კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 როგორ აღმოაჩინეს „თხუნელა“ საქართველოში ჩამოსულმა ჰოლანდიელმა სელებრითებმა და რატომ აპირებს ჰოლანდიის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საქართველოში ჩამოსვლას

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

„მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით საქართველოში, მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე და მისტიკურ ქვეყანაში“ – ასე იწყება ჰოლანდიაში პოპულარული რეალითი შოუს, „ვინ არის თხუნელას” წლევანდელი, გამორჩეული, მეთვრამეტე სეზონის ყველა გადაცემის ანონსი. რეალითი შოუ, საკმაოდ პოპულარულია ჰოლანდიაში და მასში მონაწილეობენ გამორჩეული სახეები. როგორც ამ შოუს ქართველი პროდიუსერი, ნინო აღლაძე ამბობ, ამ შოუთი მთელი ჰოლანდიის მოსახლეობა საქართველოს კიდევ უფრო კარგად გაიცნობს, შეიყვარებს და გაუჩნდება სურვილი, ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდეს და თავად მოინახულოს ის ადგილები, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა. რადგან, სტატისტიკის მიხედვით, მაყურებლის დაახლოებით, 60 პროცენტი, აუცილებლად ჩადის იმ ქვეყნებში, სადაც ამ რეალითი შოუს გადაღებები მიმდინარეობდა. ასე რომ, ნინოს თქმით, ამ ზაფხულს ჰოლანდიიდან შოუს წყალობით, საკმაოდ ბევრ ტურისტს უნდა ველოდოთ და სამოგზაურო პაკეტების შეძენა, უკვე დაწყებულია.

ნინო აღლაძე:
ერთი წლის წინ, დაგვიკავშირდნენ რეალითი შოუს პროდიუსერები, ეძებდნენ შოუსთვის ახალი სეზონის გადასაღებად ლოკაციებს. არ იყვნენ საქართველოში ნამყოფი, უბრალოდ, ინფორმაცია ჰქონდათ, რომ არსებობს ასეთი ქვეყანა – საქართველო. ინტერნეტში უნახავთ ჩვენი ქვეყნის ხედები და დაინტერესდნენ. თავადაც ჩამოვიდნენ სანახავად და პირველივე ნახვისას, დაადასტურეს, რომ საქართვლო ჰოლანდიური პოპულარული რეალითი შოუსთვის საკმაოდ კარგი და საინტერესო ადგილი იქნებოდა. თავიდან, გადაწყვეტილი ჰქონდათ, ათი ეპიზოდიდან, ხუთი გადაეღოთ საქართველოში, ხუთი კი – ხორვატიაში. სანამ აქ ჩამოვიდოდნენ, სწორედ ხორვატიაში დაათვალიერეს და შეარჩიეს ლოკაციის ადგილები. თუმცა, საქართველოში სტუმრობის შემდეგ, შეცვალეს ფორმატი და ათივე ეპიზოდი, ჩვენს ქვეყანაში გადაიღეს. ასე რომ, ჯადოქრობა ჩავიდინეთ და ხორვატია „ავახიეთ“ (იცინის). მთავარია, თავად ძალიან კმაყოფილები  არიან და ამბობენ, რომ ეს ყველაზე განსხვავებული სეზონია მათთვის.
– როგორც ვიცი, ამ რეალითი შოუს საკმაოდ მკაცრი წესები აქვს და მასში ათი სელებრითი იღებს მონაწილეობას. წელს, ვინ იყვნენ მონაწილეები და მათ თუ იცოდნენ სად მოდიოდნენ?
