№7 სატყუარა
– არწივო, ორბი ვარ, მიპასუხე.
– გისმენ, ორბი, რა ხდება?
– „სულებმა“ შემოგვიტიეს. ჭიანჭველებივით მოდიან. სიმაღლეს ძლივს ვიკავებთ. ტყვია-წამალი გველევა და ბევრია დახოცილი. სასწრაფოდ დამხმარე ძალა გამოგზავნეთ.
– გამაგრდით, ორბო. დამხმარე ძალა მალე მოვა. ვერტმფრენები უკვე ავწიეთ.
– გელოდებ... – რადიომეკავშირეს სიტყვა გაუწყდა, რადგან ნაღმმტყორცნიდან გასროლილი ჭურვი მის შორიახლო აფეთქდა და ოციოდე წლის პირტიტველა ბიჭი თავის რადიოსადგურიანად ნაფლეთებად აქცია.
მეთხუთმეტე სიმაღლეზე კი, გააფთრებული, სისხლისმღვრელი ბრძოლა მიმდინარეობდა. პოლკოვნიკ რიუმინის პოლკი სულს ღაფავდა. ავღანელი მოჯაჰედები ყოველი მხრიდან უტევდნენ. სწრაფად ავიწროებდნენ წრიულ თავდაცვაზე გადასულ ჯარისკაცებს. თავად მეთაური, მისი მოადგილე და პირადი შემადგენლობის სამოცდაათი პროცენტი დაიხოცა. ჯარისკაცთა თხუთმეტი პროცენტი მძიმედ დაიჭრა და მხოლოდ პირტიტველა ჯარისკაცთა თხუთმეტი პროცენტი იბრძოდა. ისინი სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ უამრავ, გამოცდილ ავღანელ მოჯაჰედს, რომლებიც უშიშრად მიიწევდნენ წინ. არც თავს ზოგავდნენ, არც მოწინააღმდეგეს და ცეცხლისა და ტყვიის წვიმას ატეხდნენ თავს სიმაღლის მამაც დამცველებს.
მეთხუთმეტე სიმაღლე ქალაქ ყანდაღარის სამხრეთით მდებარეობდა. სტრატეგიული წერტილი იყო და საბჭოთა ჯარს ეკავა. მოჯაჰედებს ყოველთვის თვალი ეჭირათ მასზე. არაერთხელ შეეცადნენ მის ხელში ჩაგდებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. ავღანეთის ომის ამ ერთ-ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ წერტილს, საბჭოელები ყოველთვის განსაკუთრებულად იცავდნენ. 1988 წლის ოქტომბერი იდგა. ავღანური კამპანია დასასრულს უახლოვდებოდა. მსოფლიოში პოლიტიკური მდგომარეობა იცვლებოდა. „ცივი ომი“ დასასრულისკენ მიდიოდა. მიმდინარეობდა მოლაპარაკება ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის თაობაზე. წინასწარი შეთანხმებაც გაფორმდა და აქედან გამომდინარე, საბჭოელებმა მეთხუთმეტე სიმაღლის დაცვაც შეასუსტეს. იქიდან დიდძალი ცოცხალი ძალა, მძიმე შეიარაღება გამოიყვანეს და მხოლოდ პოლკოვნიკ რიუმინის მსუბუქად შეიარაღებული პოლკი დატოვეს, სადაც ოციოდე წლის გამოუცდელი, პირტიტველა ჭაბუკები ირიცხებოდნენ. სამხედრო-სტრატეგიული კუთხით, ეს იყო მიუტევებელი შეცდომა, რადგან ერთი საშუალო სიმძლავრის შეტევა მყისიერად გაანადგურებდა ამ სიმბოლურად გამაგრებულ პოსტს. ამის შესახებ კარგად უწყოდნენ საბჭოთა ჯარების შტაბში და ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც სიმაღლიდან დაცვის მოხსნას. თუმცა, პოლიტიკოსების სიტყვამ გადაწონა. სტრატეგიული სიმაღლე დაუცველი დატოვეს და შედეგმაც არ დააყოვნა. შეთანხმებიდან სულ რაღაც ოთხი დღე იყო გასული, როდესაც მოჯაჰედებმა დიდი ხნის ნანატრი იერიში მიიტანეს სიმაღლეზე და დარწმუნებულები იყვნენ, რომ იოლად დაიპყრობდნენ მას. თავიდან მართლაც ასეთი პირი უჩანდა შეტევას, რადგან მოულოდნელმა იერიშმა მრავალი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, პოლკოვნიკმა რიუმინმა მოახერხა ძალების მობილიზება და პოლკი წრიულ თავდაცვაზე გადაიყვანა. ამან მოჯაჰედების შეტევა შეაჩერა, მაგრამ დროებით. ბრძოლაში ახალი ძალები ჩაერთნენ და გაათმაგებული გააფთრებით შეუტიეს. ჯერ რიუმინის მოადგილე დაიღუპა, შემდეგ თავად მეთაურიც. ამას თითქოს უნდა ჩაექრო გადარჩენილ ჯარისკაცთა მებრძოლი სული და მტერს დანებებოდნენ. თუმცა, პირიქით მოხდა. დაცვის ორგანიზება თავის თავზე აიღო ცხრამეტი წლის რიგითმა ჯარისკაცმა ჯიმშერ ბუზოღლიმ. მან თანამებრძოლები საცეცხლე წერტილებზე განალაგა და სიმაღლის თავგანწირული დაცვა განაგრძო. რადიომეკავშირე რომ მოკლეს, სიმაღლის დამცველთაგან სულ ოცდაათი ჯარისკაცი იყო ცოცხალი. მათ შორის ნახევარი კი – მძიმედ დაჭრილი და ბრძოლის უუნარო.
