№7 რა რიტუალი უნდა ჩაატაროთ სურბსარქისის დღეებში საბედოს დასასიზმრებლად და რატომ არის თებერვალი სამკითხაოდ აქტიური პერიოდი
„თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო,” – ახსენდება, ალბათ, ჩვენში ყველას ზამთრის ამ უკანასკნელი თვის დადგომისთანავე. მაგრამ, არის კიდევ ერთი მოვლენა, რაც ამ პერიოდში, შეგნებულად თუ შეუგნებლად, აუცილებლად გვახსენებს თავს და ეს სურბსარქისობაა. ქარია? – სურბსარქისი ჩაივლის და დაწყნარდებაო... ვიღაცამ საბედო ნახა სიზმარში... სხვამ საჩუქარი მიიღო სატრფოსგან... მოკლედ, ნაწილ-ნაწილ რაღაც ყველას სმენია. მაგრამ, მთლიანობაში, რასთან გვაქვს საქმე? – ცოტამ თუ იცის, განსხვავებით სომეხი ხალხისგან, რომელთა ტრადიციის მიხედვით, წმიდა სურბ სარქისი სიყვარულის მფარველია და ეს ყველაფერი ძველ ისტორიას უკავშირდება. თუ რა ლეგენდებია მასზე გავრცელებული და რა სახის რიტუალებია საჭირო სანუკვარი ოცნების ასახდენად – ამ ყველაფერზე გვიამბობს ქალბატონი ჟანა, პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი.
– ყოველთვის თებერვალშია ეს დღესასწაული და რას უკავშირდება, იქნებ, ზუსტად აგვიხსნათ?
– სურბსარქისობა მოძრავი კალენდრით აღინიშნება, მაგრამ ყოვლთვის თებერვალშია, სააღდგომო მარხვის დაწყებამდე. ის ახალგაზრდების, შეყვარებულთა დღესასწაულია, რომელსაც წინ უძღვის ხუთდღიანი მარხვა. დღესასწაულის წინა, ანუ პარასკევ ღამით კი, ახალგაზრდები მიირთმევენ დამარილებულ კვერს, რომ სიზმარში საქმრო ან საპატარძლო გამოეცხადოთ. ახლა მოგიყვებით იმას, რაც საკუთარ თავზე გამომიცდია. თექვსმეტი წლის ვიყავი. მაშინ ახალციხეში ვცხოვრობდით. მოგეხსენებათ, იქ სომეხი მოსახლეობა ბევრია და სურბსარქისობას, ამიყოლიეს უბნის გოგოებმა. მარილიანი კვერები, წესისამებრ, გამოგვიცხო ბედნიერმა გათხოვილმა ქალმა – მარილი წყალი და ფქვილი თანაბარწილად მოზილა. მერე, როგორც დამარიგეს, უბრად გავედი გზაჯვარედინზე, შევჭამე კვერი და დაწოლამდე ხმა აღარ ამომიღია, ძლივს გავძელი. დამეძინა და სიზმარში მდინარის პირას ვარ. ვუყურებ წყალს და ლამის გული მიმდის, ისე მწყურია. ნაპირთან ახალგაზრდა კაცი დგას ზურგით ჩემკენ. მე ვეძახი, წყალი მომაწოდე-მეთქი. სავსე ჭიქას კი მაწვდის, მაგრამ ამ დროს მეღვიძება და მის სახეს ვერაფრით ვიხსენებ. მას შემდეგ, კიდევ რამდენჯერმე განმეორდა იგივე და მხოლოდ იმ პირველი მცდელობიდან, თითქმის 10 წლის მერე, შემობრუნდა სიზმარში ჩემი საბედო და გამოღვიძებულს მკაფიოდ მახსოვდა მისი სახე. მაშინ თავდავიწყებით ვიყავი შეყვარებული ერთ ყმაწვილზე და სწორედ მან დამალევინა წყალი სიზმარში. იმ წელს დავქორწინდით და დღემდე ერთად ვართ. რაც შეეხება, წლების განმავლობაში მის სახეს რომ ვერ ვხედავდი, ეს მინიშნება იყო: ჯერ გათხოვება ადრეაო. ისე, იმასაც აქვს მნიშვნელობა, რით მოგაწოდებს საბედო სიზმარში წყალს: თუ თიხის ჯამით – სიღარიბეში იცხოვრებთ, თუ ვერცხლის აზარფეშით – სიმდიდრეში და ასე... შესაბამისად, რაც უფრო ძვირფასია ჭურჭელი, მით უფრო მდიდარი იქნება საქმრო.
