№7 რატომ აღარ აძლევენ სასულიერო პირები მორწმუნეებს შენიშვნას მცნებების დარღვევის გამო და როგორ უნდა მოექცეს მრევლი უღირს სასულიერო პირს
როგორც ერთი წმიდა მამა ბრძანებს: „მორწმუნეთა გულგრილობა ბევრად საშინელია, ვიდრე ის ფაქტი, რომ საერთოდ ურწმუნოები არსებობენ... მორწმუნე ის კი არ არის, ვისაც ყოველივე სჯერა, არამედ ის, ვისაც სწამს ჭეშმარიტი ღმერთი. რწმენა განანათლებს, აკურთხებს, სულიწმიდის ღირსად ხდის ადამიანს... სადაც რწმენაა, იქ ძალაა, სადაც ურწმუნოებაა, იქ უძლურებაა. რწმენა სიკეთის სათავეა, რწმენა სიკეთის წყაროა...“ – გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– თანასწორობის იდეა‚ მაცხოვარმა და მისმა მოციქულებმა განსაკუთრებულ სიმაღლეზე აიყვანეს. მაცხოვარმა არ ინება, რომ მისი მოწაფეებიდან რომელიმეს სხვებზე მაღლა დაეყენებინა თავი. საქართველოს ეკლესიის უმაღლეს ორგანოს ამჟამად ეპისკოპოსთა საბჭო – წმიდა სინოდი წარმოადგენს. მაგრამ, ისტორიულად, საერთო კრებაში, როგორც უმაღლეს ორგანოში, მონაწილეობდნენ საპატრიარქოს მთელი მორწმუნე მოსახლეობის წარმომადგენლები – როგორც სასულიერო, ასევე საერო პირები, მათ შორის ქალებიც (მონაზვნები). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მინისტრი, გამგებელი, მმართველი და პრეზიდენტი იმისთვის არიან დადგენილები, რომ ჩვენ გვემსახურონ. როდესაც პრეზიდენტს ვირჩევთ, ის უნდა გვემსახურებოდეს ჩვენ და არა ჩვენ – მას. თუ ასე იქნება, ყველაფერი მოწესრიგდება. დღეს იმიტომ ხდება ამდენი არეულობა, უკმაყოფილება, რომ ადამიანები ვერ ხედავენ ზემდგომის ქვემდგომისადმი სიყვარულს, პატივისცემას. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე ქვეყანა არ დაწყნარდება. რაც უფრო წარჩინებული ვართ ქრისტეში და საერო საქმეში, მით მეტად მოგვეთხოვება ხალხის მსახურება და არა ის, რომ ხალხი გვემსახურებოდეს ჩვენ. „ეპისკოპოსი“ ნიშნავს ზედამხედველს, მეთვალყურეს. როდესაც ის ეკლესიაში მობრძანდება, მას უფენენ ნოხს, რომელზეც გამოსახულია ქალაქი და არწივი, რომელიც მას ზედ დაჰყურებს. ასე უნდა დაჰყურებდეს და ზრუნავდეს ეპისკოპოსი იმ იერარქიაზე, რომელიც მას ჩააბარეს. საერო ადამიანი იერარქიას იგებს მონური მორჩილებით, მაგრამ ყველამ უნდა გავიგოთ, რომ ზემდგომი ქვემდგომისთვის დადგენილია სიყვარულისთვის, მსახურებისთვის, მოფერებისთვის...
– როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მრევლს უღირს მღვდელმსახურთან, რომელიც სწორედ იმ ეკლესიაში მოღვაწეობს‚ სადაც ის წირვა-ლოცვებზე დადის?
– არაერთხელ მითქვამს, რომ მოძღვრის მორჩილება არ ნიშნავს მონებას და მრევლიც ისე უნდა მოექცეს უღირს სასულიერო პირს, როგორც შვილი ექცევა ცოდვილ მამას: პატივს უნდა სცემდეს უფლის მცნებების გამო, მაგრამ არ უნდა მიჰბაძოს.
– სახარებაში და ასევე, ბევრი წმიდა მამის სწავლებაში წერია, რომ ბოლო ჟამს ძალიან ბევრი ცრუ სწავლება, ცრუ ქრისტე გაჩნდება, რომლებიც ცრუ სწავლებებს იქადაგებენო.