– დიახ, საკმაოდ მკაცრი წესები აქვს რეალითი შოუს და მასში ყოველ წელს ათი სელებრითი, ჰოლანდიაში საკმაოდ ცნობილი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ამ ათიდან, ერთი შეგზავნილია, რომელმაც იცის თამაშის ყველა დავალება და წესი, მაგრამ ისე შენიღბულად უნდა ითამაშოს თხუნელას როლი, ვითომ, ჩვეულებრივი მონაწილეა და მისი იდენტიფიციება რთული იყოს. დანარჩენ მონაწილეებს კი ევალებათ, რომ თან, დავალებებს გაართვან თავი და თან, ამოიცნონ რომელია თხუნელა მათ შორის. პირველ ეპიზოდში მოქმედება ხუთ ქვეყანაში ხდებოდა. ეს იყო – რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. მონაწილეები ორ-ორად გაჰყვეს და მინიშნებებით, ამ ქვეყნებში რაღაცისთვის უნდა მიეგნოთ. ეს იყო, სეიფში დამალული, თბილისში ჩამოსაფრენი ბილეთები. მანამდე, არ იცოდნენ, სელებრითმა მსახიობმა, მუსიკოსმა,  მომღერალმა, კომპოზიტორმა, ტელეწამყვანმა, ფსიქოლოგმა, ანიმატორმა მონაწილეებმა,  რეალურად, სად მიდიოდნენ. ესეც თამაშის ერთ-ერთი წესია და ამის შემდეგ, ყველა  აღმოჩნდა თბილისის აეროპორტში. სხვათა შორის, არცერთმა მათგანმა არ იცოდა ჩვენი ქვეყნის შესახებ და ღამის ორ საათზე, აეროპორტიდან პირდაპირ სამების საკათედრო ტაძარში რომ ავიყვანეთ და იქიდან გადმოხედეს ნისლიან ქალაქს, გაოგნდნენ. მერე ყაზბეგში, წვიმიან ამინდს ცაზე ცისარტყელა რომ მოჰყვა, სულ გადაირივნენ (იცინის).  თქვეს, პირველივე შეხვედრისას მივხვდით, რომ მეორე და მესამეხარისხოვანი ქვეყნის სტუმრები არ ვიყავითო. როგორც აღმოჩნდა, ჰოლანდიაში არც თუ ისე პოპულარულები ვიყავით აქამდე და ამ შოუს მერე, ჩვენი ცნობადობა საკმაოდ გაიზარდა. წამოვიდა დაინტერესება და საკმაოდ ბევრმა გამოთქვა აქ ჩამოსვლის სურვილი. 45-კაციანი გადამღები ჯგუფიდან, მხოლოდ ხუთს ჰქონდა ინფრომაცია საქართველოს შესახებ. ზოგადად, აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათი პირველი გასვლა იყო რეალითი შოუს ფარგლებში. მიხარია, რომ ამ მხრივ, მათთვის, პირველები ვართ.
– რამდენ ხანს მიმდინარეობდა გადაღებები? რეალითი შოუ, უკვე გავიდა ეთერში?
– თვეზე ნაკლები მიმდინარეობდა გადაღებები. თუმცა, მანამდე, ორჯერ იყვნენ ჩამოსული პროდიუსერები ლოკაციის ასარჩევად და სანახავად, რომ გადაეწყვიტათ, სად რა დავალება გადაეღოთ. 6 იანვარს გავიდა ჰოლანდიის საზოგადოებრივ მაუწყებელზე შოუ ეთერში და 10 მარტს, განსაკუთრებული  ფინალია, სადაც გამარჯვებული უნდა დასახელდეს. ამ დღეს ამსტერდამის ცნობილ პარკში, დიდი ეკრანი იქნება დამონტაჟებული, სადაც 6-7 ათასი მაყურებელი შეიკრიბება. ისინი ელოდებიან გამარჯვებულს და შეგზავნილი „თხუნელას“ გამოვლენას. პარალელურად, ეკრანზე, პირდაპირ ეთერში გავა საქართველოს კადრები. ის თანხა კი, რაც დავალებების დროს გამოიმუშავეს, გამარჯვებულ მონაწილეს გადაეცემა. ასე რომ, ფინალს ათასობით ადამიანი ელოდება და შესაბამისად, იმ ქვეყნის კადრებს, სადაც ეს გადაღებები მიმდინარეობდა. ჟურნალ-გაზეთებშიც იწერება ჩვენზე სტატიები და ჰოლანდიურ სოციალურ ქსელში „ხეორხის“ მეტი არაფერი ხდება (იცინის). ეს შოუ, არა მარტო ჩვენი ქვეყნის ცნობადობას ზრდის უცხოეთში, არამედ სხვა კუთხით უჩვენებს ადამიანებს ჩვენს კულტურას, სამზარეულოს, არქიტექტურას, ეთნოგრაფიას და სტუმართმოყვარეობას.