სასტიკი ბრძოლა უფრო გააფთრდა. მოჯაჰედებმა ნაღმმტყორცნები აამუშავეს და სიმაღლის დამცველთა ბანაკში ჯოჯოხეთური ცეცხლი ააგიზგიზეს. დამხმარე ძალა კი ჯერაც არ ჩანდა. ბუზოღლი და მისი მეგობრები თავდაუზოგავად იბრძოდნენ. კიდევ ათი კაცი დაიღუპა და სიმაღლეს უკვე ხუთი ჯარისკაცი იცავდა.
– გამაგრდით, ძმებო! „სულებს” არ შეუშინდეთ! – ღრიალებდა ბუზოღლი და ტყვიამფრქვევიდან შეუჩერებლად ისროდა.
უცებ სიმაღლის დამცველთა ბანაკში ნაღმმტყორცნის ექვსი ჭურვი ერთბაშად აფეთქდა და თხუთმეტივე მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი ნაფლეთებად აქცია. მოჯაჰედების მორიგმა იერიშმა კი, უკვე სამი მეგობარი გამოაცალა ხელიდან ჯიმშერს. ორნი დარჩნენ, მაგრამ ცისფერთვალება გოლიათმა პავლე სომოვმა წონასწორობა დაკარგა. ცალ ხელში უზარმაზარი ტყვიამფრქვევი მოიმარჯვა, მეორეში – ყუმბარების შეკვრა, საფარიდან გამოვარდა და შეტევაზე გადმოსული, გაოგნებული მოჯაჰედებისკენ სროლითა და ღრიალით გაიქცა. ორმოცდაათიოდე მეტრი ტყვიების წვიმაში გადაირბინა. მისი უზარმაზარი სხეული ათეულობით ტყვიამ გახვრიტა, მაგრამ ისე იყო გააფთრებული, ინერციით კვლავ წინ მიიწევდა. მისი ტყვიამფრქვევი კი შეტევაზე გადმოსულ მტერს ცელავდა. როდესაც ის მოჯაჰედთა მოწინავე მწკრივს მიუახლოვდა, ყუმბარების შეკვრა ერთბაშად ააფეთქა და ათიოდე „სული“ საიქიოში გაიყოლა.
