№8 ენერგეტიკულად ძმადნაფიცები
ანუ უერთმანეთოდ „მზეც არ კრთება ცის კამარაზე“?!
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ბაქო მოიარა და არა მხოლოდ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა, არამედ თვით პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც.
მხარეებმა, ცხადია, ერთმანეთს ენერგეტიკული ძმობაც შეჰფიცეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ უერთმანეთოდ „მზეც არ კრთება ცის კამარაზე“.
უფრო ზუსტად, დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მრჩეველთა საბჭოს მეოთხე მინისტერიალში. თუმცა მომენტით ისარგებლა და ილჰამ ალიევს ისიც უთხრა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა აკავშირებთ (და მერე რა, რომ თავად აზერბაიჯანი, როგორც ასეთი, სულ რაღაც, ერთადერთ საუკუნეს ითვლის?! რას არ გათქმევინებს დიპლომატიური ეტიკეტი), რაშიც ლომის წილი თავად ილჰამ ალიევს მიუძღვისო.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრთან კი „სამხერთის გაზის დერეფნის“ ავკარგიანობაზე იმსჯელეს, თუ როგორ უნდა მიეწოდოს აზერბაიჯანული გაზი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას: აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზი საქართველოს გარეშე ვერაფრით მოხვდება ევროპულ ბაზარზე და თავად აზერბაიჯანიც რუსულ ალყაშია (მოკავშირე თურქეთთან საზღვარიც არ აქვს, ქვემოთ კი რფ-ის სულიერი ძმა, ირანი ესაზღვრება).
ეს შეხსენება კი იმისთვისაა აუცილებელი, რომ ამ ბოლო დროს აზერბაიჯანულ მედიაში ფრიად გახშირდა საქართველოს საწინააღმდეგო გამოხდომები. კერძოდ, რომ უმადური ქართველები არ იმსახურებენ შეღავათიან ფასად გაზს და, რაც მთავარია, რომ არა აზერბაიჯანული გაზი, საერთოდაც, სული გაგვძვრებოდა. ამიტომაც დავით გარეჯიც უნდა დავთმოთ და თურქულ ტოპონიმებსაც არ უნდა შევეხოთ საქართველოს ტერიტორიაზე (რას მიქვიან ქართული სახელწოდებების დარქმევაო), თორემ გაზს გადაგიკეტავთო.
მართალია, ოფიციალური ბაქო დუმს და მხოლოდ ჟურნალისტურ-პოლიტოლოგიური წრეები აქტიურობენ, მაგრამ, რაკი ილჰამ ალიევის ნებართვის გარეშე, ლამისაა ფოთოლი ვერ ჩამოვარდნილა ამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ტერიტორიაზე, უდიდესი ალბათობით, ამგვარი განცხადებებისთვის მწვანე შუქი ზემოდანაა ანთებული.
ზემოდანაა თუ ქვემოდან (და იმის მიუხედავადაც, რაოდენ დათაფლულად უნდა ებაასა ბ-ნ ქუმსიშვილს ბ-ნ ალიევთან), ფაქტი ფაქტად რჩება: გზა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად რესურსი, რადგან ტყეშიც ბევრი პანტაა, ეგაა, მისასვლელი არ აქვს.