№7 რატომ იყო ლალი მოროშკინა საშიში პატიმარი და რა უთხრა მას პატიმარმა ბაჩო ახალაიამ
„ჩემი ცხოვრება გაიყო ორად – ციხეებამდე და ციხეების შემდეგ,“ – ამბობს ლალი მოროშკინა. ლალი ყოველთვის აქტიურად ედგა პატიმრებს გვერდით. იყო პერიოდი, როცა მათი ერთადერთი იმედი ლალი გახლდათ და ისე წარიმართა მისი ცხოვრება, რომ მცირე ხნით მასაც მოუწია პატიმრობა. როგორი ურთიერთობა ჰქონდა ლალის პატიმრებთან, რა ხდებოდა მაშინდელ ციხეებში და როგორ გაიარა პატიმრობის პერიოდი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ
ლალი მოროშკინა: მე სულ ვამბობ, ჩემი ცხოვრება გაიყო ორად – ციხეებამდე და ციხეების შემდეგ. წლების განმავლობაში მიწევდა რეჟიმთან ბრძოლა, ალბათ, ჩემზე უკეთ არავინ იცის, იქ რა ხდებოდა, მერე მეც მოვხვდი საპატიმროში, თუმცა ჩემს შემთხვევაში, საქმე სხვანაირად იყო, ძალიან შეეშინდათ. იმიტომ რომ, ასე მარტივი არ არის, ჩემი რანგის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების დიდ ფენას, და ხვდება ციხეში. მეორე გირგვლიანი და მეორე წამებული არ სჭირდებოდათ, შესაბამისად, განსაკუთრებულად მეპყრობოდნენ. ერთი ის იყო, რომ მარტო ვიყავი, არავინ არ შემოდიოდა. სტრესში ჩავარდნენ, შიმშილობა რომ გამოვაცხადე და საჭმელს 15 დღე არ გავკარებივარ. იქიდან განახევრებული გამოვედი, მაგრამ მე ამისთვის სულ მზად ვარ. არ მეშინია ჩემი გადადგმული ნაბიჯის. იცოდა ნაცრეჟიმმა, ჩემი შვილებისთვის რამე რომ დაეშავებინათ, მათ შვილებს თავს წავაცლიდი და წავიდოდი ციხეში, არ დავიმალებოდი. მე დღესაც მზად ვარ, ვიძალადო იმ ადამიანებზე, შეუარცხყოფას რომ მომაყენებენ პირადად მე, ჩემს შვილებს და მერე არ დავიმალო, წავიდე ციხეში.
– თქვენ სააკაშვილის რეჟიმს აქტიურად ებრძოდით და ყველაზე უკეთ იცით, რა ხდებოდა ციხეებში...
– მე რეჟიმთან ბრძოლის პერიოდში ძალიან ბევრ ადვოკატთან, უფლებადამცველთან, პატიმართა მშობლებთან მქონდა ურთიერთობა. მე ხმას ვაწვდიდი მათ და ვეუბნებოდი: ბიჭებო, მომწერეთ ყველა პრობლემა, რასაც იქ განიცდით, ნერვიულობთ და მე შევეცდები, პასუხი გაგცეთ-მეთქი. იყო უამრავი წერილი, მე და ჩემი მეგობრები ვსხდებოდით და მთელი კვირა პასუხებს ვცემდით. მოდიოდა ტომრებით წერილები. პატიმრებს შეიძლება, ძალიან მწვავედ არ დაეწერათ, მაგრამ მე ვხვდებოდი, ციხის ენაზე „ცინკებით“ საუბარს. ვხვდებოდით, რომ ნელ-ნელა დაიძაბა წერილების შინაარსი და გამოუვალი მდგომარეობა ჰქონდათ ამ ბიჭებს. მე რამდენიმე მამაოსთან მქონდა ურთიერთობა და მათ ვთხოვდი, ვისაც ძალიან უჭირდა, იმასთან შესულიყვნენ მეგობარი ადვოკატები. იყო დღესასწაულები, როდესაც ხილს ვუგზავნიდით, ერთ-ერთ პატიმარს შეუტანეს და უთხრეს ლალი მოროშკინამ გამოგიგზავნაო. მან კი უპასუხა: ალბათ, შეეშალათ მე არავინ მყავს, არც დედა, არც მამაო. მერე ამ ბიჭთან მიმოწერა გვქონდა და მითხრა, შენ ჩემი დედობილი ხარო. წლობით გრძელდებოდა მეგობრობა წერილების საშუალებით და შემდეგ იყო საოცრება. მე შევედი მათთან ციხეში და იმ ემოციის გადმოცემა წარმოუდგენელია. ეს ორმეტრიანი ბიჭები, ძალიან ძლიერი მამაკაცები, მართლა ღირსეული ადამიანები, როგორ კანკალებდნენ, როდესაც პირველად დამინახეს. მერე ბევრი სასწაული მოხდა. ბიჭები მწერდნენ, ჩვენთან მტრედებმა ბუდე გაიკეთეს და ბუდეს იქ იკეთებენ, სადაც სიკეთე ტრიალებსო. 2011 წელს მოხდა ციხის ბუნტი. მაშინ დროებითი ხელმძღვანელობა იყო და ანტიტერორისტული დაჯგუფება მმართველობდა. მათ მომმართეს თხოვნით, ჩამეხშო ეს გაგიჟებული ბიჭები. მაშინ ორი ადამიანი ვიყავით – მე და ლალი აფციაური. ეს არის კინო, ბლოგბასტერის სცენარი – ორი ქალი ვიდექით ციხის ტერიტორიაზე და 2 500 პატიმარს მივმართავდით: შეაჩერეთ ბუნტი, ამნისტია იქნება, ახალი მთავრობა მოდის და ყველა გადარჩებით-მეთქი. მაშინ თვითონვე არ გვჯეროდა ჩვენი სიტყვების. ჩვენ უკან იყო სპეცდანიშნულების რაზმი – ჩაკუზულები აბჯრებით და რომ არა ჩვენი ძალისხმევა, ცეცხლი უნდა გახსნილიყო.
– როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა პატიმრებთან, როდესაც თქვენ დაინიშნეთ მინისტრის მრჩევლად?
– როდესაც მე მინისტრის მრჩევლად დავინიშნე, პატიმრები დაშინებულები იყვნენ და არ იღებდნენ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს. ეგონათ, რეჟიმის გაგრძელებააო, მაგრამ ამას მე ვაბალანსებდი. ყოველდღე რამდენიმე სხვადასხვა დაწესებულებაში მიწევდა დღის განმავლობაში მისვლა. იყო რისკის ჯგუფები – ვიღაც ვენებს იჭრიდა, ვიღაც პირს იკერავდა, ვიღაც შიდსით იყო დაავადებული. საჭმლის მიღებაზე უარს აცხადებდნენ და მეც გამოვაცხადე შიმშილობა მათთან ერთად. ვთხოვდი, მომეცით ორი კვირა იმისთვის, რომ კანონმდებლობას მოვერგოთ-მეთქი. მხოლოდ ასე მოხდა დალაგება და წელიწად-ნახევრის მერე ვითხოვე, აღარ შემიძლია, მთავარი დასალაგებელი დალაგებულია და მე უნდა წავიდე-მეთქი.
– თქვენი შექმნილია ციხის არქივები. მოგვიყევით, რა ხდებოდა ციხეებში?
– საკვებში ტექნიკურ ზეთს ურევდნენ და მხოლოდ ცხელი იჭმებოდა, იმიტომ რომ, ცივი გაზეპილი იყო. ერთადერთი, ხუთშაბათს, როდესაც საპატრიარქო ლობიოს აგზავნიდა, მხოლოდ მაშინ იკვებებოდნენ პატიმრები. პატიმრებს წყალს არ აძლევდნენ და უწყლობაში, პაპანაქება სიცხეში იყო ცოლების, მოხუცი დედების რიგი, რომ წყალი მიეწოდებინათ. ვუყურებდი, ბიჭები როგორ იყვნენ ნაცემები, რა ორგანოები ჰქონდათ დაზიანებული, რა ხდებოდა საავადმყოფოს ტერიტორიაზე, როდესაც ანალგინს ითხოვდნენ და ამის გამო, რკინას ურტყამდნენ თავში. ქალი ციხეში თუ ხვდებოდა, მას შვილის ნახვის საშუალებაც არ ჰქონდა. მხოლოდ შემდეგ გავხსენით ნახვის უფლება. პატიმარ ქალებს ამოაჭრეს საშვილოსნო და ჩვენ ვიცით, რომ საშვილოსნო შეიცავს სასიცოცხლოდ საჭირო უჯრედებს და დღემდე პასუხგაუცემელია, რატომ დაასახიჩრეს ეს ქალები. სად მიდიოდა ეს ამდენი ორგანო. არ ვაპატიებ წინა რეჟიმს, არ ვაპატიებ გაქათმების პოლიტიკას, როდესაც ცდილობდნენ, სექსუალური ურთიერთობა დაემყარებინათ მცირეწლოვნებთან. არის რაღაც, რასაც რეჟიმს ვერ ვაპატიებ.
– თქვენ პატიმრისგან დაჭრასაც გადაურჩით. შიშის გრძნობა არ გქონდათ?