– სურბ სარქისი წმიდანია და რა კავშირი აქვს ამ რიტუალს მასთან?
– ისტორია ასეთია. სურბ სარქისი, იგივე წმიდა სარქისი, წარმოშობით ბერძენი მხედართმთავარი და ასევე, ქრისტიანობის მქადაგებელი გახლდათ. ამის გამო დევნილი, თავდაპირველად, სომხეთში გადავიდა, იქიდან კი – სპარსეთში, სადაც შეიპყრეს, აწამებდნენ და ბოლოს თავი მოჰკვეთეს. თუმცა, მისი მკვდარი სხეული განათდა და სურნელებას აფრქვევდა. რაც შეეხება მისგან შეყვარებულთა მფარველობას, ამასთან დაკავშირებით, მრავალი ლეგენდაა გავრცელებული. ერთ-ერთის მიხედვით, ის როგორც მხედართმთავარი, თავის 39 მებრძოლთან ერთად, იმპერატორის კარზე მორიგ ბრძოლაში გამარჯვებას ზეიმობდა. როცა შეზარხოშებულმა მეომრებმა დაიძინეს, რომის იმპერატორმა 40 მზეთუნახვს მათი დახოცვა უბრძანა. ყველამ შეასრულა ბრძანება და მხოლოდ ერთმა, იხილა რა, ვაჟკაცური სილამაზით შემკული სახე წმიდა სარქისისა, სიგიჟემდე შეუყვარდა და იმის ნაცვლად, რომ მოეკლა, მხურვალედ აკოცა. როცა გამოფხიზლებულმა რაინდმა გააცნობიერა, რაც მოხდა, ელვის სისწრაფით შეკაზმა თავისი სწრაფმავალი ცხენი, ქალიც ზედ შემოისვა, გამოიძახა ქარიშხალი და თვალის დახამხამებაში უკვალოდ გაქრა ქალაქიდან. ასე იხსნა მისი სიცოცხლე სიყვარულმა.
– გამოდის, სიცოცხლით ყოფილა დავალებული სიყვარულის წინაშე, რაშიც ქარიშხალსაც მიუძღვის თავისი წილი...
– მეორე ლეგენდის მიხედვით, მდიდარი მოვაჭრის ქალი შეუყვარდა ღარიბ ჭაბუკს, თუმცა სასიმამრომ უარი უთხრა. მაშინ ქალი დაჰპირდა, რომ 7 წელიწადს მოუცდიდა და თუ ვაჟი დათქმულ დროს არ გამოჩნდებოდა, მამის არჩეულ საქმროს გაჰყვებოდა ცოლად. წავიდა ვაჟი გასამდიდრებლად... და როგორც იქნა, მოაღწია სატრფოსთან შეხვედრის დრომ, მაგრამ უამრავი დაბრკოლება შეხვდა გზად. დრო იწურებოდა... სთხოვა მაშინ დახმარება სურბ სარქისს. გამოეცხადა ისიც თავის ტაიჭზე ამხედრებული და უხმო ისევ ქარიშხალს. წმიდა საქისისა და ზურგქარის შემწეობით, მიუსწრო შეყვარებულმა ჭაბუკმა საცოლეს, მისი მშობლებიც დაითანხმა და იქორწინეს. ასე რომ, შეყვარებულთა შემწეა ის გამჭოლი ქარიც, სურბ სარქისთან ერთად.
– გამიგია, რომ სურბსარქისობის შესაბამისი ქართული ტრადიციებიც არსებობს...
