კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ყირამალა საყვარლები

თათია ფარესაშვილი ნიმა ბარათელი


ანუ პატარა სექსის დიდი ამბები


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6(893)

ისტორია ოცდამეთერთმეტე
გაბითურებულები

(მოქმედი პირები: ლაშა და ზურა)
ფოტოებს ვათვალიერებდი. მე თეო ნგელოზი მეგონა, აი, ზურას კი ეტყობოდა, რომ ვიღაცასთან დაძვრებოდა, მაგრამ თვალსა და ხელს შუა თუ მაცურებდნენ, ამას ვერ ვიფიქრებდი?! სიძე, შენ არ ხუმრობ, აი! –  ზურაზე ვერ ვბრაზდებოდი, მაგრამ არც ის ვიცოდი, როგორ ვიმუშავებდით ისევ ერთად მე, ჩემი სიძე და ჩემი სიძის საყვარელი. თან –  ჩემს კომპანიაში?! ეს ფოტოები რომ ერთი კვირის წინათ მენახა, ორივეს მოვისვრიდი, ალბათ, დაუფიქრებლად. ახლა ამას ვეღარ გავაკეთებდი…
ფოტოების თვალიერებით ისე გავერთე, რომ ჩანაწერები ლამის დამავიწყდა. ჯერ ქეთასა და ზურას საუბარი ჩავრთე. ყურებს არ ვუჯერებდი: ქეთას ხმით ჯიბიდან გავარდნილი შალავა ლაპარაკობდა. საწყალი სიძე, როგორ გამოუჭერიათ?! გამეცინა გულიანად. ისე, კი შეუშინებია ამ ჩემს ცოლს. „ჩემი ცოლი“ მეუცხოვა, თუმცა მეუცხოვა თუ არა, ჩემი ცოლი იყო. ქეთას ამ სახეცვლილებამაც ვერ გამაბრაზა. ამ კლინიკაში, მგონი, ტვინიც გამომირეცხეს თუ რა ხდებოდა ჩემს თავს?! რაღაც ძალიან სულერთი იყო ის ყველაფერი, რაც გავიგე.
ვიღაც ქალიო, ვინ ქალია?! დედამისი, ნეტავ?
ჩანაწერი ჩავრთე –  აი, ამან კი ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მეორედაც მოვუსმინე! მესამედაც! ასე როგორ ვაბითურებინე თავი ამ ქუჩის ქალებს?! მეგონა, სიბრაზისგან ტვინი გამისკდებოდა! ახლაღა გამახსენდა ჩემი და!!! ლანას აჩვენა ფოტოები!!!
თავი ისე ამიდუღდა, რომ სისხლმა ტვინში ამასხა! თვალებში დამიბნელდა –  ვერაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებდი ამ წამს და ეს კიდევ უფრო მანგრევდა. და ისიც, რომ ამ ქუჩის ქალის გამო მე ეკას მოვექეცი, როგორც, პრინციპში, ქუჩის ქალს! მოფერება არ ითვლება, კაი ქალს ყველა ეფერება ლოგინში და საკუთარი სიამოვნებისთვის უფრო! ისეც არა, როგორც მე –  მას, თუმცა ეგ ახლა არაფერს ცვლიდა. იმიტომაც წავიდა, რომ მიხვდა, უბრალოდ, დროის გასატარებელი საშუალება იყო, ნებისმიერი გაატარებდა მასთან დროს. ზედმეტი არაფერი მიკადრებია, მაგრამ მშვენივრად მიხვდა, რაც მოხდა. ჰოდა, იმიტომაც დამიკიდა. არც ის იკლავდა ჩემდამი გრძნობებით თავს: მანაც დრო გაატარა ჩემთან. ოღონდ რატომ რჩება ქალი ყოველთვის უფრო გამოყენებული?! არაფერიც არ რჩება –  რასაც მე მისთვის ვეცადე და ვეფერე. მისთვის? თუ ჩემი თვითშეფასებისთვის?! არ ვიცი, ვისთვის რას ვეცადე, მაგრამ იმ ქალს სიამოვნებით ჩავუდებდი ახლა თავს კალთაში…
ისევ ჩანაწერი გამახსენდა –  დაგაბრუნებ მე შენ ძველ წუმპეში! იმ მეორე ქალის ხმა მეცნობოდა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი, საიდან… დეტექტივს მივწერე, რომ იმ ქალის ვინაობაც დაედგინათ და ინფორმაციაც შეეგროვებინათ მასზე.
