№7 სათუთები
ღრუბლები უვიზო რეჟიმის თავზე
სანამ ჩვენ კვლავ ვხარობთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით, გერმანიაში ამ ჩვენი უვიზო მიმოსვლის თავზე შავი ღრუბლები შექუჩებულან.
კერძოდ, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს გერმანიის ერთ-ერთი რეგიონი (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია) და ამ მოთხოვნით უკვე მიუმართავს რეგიონის მთავრობას გერმანიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთვის.
რეგიონის მთავრობის მტკიცებით, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, ძალიან დამძიმებულა კრიმინოგენური ვითარება, იმდენად, რომ ვერც კი ვუმკლავდებითო.
ამიტომაც ერთადერთ გამოსავლად სავიზო რეჟიმის დაწესება მიაჩნიათ. მეტიც, ამტკიცებენ, რომ რეგიონის მცხოვრებლებს ღამით კოშმარებიც კი ესიზმრებათ, რადგან ბოლო რამდენიმე თვეა, ცხოვრება გაუსაძლისი გახდა: ათობით მაღაზია და სახლია გაძარცვულიო. მოკლედ, დაგვიბრუნეთ თავისუფლება, რომელსაც ქართველი მძარცველების ჩვენს ცხოვრებაში გამოჩენამდე ვფლობდითო.
ჩვენ არ ვიცით დაზუსტებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან თუ არა ქრისტეს ფეხის მკვნეტელები გერმანიაში, თუმცა ვიცით, რომ მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულები ძარცვასთან შედარებით ბავშვური თამაშებია, ოღონდ გერმანული აღშფოთების ტალღა, რატომღაც, საქართველოს მოაქალაქეებს მისწვდა (ეს არ ნიშნავს, რომ ძარცვას ვამართლებ!), იმიტომ რომ, მიგრანტების შემოდინების აკრძალვის გამო, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის არავის მიუმართავს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. –