№7 რაში ხარჯავენ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომპანიის თავმჯდომარე კახა ბექაური და მისი მეუღლე წლიურ 500 000 ლარზე მეტ სახელფასო შემოსავალს
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური 1969 წელსაა დაბადებული ლანჩხუთში. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო: კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე (1986-1992 წლებში); ხოლო 1992-1994 წლებში ESM-თბილისშიც სწავლობდა. მისი შრომითი ბოიგრაფია 1994 წელს დაიწყო ESM-თბილისში, სადაც ლექტორად 1998 წლამდე იმუშავა. ასევე, პარალელურად, 1994-1996 წლებში, IBDI International Business Planning and Development Institute-ის მენეჯერად მუშაობდა.
1996 წელს სააქციო საზოგადოება „ენისელის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 1998 წელს კი, გენდირექტორიც გახდა. 1999 წელს თერჯოლის შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორი იყო, 2000 წლიდან – საქტელერადიომაუწყებლობის („პირველი არხი”, „მეორე არხი”, „საქართველოს რადიო,” „რადიო 2”) თავმჯდომარის მოადგილე ფინანსების დარგში. 2002-2003 წლებში ტელეკომპანია „მზის“ გენერალური დირექტორი გახდა, 2004 წელს – საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 2005-ში – Other Entertainment Limited - ტელეპროდუქციის სადისტრიბუციო კომპანიის გენერალური დირექტორი. 2010 წელს ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა, 2012 წლის მარტიდან დეკემბრამდე – ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალურ დირექტორად. 2014 წლის იანვრიდან კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დაინიშნა. 2017 წლიდან კი კომისიის თავმჯდომარეა.
კახა ბექაურის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება. ის ოჯახის წევრებად მიუთითებს: მეუღლეს, ეკატერინე ბერიძეს, ორ შვილს: 1997 წელს დაბადებულ გიორგის, 2003 წელს დაბადებულ მარიამს და 1990 წელს დაბადებულ გერს, ბექა ჯიბლაძეს. იმხანად კახა ბექაურის საკუთრება იყო ბინა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე (65 კვ.მ), ეკა ბერიძეს კი ეკუთვნოდა: ბინა თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ (92 კვ. მ.), ბინა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე (60 კვ. მ.) და საცხოვრებელი ფართი თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე (21 კვ. მ.). კახა ბექაური იყო 2009 წელს დაფუძნებული შპს „ორი ნაბიჯის“ პარტნიორი.
2013 წლის განმავლობაში ეკატერინე ბერიძემ, როგორც შპს „მეცხრე არხის“ წამყვანმა, 87 500 ლარი აიღო, როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორის მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, 12 500 ლარი. დეკლარაციის თანახმად, კახა ბექაურს 2013 წელს შემოსავალი არ ჰქონია.
კახა ბექაურის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა რაოდენობა.
რაც შეეხება ქონებას: ზემოჩამოთვლილის გარდა, ეკა ბერიძემ 2015 წელს თბილისში შეიძინა ბინა (101 530 აშშ დოლარად), „ლისი ვერანდაზე,” კახა ბექაურმა კი 2016 წელს შეიძინა მიწის ნაკვეთი (52 000 აშშ დოლარი), ლისის ტბის მიმდებარედ, 2014 წელს ბინა „ლისი ვერანდაზე” (73 კვ. მ.), 2015 წელს დუშეთის რაიონში 64 500 აშშ დოლარად ბინა და 8 000 აშშ დოლარად ავტოფარეხი. ავტომანქანა მხოლოდ ეკა ბერიძეს ჰყავს: 2014 წლის „რავ 4“. ასევე, ის შემნახველ ანაბრებზე ინახავს: 28 098 ლარს, 17 240 ევროსა და 20 000 აშშ დოლარს.
კახა ბექაური კვლავ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას: ისევ არის შპს „ორი ნაბიჯის“ მესამედი წილის მფლობელი (300 000 აშშ დოლარი), შპს „მეგაპოლის კლასიკის“ პარტნიორი (40-პროცენტიანი წილის მფლობელი), შპს „რითეილ ფროფერთიზის“ პარტნიორი, 25-პროცენტიანი წილის მფლობელი (83 795 ლარი) და შპს „სხვა არხის“ პარტნიორი (100 პროცენტი). შემოსავალი მხოლოდ „რითეილ ფროფერთიზიდან“ მიიღო – 28 766 ლარი.
2016 წლის განმავლობაში ეკა ბერიძემ, როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორმა, 303 575 ლარი აიღო, კახა ბექაურმა, როგორც კომუნიკაციების კომისიის წევრმა, 233 988 ლარი.
2015 წელს ეკა ბერიძემ, როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორმა, 318 407 ლარი მიიღო, კახა ბექაურმა, როგორც კომისიის წევრმა, 242 685 ლარი.
2014 წელს ეკა ბერიძემ იმავე პოზიციაზე 126 750 ლარი აიღო, კახა ბექაურმა – 252 843 ლარი.