№7 კითხვა-პასუხი
კითხვა: ფეხებს განსაკუთრებულად ვუვლი, რადგან მშრალი კანი მაქვს. თუმცა, ქუსლზე კანი, მიუხედავად დატენიანებისა, მაინც მისკდება და საშინლად მტკივა. რა არ ვცადე, მაგრამ არ მშველის. იქნებ მირჩიოთ ბუნებრივი საშუალება, რომელიც ხალხურ მედიცინაშია აპრობირებული?
პასუხი: ძირითადად, ქუსლები მაშინ სკდება, როცა კანი მეტისმეტად შრება და ელასტიკურობას კარგავს. ნახეთქების გაჩენა შეიძლება, გამოიწვიოს კანის არათანაბარმა გადაჭიმვამ. ზაფხულში ტენის გამო კანის ზედაპირული შრე იჭიმება, ხოლო ზამთარში – სკდება. ქუსლები ხშირად აქვს დახეთქილი, ვისაც აწუხებს კანის დაავადებები, ენდოკრინული დარღვევები. გარდა ამისა, ნახეთქები შეიძლება, იყოს ავიტამინოზის, შაქრიანი დიაბეტისა და გასტრიტის ნიშანი. ცივ სეზონზე მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს, სინთეტიკური წინდებისა და მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება, ხოლო საზაფხულო ღია ფეხსაცმელში ფეხები საერთოდ დაუცველი რჩება. გასწავლით, ფეხის დახეთქილი ქუსლების სამკურნალო რამდენიმე მარტივ პროცედურას სახლის პირობებში. 1. სუფთა ვაზელინი არბილებს კანს და ხელს უწყობს მის დატენიანებას. ძილის წინ ფეხები დაიბანეთ ბორის მჟავას ხსნარით შეზავებული ცხელი წყლით (1 ჩაის კოვზი ბორის მჟავა 1 ლიტრ წყალზე). შეიმშრალეთ, ნახეთქებზე წაისვით ვაზელინი და დაიკარით ლეიკოპლასტირი, გაიჩერეთ დილამდე. პროცედურა მეორდება ყოველ საღამოს მანამდე, სანამ ნახეთქები არ გაქრება. 2. აიღეთ თანაბარი რაოდენობის ფუტკრის ცვილი, პარაფინი და სალიცილის მჟავა, ცეცხლზე შეათბეთ და ერთმანეთში აურიეთ. მიღებული ნარევი ბამბის ტამპონით დაიდეთ ქუსლზე, გააშრეთ და ზემოდან დაადეთ მეორე შრე. კარგად გადაიხვიეთ დოლბანდით. 24 საათის შემდეგ, გაიკეთეთ საპნიანი და სოდიანი წყლის აბაზანა, მოიცილეთ ცვილის აპკი და ქუსლი პემზით დაიმუშავეთ. ეს პროცედურა ტარდება რამდენჯერმე. საერთოდ, ქუსლების მკურნალობისას უპირატესობა მიანიჭეთ იმ კრემებს, რომლებიც დინდგელს ან A და F ვიტამინებს შეიცავს. ასევე, კარგია გახეხილი ვაშლი ან ხახვის საფენები - აიღეთ წვნიანი ვაშლი ან ხახვი და გახეხეთ წვრილად. მიღებული პიურე დააფინეთ უხეშ ქსოვილზე, მიიდეთ ქუსლზე და დოლბანდით გადაიხვიეთ. იმკურნალეთ რამდენიმე დღე.