№7 რას სთხოვდა მაიკო ჭაფოძე შეყვარებულს, პირდაპირ ეთერში ხელის თხოვნის შემდეგ, პარაპლანით ფრენისას და როგორ მოუწყვეს მას ყველაზე ექსტრემალური თავგადასავალი
ალბათ ბევრმა ნახა ის ლამაზი, გულისამაჩუყებელი და რომანტიკული კადრები, როცა „რუსთავი 2-ის” დილის ეთერში, ჟურნალისტს, მაიკო ჭაფოძეს მისმა შეყვარებულმა, დათო ბახტურიძემ, გუდაურში პარაპლანით გაფრენის წინ სთხოვა ხელი. ეს ყველაფერი მაიკოსთვის იმდენად წარმოუდგენელი და ემოციური იყო, რომ როგორც თავად ამბობს: სიხარულისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა. „თბილისელების” სახელით, ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვან მოვლენას: უდიდეს ბედნიერებას, ცხოვრებაში კიდევ ბევრ ასეთ ლამაზ, რომანტიკულ კადრებს ვუსურვებ.
მაიკო ჭაფოძე: ისეთი ბედნიერი ვარ, რომ მართლაც მეცხრე ცაზე ვარ სიხარულისგან. ზოგადად, არაფერს ვგეგმავდით. აპრილში გვინდოდა ოჯახურ გარემოში მშობლების გაცნობა და ასე შემდეგ. ამას ნამდვილად ვერასდროს წარმოვიდგენდი. კადრებშიც ჩანდა, რომ, როცა შემოვბრუნდი, დაახლოებით 3 წამი გავშეშდი, რადგან შოკში ვიყავი – არ მჯეროდა. უცებ ვერ გავიაზრე: რა ხდებოდა. მერე ისე ვიფრინე, საერთოდ არაფერი მახსოვს. ვეკითხებოდი სახელებს: იმან იცოდა, იმან იცოდა? ბოლოს აღმოჩნდა, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა, ჩემ გარდა. თან, ისე ოსტატურად გააკეთეს, რომ არაფერი მიგრძნია. მთელი პირდაპირი ეთერის განმავლობაში, სანამ ბოლო წერტილამდე მივიდოდით, ვერც ვხვდებოდი, რამე სერიოზული თუ შეიძლებოდა მომხდარიყო, იმდენად ვიყავი მუშაობაში ჩართული. რომ მითხრა: მაიკო, თანახმა ხარო, დაახლოებით, ერთ წუთში გავიაზრე: უი, მაიკო შენ მუშაობ, მაყურებელსც რაღაც უნდა უთხრა-მეთქი და მოვბილიზდი. თუმცა, ემოციების მოთოკვა ძალიან რთული იყო.
– მაინც კარგად შეძელი ეს.
– ზოგადად, ისე ვნერვიულობდი, რადგან დათოს თემაზე უნდა მქონოდა ჩართვები. მთლიანად მობილიზეული ვიყავი, ისე ძალიან მინდოდა, ყველაფერი კარგად გამოსულიყო. ბიჭების სატელევიზიო დებიუტი იყო და თავიდან ბოლომდე მათზე ვიყავი გადართული. დათო პარაპლანისტთა კლუბის ერთ-ერთი პილოტია. იქიდან გამომდინარე, რომ ექსტრემალური სპორტია, გუდაურში ძალიან პოპულარულია. გადავწყვიტე, სახალისო, ექსტრემალური, სათავგადასავლო ჩართვები გამეკეთებინა მაყურებლისთვის. თუმცა, მე მომიწყვეს ყველაზე მაგარი თავგადასავალი. ახლა, რამდენიმე დღის შემდეგ, უფრო აღვიქვამ: რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში. იქ ბოლომდე ვერც გავიაზრე. ძალიან ბედნიერი ვარ.
– მთელი იქ ყოფნის განმავლობაში, არანაირი ეჭვი არ გაგჩენია?
– არა, საერთოდ არაფერი მიგრძნია. ერთადერთი, ბიჭები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: არაფერი შეგეშალოს, ახლა ასე უნდა გააკეთო, ახლა-ისეო და დადიოდნენ აქეთ-იქით. მაგრამ ეს მე ჩვეულებრივ ნერვიულობას მივაწერე. მათზე მეტად ვღელავდი და ცოტა აგრესიულიც კი ვიყავი, რაღაც მომენტებში: აბა, ახლა დროზე, ეთერში შევდივართ, პირველი შენ ხარ, მეორე – შენ... მინდოდა ყველაფერი კარგად გამოსულიყო. მაგრამ, ისეთი ჩამიტარეს...
– როგორ დაგეგმა დათომ ეს ყველაფერი? რატომ გადაწყვიტა, აპრილის მაგივრად, ახლა, ასეთ ვითარებაში ეთხოვა ხელი?
– დაახლოებით, ერთი თვეა, ვეუბნები: იქნებ ჩართვები გავაკეთოთ. ზამთარია, თოვლი და პარაპლანი ამ ყველაფერს ძალიან უხდება-მეთქი. მაგრამ, მთელი თვეა, მიწელავს ამ ამბავს: ამ კვირაში არა, იმ კვირაში არა. ბოლოს ვუთხარი: თუ არ გინდათ, კარგად იყავით-მეთქი. თურმე, მთელი გეგმა ჰქონია და როგორც ბიჭებმა მითხრეს: ყოველ ღამე რეპეტიციებს გადიოდა – როგორ ეთხოვა ჩემთვის ხელი. დათოც დაიბნა, ბოლომდე ვერ თქვა სათქმელი. მეც სამწუხაროდ, „კი” არ მითქვამს და ახლა ვეუბნები: კიიი, თანახმა ვარ.
– გზაშიც არ უთხარი?
