№7 როგორ ჩააყენა ქვეყნის საიდუმლო სამსახურში ორი ცნობილი მწერალი სტალინმა
იოსებ სტალინი მხატვრული ლიტერატურის დიდი „გურმანი“ იყო და მაღალპროფესიულ დონეზე ერკვეოდა ხელოვნების ამ დარგში. მას უშეცდომოდ შეეძლო, გაერჩია ჭეშმარიტი ლიტერატურული შედევრი „კალმოსანთა ნაჯღაბნისგან“. მართალია, მისი მმართველობის პერიოდში არაერთმა მაღალმხატვრულმა შედევრმა ვერ იხილა დღის სინათლე, თუმცა, სხვა, თავისი მმართველი კოლეგისგან განსხვავებით, სტალინი არასდროს ანადგურებდა შედევრს. საბჭოთა ბელადი, უბრალოდ, თაროზე დებდა მას და ასეთ კომენტარებს აკეთებდა – ჯერ მისი დაბეჭდვის დრო არ მოსულაო. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სტალინს „თაროზე შემოდებულ“ შედევრთა დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა კუნცევოში. მას ერთადერთ ეგზემპლარად უბეჭდავდნენ ამ წიგნებს და ბელადი სიამოვნებით კითხულობდა და სათუთად ინახავდა მათ. სტალინის უსაყვარლესი აკრძალული ნაწარმოები იყო მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“. ბელადი ხშირად იყენებდა საუბარში ციტატებს ამ გენიალური წიგნიდან. განსაკუთრებით კი, ციტატას: „ხელნაწერები არ იწვისო...“
სტალინი მწერლების შემოქმედების „ფართო მომხმარებელი“ გახლდათ. აკრძალული და აუკრძალავი მწერლების ნაწარმოებებს ერთნაირი ყურადღებითა და გატაცებით კითხულობდა. ამის პარალელურად კი, თავად მწერლებსაც იყენებდა არალიტერატურული სახელმწიფო საქმისთვის და ამას ბელადი ლიტერატურის საფარქვეშ აკეთებინებდა მათ. საუბარია ცნობილი მწერლების სადაზვერვო საქმიანობაში გამოყენებაზე, რაც საკმაოდ მახვილგონივრული მიგნება იყო საბჭოთა ბელადის მხრიდან და დიდი წარმატებითაც ხორციელდებოდა.
სტალინის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწარმოები იყო დილოგია (ორი ნაწარმოები) „თორმეტი სკამი“ და „ოქროს კერპი“. ბელადი, როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, დიდი სიმპათიით იყო განწყობილი ამ დილოგიის მთავარი გმირის – ოსტაპ ბენდერის მიმართ. მას „ინტელექტუალურ თაღლითს“ უწოდებდა და საუბარში საკმაოდ ხშირად იყენებდა ოსტაპ ბენდერის ცნობილ ფრაზებს. მწერალი კონსტანტინე სმირნოვი იხსენებდა: „როდესაც გაზეთ „პრავდაში“ ვმუშაობდი და პირადად სტალინის დავალებით ბერლინში უნდა გავმგზავრებულიყავი, რაიხსტაგზე წითელი დროშის აღმართვის პროცესის ასაწერად, სტალინმა თავის კაბინეტში მიმიღო. მესაუბრა და როცა „პრავდის“ მომავალი მოწინავე სტატიის ჩონჩხი ერთად შევიმუშავეთ, სტალინმა ხელი ჩამომართვა და მითხრა: ყინული დაიძრა, წარმატებას გისურვებთო... ჩემთვის ერთობ მოულოდნელი იყო ოსტაპ ბენდერისეული ცნობილი ფრაზის მოსმენა სტალინისგან და ეს მოულოდნელი გაკვირვება არც ბელადს გამოჰპარვია. მან ღიმილით მკითხა:
– ამხანაგო მწერალო, გატყობთ, გაგიკვირდათ, რომ ამხანაგი სტალინი ოსტაპ ბენდერის ფრაზით გესაუბრებათ?
უარყოფას აზრი არ ჰქონდა და სახეწამოჭარხლებულმა მივუგე:
– ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ამხანაგო სტალინ.
– ტყუილად გაგიკვირდათ, – ღიმილითვე მითხრა სტალინმა, – კარგი, სხვა დროს ერთ ისტორიას მოგიყვებით ილფსა და პეტროვზე. ახლა კი თავისუფალი ხართ. „პრავდის“ მოწინავეზე იფიქრეთო...