– დიახ. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, ასევე თებერვალში იცოდნენ ხიდრიელა: ორშაბათიდან პარასკევამდე, სხვადასხვა მიზნით, უქმობდნენ – ერთი, სამი ან ხუთი დღე. თუ ჭრა-კერვის შესწავლა უნდოდა, ახალგაზრდა ქალი 5 დღეს იმარხულებდა: დილით შეჭამდა ცოტა პურს, საღამოსაც – ცოტას, მეხუთე დღეს კი, გამოაცხობდა მტუტე მარილის კვერს და შეჭამდა. მერე ბალიშქვეშ ამოიდებდა მაკრატელს, ფერად ნაჭრებს, ნემსს, ძაფს, საქარგავს და დაიძინებდა. სიზმარში კი ანგელოზები ასწავლიდნენ ჭრა-კერვას. ხოლო, თუ გათხოვება სურდა, მაშინ თავქვეშ დაიდებდა სარკეს, სავარცხელს, მაშრაფით წყალს და ვისაც სიზმარში ნახავდა, ის იქნებოდა მისი ბედი. ასევე იქცეოდნენ ვაჟებიც. თუშეთშიც იყო თებერვლის უქმეები – ყველიერში მთელი დღე შიმშილობდნენ, საღამოს კი, გათხოვილი ქალი „ცეფისკვერს” გამოუცხობდათ: ცერით 9-ჯერ დაფქულ მარილსა და ფქვილს აზელდა წყალში. მერე კი, პონილაც, ანუ ნაშიმშილარი ახალგაზრდა, შეჭამდა მას და ძილში საბედოს ნახავდა. კახეთში დიდმარხვის პირველ ორშაბათს შიმშილობდნენ, ბედისკევერებს კი ყვაწვილებს დედ-მამა უცხობდა – ცერა თითით 3-ჯერ აიღებდნენ თანაბარი რაოდენობით ფქვილს, მარილს და წყლით მოზელდნენ. კვერს ძილის წინ, გზაჯვარედინზე უმძრახად შეჭამდა ახალგაზრდა, მერე, ასევე, უმძრახად დაბრუნდებოდა სახლში და დაიძინებდა. ხევშიც ჭამდნენ მარილიან კვერებს მკითხაობის მიზნით, რომელსაც ქმრის მარხვად მოიხსენიებდნენ.
– გარდა მარილიანი კვერებისა, როგორც ვიცი, სურბსარქისობას სხვა ტრადიციებიც უკავშირდება.
– არის ძაფის შებმის რიტუალი: უცნობს უნდა გააკეთებინოთ ამ ძაფზე სამი კვანძი და მთელი კვირა, შაბათამდე, ასე ატაროთ. მერე კი ტაძარში, ისევ უცნობმა უნდა მოგხსნათ, თან, რომელიმე სახელის პირველი ასო დაგისახელოთ, ანუ ეს იქნება საბედოს ინიციალი. საერთოდ, ამ დღეებში შეყვარებულები ერთმანეთს ბედნიერებას უსურვებენ და სიმბოლურ საჩუქრებს უძღვნიან. თუმცა, თუ სურბ საქისის დღეები გამოგეპარათ, როგორც ნახეთ, სხადასხვა დროს, დიდმარხვამდე, საქართველოს კუთხეებშიც ტარდებოდა იგივე რიტუალი და შეგიძლიათ, მიმართოთ. საერთოდ, ეს პერიოდი ძალიან აქტიურია ენერგეტიკულად და თუ საბედო „მარილიანმა კვერმა ვერ გაგაცნოთ”, შეგიძლიათ, იგივე ინფორმაცია სარკის მეშვეობით მიიღოთ. ნუ გაუშვებთ ხელიდან შესაფერის მომენტს და ჩაატარეთ „სარკეში ჩახედვის” მრავალნაცადი რიტუალი. ამისთვის, აიღეთ წყალი ახალი, უხმარი ჭიქით ონკანიდან, რომლითაც არასდროს გისარგებლიათ და დაიდგით სასთუმალთან ერთი ღამით. მეორე ღამეს კი, 12 საათზე, ოვალურ მაგიდაზე დადგით სარკე, რომელშიც არ ჩაგიხედავთ და ის წყალიც გვერდით მიუდგით. დაამაგრეთ ზედ ორი სანთელი. ოთახში ბნელა, ფარდები დაშვებულია, რომ მთვარის შუქიც არ გაკრთეს. აანთეთ სანთლები და კარგად დააკვირდით, რას დაინახავთ სარკეში – ის თქვენი საბედოა. თავიდან ფიგურები აირევა, მაგრამ ერთმანეთთან ისე უნდა დააკავშიროთ, რომ გამოსახულება მიიღოთ. მერე კი სანთლები ერთმანეთზე გადაგრიხეთ და ბალიშქვეშ დაიდეთ. იცოდეთ, სიზმარიც წინასწარმეტყველური იქნება. კარგათ გააანალიზეთ, რა გელით მომავალში. გისურვებთ წარმატებას!