კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როდის უჭირს ემოციების დაბალანსება ანი კეკუას და როგორ მოჰყავს ის მეუღლეს ორ წუთში აზრზე

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მომღერალ ანი კეკუას ცხოვრება უკვე სამი თვეა, რადიკალურად შეიცვალა. ის 3 თვის ლუკას დედაა, რომელიც ძალიან საყვარელი და სიმპათიური ბიჭია. პატარამ მთელ ოჯახს დიდი სიხარული მოუტანა და ახლა მასზე მშობლების გარდა, ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ზრუნავს.
ანი კეკუა:
რომ ამბობდნენ, შვილი ყველაზე მნიშვნელოვანიაო, ეს ქვეცნობიერად მესმოდა, მაგრამ ბოლომდე ვერ აღვიქვამდი, ვერ ვაანალიზებდი. ეს უშუალოდ უნდა გამოსცადო. ჩემს ცხოვრებაში მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მაგარი ეტაპია. ზოგადად, ყველაფერზე წინასწარ ვნერვიულობ. ნებისმიერ სიტუაციას უარესიდან ვიწყებ და ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. ამ შემთხვევაშიც, ბოლო წუთამდე ტანსაცმელსაც არ ვყიდულობდი, თითქოს არ მჯეროდასავით. როგორც კი დაიბადა და გულზე დამაწვინეს, ეს იყო მომენტი, მაშინვე რომ ხვდები: შენი ნაწილია, იგივე შენ ხარ, ოღონდ მამასთან მიქსი.
როგორი ბიჭია?
თავიდანვე ძალიან წყნარი და მშვიდი იყო. მამას ჰგავს, გაწონასწორებულია. მე უფრო ემოციური ვარ. სამშობიაროში სხვა ბავშვები 24 საათი ტიროდნენ. ეს ხმას არ იღებდა, მშვიდად ეძინა. ახლა შეტრიალდა ყველაფერი. სხვა ბავშვები რომ იზრდებიან, ჭკვიანდებიან და ეს – ახვანცალდა.
–  რა იყო პირველი სირთულე?
ბუნებრივ კვებაზე მყავს და ჭამა იყო ყველაზე დიდი სირთულე. ექთნები ძალიან მეხმარებოდნენ, მაგრამ სახლში რომ მომყავდა, ისე ვნერვიულობდი, სიცხე მომცა. სამშობიაროში ყველა დეტალს ვკითხულობდი. მაინც, მარტო რომ რჩები სახლში და იცი, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, რთულია. ოღონდ მხოლოდ ერთი დღე. თვითონ ხომ ტიროდა, ეტყობა, კარგად ვერ ვაჭამე და მეც მასთან ერთად ცხარე ცრემლებით ვტიროდი. მაგრამ, მეორე დღიდან ყველაფერი კარგად წავიდა. თან, მშობიარობის შემდეგ, რაღაც პერიოდი ვერ ვიყავი კარგად, ხან თირკმლის შეტევა მომცა, ხან სიცხე მქონდა. ორი კვირა ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ. ვერ ვდგებოდი და ამაზე კიდევ უფრო ვნერვიულობდი. პირველივე ადგომისთანავე, ხელშიც ავიყვანე და დავბანე კიდეც.
– შენ და გიორგი დიდხანს იყავით შეყვარებულები. ახლა ლუკა რომ დაიბადა, არ გქონია ის მომენტი – აქამდე სად ვიყავითო?
– კი, მქონია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ადრეულ ასაკში, ალბათ, ასეთ პასუხისმგებლობას ვერ გავიაზრებდი. თან, ბავშვს ყოველ წამს რაღაც სჭირდება, უფრო და უფრო მეტი რამ და ეს შეიძლება, ადრეულ ასაკში ვერ გაგვეკეთებინა. ახლა ორივე ჩვენ-ჩვენს გზაზე ვდგავართ და კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ უფრო კარგად, უკეთესად ვიყოთ.
– ფიზიოლოგიურად იმშობიარე?
– არც მიფიქრია საკეისროზე. ბატონ დავით გაგუასთან სხვა ვარიანტი არც განგვიხილავს. გაუტკივარება გავიკეთე, თუმცა ვფიქრობდი, რომ არ გავიკეთებდი, ბოლომდე გავუძლებ-მეთქი. მაგრამ, ერთი პერიოდი ვერ ამოვისუნთქე და ვეძახდი: ბატონო დათო, გამიკეთეთ-მეთქი. ბოლოს ისეთ დღეში ვიყავი, „ბატონო დათოთი“ აღარ მივმართავდი: დათო, მოდი აქ-მეთქი.
– გიორგიც ხომ არ დაესწრო მშობიარობას?
– არა. ისეთი ტიპია, არ უყვარს ასეთი რაღაცები. მითხრა: შანსი არ არის, მაგას ვერ შევხედავო და მეც არ დამიძალებია. თუმცა, ნაწილობრივ კი დაესწრო გიორგიც. პანიკიორშა ვარ და ყველას ეგონა, პანიკებს ავტეხდი. საღამოს სამშობიაროში დავრჩი, დილით დამეწყო ტკივილები. თავიდან გავწელე, გავჭიმე ეს პერიოდი, სანამ ჩემები გაიღვიძებდნენ. პალატაში მარტო ვიყავი კარგა ხანი. ვფიქრობდი: გავუძლებ, რომ გავაჩენ, მერე დავურეკავ ყველას-მეთქი. არ მინდოდა, ენერვიულათ. 2 საათი გავქაჩე და მერე, გიორგის მესიჯებს ვწერდი, ვურეკავდი: დროზე მოდით-მეთქი. რაღაც პერიოდი, ჩემ გვერდით იყო, მერე გავიდა და ძირითად პროცესზე ჩემი ოჯახის წევრი, ლია დამესწრო.
