№7 არისტოკრატი მძარცველი
სკანდალური საქმე, რომელშიც ჰოლმსი ჩაერთო, ერთი შეხედვით, უიმედო ჩანდა. დაიკარგა სახელმწიფო მნიშვნელობის ძვირფასეულობა – დედოფლის გვირგვინის დიდი, ყვითელი ბრილიანტი. თავად ინგლისის ლორდთა პალატის მეთაური და პერი ეწვივნენ სახელგანთქმულ დეტექტივს. ლორდი იმედით შეჰყურებდა ჰოლმსს. რაც შეეხება პერს, საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი. მაძებარს ალმაცერად, ქედმაღლურადაც კი უყურებდა.
– თქვენო ბრწყინვალებავ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი მოლოდინი გავამართლო. ვხვდები, დრო ცოტა გვაქვს.
– ძალიან ცოტა, მისტერ ჰოლმს. მთავარი ბრილიანტის დაბრუნებაა. მას ხუთასსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენს მონაქრს კარდინალმა მაზარინიმ ორი სახელმწიფოს შერიგების ნიშნად აჩუქა. ხვდებით რას ნიშნავს მისი დაკარგვა? მას აუცილებლად დახერხავენ და ისე გაიტანენ ქვეყნიდან. ეს არ უნდა დავუშვათ.
– ანუ, თუ სწორად გავიგე, მძარცველის დაჭერაზე მნიშვნელოვანი, ბრილიანტის დაბრუნებაა?
– დიახ, სწორად გაიგეთ და გთხოვთ, დროს ნუღარ დაკარგავთ. ჩვენი იმედი გქონდეთ, მთელი სკოტლანდ-იარდი თქვენს განკარგულებაშია.
– სკოტლანდ-იარდს რამე რომ შეძლებოდა, ჩემთან არ მოხვიდოდით, თქვენო აღმატებულებავ, – გაეღიმა ჰოლმსს და სტუმრებს მოწიწებით დაემშვიდობა.
რამდენიმე დღის შემდეგ, უოტსონთან ჰოლმსის ახალი მსახური მივიდა და სთხოვა, სასწრაფოდ ჰოლმსთან წაჰყოლოდა.
– რა ხდება, ბილ? მოვენატრე ჩემს მეგობარს?
– თქვენ თუ უშველით, დოქტორო. უკვე რამდენიმე დღეა, არაფერს ჭამს. გახდა. გარდა ამისა, გადაცმული სახლიდან იკარგება. გუშინ დედამისის კაბაში გამოეწყო და მისის ჰადსონმაც კი ვერ იცნო. მეშინია, რამე ხიფათში არ გაეხვეს.
– მსხვილფეხა ნადირს დასდევს. ეტყობა, კვალში უდგას. ჰო, ეს ჰოლმსია. აუცილებლად წამოვალ. თუმცა, მეეჭვება, რამეს გავხდე, სანამ მიზანს არ მიაღწევს. მისი თეორიაა, რომ შიმშილი ინსტიქტებსა და გონებრივ შესაძლებლობებს ამძაფრებს. ამიტომაც არ ჭამს. ახლავე წამოვალ. შეიძლება, დავჭირდე.
ჰოლმსი თავის საყვარელ სავარძელში იჯდა და სიგარას ეწეოდა. თვალები, რომელიც სიგამხდრისგან ჩაცვენოდა, უჩვეულოდ უბრწყინავდა. ფანჯრები სქელი ფარდებით მჭიდროდ ჰქონდა დაგმანული.
– უოტსონ, მიხარია, რომ მოხვედი. გულმა გიგრძნო? დიდი ხანია, ასეთი მნიშვნელოვანი საქმე არ მქონია. არ დაგიმალავ, შეიძლება, ცუდადაც დავამთავრო, მეტოქე საშიში, ძლიერი და თავზეხელაღებულია. როგორ გგონია, რატომ ჩამოვაფარე ფანჯრებზე ასეთი სქელი ფარდები?
– ჰოლმს, მაშინებ.
– ჩემო მეგობარო, ხომ მიცნობ? ასეთი შემთხვევები ყოველთვის აზრს გმატებს. გსმენია რამე გრაფ სილვიუსზე? – შესანიშნავი მსროლელია, მოკრივე და ლომებზე მონადირე. ბრილიანტი მან მოიპარა.
– ასეც ვიცოდი, – წამოიძახა უოტსონმა, – რა თქმა უნდა, სამეფო გვირგვინის ბრილიანტი. კი მაგრამ, თუკი იცი, ვინ მოიპარა, რატომ პოლიციას არ გადასცემ?
– იმიტომ, რომ არ ვიცი, სად არის თავად ბრილიანტი. მარტო გრაფი არავის არაფერში სჭირდება. სხვათა შორის, ის ახლა აქ მოვა, რადგან მოხვედი, ერთი სამსახური გამიწიე – ფარდის უკან დაიმალე და არაფრის დიდებით არ გამოხვიდე, სანამ მე არ განიშნებ. მე კი, ბილის წერილს პოლიციაში გავგზავნი. მზად უნდა ვიყოთ. მგონი, ჩვენი სტუმარი მოვიდა. ფარდის უკან, უოტსონ.
ოთახში ახოვანი, მკაცრნაკვთებიანი, ჩასხმული მამაკაცი შემოვიდა და პირდაპირ ჰოლმსისკენ გაეშურა ბრინჯაოსთავიანი ტროსის ქნევით. თვალებიდან სიძულვილს აფრქვევდა.
– გრაფო სილვიუს, რას უნდა ვუმადლოდე ესოდენ პატივსაცემი პერსონის ვიზიტს ჩემს უბადრუკ საცხოვრებელში?
