№7 ცხენისწაბლა მასტოპათიისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ
ცხენისწაბლა მასტოპათიისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ
ცხენისწაბლა წარმატებით გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ჰიპერტონიის, ვენების პოსტტრავმული დაზიანების, სისხლძარღვთა სპაზმის, ბუასილის, რევმატიზმის დროს. მაგრამ ცხენისწაბლას დამსახურება მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლება. ის აღადგენს ცილოვან სტრუქტურებს, პოზიტიურად მოქმედებს კისტოზურ-ფიბროზულ მასტოპათიაზე.
ცხენისწაბლა საუკეთესო ანტიკოაგულანტია – ხელს უშლის თრომბის გაჩენას, სისხლის შესქელებას და ამდენად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისთვის მეტად მარგებელია.
სამკურნალო მიზნით გამოიყენება ცხენისწაბლას ყვავილი და ნაყოფი. გაითვალისწინეთ, მათი შეგროვება სამანქანო გზასთან ახლოს არ შეიძლება.
ნაყენის დასამზადებლად აიღეთ 1 სადილის კოვზი მშრალი ან 2 სადილის კოვზი ახალი ყვავილი. დაასხით 200 მილილიტრი წყალი, აადუღეთ და 6-8 საათით დააყენეთ. დალიეთ ყლუპობით მთელი დღის განმავლობაში, დღეში 1-1,5 ლიტრი.
სპირტოვანი ნაყენის დასამზადებლად, დააყენეთ ცხენისწაბლას ყვავილები არაყზე ან 50-პროცენტიან სპირტზე შეფარდებით – 1:10. დალიეთ 40 წვეთი, წინასწარ განზავებული 50 მილილიტრ წყალში, დღეში სამჯერ, ჭამამდე.
გარეგანი გამოყენებისთვის დააყენეთ ცხენისწაბლას 20 გრამი ყვავილი ნახევარ ლიტრ არაყზე ან 50-პროცენტიან სპირტზე 2 კვირის განმავლობაში. ნაყენი მტკივნეულ სახსარში შეიზილეთ.
ცხენისწაბლას ნაყოფისგან ნაყენი ასე მზადდება: 50 გრამ დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი. დააყენეთ 5-7 დღე და მიიღეთ 5-10 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. ეს ნაყენი ჰიპერტონიას, ბუასილს, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას კურნავს.
ნაყოფს განსაკუთრებით ინტენსიურად იყენებენ მკერდის დაავადებათა სამკურნალოდ. პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ცხენისწაბლას გამუდმებით, ჯიბით ტარება (ამ მიზნით გამოსადეგია წინა წლის ნაყოფიც, მთავარია, მისი ქერქი არ იყოს გამომშრალ-გამოფიტული). ხალხურ მედიცინაში მასტოპათიებს, მასტიტებსა და რძის შეგუბებას მკერდზე ცხენისწაბლას ნაყოფის ხშირ-ხშირად ენერგიულად, მაგრამ ნაზად შეზელით მკურნალობენ. ქალს მის აზღუდით ტარებასაც ურჩევენ.
ხალხურ მედიცინაში ვენების გაგანიერებისა და ბუასილის სამკურნალოდ, გარდა ნაყოფისაგან დამზადებული ნაყენისა, იყენებენ მისი ყვავილების ახალ წვენსაც (25 წვეთი 2-3-ჯერ დღეში). ცხენისწაბლას ქერქის წყლიანი ნაყენი იხმარება ფაღარათის საწინააღმდეგოდ, ნაწლავების ანთებისას კი, საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა. საშვილოსნოდან და ბუასილის სისხლის დენის დროს ხმარობენ მოხალული ნაყოფისაგან დამზადებულ ფხვნილებს. ნაყენის მოსამზადებლად 50 გრამ ყვავილს ან ნაყოფს ასხამენ ნახევარ ლიტრ 50-გრადუსიან არაყს. იღებენ 30-40 წვეთს 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-4 კვირის განმავლობაში.
წაბლის ნაყოფისა და ქერქის გამოყენება შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმელების დაავადებასთან დაკავშირებული შეშუპების, ცხვირიდან სისხლდენის დროს. გარეგანად წაბლის ნაყოფის ნახარშს იყენებენ ცხელი საფენების სახით ფურუნკულებისა და ჩირქგროვების სამკურნალოდ; წაბლის ყვავილების სპირტიან ნაყენს კი – ქრონიკული დიზენტერიისა და საშარდე ბუშტის ანთების მკურნალობისას. ცხენისწაბლას ქერქისა და თესლისგან ფარმაცევტულ წარმოებაში თრომბოფლებიტისა და ჰემოროის სამკურნალო პრეპარატებს ქმნიან.
ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას ცხენისწაბლას ნაყოფის ან ყვავილის ნახარშის აბაზანას იყენებენ. ნახარში შემდეგნაირად მზადდება: 50 გრამი ხმელი დაქუცმაცებული ნედლეული ერთ ლიტრ წყალში ნახევარი საათი ადუღეთ. შემდეგ გადაწურეთ, ოდნავ გააგრილეთ და ფეხების აბაზანა გაიკეთეთ.
