№7 როგორ აფასებენ ოთარ ნაკაშიძის ხმას, მსოფლიო დონის მასშტაბურ ხმად და რას უკონტროლებს მას მეუღლე
ცოტა ხნის წინ ანდორაში ოპერის, „სიყვარულის ნექტარის” პრემიერა გაიმართა, რომელშიც ორი ქართველი საოპერო მომღერალი მონაწილეობდა: ოთარ ნაკაშიძე და გიორგი დავითაძე. სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. ქართველმა მომღერლემა კი, ოპერის შემდეგ პირდაპირ სცენაზე, საქართველოს დროშა გაშალეს. ოთარს, საკმაოდ წარმატებული საოპერო კარიერაში, ევროპის არაერთ ცნობილ სცენაზე უმღერია. გარდა ამისა, ის უკრაინაში ძალიან ცნობილი ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჟიურის წევრია.
ოთარ (ბაჩო) ნაკაშიძე: ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. სკოლა რომ დავამთავრე, „გეპეიში” ჩავაბარე, მაგრამ შემდეგ, უკვე ექსპრომტად ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში გავაგრძელე სწავლა. სიმართლე გითხრათ, უფრო დედაჩემის დაჟინებული თხოვნით გადავედი იქ. ზუსტად იცოდა, რომ ჩემი ხმა მასშტაბური იყო. ბათუმში ძალიან კარგი პროფესორი, თამაზ ცერიაშვილი ჩამოვიდა და მისი რეკომენდაციით გადავედი მასთან. მან ფსიქოლოგიურადაც ძალიან დიდი როლი ითამაშა, დამარწმუნა: შენ გაქვს მსოფლიო მნიშვნელობის ხმა და თუ მიაქცევ ყურადღებას, იცხოვრებ მომღერლის რეჟიმით, უსათუოდ დიდ შედეგს მიაღწევთო. ნელ-ნელა დავიწყე საოპერო ხელოვნების ფუნდამენტურად შესწავლა, ლიტერატურის მოძიება, კითხვა. ზოგადად, ან „იწამლები” საოპერო ხელოვნებით, ან – არა. ისე მოხდა, რომ „მოვიწამლე”, შემერია სისხლი. მასზე იმდენად დამოკიდებული ხდები, რომ ბევჯერ მითქვამს: სიცოცხლე და ხმის დაკარგვა ჩემთვის თანაბრად მნიშვნელოვანია-მეთქი. ხმა სიცოცხლის ტოლფასი გახდა. ამის გარეშე ცხოვრება, ვერ წარმომიდგენია.
– შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა?
– თბილისში ჩავირიცხე ნოდარ ანდღულაძის კლასში. მისი ერთ-ერთი საყვარელი მოსწავლე ვიყავი. ცოტა შეუძლოდ რომ იყო, ღამე დახმარება ესაჭიროებოდა და ამიტომ, ვრჩებოდი ხოლმე მასთან. როგორც მუსიკალურად, ასევე პიროვნულად, ძალიან დიდი სკოლა გავიარე. მან ბევრი რამ მასწავლა. შემდეგ ელდარ გეწაძესთან გავაგრძელე სწავლა, რომელმაც კოლოსალური შრომა გაწია და მინდა, მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება პირველ წარმატებას, მეორე თუ მესამე კურსზე ვიყავი, ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატაში” რომ მივიღე მონაწილეობა, შევასრულე ჟერმონის პარტია. დღემდე 15-ზე მეტი მთავარი პარტია მაქვს შესრულებული. 35 წლის ვარ და საერთოდ, ბარიტონი 35 წლის შემდეგ იწყებს კარიერას.
– ეს იწვევს გაკვირვებას?
– ბევრჯერ გაჰკვირვებიათ და გაოცებულან, ისეთი როლები შემისრულებია. მაგალითად, სკარპიას როლი „ტოსკაში” ყველაზე რთულია. 32 წლის ვიყავი, როცა სკარპია ვიმღერე, რამაც დიდი გაოცება გამოიწვია. თან, იმდენად წარმატებული იყო, რომ შემდეგ, ზედიზედ ამას სამი პროდუქცია მოჰყვა. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ორი თეატრის სოლისტი გავხდი: ქუთაისისა და ბათუმის. თბილისის კონსერვატორიის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ კი, ბათუმში წარმატებულ მომღერლებს მთავრობა უცხოეთში სწავლას უფინანსებდა. მე ავირჩიე იტალია და იქ სასწავლებლად გავემგზავრე. ჩავაბარე მუსიკალურ აკადემიაში, სადაც ჯან ფრანკო ოსტინისთან ვსწავლობდი, რომელიც ძალიან მაღალი დონის სოპრანოა. პლასიდო დომინგოსთან, ხოსე კარერასთან, პავაროტისთან ერთად მღეროდა. ასევე, გაკვეთილებს ვიღებდი ჯანი მაფეოსთან, ცნობილ ბარიტონთან.
– როგორი იყო მათი შეფასებები?
