№7 რა სირთულეების გავლა უწევს ამერიკაში ნინი წიკლაურს და როგორ დაიწყო მან ცხოვრება ნულიდან
ნინი წიკლაური მეუღლესთან და პატარა, უსაყვარლეს შვილთან, საბასთან ერთად, ამერიკაში ცხოვრობს. მათ პატარა ოჯახს ბევრი სირთულის გამოვლა მოუწია. თუმცა, ნელ-ნელა შეძლეს ცხოვრების აწყობა, ამერიკულ რიტმში ჩასმა და წარმატების მიღწევა.
ნინი წიკლაური: უპირველეს ყოვლისა, ძალიან მომენატრა „თბილისელები”, მისი მკითხველი და ზოგადად, მთელი საქართველო. რაც შეეხება ჩემს აქაურ ყოფა-ცხოვრებას, როგორც ჩემ შემთხვევაში ხდება ხოლმე, მომიწია ყველაფრის თავიდან, ნულიდან დაწყება. ბევრი პრობლემატური საკითხის მოგვარებით, მაგრამ დღესდღეობით უკვე ერთ პროცენტზე ავედი. ზოგჯერ მგონია, რომ ფუტკრად ვარ დაბადებული, უბრალოდ, ადამიანის სახე მაქვს. მთელი ცხოვრება ვშრომობ, ვშრომობ, რაღაცას ვაკეთებ რაღაცისთვის. უმიზნოდ არცერთი დღე არ მიცხოვრია. შესაბამისად, როგორც კი ამერიკაში ჩამოდიხარ და იწყებ ცხოვრებას, მაშინვე გიჩნდება მიზანი. ჩემი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, საბა იყო, ჯერ არდაბადებული შვილი, რომელიც ვადაზე ადრე დაიბადა. გაგვახარა და პლუს ამას, ვადაზე ადრე დაგვეწყო მე და თემოს პრობლემები. როდესაც არ ელოდები და ორი თვით ადრე იწყება ყველაფერი, ძალიან რთულია. მით უმეტეს, როცა არ გყავს გვერდით დედა, ბებო, და, რამდენი ადამიანიც უნდა გეხვეოდეს თავზე, მაინც მარტო ხარ. მაგრამ, დღეს მე უკვე ფეხზე ვდგავარ, შემიძლია, სტუმრის მიღება, თუნდაც დარჩენა.
– რას გულისხმობ?
– ვიქირავეთ ცარიელი კედლები და ჩანგლიდან დაწყებული, ყველაფერი უნდა შეგვეძინა. თან, ის მომენტიც გვქონდა, რომ მე საავადმყოფოში ვიწექი, ბავშვიც, თემო თავზე გვედგა. მაგრამ, ძალიან დამეხმარა აქაური სამეგობრო წრე. განსაკუთრებით ნინო ჭელიძე, რომელმაც გატენილი მანქანით მოგვიტანა ნივთები: თეფშებიდან დაწყებული, საბანი, ბალიში, ყველაფერი. მინდა, მას საჯაროდ მადლობა გადავუხადო. ეს ადამიანი, არც კი მყავდა ნანახი. ჩვენი მეგობარი ოჯახისგან გაიგო, რომ ყველაფერი საყიდელი გვქონდა. რა თქმა უნდა, გარკვეული დანაზოგი ჩვენც გვქონდა საქართველოდან წამოღებული, მაგრამ ჩემმა და ბავშვის საავადმყოფოში წოლამ, მეც, თემოც ძალიან დაგვაბნია. არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. თან, თემო ერთი დღის ჩამოსული იყო და როგორც კი ჩამოფრინდა, საავადმყოფოში მოვიდა. მე რომ გამომწერეს, ისიც წამოვიდა. პირველი გაჭირვების ტალღა ვერ ვიგრძენით, ნინო ჭელიძის დახმარების წყალობით. ნოზაძეებისა და ჭამიაშვილების მთელ ოჯახსაც მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა. ამ ქვეყანაში როგორ დავიწყეთ პირველი ეტაპი, არ მახსოვს, იმდენად შეგვიმსუბუქეს მათ ეს პერიოდი. ის კადრი არ მავიწყდება, როცა თემო დაბლა ჩავიდა და ელოდებოდა, პარკით მიაწვდიდა რამეს. მანქანის საბარგული რომ გააღო, ნივთები ცვიოდა. რომ ამოვიტანეთ სახლი გაივსო, გავიხედეთ და ბინა მოწყობილია.
– წარმოიდგენდი, რომ ასეთი ეტაპი დადგებოდა შენს ცხოვრებაში?