***
აეროპორტში შალვა და ზურა დამხვდნენ. სიძე უცნაურად გამოიყურებოდა: თვალებში ნებისყოფა ეტყობოდა. არადა –  ზურას ყოველთვის რბილი გამოხედვა ჰქონდა. შალვა დავიმარტოხელე და ვკითხე:
– წუხელ შეასრულე ჩემი თხოვნა?
– ვერა, ბოსს. კატეგორიული უარი თქვა. მითხრა, გეშლებით აშკარად, არანაირ ლაშას არ ვიცნობო და არც სტამბოლში ვყოფილვარო.
– გასაგებია.
–  ვიფიქრე, დაგაინტერესებდათ, როგორ მივიდოდა სახლში. ამიტომ შორიდან ვუყურებდი. სადღაც დარეკა და ნახევარ საათში მოაკითხეს.
– ვინ იყო?
– არ ვიცი. მაგრამ ავტომობილის ნომერი და მარკა ჩავიწერე.
– სად წავიდნენ? –  ვატყობდი, რომ ბრაზი მერეოდა.
– საიდანაც წამოვიყვანეთ. ოღონდ სახლში მარტო ავიდა.
– მადლობა, შალვა. კაი კაცი ხარ.
– მიმსახურეთ.
ზურა უკან დამჯდარიყო. მეც გვერდით მივუჯექი.
– ლაშა, სალაპარაკო მაქვს შენთან.
– ვიცი.
– რა იცი?!
– შალვა, გთხოვ, ხუთიოდ წუთით მარტო დაგვტოვე.
შალვამ მანქანა გააჩერა და გადავიდა.
– ვიცი, რომ თეო შენი საყვარელია.
– შენც გითხრა, ესე იგი... ეს მე და თეოს გვეხება მხოლოდ. მე სხვა რამის თქმას ვაპირებ ახლა.
– მეც მეხება, შენი ცოლი ჩემი დაა და თქვენ ჩემთან მუშაობთ, გვრიტებო.
– აღარ ვიმუშავებთ. ამაზე არ დაიძაბო, –  ძალიან თავდაჯერებულად მიპასუხა ზურამ. გამიკვირდა, მაგრამ მომეწონა, თუმცა არ შევიმჩნიე.
– ოკ, არ დავიძაბები. აბა, გისმენ.
– აი, ჩემთან რომ ამოხვედი, მგონი, ქეთა მღალატობსო. დეტექტივი და რამეო. ვიღაც იყოო ასულიო, უცხოო, კაციო.
– მახსოვს, აბა, არ მახსოვს?
– ის კაცი მე ვიყავი, ოღონდ ისე არა, შენ რომ იფიქრე. შვილებს გეფიცები, მე შენი ცოლისთვის არც თითი დამიკარებია, არც მსგავსი... დამაგოიმა და გამაბითურა, თუ დამიჯერებ, ასეა.
– ასეა, ანუ როგორ? –  ვითომ გაღიზიანებულმა ვკითხე, მაგრამ უკვე აღარ მჭირდებოდა იმის ახსნა, რომ, თუ მე გამაბითურეს, წარმომიდგენია, ზურას რას უზამდნენ ის ქუჩის ქალები.
– ამოვედი შენთან, სახლშიაო, მითხრა, ტელეფონი დაგრჩა იმ დღეს. სააბაზანოში იყო, კარს ღიას დავტოვებო, შემოდი პირდაპირო. მე მისაღებში დივანზე ვიჯექი და ჩამეძინა, როგორც სულ მემართება.
– წაგეჩალიჩა, ძმა? –  ზურამ გაკვირვებულმა შემომხედა: ნუ, რაღაც ამგვარი… კაროჩე, არ ვიცი, რა. მაგრამ, ძმაო, მე შენს ცოლს არ შევხებივარ. ამ დროს შენ მოხვედი და შეგიყვანა საძინებელში. მე იქ ვიჯექი დივანზე სირივით. მერე ავდექი, წავედი და ვერ გითხარი. გამიგე, რა.
–  გიგებ.
