№8 რა იმალება ჩინური წარმოების საქართველოში გადმოტანის უკან და რატომ აღარ იქნება დედამიწაზე ჰაერი კონკრეტული პერიოდის შემდეგ
ისე მოხდა, რომ ადამიანს ჟანგბადის გარეშე არსებობა არ შეუძლია, ამიტომაც მწვანე საფარი ადამიანისმაგვარი ცოცხალი არსებისთვის სიცოცხლის აუცილებელი პირობაა. დღეს დედამიწაზე სამი ტრილიონი ხე დგას, თუმცა თავის დროზე 5-6 ტრილიონი იყო. ყოველწლიურად იჭრება 21 მილიარდი და ირგვება მხოლოდ 10 მილიარდი ხე, რაც მიანიშნებს, რომ ტყის რესურსი აუცილებლად გამოილევა, ანუ დედამიწა ადამიანისთვის სასიცოცხლო გარემო ვეღარ იქნება. მაგალითად, გასულ წელს რვა თვეში ამოწურა მსოფლიომ ტყეების სარგებლიანობის ლიმიტი და დარჩენილი ოთხი თვის განმავლობაში ხე-ტყეზე მოთხოვნილებას 2018 წლის ნორმიდან იკმაყოფილებდა. ანალოგიური ვითარება იქნება წელსაც, ხოლო, თუ ამას დავამატებთ, რომ ხე-ტყეზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, 2018 წლის ლიმიტი 8 თვეც არ გვეყოფა.
საქართველო თითქოს უხვტყიანი ქვეყანაა, თუმცა თვალის მხოლოდ ერთი შევლებით და ისიც დაუსახლებელ ადგილებში, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეები ტყეს დიდად არ უფრთხილდებიან. ოღონდ ისიც ფაქტია, რომ ტყეებზე ზრუნვას ვერც ხელისუფლებებს დავაბრალებთ, ზაფხულის ხანძრებმა კი, საერთოდაც, მოგვიღო ბოლო, განსაკუთრებით, შარშან (და რადგან არ ვიცით, გატარდა თუ არა ხანძრის პრევენციისთვის ღონისძიებები, მომავალი ზაფხულის სიცხეებმაც შესაძლოა, ისევ გადაგვიწვას ეს ჩვენი უპატრონოდ მიტოვებული ტყეები).
უფრო მეტიც, არც კი ვიცით, არც საქართველოს და თქვენ წარმოიდგინეთ, თბილისის მასშტაბითაც კი, თუ რა რაოდენობის მწვანე საფარის პატრონები ვართ. თუმცა ტყის ნაწილი იჯარითაც გვაქვს გაცემული (ჩინური კომპანიისთვის) და, როგორც გაირკვა, საპარტნიორო ფონდი ჩინელი ინვესტორების მოზიდვას აპირებს სატყეო სექტორში.
ეს ახალი და თითქოს მიმზიდველი ამბავი მეტად საინტერესოდაა შეფუთული. გავრცელებული ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ძიანსის პროვინციის საქმიანი წრეების დელეგაცია მიიღო. მხარეებმა საქართველოში ჩინური ქარხნების გადმოტანის შესახებ იმსჯელეს. რადგან „ჩინური მხარე საქართველოს სხვადასხვა ინდუსტრიაში ინვესტირებას გეგმავს“. როგორც აღმოჩნდა, დელეგაციის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სექტორით ინტერესდებიან. კერძოდ, სწრაფად განახლებადი ტყეების პლანტაციების გაშენებით, ხე-ტყის გადამუშავებითა და ავეჯის წარმოებით.