– ახლა აღარ დაანგრევენ ეკლესიებს, სამაგიეროდ, იქადაგება ცრუ სახარება, ცრუ მოძღვრები გაჩნდებიან. მომრავლდებიან მოძღვრები, რომლებიც მრევლს არ მისცემენ შენიშვნას იმის გამო, რომ ისინი ღვთის მცნებებს არღვევენ. სამწუხაროდ, დღეს ბევრია ისეთი მოძღვარი, რესტორანში რომ ქეიფობს, მღერის. ხალხი მათ აქეთ ეუბნება: ნუ განიმოსებით, მამაო, ნუ სვამთ, ნუ ხმაურობთო, მაგრამ, ისინი ისევ ისე განაგრძობენ ღრეობას. დღეს ჩვენი ქვეყანა რომ ასეთ მდგომარეობაშია, ეს ჩვენი ბრალია: მათი, ვისაც მოგვეცა ცოდვების არმიტევებისა და მიტევების უფლება და მათი, ვისაც ზიარების უფლება მიეცა, რადგან, არ ვიქცევით კარგად. ამიტომ, როდესაც ღმერთი მოვა, ის ჩვენ მოგვკითხავს პასუხს. სამწუხაროდ, ხალხი, როგორც კი გათბება, დაპურდება, ჩაიცვამს, მაშინვე მიატოვებს ხოლმე ეკლესიას. ყველა განსაცდელი იმიტომ ხდება, განსაკუთრებით კი ბოლო დროს, რომ ჩვენ, ადამიანები, გავძლიერდეთ და ისე შევხვდეთ განსაცდელს, არ მივატოვოთ ეკლესია. სანამ ჭეშმარიტების ხმა აქა-იქ კიდევ ისმის, ჯობია, მოვისმინოთ, რადგან, დადგება დრო, როდესაც ამას ვერსად მოვისმენთ და მოგვენატრება. ძალიან ბევრი მღვდელი თუ ეპისკოპოსი ისეთ რამეს გიქადაგებთ, ვერც კი მიხვდებით და გეგონებათ, რომ სიმართლეს ამბობს. არადა, ის პირდაპირ გეტყვით: მიდით, თაყვანი ეცით ანტიქრისტეს. ის ღოჯებიანი და რქებიანი ცხოველი კი არ იქნება, არამედ, სიმპათიური, განათლებული ადამიანი, რომელიც მოგეფერებათ, პურს დაგირიგებთ. მაგრამ, შენ რომ იტყვი, ეს ცუდიაო, იტყვიან, ჩამორჩენილი ხარ და არაფერი იციო. მაგრამ, სამაგიეროდ, შეძლებ საკუთარი და სხვისი სულის გადარჩენას. უნდა ისმინო, ისწავლო ის, რასაც გვასწავლიდნენ იოანე ოქროპირი, პავლე მოციქული და სხვა დიდი მამები და არა ის, რასაც სასულიერო პირები, საკუთარი მოსაზრებიდან გამომდინარე, გვასწავლიან. ბოროტებას ფიზიკურად ვერ შევაჩერებთ წიგნების დაწვით, მიტინგების მოწყობით. სამაგიეროდ, ბოროტებას შევაჩერებთ საკუთარ თავში, ოჯახებში, მეგობრებში. შემდეგ ეს, ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან დაკომპლექტებული მასა, მოიცავს საზოგადოებას და ის ნათელი, რომელიც ქრისტესგან მოგვეცა, იმდენად დიდი იქნება, სხვებიც დაინახავენ და ადიდებენ ქრისტეს.
– მამაო, ხშირად ამბობენ, რასაც ჩვენ დედამიწაზე ვაკეთებთ, როგორც ვსაუბრობთ და ვიქცევით, ის არასდროს იკარგებაო.
– ხორციელი სიცოცხლე ხანმოკლეა, მაგრამ ის წყვეტს ჩვენს მარადიულ ბედს, ანუ მომავალს. ყველაფერი, რასაც აქ, დედამიწაზე ვაკეთებთ, რისკენაც ჩვენი სურვილებით მივილტვით, რასაც მთელი გულით ვეკვრით, უკვალოდ კი არ იკარგება, საუკუნოდ რჩება ისეთ მონაპოვრად, რომელიც ჩვენს მარადიულ სიმშვიდესა და ნეტარებას ან უსასრულო წამებასა და ტანჯვას განაპირობებს. მართალი გონება, სუფთა გული, სიკეთისკენ მიმართული ნება, მტკიცე რწმენა ღვთისა, იმედი მისი მადლმოსილებისა და მოწყალებისა მარადიულ სიმშვიდესა და უსასრულო ნეტარებაში შეგვიყვანს. ბოროტება, სიძულვილი, ამპარტავნება, ღვთის უარყოფა და ურწმუნოება კი, სიჯიუტისა და მოუნანიებლობის შემთხვევაში, მარადიულ ტანჯვამდე მიგვიყვანს. თუ ჩვენ ცხოვრებაში შევითვისებთ ქრისტიანულ მსოფლმხედველობას, მაშინ თავიდან ავირიდებთ სიბრძნით გამოგონილ ყველა მახინჯ შეხედულებას, არ ვიტყვით ცდუნებულ ადამიანებთან ერთად, რომ სიცოცხლე არის ბრძოლა არსებობისთვის. ეს ცრუ მოძღვრება ისეთ მხეცად აქცევს ადამიანებს, სუსტებზე ძალადობა რომ ახასიათებთ. ქრისტიანულ თვალსაზრისს სიცოცხლეზე ჩვენთვის ისეთი სიმშვიდე და სიწყნარე მოაქვს, როგორის მოცემაც არ ძალუძს ადამიანურ სიბრძნეს. ის გვარწმუნებს, რომ ყოვლისმპყრობლის ძალა სიკეთისკენ წარმართავს მისი ნების აღმსარებელი ადამიანის ყველა გზას და გამოასწორებს ბოროტებას, რომელიც ჩვენი უგუნურებისა და ურჩობის გამო ხდება და ღვთის ნების გარეშე თმის ბეწვიც კი არ ჩამოგვივარდება. ჩვენი სიცოცხლე და სიკვდილი ღმერთის ხელთაა. ჭმუნვა, გაჭირვება, სიხარული, ბედნიერება ადამიანს უფლის ნებით ეგზავნება. მორწმუნე არ შფოთავს, უშფოთველად უყურებს ყველა ცხოვრებისეულ გასაჭირს და უკუღმართობას. სწამს, რომ ღმერთი ყველაფერს კეთილ დასასრულამდე მიიყვანს. რაც მთავარია‚ უნდა გვქონდეს სწორი სარწმუნოება, რწმენა.