–  მერე კიდევ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, ლაშა რაღაცას მიხვდაო და ცუდ დღეში ვარო. მოკლედ, გავაგდე მანქანიდან.
– გააგდებდი. მამაკაცს რომ ქალი უყვარს, იმას ბოზები არ ევასება, –  ზურამ გაკვირვებულმა შემომხედა და განაგრძო: ეგრეა, რა. შემეშალა, რომ ეგერვე არ გითხარი და მაპატიე. აი, ეს უნდა მეთქვა.
– ეგ მიპატიებია, დანარჩენზე მერე ვილაპარაკებთ, –  და შალვასაც გავძახე, მერე ისევ ზურას მივუბრუნდი: მე ცოტა ხანს თქვენთან ვიცხოვრებ.
– მე სახლში არ ვათევ ღამეს.
– დიდი ხანია?
– მეორე ღამეა, მივლინებაში ვარ.
– ჰოდა, კაია. იყავი მარტო და იფიქრე!

ისტორია ოცდამეთორმეტე
ოჯახური თავშეყრა-გაყრები
(მოქმედი პირები: თეო, ზურა, დუდუ, ლევანო და ბაგრატიჩის ნაგრამი)

თეო და ზურა ორიოდე წუთს იდგნენ დერეფნის ბოლოში და რაღაცაზე მოგუდული ხმით საუბრობდნენ. ზურგიდან ძნელი გასარჩევი იყო, რა ხდებოდა მათ შორის, მაგრამ დუდუს ყველა ძარღვი დაეჭიმა და დაებერა. მძიმედ სუნთქავდა, კორიდაზე გასავარდნი ხარივით,  კისრის ძარღვებიც იმავე ხარივით დაბერვოდა  და თითები მჭიდროდ მოემუჭა, თითქოს საჩხუბრად გამზადებულს. ლევანო აშკარად გრძნობდა, რომ მისი მეგობარი ყველაფერს მიხვდა, რომ იმ ორის საუბარი ახლა დუდუს გულსა და თავმოყვარეობაზე გადადიოდა ალესილი დანასავით, მაგრამ საკუთარი საფიქრალ-სატკივარით გაჯერებული ვერაფერს ახერხებდა. იმასაც ხვდებოდა, სიტყვებს აზრი რომ არ ჰქონდა. როგორც იქნა, თეო და ზურა შემოტრიალდნენ და ნელ-ნელა გამოემართნენ კარისკენ. ზურამ თავი დაუქნია ლევანოსა და დუდუს და კარის მიღმა, თავსხმა წვიმაში, დურთა თავი. ყველამ უხმოდ გააყოლა მზერა და მერე ჩამოწოლილი უხერხული სიჩუმე ისევ ლევანომ დაარღვია –  თეო, წამოდი, სახლში გაგიყვან, მოწესრიგდები, დაიძინებ და მერე გამოგიყვანთ უკან.
– ჰო, წადით და მე აქ ვიქნები. ვინმე ხომ უნდა დარჩეს? –  დუდუმ უხალისოდ დაუთმო თეოს გაცილება ლევანოს, თუმცა გულში ცოფს ყრიდა საკუთარი მოუხერხებლობის გამო.
– არ არის საჭირო აქ ვინმეს დარჩენა. სადაცაა დედაჩემი, ჩემი და და სიძე მოქანდებიან. ირასაც მიხედავენ და ბაბუსაც. მე კი მართლა უნდა გამიყვანოთ სახლში. ცოტაც და დავეცემი. შევალ, დავხედავ ორივეს და მალე დავბრუნდები,  თეო გატრიალდა და პალატისკენ წავიდა.
– ბიჭო, სად მიგყავს თეო, მაცადე ცოტა ხანს მასთან ყოფნა. დარჩი აქ და მე წავიყვან სახლში. მერე მოვალ და ის ტიპი დავძებნოთ. და ეს იყო ხომ...  ზურა? - დუდუმ ძლივს ამოთქვა სახელი, თითქოს ყელში შხამიანი ბურთი გაეჩხირაო.
–  ჰო, რა ვიცი, აბნეული ვარ, ძამიავ, მართალი ხარ, შენ წაიყვანე და მე აქ დავრჩები ირასთან. ჩემი სიდედრიც ცოდოა, უნდა დავურეკო, ქალი გადარეული იქნება. ტელეფონი კი დამჯდარი მაქვს და სულ გადამავიწყდა... იმასაც შეტევამ არ მისცეს. მომეცი ტელეფონი, თუ ძმა ხარ!
