№7 რას ეხვეწებოდა კათალიკოსი ნიკოლოზ მესამე დიმიტრი თავდადებულს და რატომ გადადგა ის საკათალიკოსო ტახტიდან
როცა მცირეწლოვანი დიმიტრი მეორე, დავით მეშვიდე ულუს ძე, ავიდა ტფილისის ტახტზე, საქართველო გაყოფილი იყო სამ ნაწილად. აფხაზეთში, დასავლეთ საქართველოში, დავით მეექვსე ნარინი მეფობდა, რომელიც არ ცნობდა მონღოლთა ბატონობას. 1266 წლიდან, სამცხე საილხანოს მონღოლთა პირდაპირი მმართველობის ქვეშ იყო, არ ემორჩილებოდა ტფილისს (არც ქუთათისს). მონღოლებისადმი ამგვარ დაქვემდებარებას „ხასინჯუ” ეწოდებოდა. დიმიტრი მეფის ხელისუფლება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოზე და სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილზე ვრცელდებოდა. ეს ვითარება ძალიან აწუხებდა ჭაბუკ ხელმწიფეს. გარდა ამისა, მეფის არასრულწლოვნებისას მთელი ძალაუფლება ხელში ჩაუვარდა სადუნ მანკაბერდელს, რომელიც ისე აღზევებულიყო ყაენის დახმარებით, რომ მეფეს ამირსპასალარად და ათაბაგად ჰყავდა დანიშნული.
1270-იანი წლების ბოლოს, სარგის ჯაყელი და მისი ვაჟი ბექა, რაღაც მიზეზის გამო განუდგნენ ყაენ აბაღას. თუმცა, ყაენის ჯართან შებრძოლებაზე უარი თქვეს. შემდეგ სარგისი გარდაიცვალა და სამცხის მთავარი გახდა მისი ძე. ყაენმა ბექა ჯაყელი შეირიგა და სამცხე კვლავ მონღოლთა პირდაპირ დაქვემდებარებაში დარჩა. იმ ხანებში მონღოლებმა გადაწყვიტეს, კიდევ ერთხელ გაელაშქრათ ეგვიპტის წინააღმდეგ და დიმიტრი მეფესა და ბექას სამხედრო ძალებით დახმარება მოსთხოვეს. ვინაიდან, დავით ნარინი არ ემორჩილებიდა მონღოლებს, ჯარსაც არ ახმარდა.
მივიდა ბექა მონღოლებთან თავისი ჯარით. დიმიტრი მეფეც იძულებული იყო, დამორჩილებოდა მონღოლებს და მათთვის ებრძოლა.
მონღოლები და ქართველები შეიჭრნენ სირიაში, რომელიც ეგვიპტის სასულთნოს ექვემდებარებოდა. სხვა ქართველებთან ერთად, მესხებმაც გამოიჩინეს თავი ბრძოლებში. საბოლოოდ, ეგვიპტელებმა მოახერხეს მონღოლთა დამარცხება. თუმცა, თვითონაც დიდი ზარალი ნახეს. მართალია, მონღოლები და ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ, აბაღა ყაენი არ გამწყრალა არც თავის ძმაზე, არც ქართველებზე, რადგან იცოდა, ეს შემთხვევით მოხდა. ეგვიპტელებმა 200 ჩერქეზი მამლუქის მიერ მოულოდნელად განხორციელებული ქმედებით გაიმარჯვეს – მოატყუეს მანგუ დემური, ყაენ აბაღას ძმა, მონღოლთა ჯარის მეთაური, ვითომ მის მხარეს გადავიდნენ და მოტყუებით მძიმედ დაჭრეს. ამიტომ, როცა ქართველები დაბრუნდნენ აბაღასთან, ყაენმა დიდი პატივი სცა ჩვენს ხელმწიფეს, მის მეომრებს, ასევე ბექა ჯაყელს და შინ გამოუშვა. ამგვარად, სამცხე ისევ ჩამოშორებული დარჩა ტფილისის ტახტს.