ანუ ჩინელი ინვესტორები, არც მეტი, არც ნაკლები, ხის გადამამუშავებელი ქარხნების გადმოტანას გეგმავენ საქართველოში და ქვეყანაში დამზადებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანა უნდათ. ჰოდა, მხარეებს ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განუხილავთ.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აგრარული უნივერსიტეტის სატყეო მიმართულების სრული პროფესორი თემურ კანდელაკი ამბობს, რომ საქართველოში ტყეების ინვენტარიზაცია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ჩატარებულა და, შესაბამისად, უცნობია, რამდენ ფართობზეა ტყის საფარი და რამდენი და რა ტიპის მცენარეები დაგვრჩა. „როდესაც ვიცით, რა სიკეთეს აკეთებს ერთი ხე, ხომ ფაქტია, რომ ჯობია, ფული დახარჯო მის მოვლაზე და არა მოჭრა, დაწვა ან გადააგდო?! თუ გვინდა, ვიცოდეთ, რა გვინდა, უპირველსად, უნდა აღვრიცხოთ, რა გვაქვს. ანუ თავდაპირველად, კარგი ინვენტარიზაცია უნდა ჩავატაროთ, რომელიც მოიცავს აღრიცხვასაც, რომ შემდეგ მონიტრინგი სწორი მიმართულებით წარიმართოს. მაგალითად, ტყეების აღრიცხვის სისტემა სამი ნაწილისგან შედგება: აღრიცხვა, კადასტრი, ანუ შეფასება და მონიტორინგი. რა იცი, რას უნდა გაუწიო მონიტორინგი, სად რა უნდა გააკეთო, ანუ, თუ არ გექნა საკადასტრო მონაცემები?!“
მონიტორინგსაც რომ თავი დავანებოთ, როგორ უნდა დაიწყო იმის გადამუშავება, როდესაც არ იცი, რამდენი გაქვს და გიღირს თუ არა მოჭრად?! ამ კითხვაზე პასუხს სცემს ამერიკელ მეცნიერთა გათვლები, რის მიხედვითაც, შეფასებულია 50 წლის ხის მიერ მოცემული ეკონომიკური სარგებელი, რომელიც 183 000-187 000 აშშ დოლარს შეადგენს და ამ თანხის მხოლოდ 0,3 პროცენტია მერქნის ღირებულება, ანუ ის, რის გამოც ხეს ჭრიან. დანარჩენია: ჟანგბადის გამომუშავება – 31 250 აშშ დოლარი, წყლის ბრუნვა და ტენიანობის რეგულირება – 37 000 დოლარი, ჰაერის დაბინძურებისგან დაცვა – 62 500 დოლარი. ბინადართათვის საარსებო თავშესაფარი – 31 250 დოლარი, ნიადაგის ეროზიისგან დაცვა და ნაყოფიერება – 21 250 დოლარი.
ეკონომიკის ექსპერტ გია ხუხაშვილთან ერთად ვისაუბრებთ ამ ჩვენი ტყეების გადამუშავებაში ჩინელების მონაწილეობის მიზანშეწონილობასა და იმაზეც, თუ რატომ დებენ ჩინელები ინვესტიციას, მაინცდამაინც, ხე-ტყის გადამუშავებაში?
– ითქვა, რომ ჩინური საწარმოები უნდა გადმოვიდეს საქართველოში, რომ მათ შეძლონ თავიანთი, საქართველოში დამზადებული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე. ვიცით, რომ ევროკავშირი უფრთხის ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, გასაგები მიზეზების გამო. ხომ არ ვქმნით წინააღმდეგობას ამ ტიპის ინვესტიციების მოზიდვით?
– ასოცირების ხელშეკრულებაში ეს ყველაფერი გაწერილია ძალიან მკაცრად. სხვადასხვა პროდუქტზე არა მხოლოდ კვოტებია დაწესებული, არამედ ისიცაა გათვლილი, თუ რომელ პროდუქტში თვითღირებულების რამდენი პროცენტი უნდა იყოს შექმნილი საქართველოში, ზოგ შემთხვევაში ეს 50 პროცენტია, ზოგჯერ – 70. ანუ თვითონ პროდუქტი საქართველოში უნდა იყოს დამზადებული. შესაბამისად, ევროპულ ბაზარზე ვერ მოხვდება პროდუქტი, რომლის ნედლეულიც შემოვა ჩინეთიდან და აქ აეწყობა. ამდენად, ჩინელებს, რადგან მათ ევროპულ ბაზარზე თავისუფლად მოძრაობის პრობლემები აქვთ, თეორიულად უნდა აინტერესებდეთ ამ ტიპის წარმოებების საქართველოში ორგანიზება და შემდეგ, მათი საქართველოს მეშვეობით გატანა ევროპულ ბაზრებზე; ასე რომ, მათთვის ეს პროექტი საინტერესოა.
– მაგრამ, თურმე, ლაპარაკია ხე-ტყის დამუშავებაზე.