– როგორ შეარჩიეთ სახელი?
– ბოლო წუთამდე არ ვიყავით ჩამოყალიბებულები. მე მიყვარს ძველი, ეკლესიური სახელები. ლუკა ჩემი საყვარელი წმიდანის სახელია და მხოლოდ მასზე შევჯერდით. სხვა სახელებზე არ დამთანხმდა გიორგი.
– რა თქმა უნდა, სქესს არ ექნებოდა მნიშვნელობა.
– არა და არც მიკითხავს ექიმისთვის, შემთხვევით გავიგე. ერთ-ერთ ვიზიტზე ექთანი შემოვიდა, – უი, ანი! ვინ ჰყავს გოგო თუ ბიჭიო და ექიმმა უპასუხა. მაშინ გავიგე, ბიჭი რომ მყავდა. რაც შეეხება გიორგის, ტრადიციები კაცებში მაინც იჩენს ხოლმე თავს. ბიჭი რომ იყო, თან, პირველი – ამაყობდა.
– სიმღერაში უკვე გყვება?
– არ მიჯერებენ ოჯახის წევრები. დიდხანს ვცდილობდი, დედა ეთქვა და დილით რომ გაიღვიძა, მართლა თქვა, თან, ორჯერ. მიამსგავსა ბგერებით. გიორგი მყავს მოწმე, გაიგო, მაგრამ ჩემებს არ სჯეროდათ. სიმღერების მოსმენა უყვარს, განსაკუთრებით ჩერდება „სმაილზე“. ჩემთვის მთავარია, გემოვნება ჰქონდეს მუსიკალური. გართულება არ მაქვს, მაგრამ გამიხარდება, თუ სმენა ექნება და იმღერებს კიდეც. მუცლადყოფნის დროსაც ხშირად ვასმენინებდი კარგ სიმღერებს. ახლაც ვუმღერი ხოლმე. ისეთი რეაქციები აქვს ხოლმე, ბგერებს მაყოლებს.
– რას ფიქრობ ამ გადასახედიდან, რა არის ოჯახურ თანაცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?
ამას უფრო კარგად შევიგრძნობ, როცა ცალკე გადავალთ. გამოცდილება გვაქვს – რაღაც პერიოდი მარტო ვცხოვრობდით დაქორწინების შემდეგ. ახლა ყველა ერთად ვართ. ესეც მაგარია: ბევრი დამხმარე გყავს, ბევრი ემოცია. ამ გადმოსახედიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთგაგება, პატივისცემა და რიდია. თუ ერთმანეთის რიდი არ გაქვთ, ზღვარი იკარგება. თან, თუ ერთი უთმობს მეორეს და რიდი აქვს, მეორე მხარესაც უნდება, რომ ანალოგიურად მოიქცეს. ეს უნდა აბალანსო, მაგრამ რთულია, როცა ემოციური ხარ. მე ძალიან მიჭირს.
– როცა ემოციებს ვერ თოკავ, ასეთ დროს როგორ იქცევა გიორგი?
–  მეუბნება: ანი, ახლა დამშვიდდი. 2 წამი და დინჯად მოვყავარ აზრზე.
– რას ფიქრობ გენდერულ თანასწორობაზე?
– მიმაჩნია, რომ ქალსაც და კაცსაც ერთნაირი შესაძლებლობები აქვთ. ქალი არანაირად არ არის უტვინო. კაცებზე ბევრად ჭკვიანი ქალებიც მინახავს. ფიზიკურადაც ბევრ რამეში ვართ ძლიერები. რაც შეეხება აზრს, როგორც კაცს, ისევე ქალს უნდა ჰკითხო აზრი. ქალი სხვანაირად ფიქრობს, კაცი სხვა რამეზე აკეთებს აქცენტებს. ამიტომ უნდა ჰკითხონ ერთმანეთს აზრი და ერთმანეთი შეავსონ. გიორგი საქმესთან დაკავშირებითაც მეკითხება აზრს. ჩვენ ერთად ვსწავლობდით, რაღაც პროექტებზე ერთად ვმუშაობდით და იცის, როგორ ვაზროვნებ.  
– როგორი მეუღლეები აღმოჩნდით?
– ორსულობის პერიოდში უფრო კარგად იქცეოდა გიორგი. მის შვილს რომ ვატარებდი მუცლით, უფრო მეტად ზრუნავდა – ეშინოდა, მას არაფერი დაშავებოდა. ბევრ რამეში მეხმარებოდა, მივლიდა. ახლაც ზრუნავს, მაგრამ ისეთი სიფრთხილით არა. მე სულ დეტალებს ვაკვირდებოდი, განსაკუთრებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ზედმეტობაში გადამდიოდა, თან, „წიკიანი” ყოველთვის ვიყავი სისუფთავესთან დაკავშირებით. ახლა გადავწყვიტე, რომ ბავშვთან დაკავშირებით არ უნდა იყოს ასე და აღარც ვართ. სპარტანულად ვზრდი: თხლად ვაცმევ, ქარში, წვიმაში გამყავს – მინდა, რომ გაკაჟდეს.
скачать dle 11.3