მომავალ წელსაც უნდოდა ჯარის გაგზავნა ეგვიპტელებთან საომრად აბაღას, მაგრამ მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა მისი ძმა, მანგუდემური. 1282 წელს მოკვდა აბაღა ყაენიც. იმავე ხანებში გარდაიცვალა სადუნ მანკაბერდელიც. სადუნ მანკაბერდელს სამი ცოლი ჰყავდა, მათ შორის, მეფე დიმიტრის და, რომელიც მან გამოისყიდა მონღოლი დიდებულის, არღუნ აღას შვილის ცოლობიდან და თვითონ დაისვა ცოლად. კათალიკოსი ნიკოლოზ მესამე ხშირად შეაჩვენებდა ხოლმე სადუნს მრავალცოლიანობისთვის. ხოლო მეფეზე გამწარებული იყო, მესამე ცოლად მას და, მეფის ასული რომ მიათხოვა.
საილხანოს ტახტისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა აბაღას ძმამ, თაქუდარმა (თოგუდანი). ის ბავშვობაში ნესტორიანულად ყოფილა მონათლული და ერქვა ნიკოლოზი. მაგრამ, იმ დროს, ირანში გაბატონებულ მონღოლთა შორის, ისევე როგორც ოქროსა და ჩაღათას საყაენოებში, მოდაში შემოდიოდა მაჰმადიანობა, რომლის გავრცელებასაც ადგილობრივი მაჰმადიანები, ცდილობდნენ. ახალი ყაენიც ისლამის მიმდევარი გახდა და დაირქვა აჰმადი. მანამდე, მონღოლებში ისედაც გავრცელებული იყო მრავალცოლიანობა. ჰყავდათ ხოლმე ხარჭებიც. გამაჰმადიანებული მონღოლები ხშირად ოთხ ცოლს ირთავდნენ. მაჰმადიანები ახალ ყაენს აჰმად სულთანს უწოდებდნენ.
ასეთი ვითარება არ იყო კარგი ქრისტიანებისთვის. მონღოლები, თავიდან, ქრისტიანებს უფრო აფასებდნენ, ვიდრე მაჰმადიანებს. ადრე მონღოლთა შორის არსებობდნენ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქრისტეს აღმსარებლობის ნესტორიანული მიმდინარეობის მიმდევრები. ირანში, საუკუნეების განმავლობაში, მართლმადიდებლობისგან განსხვავებულ, ანუ ანტიბიზანტიურ მიმდინარეობებს იყენებდნენ ბიზანტიის წინააღმდეგ. ამიტომ, მონღოლების ირანსა და სხვა აღმოსავლურ ქვეყნებში მისვლისას, ნესტორიანელები იქ არსებობდნენ. თავიდან, მონღოლთა შორის ნესტორიანელობა გავრცელდა. ნესტორიანელები დადებითად უყურებდნენ ქართველ ქრისტიანებს. ნესტორიანელთა შორისაც იყო გავრცელებული გადმოცემა, ბაგრატიონების დავით წინასწარმეტყველისგან წარმოშობის შესახებ. ამ გადმოცემის დამსახურებით, პატარაობისას, სიკვდილს გადარჩა დიმიტრი უფლისწული, როცა მძევლად იყო ურდოში. ის ყაენის ცოლმა, ნესტორიანელმა დედოფალმა, იხსნა სიკვდილისგან.
მაგრამ, დიმიტრი მეორის მეფობის ხანაში საილხანოს მონღოლებში სულ უფრო პოპულარული ხდებოდა ისლამი. საილხანოს მონღოლთა შორის მაჰმადიანობის გაძლიერება კულტურულ და პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა ჩვენს წინაპრებს, რადგან, მაჰმადიანები გაცილებით ძლიერები იქნებოდნენ და უფრო შემოგვიტევდნენ, ვიდრე მონღოლი წარმართები. მაჰმადიანები აგრესიულად იყვნენ განწყობილნი ქართველებისადმი და მონღოლურ ძალას გამოიყენებდნენ ქართველთა ქრისტიანობის წინააღმდეგ. ეს მართლა ასე მოხდა შემდეგში, როცა დიმიტრის ძე, მეფე ვახტანგი მოკლეს მაჰმადიანმა მონღოლებმა. გარდა ამისა, მონღოლური წეს-ჩვეულებები ფეხს იკიდებდა ჩვენშიც. ამის მაგალითი გახლდათ ამირსპასალარ-ათაბაგ სადუნის მრავალცოლიანობა.