– შენც რა მაგარი ხარ?! გადაირეოდა ქალი! ახლა უნდა გაგახსენდეს?
– კაი ხო, კიდევ კარგად ვარ. ასეთი ღამე მე რომ მქონდა, დამაწყევარს! - ლევანომ ტელეფონი გამოართვა დუდუს და სიდედრის ნომრის აკრეფა დაიწყო. რამდენჯერმე შეეშალა და ხელახლა დაიწყო, ხელი და ტვინი აშკარად არ ემორჩილებოდა... ამასობაში თეო დაბრუნდა. ხალათი აღარ ჰქონდა მოხურული და ცოტა მოფერიანებულიც ჩანდა.
– 10 წუთში აქ იქნებიან და მერე წავიდეთ. ჩემებს კი გაუკვირდებათ შენი ნახვა. მაგრამ ახლა აქ, ვის რა უნდა გაუკვირდეს, ისიც საკითხავია...
– თეო, დუდუ გაგიყვანს, მე ირას ვერ დავტოვებ, თან, ივანოვნას დავურეკე. ტელეფონს გამოჰყვებოდა, რომ შესძლებოდა, მთელი ღამე არ მძინებია, შე ცეცხლწაკიდებულო, სად არის ჩემი შვილიო... ჰოდა მოქანდება ისიც და აქ უნდა დავხვდე, სხვა რა გზაა...
– და რატომ არ დაურეკე, მოიცა, მთელი ღამე რა სჭირდა ირას, ვერაფერი გავიგე! დაჯექი ერთი, ამიხსენი ბოლობოლო რა დამართე ჩემს მეგობარს. მე შენ რას დაგპირდი, ლევანო-უბედურო?! რა მოიხერხე ისევ?
– მე არაფერი, თუ დამიჯერებ, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არც მინდა და არც დრო და ადგილია. აგერ გაგიყვანს დუდუ და გეტყვის, რაც სათქმელია... დანარჩენს მივხედავ და მერე დაწვრილებით გიამბობს ირაც, ეჭვი არ მეპარება...
– რაღაც საიდუმლოსავით ყვები. კარგი, არც მე მაქვს ჩაძიების ენერგია. თან ირას სძინავს მშვიდად –  ასე რომ, ღმერთს მადლობა უთხარი, შე ბედოვლათო. ვიცი, ისევ მოახერხებდი რამეს...
ამასობაში კლინიკის ვიწრო და მარმარილოთი მოპირკეთებულ დერეფანში ბაგრატიჩის ოჯახობა შემოლაგდა. წინ  ქალბატონი ლიანა მოჰქროდა, უკან მოჰყვებოდნენ: შვილი, სიძე, შვილიშვილი და კიდევ ვიღაც, ვინც ვერც თეომ იცნო. ეს ვიღაც უბრალოდ სხვასთან მიმსვლელი აღმოჩნდა და გზა მისაღებისკენ გააგრძელა. დანარჩენები თეოსა და დუდუს გარშემო გაჩერდნენ და დაბნეულები და გასუსულები ათვალიერებდნენ მოულოდნელად გამოჩენილ თეოს ყოფილ შეყვარებულსა და საქმროს. ბოლოს ლევანომ დაარღვია სიჩუმე.
– როგორ ხართ, ქალბატონო ლიანა? არ იდარდოთ, მამათქვენი კარგად იქნება. სძინავს და მალე, ალბათ, შეგიშვებენ პალატაში. თეო და დუდუ კი ჯობია, გავუშვათ, იმიტომ რომ, მერე მე და დუდუს საქმე გვაქვს...