– ცხოვრება არაერთხელ დავიწყე ნულიდან, მაგრამ ღვთის ნებით, ყოველთვის მივდიოდი რაღაც ეტაპამდე. საქართველოში რასაც ვშრომობდი, იმას ვიღებდი. შემოსავალიც იმდენი მქონდა, რომ ჩემს ახალშექმნილ ოჯახს არაფერს ვაკლებდი. მეგობრებისთვისაც შემეძლო საჩუქრები მეყიდა. მაგრამ, გავრისკე და წამოვედი, რადგან მინდა, ჩემს შვილს ნათელი მომავალი ჰქონდეს. იმას ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში მას არ ექნება ნათელი მომავალი, უბრალოდ, წინ გადავადგმევინე ერთი ნაბიჯი.
– რომ არა თემო, ალბათ, ამდენს ვერ შეძლებდი.
– თემოს გარეშე, ერთი დღეც ვერ ვიცხოვრებდი ვერც თბილისში და ვერც აქ. ხომ ამბობენ: ოჯახში კაცები იცვლებიანო, თემო მართლა შეიცვალა, მაგრამ
კიდევ უფრო უკეთესობისკენ. ჩემს თავს სულ კონკიას ისტორიები ხდება ხოლმე და ახლა მართლაც ასეა. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ზედმეტი შესაძლებლობები გვაქვს, თავზე გვაყრია – იოტისოდენაც არ გვაქვს მეტი. მე მაქვს დევიზი, რომ საბანი სადამდეც გაგვწვდება, იქამდე უნდა დავიფაროთ და თემო ამაში სულ მეწინააღმდეგება: სადამდეც დაჯერდები, იმაზე წინ ვერ წახვალო. იმაზე მეტი გემოვნებაც გვაქვს, რაც გვაცვია, იმაზე მეტი პირის გემოც გვაქვს, რასაც ვჭამთ. მაგრამ, რასაც ჩვენი შრომით ვაკოწიწებთ, იმას ვირგებთ. თემო ძალიან ადრე, რომ ბნელა, მაშინ მიდის, გამთენიისას. სანამ ის სახლში მოვა, მე მთელი დღე მოსწავლეები მყავს, რომელთაც საბასთან ერთად ვუტარებ გაკვეთილებს. საბაც ძალიან ხელშემწყობი ბავშვი აღმოჩნდა. ზის საათობით და თამაშობს ჩემი გაკვეთილების ფონზე. მე და 9 თვის საბა ერთად ვმუშაობთ მთელი დღის განმავლობაში. საღამოს, როცა თემო მოდის, უცებ ვიცვამ, გავრბივარ სტუდიაში. ბავშვებთან ვატარებ ლექციებს, იქიდან კი გავრბივარ სამღერად და სახლში დაახლოებით 3-4 საათზე ვბრუნდები. (საღამოობით ვმღერი Passage-ში და ვოკალური სტუდიის, „ციცინათელას“ მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ) ამ პერიოდში თემო უვლის საბას. მიუხედავად ჩემი არაადამიანური რეჟიმისა, უკვე მივეჩვიე, რადგან საქართველოშიც ასე ვიყავი. როცა ახალგაზრდა ხარ, ვალდებული ხარ, ამ რეჟიმში იმუშაო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართული კულტურის ცენტრ „ფესვებს“.
– ცოტა ხნის წინ სტატუსიც დაწერე: თემოს დაქორწინების ორი წლის იუბილეს ულოცავდი და წერდი, რომ ძალიან ბევრი სირთულე გამოიარეთ.
– ყველაზე დიდი სირთულე ის იყო, რომ ახალშექმნილმა ოჯახმა უცებ დაიწყო უყველაფროდ ცხოვრება. ეს ფსიქოლოგიურად იმხელა სტრესია, ალბათ, ძლიერი ადამიანი უნდა იყო, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. თან, ბავშვთან ერთად, რომლის პამპერსის გამოცვლაც კი არ ვიცოდი.
– ასეთი დაძაბული რიტმის, რეჟიმის შემდეგ, ერთმანეთისთვის თუ გრჩებათ დრო?
– აბა, რა. კვირა არ გავა, ჩემს ოთახში ახალი ყვავილები არ იყოს. ბუშტები ძალიან მიყვარს და ოთახი არასდროსაა ბუშტების გარეშე. თემო ყველანაირად ცდილობს, გამახაროს. მე სასწაულ კერძებს ვუკეთებ. ცხოვრებაში რომ ვერ წარმოვიდგენდი: ჩიხირთმას, ჩახოხბილს გავაკეთებდი, ისეთ გემრიელს ვაკეთებ... ჯერ ტელეფონზე ვიყავი ჩამოკიდებული, მერე „იუ თუბიდან“ ვიღებდი რაღაცებს და ახლა, აღარაფერს ვუყურებ, ჩემით ვაკეთებ და თემოც ძალიან ბედნიერია.
