან. აჯანყების შემდეგ, იქ არც დაედგომებოდათ და საქართველოში გამოუმგზავრებიათ. მთელს გუდამაყარსა და მთიულეთში თითქმის ყველა იცნობდა. შვიდი შვილი ჰყოლია… ბევრმა არც ის იცის, რომ იაშა ტრიპოლსკი და გოდერძი ჩოხელის დედა ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. იაშა ტრიპოლსკი, ალბათ, ერთ-ერთი იმათთაგანი გახლდათ, ვისაც კომუნისტები არ ენდობოდნენ. არაქართული გვარისა და უცხო ენათა ფაკულტეტის სტუდენტს თურმე ხშირად იძახებდნენ დაკითხვებზე და „კაგებეს“ მუდმივი თვალთვალის ქვეშაც ყოფილა. ვისაც ის კარგად ახსოვს ეკრანიდან თუ ცხოვრებაში, დამეთანხმება, რომ კარგი მთხრობელი და ამასთან, ძალიან განათლებული ადამიანი გახლდათ. საბჭოთა პერიოდში ღამღამობით „ბი-ბი-სის” და „ამერიკის ხმას” უსმენდა, მერე მიდიოდა თეატრში და  იქ ყვებოდა ახალ ამბებს. მისი არაჩვეულებრივი მეხსიერების შესახებ თბილისში ლეგენდები დადიოდა. დიმიტრი უზნაძეს მასზე ცდაც კი ჩაუტარებია. „გამზრდელის” რამდენიმე სტრიქონი წააკითხა, მერე ბატონ იაშას წიგნი დაუხურავს და ზეპირად უთქვამს. მეხსიერებამ სიცოცხლის ბოლო წლებში უღალატა მხოლოდ. ის 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.   

გოდერძი  ჩოხელი:
„დედაჩემი ლელა წიკლაური და ძია იაშა ტრიპოლსკი და-ძმის შვილები იყვნენ. წიკლაურებად იწერებოდნენ, თორემ ისე ხომ ბუბუნაურები ყოფილან. სისხლი ჰმართებდათ ვიღაცის და წიკლაურებს შეჰფარებიან, მათი გვარი მიუღიათ. ხშირად იყვნენ ერთად დედაჩემი და ძია იაშა ბუბუნაურთა დიდ სახლში, რომელიც ბურსაჭირის ფერდობზე დგას… მჯერა, ვისაც ბურსაჭირის ფერდობზე ფეხშიშველს გაუვლია, უკვალოდ არ ჩაივლის. ეს თითქოს ღმერთის ფერდობია. ძია იაშა ობოლი იყო. მაინცადამაინც არც ფეხსაცმელი ექნებოდა, მოუწევდა ფეხშიშველი სიარული. ეგეც არ იყოს, ეგ ფერდობი ისეთი მოქარგულია, რომც გქონდეს ფეხსაცმელი, მაინც ფეხშველი ირბენ... ამ ფერდობზე ვიწრო, ვიწრო შესასვლელია გუდამაყრის მხრიდან, მერე იშლება ფერდობი, იქიდან გადადის ხევში, ხევსურეთში და ჭიუხებით მთავრდება. ვიწრო შემოსასვლელიდან, ჩოხის მხრიდან, როგორც გველი, ისე შემოიკლაკნება ნისლი. ნელ-ნელა მიდის ხოლმე მიხვეულ-მოხვეულში გველეშაპივით. დედაჩემი ყვებოდა, იაშას მაგრად ეშინოდა მაგ ნისლისო: არ ვიცი, რა ეგონა, დაიძახებდა თურმე: მოდის, მოდისო და დიდ, თხილით მოწნულ გოდორში იმალებოდა… დედაჩემი და ბებო ირინე – იაშას დედა ბევრი რამით ჰგავდნენ ერთმანეთს, თითქოს ბუნებას ელაპარაკებოდნენ და ბუნებაც პასუხობდა მათ. ბებო ირინეს ძმა ჰყოლია – გაგილა. მეჯვარედ იყო და შემთხვევით გასროლილ ტყვიას მოუკლავს. ბებო ირინე მოყვა: ქვრივი ვიყავი, ქმრის ნაჩუქარი ბეჭედი დავკარგე. შევთხოვე გაგილას სულს:  რა იქნება, ის ბეჭედი მაპოვნინე-მეთქი. უცებ გავიგონე წკრიალი. გავიხედე გარეთ, ვხედავ, ქათამი რაღაცას აგდებს ნისკარტით, ჩამოვარდება, გაიწკრიალებს... ვნახე, ჩემი ბეჭედი იყო. გაგილას სულმა მაპოვნინაო. ძია იაშას მამა  ფასანაურიდან თბილისისკენ მოდიოდა ველოსიპედით. გაღმა ტყეში, ვიღაც თოფიანი კაცი ყოფილა. სულ არაფრის გულისთვის გამოუშვერია თოფი. მოვარტყამ, თუ არ მოვარტყამო და ასე, უბრალოდ, მოუკლავს. 19 წლისა დაქვრივდა ბებო ირინე… ძია იაშა მოსიარულე სიკეთე გახლდათ. იმდენად კეთილი იყო, რომ მამის მკვლელის შვილს, რომელიც ციხეში იჯდა და თითქოს ჭკუაზე ვერ იყო, პატრონობდა. ციხიდან გამოიყვანა. მიჰყავდა ხოლმე შინ, აჭმევდა, ასმევდა, წამლებს ყიდულობდა… ერთხელ, ძია იაშა ბურსაჭირში სათევზაოდ ამოვიდა, პატარა ვიყავი. იმ დღეს საშინელი დელგმა დაიწყო, ჩამოიქცა ქვეყანა. ის ნისლიც დაიძრა ძია იაშას შესაშინებლად. ბანიანი სახლი გვქონდა და სახლშიც კი წვიმდა. რა თევზაობა, რის თევზაობა, ისე ადიდდა შავი არაგვი, სულ დაანგრია ყველაფერი. ძია იაშას ჩოხში ჰყავდა მანქანა დატოვებული, იმის იქით სამანქანო გზა აღარ მოდიოდა. ბურსაჭირამდე 7 კილომეტრი ფეხით ევლო. მეორე დღეს ჩამოვაცილეთ ჩოხამდე მე და დედაჩემმა. იქ მეორე მდინარე უერთდება შავ არაგვს. ისიც ადიდებულიყო, კალაპოტი შეეცვალა და გადავარდნილა სხვა მხარეს. იმდენი თევზი დარჩენილა… ხალხმა ხომ იცოდა, რომ ძია იაშა იყო სათევზაოდ ამოსული. გამოსულიყვნენ, კრეფდნენ თევზს და ძია იაშას მანქანასთან იდგა კალათების, გოდრების ჯარი, სულ კალმახებით სავსე. ძია იაშა უყურებდა გაბადრული სახით ხალხს, რამხელა სიყვარულს ხედავდა!.. არაჩვეულებრივი მოსაუბრე იყო. რომ ჩამოდიოდა ფასანაურში, ყველა მასთან გამორბოდა. მისი მოყოლილი ამბავი მთელი სანახაობა იყო. თეატრშიც ასე ელოდებოდნენ თურმე ძია იაშას… მე რომ წერა დავიწყე, ძალიან უხაროდა ძია იაშას. ეს თითქოს მეც გადმომედო და რამეს რომ დავწერდი, სულ ვფიქრობდი, ამას რომ ძია იაშა წაიკითხავს, რას იფიქრებს, თუ გაეხარდება-მეთქი. წერის დროს აღტკინებული ვიყავი. ძია იაშა ჩემს მოთხრობებს მხატვრულად კითხულობდა რადიოში. მერე მოინდომა, ჩემი მოთხრობის მიხედვით პიესის გაკეთება. არ დასცალდა… არაჩვეულებრივად შეეძლო ფილმის გახმოვანებაზე მუშაობა. თითქმის ყველა გახმოვანებაზე იწვევდნენ კინოსტუდიაში… „ბაკურხეველი ხევსური” რომ გადავიღე, მინდოდა, უხმო ფილმი ყოფილიყო. ძია იაშას დაჟინებულ თხოვნას, აუცილებლად ტექსტი უნდა გაუკეთოო, დავთანხმდი. დაჯდა და მთელი ტექსტი დამიწერა „შაო ნინათი” დაწყებული... ახლა ვფიქრობ, ტექსტის გარეშე რა უნდა ყოფილიყო „ბაკურხეველი ხევსური”... ძია იაშა ძალიან მაკლია, მენატრება... იმისი სიკვდილის შემდეგ დავობლდი თბილისში... მერე ეგეთი სიზმარი ვნახე: ტელეფონით ველაპარაკებოდი ძია იაშას. იქიდანაც მამშვიდებდა და ბედნიერებას მჩუქნიდა…”
ვახტანგ კობაიძე: „ახლა რასაც გავიხსენებ,  მგონი, კარგად დაგვანახვებს მის დიდბუნებოვნებას. 1972 წელს უნივერსიტეტიდან მოსკოვში მივლინებით ვიყავი. იმავე დროს, ძია იაშა „მოსფილმში“, ცნობილ რეჟისორ იგორ ტალანკინთან, ფილმში „მიზნის არჩევა“, სტალინის როლზე იყო მიწვეული. ერთად ვცხოვრობდით სასტუმრო  „მოსკვას“ აპარტამენტებში. ისე მოხდა, რომ მე მივლინება დავამთავრე, ძია იაშამ – გადაღება და თბილისისკენ მატარებლით ერთად გამოვემგზავრეთ. ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა. ამას ისიც დაემატა, რომ მაინცდამაინც ჩვენი ვაგონის კონდიციონერი არ მუშაობდა. გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ის დღე როგორღაც გადავიტანეთ. მეორე დილით ვაგონის გამცილებელს შევჩივლეთ, რომელმაც მატარებლის უფროსი მოიყვანა. ფილმის გადაღებებზე ვსაუბრობდით. ფანჯარასთან, მაგიდაზე, სტალინის როლში გადაღებული მისი ფოტოსურათები ეწყო. მატარებლის უფროსმა რომ შემოიხედა, ჯერ ძია იაშას შეხედა, მერე ფოტოებს, ისევ ძია იაშას და გაოცდა: „ბატონო იაკობ, თქვენ?.. რით შემიძლია დაგეხმაროთ?“… ძია იაშამ თბილად შეჰღიმა: „იქნებ ცოტა გაგვაგრილოთ, სხვა არაფერი გვინდა?..“ უფროსი წამით დაფიქრდა, მერე კუპედან გავიდა, ხუთ წუთში სახანძრო ნაჯახით დაბრუნდა და ვაგონის დერეფნის რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრია: „ბატონო იაკობ, მთავარია, თბილისამდე გრილად იმგზავროთ, ვაგონს ეშველება“, – ღიმილით მიმართა იაშას… იაკობ ტრიპოლსკი საუზმეზე მივიწვიეთ (როსტოვში ცოტა თევზი და ძეხვი ვიყიდე, პურიც გვქონდა). სუფრას დახედა. ამასობაში მატარებელი სადგურ „ბელორეჩინსკში“ გაჩერდა. ერთ წუთს მადროვეთო, – ჩაილაპარაკა და კუპედან გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ხელდამშვენებული დაბრუნდა. იმ დროს რკინიგზის ბაქნებზე მოსახლეობა ოჯახებიდან გამოტანილი პროდუქტებით ვაჭრობდა. შემადგენლობის უფროსმა შემოსვლისთანავე კმაყოფილებით შემოგვღიმა: შემოიტანა მოხარშული დედალი, მჟავეულობა, სოკოს მარინადი, რუსული ღვეზელი, „ჟიგულოვსკის“ ცივი ლუდი. ერთი ბოთლი „სტოლიჩნიც“ მოაყოლა, თვითონაც წაიხემსა და კუპედან გასვლისას გვითხრა: ჯერ ეს მცირედი… საქართველომდე უნდა მაცალოთო… და, აი, საქართველოში შემოვედით. მატარებელი სამტრედიის სადგურში გაჩერდა. ამოვიდა ხალხი, კუპესთან რიგი დადგა, მოჰქონდათ ღვინო, ხაჭაპურები, წიწილები და შემწვარი გოჭი. თურმე, ჩვენს უნებლიე მასპინძელს სამტრედიის რკინიგზის უფროსთან მატარებლიდან დაურეკავს – დამხვდით, „სტალინი“ მომყავსო. სადგურში განრიგით გათვალისწინებულზე მეტ ხანს გავჩერდით. ჩვენც ვისიამოვნეთ, დამხვდურმა სამტრედიელებმაც და ასე, ქეიფ-ქეიფით გავაგრძელეთ გზა. თურმე წინ კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდა. შემოვედით გორში და იქაც იგივე სურათი დაგვხვდა. გორელებმაც გულმხურვალედ მიგვიღეს. მაშინ რკინიგზის სადგურში, თვალსაჩინო ადგილას, სტალინის დიდი სურათი ეკიდა. გორელები კი ცოცხალ იაშა-სტალინს ეგებებოდნენ. აქაც კარგა ხანს გავჩერდით. იქ, ჩვენმა ერთ-ერთმა მასპინძელმა თქვა: ბატონო იაკობ, თბილისში კარგ ამბავს ვერ დაგახვედრებენ, ოპერის თეატრი დაიწვა და მასთან ერთად, სერგო ქობულაძის ცნობილი ფარდაცო. ძია იაშას კრიჭა შეეკრა. ერთი ჩაილაპარაკა: „ვერ წარმოიდგენთ, არტისტისთვის რა ძნელია, აკვანი რომ დაგეწვება. ეს ხომ ხალხის საუნჯე და ისტორიაა“… ეს იყო და ეს. თბილისამდე ხმა აღარ ამოუღია.”
скачать dle 11.3