– დუდუ, შვილო, მართლა შენ ხარ?! დედა, როგორ დაკაცებულხარ... აქ რას აკეთებ? და რა ხდება ჩვენს  თავს? ბებიაშენმა, მე ვერ წამოვალ, თეო ამოვიდეს ჩემთანო? გოგო, რა ამბებია აქ? და რასაა, რომ არ მეუბნება დედაჩემი... კაი, წადით ახლა და ამოვალ მეც,  ჯერ მამაჩემს დავხედო უნდა, –  ქალბატონი ლიანა საავადმყოფოშიც დიქტატორის კილოს არ თმობდა და თეოს მწარედ ჩაეღიმა. რა იცის ლიანამ, რა ამბები დატრიალდა მის ზურგს უკან! რომ მისი ტახტრევანი კაი ხნის წინათ შექანდა... რომ თეო არამც თუ სიგარეტს აფუილებს, აგერ ორ კაცს ყვარობს ერთდროულად... მაგრამ ამას ხმამაღლა როგორ იტყოდა, სად აქვს ათი თავი?!
– დე, წავედი მე, მთელი დილაა აქ ვართ და ცოტას დავისვენებ, მერე ბებასთან ავირბენ და მერე მოვალ. აქ ირაც წევს, ჰო, აგერ ლევანო დაკითხე და გამიშვი აწი... –  თეომ უხმოდ აკოცა დისშვილს, თვალი ჩაუკრა დასა და სიძეს, გაძლებაო და გასასვლელისკენ გაეშურა. დუდუც უხმოდ მიჰყვა. ამ სიტუაციიდან გაღწევა ნამდვილად უხაროდა. თუმცა აი, ახლა თეოსთან მარტო დარჩენა ნაკლებად ახარებდა. სალაპარაკო და მოსაგვარებელი ბევრი იყო. სურვილი და სიტუაცია კი ამას ხელს არ უწყობდა...
... დუდუ ცოტა გაუბედავად დადიოდა თბილისის ქუჩებში, წვიმაც უწყობდა ხელს და შეცვლილ-დავიწყებული გარემოც. თეო ისევ ჩუმად იჯდა. რაღაცას უაზროდ ღიღინებდა და თავის ფიქრებში წასულიყო სრულად.  ქალაქი ნიაღვრებად მოდიოდა და დუდუ გაოცებული აკვირდებოდა ნაცნობ და თითქოს უცნობ ქალაქს. ცოტა ხნით ისე გადაერთო ამ სანახაობაზე, რომ თითქოს გადაავიწყდა, სად იყო, ვინ ეჯდა გვერდით და რამდენი რამ ჰქონდა სათქმელიც და მოსასმენიც. თითქოს ამას მიუხვდაო, თეომ დაასწრო:
– იცი, რაც ჩვენ... რაც წუხელ მოხდა... ამაზე არ მინდა ლაპარაკი. არაფერზე! არასდროს! იყო და არ იყო, ოკ? დამაცადე, დუდუ! მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ეს ცხოვრება უნდა დალაგდეს უშენოდ. ამას უნდა შეეგუო. თუმცა იქნებ არც შესაგუებელი გაქვს რამე და მე ვაბუქებ!
– თეო, შენ ამბობ, რომ მე... კაი რა! ეს უკვე მოხდა და მეტად ვეღარ გამაჩუმებ, ვერც დამკარგავ და ვერც გამექცევი.
– ფიქრობ?! გგონია, რომ ჩამოხვალ, მნახავ და მოიგებ?!
– რომელი ცეზარი მე ვარ, ხომ?
– ჰო, არ ჰგავხარ ცეზარს, –  თეოს უნებურად გაეღიმა, დუდუ გადმოიხარა, თეოს მკლავი მოხვია და მიიზიდა. მერე საფეთქელზე აკოცა და ყურში მდუღარე ჩაუღვარა:
– მე შენ სიცოცხლეს მირჩევნიხარ, იცოდე, და ვერავინ, გესმის, ვერავინ ჩადგება ჩვენ შორის. ან არ ვაცოცხლებ!
– გამიშვი, სულ გადაირიე?! გზას უყურე, ადამიანო... –  თეომ ტონს დაუწია. ყური ეწვოდა და გული ამოვარდნას ჰქონდა. დუდუს სიახლოვე და მისი სიტყვები თან ჟრუანტელს ჰგვრიდა და თან –  აშინებდა. იყო მომენტი, და თითქოს ის ძველი გრძნობა იპყრობდა, ისევ ის თეო და ის დუდუ ცოცხლდებოდნენ... მაგრამ მეორე მომენტში უკვე ზურას სურნელი აბრუებდა, მასთან გატარებული წლები და ალერსი უწვავდა ღაწვებს და უმწარებდა ფიქრებს... თეო საკუთარ გულს ებრძოდა, საკუთარ სურვილებს არკვევდა და ერთი სული ჰქონდა, მარტო დარჩენილიყო. ზურას ახალი დანაპირები კარგად გაეაზრებინა. დუდუ განზე გაეწია და საღად აეწონ-დაეწონა საკუთარი ცხოვრება და მომავალი.