აჰმად ყაენმა შეცვალა წინამორბედი ყაენების პოლიტიკა ეგვიპტის მიმართ და ომის მაგიერ, ეგვიპტელებს, როგორც მაჰმადიანებს, მშვიდობა და სავაჭრო ურთიერთობები შესთავაზა.
დიმიტრი მეორე ურდოში ეახლა ახალ ყაენს, აჰმადს და მორჩილება გამოუცხადა. აჰმადმაც დიდი სიხარულით მიიღო ქართველთა მეფე. იქვე, აჰმად ყაენის ნებით, მოხდა ერთი პოლიტიკური ქორწინებაც. დიდი ნოინის, ბუღას ვაჟს ცოლად შერთეს დიმიტრი მეფის ასული რუსუდანი. ამისთვის ძალიან განურისხდა კათალიკოსი ნიკოლოზი მეფეს – რად მიათხოვე შენი ასული წარმართსო.
მაგრამ, დიმიტრი თავდადებული ვერ შეძლებდა უარი ეთქვა მონღოლთა ყაენისთვის და მისი გავლენიანი ნოინისთვის, ბუღასთვის. ახალგაზრდა ხელმწიფე ქვეყნის მეთაური გახლდათ და იძულებული იყო ანგარიში გაეწია რეალობისთვის. ქართველი პრინცესების პირადი ცხოვრება, ძალიან ხშირად, სამშობლოს ინტერესებს ეწირებოდა. არა მარტო პრინცესების, არამედ მეფის პირადი ცხოვრებაც პოლიტიკასა და სამშობლოს ინტერესებზე იყო დამოკიდებული. დიმიტრი მეფეს ჰყავდა ცოლი, ტრაპიზონის კეისრის ასული. ტრაპიზონის სამეფო მუდამ ჩვენი ინტერესის სფერო იყო. იქ ხომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართველები, ჭანები იყვნენ. ქართველი მეფეები, შეძლებისდაგვარად, ცდილობდნენ, ტრაპიზონზე თავისი გავლენა გაევრცელებინათ. გარდა ამისა, დიმიტრი მეფეს ცოლად ჰყავდა მონღოლი ქალიც, სოლღარი. ის ვერ შეძლებდა მონღოლებისთვის უარი ეთქვა და არ მოეყვანა მონღოლი ცოლი. ტრაპიზონელ ცოლს ვერ გაუშვებდა და ვერც მონღოლს.
გარდა ამისა, დიმიტრი მეფემ ცოლად მოიყვანა ბექა ჯაყელის ასული, ნათელაც. ალბათ, სამცხის სრულიად დაკარგვისგან გადასარჩენად, ან იქნებ უყვარდა კიდეც. ან ორივე ერთად.
მემატიანეს თქმით, დიმიტრი მეფე კარგად მართავდა ქვეყანას, მორწმუნე იყო, აშენებდა და უვლიდა მონასტრებს, ღამეებს მეტანიებში ათენებდა. მაგრამ, შემდეგ წარმართთა წესებზე გადავიდა, სამი ცოლი მოიყვანაო. კათალიკოსი ნიკოლოზ მესამე ამხელდა მას, მაგრამ მეფე არ უსმენდა.
ვეღარ გაუძლო ნიკოლოზ კათალიკოსმა და გადადგა. კათალიკოსად მასვე გამოურჩევია მეფის ჯვარის მტვირთველი აბრაამი (პირველი). ნიკოლოზ კათალიკოსყოფილი თავის მამულში გაემგზავრა და იქ გარდაიცვალა ქრისტეს მსახურებაში.
დიმიტრი მეფეს ტრაპიზონის კეისრის ასულისგან შეეძინა მომავალი მეფეები: დავით მერვე და წმიდა ვახტანგ მესამე, ასევე, უფლისწულები: მანოელი, ლაშა და ასული რუსუდანი. მონღოლი ცოლისგან მეფეს ჰყავდა უფლისწულები: ბადური, იადგარი და ასული ჯიგდა. ჩვენს თავდადებულ მეფეს ნათელა ჯაყელმა უშვა მომავალი დიდი ხელმწიფე - გიორგი ბრწყინვალე.
წინ დიდი გამოცდა ელოდა ჩვენს ხელმწიფეს.