№7 რა ძირითადი გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს უნაყოფო წყვილმა
კლინიკა „ინ ვიტრო” არის ლიდერი ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში არა მარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ინ ვიტრო განაყოფიერებას 20 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი ბ-ნი გია ცაგარეიშვილისა და ქ-ნი ნატალია ხონელიძის გუნდის მიერ და დღემდე ათასობით იმედგადაწურული ოჯახისათვის ბედნიერების მოტანის საწინდარი გახდა. მრავალწლიანი გამოცდილება, უახლესი ტექნოლოგიები, მაღალი პროფესიონალიზმი, პაციენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება და უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო კავშირი კლინიკა „ინ ვიტროს” წარმატების გარანტიაა.
უნაყოფობა არის სინდრომი, როდესაც 12 და მეტი თვის განმავლობაში დაუცველი, რეგულარული, სქესობრივი ცხოვრების ფონზე ორსულობა არ დგება.
მსოფლიოში რეპროდუქციული ასაკის ყოველი 6 წყვილიდან 1-ს აღენიშნება უნაყოფობა:
• 20-35%-ში უნაყოფობა გამოწვეულია ქალის ფაქტორით
• 20-30%-ში - მამაკაცის ფაქტორით
• 25-40%-ში - ორივეს ფაქტორით ერთად
• 10-20%-ში უნაყოფობის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება
შესაბამისად, უნაყოფობის პრობლემის არსებობისას აუცილებელია როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ერთობლივი გამოკვლევა, რისთვისაც ყველა პირობაა შექმნილი ჩვენს კლინიკაში.
ზოგადად, უნაყოფობის თვალსაზრისით წყვილის გამოკვლევას ვიწყებთ თუ 1 წლის განმავლობაში, დაუცველი, რეგულარული სქესობრივი ცხოვრების ფონზე ორსულობა არ დადგა, ხოლო თუ ქალის ასაკი აღემატება 35 წელს - უნაყოფობის მიზეზის დადგენა მიზანშეწონილია დაუცველი, რეგულარული სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან უკვე 6 თვის შემდეგ.
ქალის ასაკი – ეს არის პირველი და მთავარი მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს ორსულობის შანსის პროგნოზის საშუალებას როგორც ბუნებრივ, ისე ინ-ვიტრო ციკლში.
ქალის გამოკვლევისას ხდება საკვერცხეების, საშვილოსნოს, საშვილოსნოს მილების მდგომარეობის შესწავლა.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანამნეზის დაწვრილებით შეკრებას - ყურადღება ექცევა მენსტრუაციული ციკლის რეგულარობას, მენსტრუაციული სისხლდენის ხასიათს, სხეულის მასის ინდექსს, სხეულზე ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილების ტიპს, ჰიპერანდროგენიის გარეგნული ნიშნების (ჭარბთიანობა, აკნე) შეფასებას, ქირურგიულ ჩარევებს მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე, სქესობრივი ცხოვრების სიხშირეს და ა.შ.
გამოკვლევის პირველ ეტაპზე ფასდება საკვერცხეების რეზერვი, რისთვისაც ტარდება სისხლის ჰორმონული ანალიზი - AMH, FSH, E2 და ულტრასონოგრაფიული კვლევა საკვერცხეებში ფოლიკულების რაოდენობის დადგენის მიზნით, შემდეგ ვაფასებთ დროულად ხდება თუ არა ოვულაცია (ფოლიკულის მომწიფება და გასკდომა).
საშვილოსნოს მდგომარეობის შეფასებისთვის ტარდება 2D და 3D ულტრასონოგრაფიული კვლევა, საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიაზე ეჭვის შემთხვევაში რეკომენდებულია დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპიის ჩატარება.
ვინაიდან საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია ჰორმონულ სტატუსთან, ტარდება სისხლის ჰორმონული ანალიზი. საკვერცხის ჰორმონების გარდა, ფასდება ჰიპოფიზის, ფარისებრი, თირკმელზედა ჯირკვლების, პანკრეასის ფუნქციონირება.
საშვილოსნოს მილების შეფასებისთვის ტარდება ჰისტეროსალპინგოგრაფია, ჰისტეროსალპინგო-კონტრასტ-ულტრასონოგრაფია.
დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია უნაყოფობის კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები, ქირურგიული ჩარევა მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე, ენდომეტრიოზი ან პაციენტებში, რომლებთანაც უნაყოფობის მიზეზის დადგენა, ზემოთ აღნიშნული კვლევებით, ვერ მოხერხდა.
ორსულობის დაგეგმვამდე ხორციელდება TORCH და უჯრედშიდა ინფექციებისკვლევა. ასევე წყვილში ტარდება სკრინინგი აივ-ინფექციის, ჰეპატიტების გამოვლენის მიზნით.
საჭიროების შემთხვევაში ტარდება გენეტიკური ანალიზი, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის.
მამაკაცის კვლევისას პირველ ეტაპზე ვაფასებთ სპერმოგრამის მონაცემებს, რომლებიც უნდა შეფასდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ მოწოდებული უახლესი კრიტერიუმებით, რომლის მიხედვითაც ნორმალურ სპერმად ითვლება თუ:
• სპერმატოზოიდების კონცენტრაცია ეაკულატის 1 მილილიტრში აღემატება 15 მლნ-ს, ხოლო მთელ ეაკულატში - 39 მლნ-ს
• მოძრავი სპერმატოზოიდების პროცენტული შემცველობა აღემატება 40% -ს, ხოლო პროგრესულად მოძრავის - 32%-ს
• ნორმალური მორფოლოგიის მქონე სპერმატოზოიდების კონცენტრაცია მეტია 4% -ზე.
თუ სპერმოგრამის მაჩვენებლები ნორმას არ შეესაბამება, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით რეკომენდებულია მისი განმეორება. საჭიროების შემთხვევაში ტარდება ჰორმონული კვლევა მამაკაცებში.
ეაკულატში სპერმატოზოიდების არარსებობის დროს (აზოოსპერმია) ტარდება სათესლე ჯირკვლების ბიოფსია სპერმატოზოიდების დეტექციის მიზნით.
რაც შეეხება, ანტისპერმალური ანტისხეულების განსაზღვრას სისხლსა თუ სპერმაში, ასევე ცერვიკალური ლორწოს პოსტკოიტალური ტესტის ჩატარება არ არის რეკომენდებული მათი დაბალი ინფორმატიულობის გამო.
ქეთევან კაკაშვილი:
რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი
ქ.თბილისი, ლუბლიანას 2/6
ქ.ბათუმი, ვახტანგ გორგასლის 159ბ
+995 32 2 15 77 77
www.invitro.ge
In Vitro Clinic.კლინიკა ინ ვიტრო