ეს სცენა სულ რაღაც ოციოდე წამს გაგრძელდა. ბუზოღლი თვალებანთებული, სულგანაბული უმზერდა მას და როცა აფეთქებული სომოვისა და მოჯაჰედების სხეულთა ნაფლეთები ჰაერში აირია, ჯიმშერი გამოფხიზლდა. ტყვიამფრქვევს ხელი დაავლო და ისიც სომოვივით გააფთრებული, სროლა-სროლით, გაიჭრა მტრისკენ. ამ დროს ცაზე ვერტმფრენები გამოჩნდნენ, რომლებმაც დამხმარე ძალა ჩამოიყვანეს სიმაღლეზე. მედესანტეთა პოლკის შენაერთი სწრაფად გადანაწილდა და შეტევაზე გადმოსულ მოჯაჰედებს მუსრის გავლება დაუწყო. ამ შენაერთს ოცდახუთი წლის კაპიტანი, ჯაბა მენაბდე მეთაურობდა. მისი მებრძოლები კარგად გაწვრთნილი პროფესიონალები იყვნენ. არაერთი წარმატებული ოპერაცია ჰქონდათ ჩატარებული და ხელმძღვანელობა მათ ყველაზე ცხელ წერტილებში აგზავნიდა. თავად ჯაბაც უზადო მეომარი იყო და სხვადასხვა წარმატებული ოპერაციისთვის ორი სამხედრო ორდენით გახლდათ დაჯილდოებული. მეომრები რომ გაანაწილა, ჯაბა თავადაც ჩაება ბრძოლაში, ერთ-ერთ ჯგუფთან ერთად. მენაბდე ოსტატურად მიიწევდა წინ და ერთიმეორეს მიყოლებით ცელავდა მოჯაჰედებს. უცებ მან ლოდთან წაქცეული ბუზოღლი შენიშნა. ჯიმშერი ხელიდან გავარდნილი ტყვიამფრქვევისკენ მიხოხავდა, გახვრეტილი კომუფლაჟიდან კი, სისხლი სდიოდა და ქვებზე წითელ კვალს ტოვებდა. მოულოდნელად, მის წინაშე ავტომატმომარჯვებული მოჯაჰედი აღიმართა, რომელიც ლოდს იყო ამოფარებული და იქიდან გამოძვრა. მან ავტომატის ლულა მარცხენა თვალზე დაადო დაჭრილ ბუზოღლის, სასტიკად გაუღიმა და სასხლეტის გამოკვრას აპირებდა. ჯაბა ათიოდე მეტრში იდგა და იქიდან ადევნებდა თვალყურს სცენას. მოჯაჰედი მას ვერ ხედავდა. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. მენაბდემ ორლესული ხანჯალი მოიმარჯვა, მოჯაჰედს სტყორცნა და მარცხენა თვალში შეარჭო, თან ავტომატის ჯერიც მიაყოლა. „სული” უსულოდ დაეცა. მენაბდე ბუზოღლისთან მივიდა და ჰკითხა:
– როგორ ხარ, ჯარისკაცო?
– ახლა უკვე კარგად. თქვენ მე სიკვდილისგან მიხსენით, – მიუგო ბუზოღლიმ მენაბდეს ქართული აქცენტით რუსულ ენაზე და დააყოლა, – გმადლობთ. თქვენი მოვალე ვარ.
– ქართველი ხარ, ბიჭო? – ქართულად ჰყითხა ჯაბამ ჯიმშერს.
– ქართველი ვარ.
– რა გვარი ხარ?
– ჯიმშერ ბუზოღლი.
– რა უცნაური გვარია, – გაეღიმა ჯაბას.
– აჭარიდან ვარ. ჩემი წინაპრები მუსლიმები იყვნენ. მე კი ქრისტიანი ვარ.
– ძალიან კარგი. აბა, ფრთხილად გავიდეთ აქედან. ამდენ რამეს გაუძელი, ცოცხალი გადარჩი და ბრმა ტყვია არ მოგვხდეს, – უთხრა მენაბდემ ბუზოღლის. შემდეგ მხრებში ჩაავლო ხელები და ფრთხილად გააცურა ქვებზე.
სანამ ჯაბას ჯიმშერი უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავდა, მისმა მებრძოლებმა მეთხუთმეტე სიმაღლე სრულად გაწმინდეს „სულებისგან.” მოჯაჰედები მჭიდრო ალყაში მოამწყვდიეს და ერთიანად ამოხოცეს. ყველაფერი რომ დასრულდა, სიმაღლე სანიტარული ვერტმფრენებით გაივსო. მათში მოკლულებს ათავსებდნენ. მოჯაჰედებს უხეშად ყრიდნენ ბორტზე. საბჭოთა მეომრების ცხედრებს კი ფრთხილად ალაგებდნენ. ბანაკი რომ დახოცილებისგან გაწმინდეს, სიმაღლეზე დაცვის გაძლიერებული ბატალიონი ჩადგა. მენაბდე და მისი მებრძოლები კი, ბაზაზე დაბრუნდნენ და დაჭრილი ჯიმშერ ბუზოღლიც თან წაიყვანეს და სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.