ის სხვა დრო 1946 წლის იანვარში, 8 თვის შემდეგ დადგა. ბელადის კაბინეტში ლიტერატურული, სტალინური პრემიების საკითხებს განვიხილავდით. მე კომისიის წევრი ვიყავი. როდესაც საკითხები ამოვწურეთ და ყველანი წავიდნენ, სტალინმა დარჩენა მთხოვა. პირისპირ რომ დავრჩით, სტალინმა უხმოდ გააბოლა ჩიბუხი და მოულოდნელად მკითხა:
– როგორ ფიქრობთ, ვორობიანინოვმა რომ ოსტაპ ბენდერს ყელი გამოსჭრა, ოსტაპი უნდა მომკვდარიყო თუ გადარჩენილიყო?
მე გაგონილი მქონდა, რომ „თორმეტი სკამის“ ავტორებს – ილფსა და პეტროვს გეგმაში არ ჰქონდათ თავიანთი რომანის გაგრძელება, „ოქროს კერპის“ დაწერა და ოსტაპისთვის ყელის გამოჭრა, მის სიკვდილს ნიშნავდა. თუმცა, სამი წლის შემდეგ, ამ დუეტმა რომანის გაგრძელება დაწერეს და ოსტაპი გააცოცხლეს. სტალინს მივუგე:
– ვფიქრობ, ილფი და პეტროვი სწორად მოიქცნენ, როცა რომანი გააგრძელეს და ოსტაპი გააცოცხლეს. ამით ეს დილოგია სრულყოფილი გახდა-მეთქი.
– სავსებით გეთანხმებით, ამხანაგო მწერალო. მეც მასე ვფიქრობდი და ამიტომ ვთხოვე ამ დუეტს, რომანის გაგრძელება დაეწერათო.
სტალინის სიტყვები იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ დავიბენი. მან კი ღიმილით მითხრა:
– ხომ ხედავთ, ამხანაგო მწერალო, რომ ქვეყნის მეთაურის ჩარევა ლიტერატურულ საქმეებში ზოგჯერ სასარგებლოა. მაგრამ, ეს ჩვენ შორის დარჩესო...
სტალინის გარდაცვალებამდე საიდუმლოდ ვინახავდი ამ ამბავს და არავისთვის გამიმხელია...“
საიდუმლოს არ წარმოადგენდა ის ამბავიც, რომ ილია ილფი (იეხიელ-ლეიბ ბენ არიე ფაინზილბერგი) და ევგენი პეტროვი (ევგენი პეტრეს ძე კატაევი) – ეს ორი ცნობილი საბჭოთა მწერალი, თავიანთი უკანასკნელი მხატვრულ-დოკუმენტური რომანის, „ერთსართულიანი ამერიკის“ პარალელურად, ავტორები არიან იმ საიდუმლო სქელტანიანი ანალიტიკური მოხსენებისა, რომელიც საბჭოთა ბელადის მაგიდაზე 1936 წლის მიწურულს დაიდო. ილფმა და პეტროვმა 1935-1936 წლებში, ეგრეთ წოდებული, შემოქმედებითი მივლინების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმოგზაურეს. მათ შემოიარეს ყველა შტატი, შეხვდნენ ათასობით ადამიანს. გადაიღეს უამრავი ფოტოსურათი და ოფიციალურად გამოაქვეყნეს წიგნი „ერთსართულიანი ამერიკა“. ამის შემდეგ კი მათ ჩაატარეს უზარმაზარი სადაზვერვო საქმიანობა და საბჭოთა დაზვერვას გადასცეს უძვირფასესი ანალიტიკური მასალა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-სამრეწველო, სამრეწველო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე. შემდგომ ეს ზღვა მასალა დაზვერვის ანალიტიკოსებმა პუნქტებად დაალაგეს და სწორედ ამაზე დაყრდნობით ახორციელებდა საბჭოთა კავშირი თავის პოლიტიკას შეერთებულ შტატებთან მიმართებაში. თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში, ვიაჩესლავ მოლოტოვი გამოტყდა, რომ ილფი და პეტროვი პირადად იოსებ სტალინის დავალებით მოგზაურობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი წლის განმავლობაში. ამ „შემოქმედებითმა მივლინებამ“ კი, უფრო მეტი სარგებლობა მოუტანა საბჭოეთს, ვიდრე მთელმა ამერიკულმა რეზიდენტურამ. ფაქტია, რომ სტალინმა მშვენივრად იცოდა კადრების შერჩევა და მათი ჩაყენება საბჭოეთის საიდუმლო სამსახურში...“