ჰემოროის სამკურნალოდ ნაყოფისა და ქერქის ნახარშს იყენებენ. 5 გრამ დაქუცმაცებულ ნაყოფსა და ამდენივე ქერქს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, ცხელივე გადაწურეთ და ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. დალიეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ.
გამწვავებული ქრონიკული დაავადებებისას ერთი მწიკვი ძალიან წვრილად დაჭრილი ფოთლებისა და ქერქის ნაზავს დაასხით ერთი ჭიქა ცივი, ანადუღარი წყალი და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით გადაწურეთ, დალიეთ 2-3 სადილის კოვზი 5-6-ჯერ დღეში, საკვების მიღების შუალედებში. ნაყენი კარგი საშუალებაა ხველების დროს, განსაკუთრებით მწეველთათვის.
გულის არეში ტკივილისას შემდეგი რეცეპტი გიშველით: 3 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ცხენისწაბლას დაასხით 2 ჭიქა არაყი, გააჩერეთ 2 კვირა. გადაწურვა არ არის საჭირო. დალიეთ 30-35 წვეთი დღეში 3-ჯერ ჭამის დროს.
გაითვალისწინეთ: ცხენისწაბლას დოზის გადაჭარბება კრუნჩხვას იწვევს. მისი გამოყენებისას აუცილებლად გაიკონტროლეთ სისხლის შედედების უნარი. თუ ჰიპოტონია გაწუხებთ, ცხენისწაბლას მიღება გეკრძალებათ.
ასფურცელა ჭიების მოსაშორებლად
ხალხურ მედიცინაში ასფურცელას ნაყენი გამოიყენება მრგვალი ჭიების დასაყრელად, ციების საწინააღმდეგოდ, ნერვული აღგზნების, ნაწლავების ზოგიერთი დაავადების დროს. ასფურცელას პრეპარატებს იყენებენ ღვიძლის, ნაღვლის სადინარების, კუჭ-ნაწლავის დაავადების, ენტეროკოლიტების დროს.
ჭიების დასაყრელად – 20 გრამი ასფურცელას ყვავილი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი. ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში. გაწურეთ და ანადუღარი წყლით შეავსეთ საწყის მოცულობამდე (200 მილილიტრამდე). მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.
ენტეროკოლიტის სამკურნალოდ 5 გრამ ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დადგით მდუღარე წყლის
აბაზანაზე. ადუღეთ 15 წუთი, შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში. გაწურეთ და ანადუღარი წყლით შეავსეთ საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1 სადილის კოვზი, 5-6-ჯერ დღეში.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს – ასეთივე ნაყენი მიიღეთ მესამედი ან ნახევარი ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.
ასფურცელას ნაყენი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება აბაზანებისა და საფენების სახით სახსრების ანთებისას (რევმატიზმი, ნიკრისის ქარი). ნაყენს აქვს, აგრეთვე, ანტიმიკრობული თვისებები, ამიტომ მას იყენებენ ძველი ჭრილობებისა და წყლულების დასამუშავებლად.
სამკურნალო პრეპარატების დასამზადებელ ნედლეულად იყენებენ ასფურცელას ყვავილებს. ეს ყვავილები შეიცავს ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, ალკალოიდებსა და მწარე ნივთიერებებს.
ასფურცელას პრეპარატები გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის სადინარების, კუჭისა და თორმეტგოჭა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისა და ჰელმინთოზების სამკურნალოდ. 1 სადილის კოვზ ასფურცელას ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და 1 საათით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 5-6 სადილის კოვზი დღის განმავლობაში.
უნდა გახსოვდეთ, ასფურცელა შხამიანი მცენარეა და მისი ნაყენის დიდი დოზით ან ხანგრძლივად მიღება, იწვევს კუჭის აშლილობას, გულისრევას, ღებინებას. ამიტომ, გამოიჩინეთ სიფრთხილე.