– ჰოლმს, ბევრი მსმენია თქვენს მეტიჩრობაზე. არ მესმის, ამას რატომ აკეთებთ. არ გინდათ, მშვიდად მოკვდეთ საკუთარ საწოლში? – კბილები გააღრჭიალა მოსულმა.
– თქვენს „საგმირო საქმეებს” თუ გადავხედავთ, გრაფო, ვეჭვობ, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში სიკვდილის იმედი თავადაც არ უნდა გქონდეთ. აშკარად ვერტიკალურ პოზიციაში მოკვდებით.
– თქვენ რა იცით ჩემი საქმეების შესახებ? – მოიღუშა გრაფი და სახე უფრო სასტიკი გაუხდა.
– თქვენო აღმატებულებავ, ერთი რვეული მაქვს სავსე, თქვენი „საგმირო საქმეებით”, რომელთაგან ნახევარიც კი საკმარისია, სახრჩობელაზე გაგიშვან. საიდან დავიწყო. მაგალითად, როგორ მოუღეთ ბოლო მოხუც მისის ჰაროლდს, მისი ქონება კი მიისაკუთრეთ. მამული ბლიმერიუში, რომელიც მერე ბანქოში წააგეთ, ვიცი ისტორია მისის მონი უორენდერზე. გავაგრძელო? გრაფო, თქვენ ხომ ნადირობდით ალჟირში ლომებზე, ზუსტად იგივე განცდაა და დამარცხებას არ მივიღებ. ბრილიანტი მჭირდება.
– ბრილიანტი? ჰა, ჰა, მე არ მაქვს.
– თქვენ გაქვთ. ვიცი, რომ ჰოლანდიელ აიკი სანდერსთან გქონდათ გასახერხად და უარი გითხრათ. ამსტერდამში გინდოდათ გაგეტანათ. გავაგრძელო?
– გრაფმა დაიღმუვლა და ჰოლმსისკენ ისკუპა, მაგრამ ამ დროს უოტსონიც გამოვიდა სამალავიდან და თავდასხმაში ხელი შეუშალა გრაფს. ის კი წაიქცა და პატარა მაგიდა ქვეშ მოიყოლა, რომელზეც ჰოლმსს თამბაქო და ჩიბუხი ეწყო. რამდენიმე წუთში ხელფეხშებორკილი გრაფი სავარძელში იჯდა.
– გრაფო, მომეცით ბრილიანტი და გაგიშვებთ. ამ საქმიდან თავს დაიძვრენთ. მერე თქვენზე იქნება დამოკიდებული, აღმოჩნდებით ციხეში, თუ არა.
– ბრილიანტი მე არ მაქვს. თუ ამდენი იცით, ისიც უნდა იცოდეთ, სად არის მოპარული ბრილიანდი, – ღრენით წარმოთქვა გრაფმა და ჰოლმსს სიძულვილით შეხედა, – რა სიამოვნებით მოგიგრეხდით კისერს.
– მეც მაქვს პატარ-პატარა სიამოვნებები, მაგრამ მთავარ სიამოვნებას თქვენგან ველოდები. მომეცით ბრილიანტი.
– არ მაქვს-მეთქი. რომ მომეპარა, საუკეთესო და საიდუმლო ადგილზე დავმალავდი.
ჰოლმსმა თვალები მოჭუტა და უოტსონს მიუბრუნდა, – მომეხმარეთ დოქტორო, გრაფი უნდა გავჩხრიკოთ. მან სწორედ ახლა მითხრა, სად აქვს ბრილიანტი. საუკეთესო და საიდუმლო ადგილი მისი ტანისამოსის შიგნით მიმალული ჯიბეა. გრაფო, მადლობელი ვარ, რომ თქვენივე ფეხით მობრძანდით, ჩემთვის ანგარიში რომ გაგესწორებინათ. თქვენი ფეთქებადი ხასიათი ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს... – გრაფმა დაიღმუვლა და წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ჰოლმსმა ოსტატურად ჩაუყო ხელი სერთუკის შიდა ჯიბეში და ხელსახოცში გახვეული უზარმაზარი ბრილიანტი ამოიღო – მაზარინის ყვითელი ბრილიანტი.
– ჰოლმს, სიტყვა შეასრულეთ და გამიშვით, – დაიღმუვლა გრაფმა.
– ვერა, თქვენო აღმატებულებავ. ბრილიანტი ნებით არ დაგითმიათ. თან, ჩემი მოკვლა სცადეთ. პოლიცია უკვე აქ არის. მართლმსაჯულებამ გადაწყვიტოს, რა სასჯელს იმსახურებთ.
ლორდი და ინგლისის პერი ერთდროულად ესტუმრნენ ჰოლმსს.
– აბა, როგორ არის საქმე?
– დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა.
– ჰო, მაგრამ ბრილიანტი? ჩვენ ბრილიანტის დაბრუნება გთხოვეთ.
– მისმინეთ, სერ, თქვენ თქვით, რომ ის, ვისაც ბრილიანტი აღმოაჩნდება, ქურდია და სასჯელს იმსახურებს.
– დიახ, მე ის ვთქვი... – პერმა უკმაყოფილოდ შეხედა დეტექტივს.
– ჯიბეში ჩაიყავით ხელი, სერ...
– რა ბრძანეთ? ეს რა ხუმრობაა?!
– ხელი ჩაიყავით ჯიბეში, თქვენო აღმატებულებავ. ბრილიანტი თქვენ გაქვთ. ვიცი, რომ ჩემი არ გჯეროდათ. ამიტომ, ცოტა ვიხუმრე. იმედია, მომიტევებთ და ჩემზე წყენას არ ჩაიდებთ გულში.