– ყველა აღნიშნავდა, რომ მაქვს მასშტაბური, მსოფლიო დონის ხმა და მას სჭირდება დახვეწა, მუშაობა. შემდეგ სასწავლებლად წავედი მარიო მელანისთან, ჩვენი სკოლის წარმომადგენელმა, ნინო ლეჟავამ გამიწია რეკომენდაცია. 2014 წელს მქონდა მნიშვნელოვანი, მსოფლიო დონის, მასშტაბური კონკურსები, გამარჯვებები. ერთ-ერთ კონსკურსში 600 კაცი მონაწილეობდა და მათში საუკეთესო ბარიტონის წოდება მომანიჭეს. არ შემიძლია, არ გამოვყო ცოლის როლი, რომელიც პიანისტია – თბილისის კონსერვატორიის პროფესორი. ის ძალიან მეხმარება. ისეთი მეუღლე რომ გყავს, როგორიც მე ვარ – სულ გასულია, ძალიან რთულია. თანცხოვრება, ცოლქმრობა ის არის, სულ ერთად რომ ხართ. მე კი სულ წასული ვარ. ჩემი შვილი – ნიკოლოზი 5 წლისაა და მის 2 დაბადების დღეს დავესწარი. მეუღლე ჩემი ერთ-ერთი პედაგოგია, რჩევებს მაძლევს, ვენდობი მის გამოცდილებას, მუსიკალურ გემოვნებას. რაც უნდა შემდგარი მომღერალი იყო, პროფესიონალის მხრიდან კონტროლი აუცილებელია.
– თქვენს მეუღლეს კონტროლის ფუნქცია აქვს შეთავსებული?
– კი, კონფლიქტური გაკვეთილებიც გვაქვს და კარგიც. ყველაფერია, მაგრამ ეს სამუშაო პროცესია. ზოგჯერ მე არ ვუჯერებ, მაგრამ თანხვედრაში მაინც მოვდივართ.
– ცოტა ხნის წინ, ანდორაში იყავით და საკმაოდ წარმატებული პრემიერა გქონდათ.
– ფანტასტიკური ქვეყანაა ანდორა. უკვე მესამედ ვიყავი. იტალიაში ანდორელი სოპრანო გავიცანი. რომ მომისმინა, ძალიან მოვეწონე და ანდორაში რეკომენდაცია გამიწია. დამირეკეს და გადაწყდა, „ტრავიატას” შესრულება. ეს სპექტაკლი თვითონ ანდორის ისტორიაშიც დებიუტი იყო. ძალიან კარგად ჩაიარა, ისევე, როგორც „სიყვარულის ნექტარმა”. ადგილობრივი პრესა წერდა: პირველ „ბრავოზე,” ოთარ ნაკაშიძეს დაუძახეს, შემდეგ კი, ქარული დროშა გაიშალა სცენაზეო. ორივე სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. ჩემთან ერთად მონაწილეობდა გიორგი დავითაძე, რომელსაც მე გავუწიე რეკომენდაცია და მანაც ძალიან გვასახელა.
– დროშა საქართველოდან წაიღეთ?
– არა, 20 ქართველი ესწრებოდა სპექტაკლს და მათ ჩამოიტანეს დროშა. შემდეგ სცენაზე ავიტანეთ და პირდაპირ იქ გავშალეთ. ამას დიდი ემოციები და აპლოდისმენტები მოჰყვა. მოიცვა მთელი კატალონიური პრესა. 6 აპრილს, ჩინეთში ვიმღერებ ჩემს საოცნებო რიგოლეტოს როლს. ჩემთან ერთად, კიდევ ერთი ქართველი იქნება და უფრო გამიადვილდება დროშის გაშლაც.
– რომელი იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლი და გამოხმაურება?
– ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ „ტოსკა“, სკარპიას როლი, რომელიც როვერეტოს თეატრში ვიმღერე. ზედიზედ ორი დღე შევასრულე და დიდი გამოხმაურება მოჰყვა, აპლოდისმენტები. ერთხელ, საკმაოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მომიწია მუშაობა. პიაჩენცას თეატრში ჩავედი მოსმენაზე. მეორე დღეს მომივიდა მეილი: თქვენ დამტკიცებული ხართ „ტრუბადურში”, გრაფი დი ლუნას როლზე, უკვე მზად არის აფიშები, ქასტი დამტკიცებულიაო. საერთოდ არ ვიცოდი პარტია და მხოლოდ ერთი კვირა მქონდა. დღე და ღამე გავათენე. ერთ კვირაში ვისწავლე ურთულესი როლი. ბოლოს სალაპარაკო ხმაც არ მქონდა. ერთი დღე შევისვენე და შემდეგ ღია ცისქვეშ ვიმღერე მასშტაბური სპექტაკლი. რაც შეეხება შეფასებას, გერმანიაში, მიუნხენში მქონდა „მადამ ბატერფლაი”. გერმანელები ძალიან კრიტიკულები არიან. ყოველი სპექტაკლის შემდეგ წერენ რეცენზიებს. მაშინ დაწერეს: ასეთი დონის ბარიტონის გვერდით იტალიელი ტენორი უადგილოაო. რაღაც მხრივ უხერხულობა იყო, მაგრამ იმავდროულად, დიდი აღიარება.