ბუზოღლის ბევრი სისხლი დაეკარგა, მაგრამ მძიმე ჭრილობები არ ჰქონია და სამ კვირაში ფეხზე დადგა. მენაბდე მას ხშირად აკითხავდა, მოიკითხავდა და მალევე მიდიოდა. ჯიმშერს რომ ჰოსპიტლიდან სწერდნენ, მენაბდე მას ისევ ესტუმრა და უთხრა:
– გილოცავ, ძმაო! წითელი ვარსკვლავის ორდენით დაგაჯილდოვეს.
– მადლობა, – ნაღვლიანად მიუგო ჯიმშერმა.
– შენ რა, არ გიხარია?
– მიხარია, მაგრამ უფრო გამიხარდებოდა, რომ ჩემი თანაპოლკელები არ დაღუპულიყვნენ.
– რას იზამ, ძმაო, ომია. ომში კი ჯარისკაცები იღუპებიან. მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი გადარჩი და საღ-სალამათი ხარ. ორ თვეში სამსახური გიმთავრდება. სახლში გაგიშვებენ და გაზაფხულს საქართველოში შეხვდები. არ მოგენატრა შენები?
– კი. ძალიან.
– დედ-მამა გყავს?
– მყავს.
– დედმამიშვილები?
– კი. ტყუპი ძმები მყავს – გოჩა და ხვიჩა. ცამეტი წლისანი არიან და ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან.
– რა ბედნიერებაა. მე კი დედისერთა ვარ.
– დედისერთა ჯარში როგორ მოხვდი? როგორც ვიცი, არ მიჰყავთ.
– მე ხომ კაპიტანი ვარ. პროფესიონალი სამხედრო. რიაზანის სადესანტო სასწავლებელი დავამთავრე და მას მერე ავღანეთში ვმსახურობ. შემოდგომაზე ოთხი წელი შემისრულდება, რაც აქ ვარ.
– შენები არ გენატრება?
– კი. დედა მენატრება. მამა არ მყავს. ისიც სამხედრო იყო და ოცი წლის წინ დაიღუპა, ხუთის რომ ვიყავი, მაშინ, – ნაღვლიანი ღიმილით თქვა მენაბდემ, – წავიდეთ. სპეციალურად მანქანით მოგაკითხე და შტაბში უნდა მიგიყვანო. იქ შენს ორდენს გადმოგცემენ.
ჯიმშერი თავად გენერალმა გრომოვმა დააჯილდოვა წითელი ვარსკვლავის ორდენით და მამაცური სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. იქვე გადაწყდა, რომ ორდენოსანი ყმაწვილი ჯაბა მენაბდეს მედესანტეთა შენაერთში იმსახურებდა. ეს თავად ბუზოღლიმ ისურვა. ორი თვის შემდეგ კი, ჯიმშერმა კიდევ ერთი წლით გააგრძელა სამსახური. ამასობაში, საბჭოთა ჯარმა ავღანეთი დატოვა. მენაბდის შენაერთი კი, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მთავარ სადაზვერვო სამმართველოს განკარგულებაში გადავიდა. „გრუს“ ხელმძღვანელობა ახალ სტრუქტურას ქმნიდა. გამოცდილი და პროფესიონალი კადრები სჭირდებოდა და ჯაბა მენაბდეს საუკეთესოთა შორის საუკეთესო თორმეტეულის შერჩევა დაავალეს. მენაბდემ თორმეტი მებრძოლი შეარჩია და მათ შორის, ჯიმშერ ბუზოღლიც მოხვდა, რომელიც ჯაბას მებრძოლებში ყველას სჯობდა. შერჩეული ჯგუფი გადასამზადებლად გაგზავნეს. ნახევარწლიანი საგანგებო კურსი გაატარეს და სპეციალური გამოცდის მერე, რომელსაც სულ რამდენიმე კვალიფიციური გენერალი ესწრებოდა, „გრუს“ ისედაც საიდუმლო სტრუქტურებში, ყველაზე გასაიდუმლოებული სტატუსი მიანიჭეს. ამ ჯგუფს „ჯ-13“ უწოდეს. ანუ, იმის შესაბამისად, რომ ჯგუფში მეთაურიანად ცამეტი მებრძოლი ირიცხებოდა. მეთაური ჯაბა მენაბდე იყო. მის მოადგილედ კი ჯიმშერ ბუზოღლი გაამწესეს, რომელიც პირადად ჯაბამ წარუდგინა ხელმძღვანელობას. ჯიმშერს საგანგებო ბრძანებით, კაპიტნის ჩინი უბოძეს და „ჯ-13-მა“ თავისი არსებობა დაიწყო. ამ საიდუმლო, საგანგებო-ოპერატიული