– წარმომიდგენია, როცა ქართული სამზარეულო დააგემოვნეს, რა რეაქციები ჰქონდათ.
– ხინკალზე, მწვადსა და ხაჭაპურზე გაგიჟდნენ, ნიგვზიან ბადრიჯანზე კი, გადაირივნენ (იცინის). ახლახან გახლდით ჩასული ჰოლანდიაში და შემიკვეთეს, ის ნიგვზიანი ბადრიჯანი გაგვიკეთეო. ყოველ საღამოს ითვლიდნენ და მეუბნებოდნენ: ნინო, მე ამდენი ბადრიჯანი ვჭამე და მე ამდენიო (იცინის). სანამ ჩვენს სამზარეულოს დააგემოვნებდნენ, გადამღები ჯგუფის წევრები ამბობდნენ, გვიკვირს, რა ლამაზი ქალები გყავთ, თან, ყველა ფორმაშია და მამაკაცების უმეტესობას კი ღიპი რატომ ადევსო. მაგრამ, ჩვენი კერძები რომ დააგემოვნეს, მერე თქვეს, ამოვხსენით საიდუმლო, თქვენს საჭმელებს რომ ვუყურებთ, როგორ უნდა შეიკავო თავი და ღიპი არ დაიდოო (იცინის).
– ძირითადად, სად ხდებოდა გადაღებები?
– რუსთაველის თეატრში, მის გვირაბში, თავად რუსთაველის გამზირსა და 9 აპრილის ბაღში, ნავთლუღის ბაზარში, კონიაკის ქარხანაში, ვარკეთილში, მუღანლოს ხრეშის ქარხანაში, ყაზბეგში... რეჟისორი თბილისის ხედებით ძალიან მოიხიბლა, ძირითადი გადაღებები დედაქალაქში განხორციელდა და საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა. მაგალითად, რუსთაველის თეატრში მიმდინარეობდა სპექტაკლი „იულიუს კეისარი“. მონაწილეები ისხდნენ, როგორც ჩვეულებრივი მაყურებლები და მისდიოდათ შეტყობინება: გადამჯდარიყვნენ ერთმანეთის ადგილზე – ლოგიკური სტილის დავალება იყო. ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც პირველ ეპიზოდში გამოეთიშა შოუს, შემდეგ ეპიზოდში უნდა დაებრუნებინათ. ამ მონაწილისგან მისდიოდათ მესიჯი, ჩემთან გადმოდით და დავბრუნდები შოუშიო. ამ ეპიზოდში ის გაწირეს მოთამაშეებმა. საკმაოდ შთამბეჭდავი და მისტიკური აღმოჩნდა გადაღებები რუსთაველის თეატრის გვირაბში. ნავთლუღის ბაზარში კი, უნდა გენახათ, მოვაჭრეები როგორ გულშემატკივრობდნენ მონაწილეებს და ეხმარებოდნენ მინიშნებების ამოცნობაში. მათ ჰქონდათ მოვაჭრის ფოტო. უნდა მიეგნოთ მისთვის და ის მისცემდათ, მეორე მოვაჭრის ფოტოს. ის კი მიიყვანდა კონკრეტულ მინიშნებამდე. სამწუხაროდ, არ გვქონდა იმდენი დრო, რომ მთელი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები გვეჩვენებინა მათთვის, მაგრამ რაც ნახეს, იმითაც მოიხიბლნენ. რადგან გადაღებებისას, ჰოლანდიის პოპულარული სახეები დავალებების შესრულებით იყვნენ დაკავებულნი, ამბობდნენ, ისე ვერ აღვიქვით ის სილამაზე, რაც აქ იყო და საქართველოში, ტურისტად, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, აუცილებლად დავბრუნდებითო.  წინა სეზონების გამოცდილებით, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა, იმ ქვეყანაში ჰოლანდიიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩავიდა ტურისტად. ჩვენც, როცა ამ პროექტის შესახებ გავიგეთ, დიდი ინტერესით მოვეკიდეთ მას ამ თვალსაზრისითაც. ჰოლანდიიდან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, როგორც ვიცი, ამ შოუს ნახვის შემდეგ, ბევრმა გამოთქვა სურვილი, ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდეს და საკუთარი თვალით, რეალობაში ნახოს ის, რაც ტელეეკრანზე იხილა.
скачать dle 11.3