– არა და ისიც არ მახსოვდა, საერთოდ ვუთხარი თუ არა. თან ყურში მეუბნებოდნენ: მაიკო, მზად ვართ. მერე უკვე იქიდანაც მესმოდა მილოცვები. საბოლოოდ, მგონი, შევძელი, მემართა თავი. ძალიან მიხარია, რომ ბოლომდე კარგად გამოვიდა: არ ავტეხე წივილი-კივილი, ადამიანიც ვიყავი და ჟურნალისტიც.
– თქვი, მეცხრე ცაზე ვიფრინეო.
– კი, ეს იყო საოცარი ადრენალინი. თუმცა, მართლა არაფერი მახსოვს, ისევე როგორც დათოს: როგორ მართავდა, როგორ დავჯექით. ერთადერთი, ვეუბნებოდი: დათო, ნელა-მეთქი. იმდენი ადრენალინი და იმდენი დადებითი ემოცია იყო, რომ ის ადრენალინი აღარ მინდოდა. მშვიდად, წყნარად ჩამოვფრინდით და მართლაც, საუკეთესო ფრენა იყო ჩემს ცხოვრებაში. მანამდეც მიფრენია პარაპლანით – ძალიან მაგარი იყო, სამი დღე გამყვა ის ემოციები და დადებითი განწყობა, მაგრამ ეს ფრენა საგრძნობლად განსხვავდებოდა პირველისგან. ვერაფერი შევიგრძენი, იმდენად გათიშული, გაბრუებული ვიყავი. სულ კითხვებს ვუსვამდი, სიამოვნებაზე ვეღარ ვფიქრობდი. დათოც იგივენაირ სიტუაციაში იყო. ბოლომდე არ სჯეროდა, რომ გამოუვიდა. თვითონაც არ ჰქონდა მთლად გააზრებული, რომ ყველაფერი ისე კარგად გააკეთა, მე ვერაფერს მივხვდი.
– გაფრენამდე გკითხეს: პილოტს უთხარი, ექსტრემალური ფრენა გინდა თუ მშვიდიო და ბოლოს, ორივე გამოგივიდა.
– კი, ყველაფერი ერთად გამოვიდა. მე უკან მიხედვას არც ვაპირებდი, რადგან გასაფრენად ვემზადებოდი. როგორც ბიჭებმა მითხრეს, ეს კითხვა სპეციალურად მოიფიქრეს, რომ უკან მიმეხედა. თავიდან ბოლომდე არც შევტრიალებულვარ და პასუხი რომ არ მესმოდა, მერე შევბრუნდი. ანუ, ეს იმისთვის გააკეთეს, რომ დათოსთვის შემეხედა. მართლაც ისეთი სიხარული და ბედნიერება იყო, მადლობა ყველას, ვინც ამაზე იზრუნა.
– ყველაზე რომანტიკული ხელის თხოვნა გამოვიდა.
– მეც მგონია, რომ ძალიან რომანტიკული იყო. თან, შინაგანადაც რომანტიკული ვარ და მსგავსი რაღაცები მიყვარს. ეს რომ იცოდა დათომ, ყველაზე დასამახსოვრებელი და ბედნიერი დღე მაჩუქა. დათოზე ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე რომანტიკოსია. იყო შემთხვევები, გუდაურიდან ჩამოსულა და ყვავილები მოურთმევია ჩემთვის, სიცხიანი რომ ვიწექი... ან დაბადების დღეზე და ასე შემდეგ. მაგრამ, ის, რომ ხშირად მიწყობდა სიურპრიზებს, ასე არ ყოფილა. თან, არ უყვარს ზედმეტი აქტიურობა, ტელევიზიით გამოჩენა და ამიტომაც გამიკვირდა, ასე რომ მოიქცა. ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი. რომ ეკითხათ, ვიტყოდი: დათო ამას არ გააკეთებს-მეთქი. ეს რომ გადაწყვიტა, ამიტომაც ვერ ვარ ცოტა კარგად. მართლა არ ვიცი, რა ვთქვა: ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი, ჩემი უსაყვარლესი პროფესია და არხი – ყველაფერი ერთად.
– შენ როგორ გქონდა ეს მომენტი წარმოდგენილი?
– დაახლოებით, ორ წელზე მეტია, შეყვარებულები ვართ. ამიტომ, ამაზე არც მიფიქრია. ვფიქრობდით: გადავალთ ერთად საცხოვრებლად და სამოგზუროდ წავალთო. ამიტომ არც მიფიქრია მსგავს ცერემონიალებზე, ნიშნობებზე და იმაზე, თეთრ რაშზე ამხედრებული ამოსულიყო დედაჩემთან ხელის სათხოვნელად.
– სამსახურში იცოდნენ?
– ნინო არაზაშვილმა, ჩემმა ხელმძღვანელმა, სიმბოლური საჩუქარი მომართვა – ზარდახშა, ულამაზესი წერილითა და სითბოთი. რა თქმა უნდა, ყველა ძალიან გახარებულია და პირველები იყვნენ, ვინც ეს ყველაფერი გაიგო. თუმცა, მათაც არაფერი იცოდნენ. მხოლოდ ოპერატორი იყო ჩართული, ვისთან ერთადაც დადგეს მთელი სცენა. დანარჩენებისთვის კი ყველაფერი სიურპრიზი იყო და ძალიან უხაროდათ.
– ქორწილშიც უნდა ველოდოთ ასეთ ლამაზ სიუპრიზებს?
– ჯერჯერობით არაფერი დაგვიგეგმავს. ჯერ ეიფორიაში და გახარებულები ვართ. წამყვანებმა ჩვენი კადრების პარალელურად კი თქვეს: იმედია, ქორწილშიც არ გვაფრენენო. ვნახოთ.