– თეო, შემომხედე, პაწკუ, კარგად მომისმინე, რაც მოხდა ჩვენ შორის დიდი ხნის წინათ უნდა მომხდარიყო. და რაც არ მომხდარა, ისიც. ასე რომ, ვერანაირი ძალა ვეღარასდროს ჩადგება ჩვენ შორის. მე საკმარისად დავთმე, დავკარგე და წავაგე. თუ ფიქრობ, რომ ეს წლები ჩემთვის ბაირამობა იყო, ცდები! და არც გასართობად დავბრუნდი და არც ბედის საცდელად. მე აქ შენთვის ჩამოვედი. და რაკი ვხედავ, რომ ისევ ჩემი ხარ! გაჩუმდი, თეო! არ გინდა ახლა პასუხი. იმ ტიპს მე მივხედავ. ჰო, მაგას მე ჩამოგაშორებ და როცა ის სახლში დაბრუნდება, შენ დაბრუნდები საკუთარ თავთან...
თეო გაიტრუნა. ასეთ დუდუს არ იცნობდა: მკაცრს, უხეშს, შეუვალს. საშიშსაც. დუდუს, რომელიც საჭეს ჩაფრენოდა, დანიაღვრებულ გზას მიშტერებოდა და სიტყვებს ისე ცრიდა ბროლივით ქათქათა კბილებშუა, რომ თეოს ცივმა ოფლმა დაასხა. დუდუ არ ხუმრობდა. და თეოს ზურას გამო შეეშინდა, მერე ბრაზი მოერია –  ამას ვინ ეკითხება ჩემი და ზურას საქმეში ჩარევასო. მერე გაჩუმდა, რადგან დუდუს თუ არა, აბა, ვისღა ეკითხებოდა... და ბოლოს, სათქმელიც აერია, სადარდებელიც და გასახარელიც. თეოს გული, დაღლილი და გაორებული, ნატანჯი და გაოცებული, ახლა მთლად წაღმა ვერ ატრიალებდა თავის „მოტორს“...
– ჯობია, დავისვენო და მერე გავცემ ორივეს პასუხს. და თან, რაღაც დაუჯერებელ ზღაპარში მგონია თავი. ჯერ არც ერთი იყო და ახლა ერთბაშად ორივე ვენებს იხერხავს ჩემთვის...
მთავარი ახლა ის არის, რომ დუდუ დაცხრეს და ზურამ სიტყვა შეასრულოს. მერე კი... მერე რაღა, ზურა თუ სახლიდან მართლა წამოვა, მერე დუდუს მოუწევს სახლში წასვლა. ამის გაფიქრება, მაინცდამაინც, არ ეამა რომელიღაც თეოს...
ამასობაში დუდუმ პირდაპირ  სადარბაზოსთან  მიაყენა მანქანა, კიდევ ერთხელ მიიზიდა თეო და ახლა უკვე ტუჩებში აკოცა. თეო არ გაძალიანებია, მაგრამ არც საპასუხოდ უკოცნია. არც ხმა გაუღია, ისე აიღო უკანა სავარძლიდან ჩანთა და ქურთუკი და მანქანიდან გადავიდა. დუდუ ცოტა ხანს შეყოვნდა, მერე გადმოვიდა და თეოს გაჰყვა. ლიფტთან ატუზული რომ დაინახა, ისეთი სიბრალული, ისეთი სიყვარული და კიდევ რაღაც უცნაური გრძნობა მოეძალა, ცოტაც და ცრემლი წასკდებოდა. დუდუ უკნიდან მოეხვია თეოს და მაგრად შემოაჭდო მკლავები, თითქოს ეშინოდა, ვინმე წამართმევსო:
– ჩემი ცხოვრება ხარ შენ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა... პაწკუ... –  კისერში აკოცა, გაღებული ლიფტის დახურვას არც დალოდებია, თეოს უცბად გაუშვა ხელი და გატრიალდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3