– ცუდი ამბავი მჭირს, საერთოდ შიშის გრძნობა არ მაქვს. ვმუშაობდი აფხაზეთსა და ოსეთში – ცხინვალიდან მომყავდა პატიმრები საქართველოს ციხეებში და პირიქით, საქართველოდან ოსი პატიმრები გადამყავდა ცხინვალში. მაშინ არც ბადრაგი მომყვებოდა, არც დაცვა და არც არავინ. მე, მარტო გადამყავდა მძღოლთან ერთად. ასევე, მარტო გადავიყვანე ჩერმენ ბუკულოვი – ოსეთის პოლიციის უფროსი ხონის ციხიდან ცხინვალამდე და შემდეგ უკვე, ეგრეთ წოდებულ საზღვარზე დამხვდა სამხედრო პირი, რომელმაც ჩაიბარა. ჩვენ ასე ვმუშაობდით. უბრალოდ, შენი თავის იმედი უნდა გქონოდა, როგორც მინისტრის მოადგილეს და ეს იყო გასამხედროებულ რეჟიმში მუშაობა. მე ბევრი პრობლემა მქონდა ცხინვალის მთავრობასთან, კოკოითთან. ყოფილა შემთხვევა, მარტო დავუტოვებივართ ცხინვალში. პატიმრები გავათავისუფლეთ, მშობლებს ჩავაბარეთ და შემდეგ მე აღარ გამომიშვეს. ერთი დღე დატყვევებული ვყავდით, მაგრამ ამისგან არ შემიქმნია რაღაც საგმირო ისტორია. რეჟიმის შემდეგ ბევრი ფსიქიკურად შეიშალა. ბევრმა პატიმარმა ვერ გაუძლო ამ სტრესს და ის მზადაა, საკუთარი თავიც დააზიანოს და შემოსული ადამიანიც. ეს არის პოსტსტრესული სიტუაცია და სინდრომი. ორ-სამჯერ დამჭირდა თავის გადარჩენაც. მე, ალბათ, იმ ნიშნითაც ვიყავი არჩეული, რომ ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული. შემიძლია, წინ აღვუდგე შეიარაღებულ ადამიანსაც და ახლა, ამ მთავრობაშიც მიწევდა შეხვედრა პატიმრებთან ბადრაგის გარეშე. რთული იყო გარჩევა, ვინ მონაწილეობდა და ვინ არა, ამიტომ ყველა გავუშვით და ციხე დარჩენილი იყო უბადრაგოდ. ერთხელ შემოვიდა ყოფილი პატიმარი და მგონია, რომ ესეც რეჟიმის მსხვერპლია. ვეკითხები, თქვენ რაზე იჯექით-მეთქი და მე რუსთაველი მანიაკი ვარო, მითხრა. როდესაც უკვე რამდენიმე, რეჟიმის დროინდელი დირექტორი გისოსებს მიღმა მოხვდა, მე შევედი მათთან და მოკრძალებულად, ძალიან ზრდილობიანად ვკითხე, რატომ სჩადიოდნენ ამას. თუმცა, შიგნიდან მიდუღდა ყველაფერი. ბაჩო ახალაიას პასუხიც მახსოვს: მე ბევრი რამ არ ვიცოდიო.
– როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილი თანამდებობას გთავაზობდათ და არ დათანახმდით...
– მე ვიცი ზუსტად სააკაშვილის დამოკიდებულება ჩემ მიმართ. მას თათბირებზე ხშირად უთქვამს, ლალის ყველა გზა გადავუკეტე და მაინც ბოლომდე იბრძვის, მისგან აიღეთ მაგალითიო. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვიყავით, კარგად იცის ჩემი თვისებები. უნივერსიტეტიდანაც კი გააშვებინა ჩემი თავი. სულ მგონია, რომ სააკაშვილი მიდგამდა ასეთ რამეს: აბა, კიდევ რამდენ რამეს შევძლებ და ავიტან, არ მივმართავ და არ ვეტყვი, რომ კარგი, ჯანდაბას, გთანხმდები თანამდებობაზეო, ის პრაქტიკულად ბოლომდე მთავაზობდა, კონფლიქტებში მინისტრად წასვლას. მანაც მშვენივრად იცოდა, რომ ეს ჩემი თემაა. მე ვიცოდი, ის ოსეთში რას აპირებდა და არასდროს დავთანხმდებოდი ამ თანამდებობას. ამ რეჟიმის მერე ჩემთვის რთულია მშვიდობიან გარემოში ცხოვრება. ჩემთვის გაცილებით კომფორტულია, როცა ვიბრძვი, როცა სადღაც ისვრიან. იქ უფრო მობილიზებული და საჭირო ვარ. დალაგებული რომ არის ყველაფერი, ვფიქრობ, ახლა რა გავაკეთო, სად დავხარჯო მოზღვავებული ენერგია-მეთქი. იმდენი რამ გამოვიარე, საბოლოოდ, რკინად ჩამოვყალიბდი.