პაპაია კიბოს წინააღმდეგ
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პაპაია მრავალი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად უებარი საშუალებაა. მისი გამოყენება ეფექტურია სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების, კანის დაბერების, სიმსივნეების, მხედველობისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. მას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყენებენ. მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პაპაიას ექსტრაქტი არანაირ უარყოფით ზემოქმედებას არ ახდენს ჯანმრთელ უჯრედებზე. ნაყოფში შემავალი ყველაზე სასარგებლო ნივთიერება მცენარეული წარმოშობის ფერმენტი – პაპაინია, რომელიც თავისი შემადგენლობით, კუჭის წვენს წააგავს. კუჭში მოხვედრისას, პაპაია აქტიურად შლის სახამებელს, ცილასა და ცხიმებს. ამიტომაც, მისი რეგულარული გამოყენება მისწრებაა მათთვის, ვისი ორგანიზმიც ცილის გადამუშავებას ვერ, ან ცუდად უმკლავდება. პაპაია შეიცავს ფერმენტს, რომელიც გულისცემას აწესრიგებს და დადებითად მოქმედებს, ზოგადად, გულის მუშაობაზე. მცენარეული ბოჭკოების მაღალი შემცველობის წყალობით, პაპაიას სისხლში მავნე ქოლესტერინის დაქვეითების უნარი აქვს. ის თრომბების წარმოქმნისგან გვიცავს. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები კი, ორგანიზმის ახალგაზრდობას ახანგრძლივებს. ამ სასარგებლო ნაყოფის წვენის სისტემატური გამოყენება აჯანსაღებს და ატონიზირებს კუჭ-ნაწლავს, ანადგურებს ინფექციებს სწორ ნაწლავში. მას ლორწოსა და ჩირქისგან წმენდს. პაპაია რეკომენდებულია გრიპოზული ინფექციისას, რადგან იმუნიტეტს ამყარებს. მასში შემავალი ერთ-ერთი ფერმენტი ხერხემლის მალთაშორისი დისკების შემაერთებელი ქსოვილების აღდგენის პროცესს აძლიერებს. ნაყოფი ზედმეტი კუჭის წვენის ნეგატიურ მოქმედებას ანეიტრალებს. ამიტომ, სასარგებლოა გასტრიტის, გულძმარვის დროს. პირველი ტიპის დიაბეტისას კი, ის ხელს უწყობს ინსულინის გამომუშავებას. სალიცილის მჟავის დიდი რაოდენობის მეშვეობით, პაპაიას გამოყენება სიცხის დამწევ საშუალებადაც შეიძლება. პაპაია სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისთვისაც. მისი ყოველდღიური გამოყენების შედეგად, მასში შემავალი ვიტამინების წყალობით, კანი გლუვი და მკვრივი ხდება, რკინა კი პრემენსტრუალური სინდრომის მტკივნეული შეგრძნებების დაძლევაში მონაწილეობს. პაპაიას თუნდაც ერთი ნაყოფი კვირაში ძალებს გვმატებს, ენერგიას გვძენს, გვეხმარება ნაკლებ დროშიც გამოვიძინოთ და დეპრესიისგან გვიცავს. ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება ნაწლავებში სასიცოცხლო ბაქტერიების განადგურებას იწვევს. პაპაიას წვენი კუჭ-ნაწლავის დარღვეულ ბალანსს აღადგენს და მონელებას უწყობს ხელს. ამცირებს გულისრევას, აუმჯობესებს მხედველობას – პაპაია A ვიტამინსა და ბეტა-კაროტინს შეიცავს, რომელიც მხედველობას აუმჯობესებს. ხსნის დაძაბულობას – მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ C ვიტამინი არეგულირებს ჰორმონების გამოყოფას. პაპაიას ნაყოფი სტრესული სიტუაციის ან დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად, საუკეთესო საშუალებაა. აყუჩებს მენსტრუალურ ტკივილებს – ამისთვის კი პაპაიას ფოთლისა და თამარინდის (ინდური ფინიკი) ნახარში უნდა დალიოთ. პაპაიას ნაყოფი ფიბრინოგენს შეიცავს, რაც ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქმნას. მწეველების ორგანიზმში კი, სისხლის კოლტები, წარმოქმნის დიდი რისკის არსებობას. ხელს უშლის კანის დაბერებასაც – ეს ხილი განსაკუთრებით მდიდარია ალფა-ჰიდროქსომჟავით, რომელიც კანის დაბერების წინააღმდეგ გამოიყენება. ის, ასევე, სავსეა C ვიტამინითა და ბეტა-კაროტინით, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ეხმარება კანს ელასტიკურობის აღდგენაში.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პაპაიას ფოთლების ექსტრაქტი და მისი ჩაი უნიკალური საშუალებაა ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ. ის ეფექტურია სიმსივნეების მიმართ. ფლორიდის უნივერსიტეტისა და იაპონელმა სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც დოკუმენტურად დაადასტურეს პაპაიას სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. სახელდობრ, ამ მცენარის ფოთლები ეფექტურია საშვილოსნოს ყელის, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, ფილტვებისა და პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ.
პაპაიას გამხმარი ფოთლებისაგან მიღებული ექსტრაქტის გამოკვლევით დადგინდა, რომ ეფექტი მით უფრო ძლიერია, რაც მეტი დოზით იღებს კიბოს უჯრედები ამ მცენარის ჩაის. პაპაიას ფოთლების ექსტრაქტი ასტიმულირებს სასიგნალო მოლეკულების გამომუშავებას, რომლებიც არეგულირებენ იმუნურ სისტემას. ამ აღმოჩენით შესაძლებელია, შემუშავდეს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალი თერაპიული მეთოდი, რომელიც გულისხმობს იმუნური სისტემის გამოყენებას კიბოს წინააღმდეგ.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პაპაიას იყენებენ სხვადასხვა დაავადების დროს. მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პაპაიას ექსტრაქტი უარყოფითად არ მოქმედებს ჯანმრთელ უჯრედებზე. კიბოს მკურნალობისას კი, როგორც ცნობილია, პრეპარატების უმრავლესობა ავლენს ამა თუ იმ გვერდით ეფექტს.