№8 გასტროლიორი
სანამ ჩვენი გაგვჭირვებია, ეს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი უკრაინიდანაც გააძევეს (პეტრო პოროშენკომ, როგორც იქნა, „ივაჟკაცა“). სპეცრაზმი, არც მეტი, არც ნაკლები, რესტორან „სულგუნში“ შეიჭრა, რომელშიც ბ-ნი სააკაშვილი მიირთმევდა, დააკავა და ქვეყნიდანაც გამოისტუმრა.
თუმცა სულ მთავარი ეს მაინც არ არის, პოროშენკო-სააკაშვილს შორის ფოტოსურათებით ომიც გაჩაღდა: უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლობამ ფოტოსურათები გაავრცელა (თითქოს აყვანისას მის ყოფილ თანამოაზრეს, ანუ ბ-ნ სააკაშვილს მარცხი მოუვიდა), ხოლო მოგვიანებით, თავად ბ-ნმა სააკაშვილმა გამოაქვეყნა სხვა ფოტოსურათი, რომ არც არანაირი მარცხი არ მოსვლია და მეტიც, დაიქადნა, რომ უკრაინაში მალე დაბრუნდება და (მომყავს ციტატა): „ვინც ჩაისვრის, განახვებთო“!
მას შემდეგ კი, რაც მიხეილ სააკაშვილმა ნიდერლანდებში დაივანა (შეგახსენებთ, რომ, როგორც თავისი მოქალაქის ქმარს, ნიდერლანდების სამეფომ მიხეილ სააკაშვილს, რაკი აპატრიდია და მოქალაქეობა არ აქვს, ცხოვრებისა და მუშაობის უფლება დასდო), ინტერვიუებიც გასცა და იქვე შენიშნა, რომ ნიდერლანდები მისთვის სამოთხეა.
რატომაა სამოთხე?! იმიტომ რომ (მომყავს მისი ციტატა ინტერვიუდან): „რა თქმა უნდა, ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა. დღეს დილიდან მე თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, როდესაც ვხედავ, რომ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება.“
უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ნეტარება (რასაკვირველია, ნიდერლანდურ სამოთხეში), რადგან, თავის დროზე, უკრაინული სამოთხეც ასე იწყებოდა.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი სააკაშვილი კვლავ ამტკიცებს, რომ მოიშორებს უკრაინის „ძალიან ცუდ ხელისუფლებას“, სანახაობა შესაძლოა, იმაზე საინტერესოც კი გველოდეს, ვიდრე აქამდე იყო (ოღონდ ცოტა გულდასაწყვეტია, რომ ეს საერთაშორისო მასხარაობა, მაინცდამაინც, ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის შესრულებითაა დადგმული). –