– დიახ და მე სკეპტიკურად ვუყურებ, რომ სისტემურად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება და ამ საქმიდან რამე გამოვა. ჩინელები კი არ უნდა განსაზღვრავდნენ, არამედ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რა ტიპის პროდუქციის წარმოებაა ჩვენთვის საინტერესო, რა ტიპის წარმოების განვითარებაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მიზანმიმართულად უნდა ვაწარმოებდეთ მოლაპარაკებებს ჩინელ ინვესტორებთან. იმიტომ რომ, ხე-ტყის გადამამუშავებელი წარმოების გაკეთება არ არის ჩვენი ეროვნული ინტერესი. ჩვენი ეროვნული ინტერესი შეიძლებოდა, ყოფილიყო მაღალტექნოლოგიური ან მსუბუქი მრეწველობის პროდუქციის წარმოება, რის შეტანაც ევროპულ ბაზარზე, აგრეთვე, დიდი პრობლემაა ჩინეთისთვის და არა ხის წარმოება. ჩინეთი მხოლოდ ევროპული ბაზრის ხიბლით კი არ მოდის ჩვენთან, არამედ ჩვენი ტყეების გასაჩეხად და ხის მასალის მოსაპოვებლად. მათ უკვე ორმაგი ინტერესი უჩნდებათ და ამ ტიპის წარმოება მხოლოდ ევროპული ბაზრის ინტერესს არ მოიცავს. თუ ჩვენ მათ მივცემთ ხის მასალის უშრეტ წყაროს, ევროპის ბაზრის გარეშეც საინტერესო იქნება მათთვის ეს. არც ის გამორიცხოთ, რომ აქ წარმოებული ხის მასალა ჩინეთში წაიღონ. მათ აქვთ ხის მასალის პრობლემა და არა იმდენად ევროპულ ბაზარზე გატანის, რამდენადაც ნედლეულის მოპოვების და ჩვენ მათ, ფაქტობრივად, ვაძლევთ ამ უპირატესობას და არ ვაძლევთ ქართველს.
– ეს მინდოდა მეკითხა: არის ხე-ტყის გადამამუშავებელი ეს წარმოება იმ ტიპის, რასაც ქართველი მეწარმეები ვერ შეძლებდნენ?
– იმავე პირობებით, დარწმუნებული ვარ, თუ ქართველსაც მივცემთ ხის დამუშავების საშუალებას, ვფიქრობ, არაერთი ქართული ბიზნესი მოაწერდა ამას ხელს. ესაა ჩვენი უბედურება. თუ კონტრარგუმენტი იქნება ის, რომ ჩინელები დიდ ქარხნებს ააშენებენ, დიდი ქარხანა სულაც არ არის ჩვენთვის საინტერესო, რაც უფრო მეტი საშუალო ბიზნესმენი იქნება საქართველოში და მით უმეტეს, ქართველი, ჩვენთვის ბევრად უფრო მომგებიანია. ასე რომ, აქაც ყველაფერი თავდაყირაა. შექმნილია ალიბი, ვითომ ევროპულ ბაზარზე პროდუქციის გატანის და სინამდვილეში, ამის საფარქვეშ სულ სხვა ინტერესი ტარდება, ჩემი აზრით.
– მეც მიჩნდება ეჭვი. ჩინელებს გრძელვადიანი იჯარით გარკვეული რაოდენობის ტყე აქვთ აღებული საქართველოში. ეს ვითომ ინვესტიციაც ამის გაგრძელებაა?
– რა თქმა უნდა, ამის გაგრძელებაა და თქვენ წარმოიდგინეთ, თუ საქართველოში ჩვენ მაინც შეგვიძლია, სხვადასხვა რეგულაციით დავიჭიროთ სიტუაცია, როდესაც მსხვილი ინვესტორები შემოვლენ, შესაძლოა, არაერთი გადამწვარი ტყის მასივი ვნახოთ.
– ჩვენი ტყე არ არის აღრიცხული, არ ვიცით, რა, სად და რამდენი გვაქვს. როგორ უნდა დაიწყოს ხე-ტყის გადამამუშავებელი მსხვილი წარმოება, როდესაც არ იცი, რას სთავაზობ, ანუ რამდენის და რის მოჭრა შეგიძლია?
– იმ ბიზნესმენებს მაინცდამაინც არ აინტერესებთ ჩვენი ტყე.
– მე ჩვენს მხარეზე ვამბობ, თორემ მათ რაში აინტერესებთ ჩვენი ტყისა და ეკოლოგიის ბედი.
– როდესაც არ გაქვს ინვენტარიზებული, ეს იწვევს, მათ შორის, შავი ბიზნესის სტიმულირებას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ხანძრის დროს დაიწვა ტყის დიდი მასივი. ვვარაუდობ, წინასწარ იყო გაკაფული და ამ დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩნდებოდა ხანძრები და ვითომ ხანძარმა გაანადგურა ტყე. ამასაც ვერ გამოვრიცხავთ, თუ ჩვენ არ გვაქვს წარმოდგენა, რას ვფლობთ. უამრავი შავი ბიზნესი შეიძლება, მუშაობდეს ამაზე? გაჩეხავენ ტყეს, მერე წაუკიდებენ ცეცხლს და იტყვიან, რომ დაიწვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. ხე დღევანდელ სამყაროში არის ძვირფასი ნედლეული, დეფიციტური და ყველა ნადირობს მასზე. ევროკავშირი დიდი ხანია, უკრაინას სთხოვს, რომ ხე-ტყის მასივების პრივატიზაცია დაიწყოს, რათა გაჩეხვის საშუალება მიეცეს, რადგან ყველგან დეფიციტურია ხის ბაზარი. თუ ჩვენ აქ გავაჩენთ შავ ხვრელებს, ჩინელი კი არა, ევროპელიც დაინტერესდება. ნებისმიერი ევროპული კომპანია სიამოვნებით ჩამოვა და დაინტერესდება, თუ ქართული ტყეებიდან ნედლეულს მივაწოდებთ. მთავარი პრობლემა ხის წარმოებაში ნედლეულია.
– საერთაშორისო სტატისტიკაა, რომ დედამიწაზე ორჯერ იმაზე მეტი ხე იჭრება, ვიდრე ირგვება, ანუ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ჰაერი აღარ იქნება. ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხე გვაქვს და ამ დროს ვლაპარაკობთ ხის გადამამუშავებელი ჩინური საწარმოს აგებაზე. ამ ტიპის ბიზნესი მომგებიანია ქვეყნისთვის? რას მოგვცემს ხის სანაცვლოს? ამერიკელებმა დაადგინეს, რომ ხის ღირებულების მხოლოდ 0,3 პროცენტია მერქანი, დანარჩენს უბრალოდ, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დედამიწისა და ადამიანისთვის.
– რაღაც რაოდენობის ადამიანები დასაქმდებიან, თუმცა დასაქმებასთან დაკავშირებითაც უნდა გვქონდეს დაწესებული სტანდარტები. გამოცდილება აჩვენებს, რომ ჩინელი იქნება თუ სხვა, ნებისმიერი ინვესტორი ცდილობს, თავისი მუშახელით მოვიდეს. მაგალითად, შვეიცარიაში და ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ არის შეზღუდვა კომერციულ საქმიანობაზე, მაგრამ არის სტანდარტი, რომ მუშახელის 75 პროცენტი, ზოგან – უფრო მეტი, უნდა იყოს ადგილობრივი. ჩვენთვის ამ შემთხვევაში წყდება დასაქმების პრობლემა და საგადასახადო შემოსავლების პრობლემა.
– ასოცირების შეთანხმებაში მკაფიოდაა გაწერილი თვითღირებულების რა პროცენტი უნდა იყოს ქართული და ამაში შედის დასაქმებულებიც, რაკი მათი ხელფასებიც იანგარიშება პროდუქტის თვითღირებულებაში. ეს მაინც იცავს ჩვენს მოქალაქეებს, რომ უპირატესად ისინი დასაქმდნენ იმ საწარმოებში?
– ხის წარმოებასთან დაკავშირებით თვითღირებულებაში ადგილობრივი კომპონენტის მონაწილეობის პრობლემა ნაკლებადაა, რადგან ნედლეული საქართველოში მოიპოვება. ეს სტანდარტში ჯდება, მაგრამ, ვიმეორებ, ამ წარმოების გახსნა ჩინეთს ევროპული ბაზრისთვის არ აინტერესებს, სავარაუდოდ. თავისთვის უნდა. ნედლეულია აქ მთავარი აქტივი და არა მუშახელი ან ტექნოლოგია. თუმცა დასაქმების კომპონენტშიც შეიძლება, მოიძებნოს არგუმენტი, რომ აი, ქართველებმა მუშაობა არ იციან და ამიტომ უნდა ვამუშაოთ ჩინელები. არაერთხელ მოგვისმენია ასეთი არგუმენტები და ჩინელების მიერ ნაცემი ქართველი მუშებიც გვინახავს.
– მე მაინც წარმოების მასშტაბს დავუბრუნდები. ესე იგი, აპრიორი იციან, რომ იმდენი ნედლეული გვაქვს, დიდ საწარმოს გაუძლებს?
– მგონი, თვითონ საპარტნიორო ფონდმაც არ იცის, ტყის რა მასშტაბზეა ლაპარაკი.
– მე როგორც ვხვდები, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ინვესტიცია ვერ განხორციელდება.
– მე არ მგონია, რომ ხის გადამამუშავებელ სფეროში ჩინელი ინვესტორის შემოყვანა საქართველოს ნაციონალური ინტერესია. სხვა საქმეა, თუ აშენდება ტექნოლოგიური წარმოება, რომელიც შემდგომ ევროკავშირის ბაზარზე გავა. მაინცდამაინც, ხის გადამამუშავებელ წარმოებას რომ ეცნენ, ხომ ჩანს, რომ თეთრი ძაფითაა ნაკერი ეს ინვესტიცია?!
ნინო ხაჩიძე