– ულამაზესი და უსაყვარლესი შვილი გყავთ.
– ზოგადად, არ მიყვარს, შვილებს რომ აქებენ, მასზე ლაპარაკობენ, მაგრამ გარეთ რომ გამყავს, ერთი ადამიანი არ არის, ვინც შეხედავს და არ იტყვის: ო, მაი გად. რა ფერის თვალები აქვს... როგორი ბავშვია... თან, თვითონაც თბილია და ყველას ეფერება. მაღაზიებში, სადაც ტანსაცმლის საყიდლად მივიყვანე, ტელეფონის ნომრები მომცეს: რეკლამაში უნდა გადავიღოთო. კარგი, მოგიყვანთ-მეთქი და ვაპირებ წაყვანას. რამდენადაც რთული იყო და კიდევ უფრო რთულდება საბას მოვლა, მით უფრო მეტად ტკბილდება მისი ჩვენს ცხოვრებაში არსებობა. სამივე ერთად გავდივართ სირთულეებს, როგორც საბა ეცნობა სამყაროს, როგორც მისთვისაა ყველაფერი ახალი, ჩვენთვისაც ასეა. ერთად ვსწავლობთ ცხოვრებას და ვხვდებით ამ ახალ სამყაროს. როგორც საბა სწავლობს ჭამას, სიარულს, საუბარს, ჩვენც ასევე, ვსწავლობთ როგორ ვასწავლოთ მას ეს ყველაფერი. სამივე ერთად ვიზრდებით.
– რა იყო ბავშვთან ურთიერთობაში ყველაზე დიდი პრობლემა?
– ჭამა, რადგან საბას მამამისივით არ უყვარს ჭამა და ამაზე ვნერვიულობთ. აქაური ექიმები მეუბნებიან: არასდროს დააძალო ჭამაო. რაც მთავარია, ბავშვი მყავს ბუნებრივ კვებაზე. აქ ასეთ რამეს დიდ პატივს სცემენ და რომ იგებენ, ისეთ რაღაცებს მეუბნებიან – გაოგნებულები არიან და გახარებულები: არ იცი, შენ ბავშვისთვის რას აკეთებო. სიყვარული იყო ის ერთადერთი მიზეზი, რომელიც მეც, თემოსაც და საბასაც გვაკეთებინებს ყველაფერს. როცა მე და თემო ერთმანეთს ვუყურებთ, არ ვიცით, რა გავუკეთოთ ბავშვს, ვრეკავთ, ინტერნეტში ვეძებთ რაღაცებს, ხალხის აზრს ვკითხულობთ და ამის შემდეგ ვასმევთ წამალს. ასე, რომ, საბასაც სიძნელები აქვს ჩვენთან მიმართებაში. მაგრამ, სიყვარული ყველაფერში გეხმარება. ემიგრაცია ძალიან დიდი სტრესია. არ აქვს მნიშვნელობა, აქ როგორ ხარ მოწყობილი. როგორც კი იმ პირობებს შევქმნი, რომ საბა მანდ კარგად იქნება, იმ დღესვე ჩამოვალ. მე იმისთვის არ წამოვსულვარ, რომ ჩემიანების მონატრებით მოვკვდე: ასეთი ძლიერიც არ ვარ. როცა სულში არ განიცდი კომფორტს, ნივთები, ფული, საგნები ვერ განგაცდევინებს.
– ცოტა ხნის წინ საბა მონათლე.
– რუსულ მართლმადიდებლურ ტაძარში მოვნათლეთ. საქართველოში ვგეგმავდი, მაგრამ, რადგან ჩვენი წამოსვლა იწელებოდა და არ მინდოდა, ჩემს შვილს დიდიხანს ეცხოვრა როგორც არაქრისტიანს, უცებ გადავწყვიტეთ მონათვლა. ამერიკაში ჰყავს ნათლიები, ჩემი მეგობრები, რომლებიც 24 საათი გვერდში მიდგანან. ბიბლიის მიხედვით მოვიქეცით, გადავწყვიტეთ, მხოლოდ თავისივე სქესის ნათლიები ჰყოლოდა. 4 ნათლია ჰყავს და სამი მოხსენიებული, ანუ, სულ – 7.