რაზმის მოვალეობა გახლდათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ურთულესი საიდუმლო მისიების განხორციელება. „ჯ-13-მა“ საბჭოეთის დაშლამდე რამდენიმე ასეთი მისია შეასრულა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ყველა – უმაღლეს დონეზე. განსაკუთრებული წარმატებებისთვის ჯაბამ მესამე საბრძოლო ჯილდო მიიღო, ჯიმშერმა კი – მეორე. საბჭოეთი რომ დაიშალა, „ჯ-13“ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში გადავიდა და უკვე რუსეთისთვის მუშაობდა. ქართველ მეთაურებსა და მათ მებრძოლებს, არც ახალ ვითარებაში შეურცხვენიათ თავი და ისეთივე პროფესიონალიზმით ასრულებდნენ თავიანთ საქმეს, როგორც ადრე. ჯაბამ და ჯიმშერმა კიდევ თითო საბრძოლო ორდენი მიიღეს რუსეთის მთავრობისგან. მოემატათ ჩინიც და ოცდამეერთე საუკუნეს, ჯაბა პოლკოვნიკის, ჯიმშერი კი – მაიორის წოდებით შეხვდა. 2002 წლის თებერვალში, „ჯ-13-ს“ ავღანეთში მოუხდა გამგზავრება. ხელმძღვანელობის დავალებით, მათ ერთი რუსი გენერალი უნდა მოეტაცებინათ და რუსეთში ჩამოეყვანათ ან, უკიდურეს შემთხვევაში, მისი ლიკვიდაცია მოეხდინათ. ეს გენერალი ავღანური ნარკოტრაფიკის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და ტერორისტული დაჯგუფებებისთვის იარაღის დიდი პარტიების არალეგალურად მიმწოდებელი იყო. როდესაც მისი საქმიანობა გამჟღავნდა და გენერალი უნდა დაეპატიმრებინათ, ვიღაცამ გააფრთხილა ამის შესახებ და მანაც გაქცევით უშველა თავს. გენერალზე ტოტალური ძებნა გამოცხადდა. მას ავღანეთში მიაგნეს და სწორედ ამიტომ გზავნიდნენ იქ „ჯ-13-ს“, რომ გენერალი ან უკან დაებრუნებინათ, ან მოეკლათ.
ჯგუფი ავღანეთში გადაისროლეს და ოპერაციის წარმატებასაც არაფერი დაუდგებოდა წინ, რომ არა ღალატი. ჯაბასა და მის რაზმს ჩასაფრება მოუწყვეს. აშკარა იყო, რომ ძებნილი გენერალი მოსკოვიდან გააფრთხილეს. ამიტომ, მისია ჩაფლავდა და ჯიმშერ ბუზოღლი და მისი ხუთი მებრძოლი ავღანელების ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოყვნენ. ჯაბა და კიდევ ექვსი მებრძოლი კი, სიკვდილს გადაურჩნენ და დიდი წვალების შემდეგ, რის ვაი-ვაგლახით, მოსკოვში დაბრუნდნენ. წესით, ჯგუფის არც მეორე ნახევარი უნდა გადარჩენილიყო, მაგრამ ბოლო მომენტში, პოლკოვნიკმა მენაბდემ მოქმედების შაბლონური გეგმა შეცვალა. ჯგუფის ნახევართან ერთად, უკან დარჩა, ჯიმშერი და დანარჩენები კი, ყოველი შემთხვევისთვის, დაზვერვაზე გაგზავნა. სწორედ ამან იხსნა ჯგუფი ერთიანად განადგურებულიყო.
მოსკოვში დაბრუნებულმა ჯაბა მენაბდემ ხელმძღვანელობას ყველაფერი დაწვრილებით უპატაკა და არც ღალატის შესახებ დავიწყებია. მას მოუსმინეს და ურჩიეს, ვარაუდები თავისთვის შეენახა. ჩაფლავებული მისიის შემდეგ ჯაბას და მისი რაზმის გადარჩენილ წევრებს უკვე აღარ იყენებდნენ. მათ არაფერს ავალებდნენ, მხოლოდ ხელფასს უხდიდნენ და გაურკვევლობაში ამყოფებდნენ. წარუმატებელი მისიიდან სამი თვის შემდეგ კი, „გრუში“ ხელმძღვანელობა შეიცვალა. „ჯ-13“ გააუქმეს. ჯაბა მენაბდისთვის ახალი სამსახური არავის შეუთავაზებია და ის იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში