კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 ვინ არის ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთადერთი ქართველი ქალი თანამშრომელი და როგორ იგეგმება უახლოეს დროში მთვარეზე 300 ტურისტის გამგზავრება

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESTEK) ვიზიტორთა ცენტრის (Space Expo) ერთადერთი ქართველი თანამშრომელი, ქალბატონი დალი უბილავა-დე გრაფია. მას თანამედროვე კოსმოსური პროგრამების ბოლო ტექნოლოგიების კურსი მიჰყავს და ერთადერთი ქართველი ქალია, რომელიც კოსმოსის შესახებ უახლეს ინფორმაციას ფლობს.  პროფესიით მათემატიკოსი და რეჟისორი ქალბატონი დღეს წარმატებულად მოღვაწეობს ჰოლანდიაში, როგორც სამეცნიერო, ისე ხელოვნების სფეროში.
დალი უბილავა-დე გრაფი:
ტექნიკა ძალიან სწრაფად ვითარდება და პროცესები იმდენად სწრაფად მიდის წინ, რეალურად, მეცნიერებისთვისაც კი ძნელი წარმოსადგენია, უახლოესი ათი წლის განმავლობაში, რამდენად გაიზრდება თუნდაც ჩვენი ცხოვრების ხარისხი. როგორც მოგეხსენებათ, კოსმოსური პროგრამების განვითარება მსოფლიოს ორი დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შეჯიბრების შედეგია. ეს ყველაფერი 1957 წელს, რუსების მიერ თანამგზავრ „სპუტნიკის“ გაშვებით დაიწყო. ამ კონკურენციის შედეგად, კოსმოსური მეცნიერება ნელ-ნელა ვითარდებოდა და საერთო ჯამში, სამოცი წლის განმავლობაში, ამ სფეროში ძალიან დიდი ცოდნა დაგროვდა. თუმცა, აქედან, ბოლო ათი წლის მიღწევები გაცილებით მეტია, ვიდრე წინა ორმოცდაათის, ერთად აღებული. თუმცა, ზოგადად რომ შევაფასოთ, ადამიანის ცოდნა სამყაროს შესახებ, მინიმალურია.
– რაც შეეხება მთვარეს, წლების შემდეგ, კვლავ გაიზარდა მისდამი ინტერესი. რატომ, ამჯერად რა გვინდა მთვარისგან?
– ბოლოს 1972 წელს იყვნენ ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე. მას შემდეგ მთვარისადმი დიდი ინტერესი, ანუ კონკურენცია, პასიურ ფაზაში გადავიდა. ამ დროისთვის, მთვარის პროგრამების აღდგენით დაინტერესებული არიან არა მხოლოდ ძველი კონკურენტები – ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი (ყოფილი სსრკ), არამედ სხვა ქვეყნებიც – ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია, კანადა, ბრაზილია, რა თქმა უნდა, ევროპის კოსმოსური სააგენტო. მომდევნო თაობის კოსმოსური სადგური, არა ისევ ძველ ორბიტაზე – დედამიწის გარშემო, არამედ, დედამიწიდან ძალიან შორს, დაახლოებით, 380 000 კილომეტრის სიშორეზე, მთვარის ორბიტაზე განთავსდება. უახლოეს მომავალში მთვარე შუალედური სადგურის ფუნქციას შეასრულებს,  მაგალითად, მარსის პროგრამებისთვისაც. გარდა ამისა, მთვარეზე არის ხელუხლებელი არტეფაქტები, რომელიც დედამიწაზე უკვე აღარ გვაქვს. ამ მხრივ, მთვარე  დედამიწაზე უფრო „ასაკოვანია“ და მისი ზედაპირის შესწავლა გაცილებით მეტ ინფორმაციას მოგვცემს დედამიწის, მზის სისტემის სხვა პლანეტებისა და საერთოდ, ჩვენი სამყაროს ევოლუციის შესახებ. რაც შეეხება მთვარის პროგრამის კიდევ ერთ მიზანს: დაახლოებით 300-400 წელიწადში, დედამიწაზე ნავთობის მარაგი, როგორც ენერგიის წყარო, ამოიწურება. შესაბამისად, ალტერნატიული წყაროების მოძიება თანამედროვეობის ერთ-ერთი, უდიდესი საზრუნავია. არსებობს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, ერთ-ერთია, ეგრეთ წოდებული, ჰელიუმ-3; ნივთიერება, რომლითაც ძალიან მდიდარია მთვარის ზედაპირი, მთვარის მტვერი. შესაბამისად ინტერესი ძალიან დიდია. ასე რომ, ძალიან მალე, მთვარეზე დიდი ხალისი და ჟრიამული იქნება (იცინი).
– კოსმოსურ სააგენტოებთან დაკავშირებით, საინტერესო სიახლეა ტურისტებისთვისაც. კონკრეტულად, რაშია საქმე?
– კოსმოსური პროგრამები ყოველთვის პოლიტიკით იწყებოდა და გრძელდებოდა. დღემდე არსებული პროგრამები, აქამდე, მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციების დაქვემდებარებაში შედიოდა და შესაბამისად, კოსმოსურ სადგურზე ვინმეს გამგზავრება, მხოლოდ მათი გადაწყვეტილებით ხდებოდა. დღეს ამ სფეროში კერძო სექტორიცაა ჩართული – რამდენიმე თანამედროვე მილიარდერი საკუთარ ფულს სწორედ ამ მიმართულებით აბანდებს.  წელს კოსმოსურ პროგრამებში თანამშრომლობა სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს. სავარაუდოდ, აგვისტოში, ამერიკელი მილიარდერების: ილონ მასკის კოსმოსური ხომალდი „ქრუ-დრეგონი” (Crew-Dragon) და ნოემბერში, რობერტ ბიგელოუს „სთარლაინერი” (Starliner), „ნასასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტურისტებს კოსმოსურ სადგურზე გაამგზავრებენ. ეს იქნება კაცობრიობის ისტორიაში პირველი კერძო, კომერციული ტრანსპორტი ადამიანების კოსმოსში გასამგზავრებლად. მასკის  მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია „სფეის იქსის“  განკარგულებაშია უმძლავრესი, უნიკალური რაკეტები. უფრო მეტიც, უახლოეს წლებში მასკი 300 ტურისტის, 200 ტონა ტვირთთან ერთად,  გამგზავრებას მარსზეც  აპირებს. არადა, ეს მართლაც უაღრესად ამბიციური პროექტია, თუნდაც, ფინანსური თვალსაზრისით, დღევანდელი გათვლებით, ერთი ადამიანის მარსზე „დაბინავების“ ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია, ანუ „ნასას“ დღევანდელი ბიუჯეტი მხოლოდ 2 ადამიანის მარსზე გამგზავრებისთვის იქნებოდა საკმარისი. ვნახოთ, როგორ შეძლებს ეს ახალგაზრდა მილიარდერი ამ პროექტების განხორციელებას. ტურისტების კოსმოსში გამგზავრება, ერთი შეხედვით, მხიარულად ჟღერს, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ საამისოდ მხოლოდ დიდი ფულის გადახდაა საკმარისი. პოტენციურ ტურისტს, ისევე როგორც კოსმონავტს, სჭირდება ძალიან კარგი ჯანმრთელობა,  აუცილებელი საბაზისო ცოდნა და წინასწარ მოსამზადებელი ვარჯიშების გავლა.
– ქალისთვის ძალიან რთული პროფესია გაქვთ არჩეული.
– ვერ ვიტყვი, რომ რთულია. ეს ჩემთვის სასიამოვნო პროცესია. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ჰოლანდიის წარმომადგენლობის, ვიზიტორთა ცენტრში – „სფეის ექსპო“ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმართა ჯგუფისთვის საინტერესო კოსმოსურ პროგრამებზე, ინტერაქტიული ლექციების მომზადება და ჩატარება – ეს არის ჩემი უშუალო მოვალეობა. ამას ვაკეთებ ინგლისურად, ჰოლანდიურად და რუსულად. ეს საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რადგან საკითხები, რაზეც ვმუშაობ, ძალიან საინტერესოა, ისევე როგორც ისინი, ვისთან ერთადაც და ვისთვისაც ამას ვაკეთებ.
– თქვენ როგორ აღმოჩნდით კოსმოსში? თქვენი პირველი პროფესია ხომ მათემატიკოსობაა?
– მათემატიკა კოსმოსური მეცნიერების, თუ ზოგადად, თანამედროვე ტექნოლოგიების ანბანია. რაც შეეხება ჩემს ამ ფუნქციაზე შერჩევას, რა თქმა უნდა, ჩემი ტექნიკური განათლების, მაგრამ ასევე, ენების ცოდნის, ძლიერი მენეჯერული უნარების, პიროვნული მხარეების, თუ ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, მდიდარი ბიოგრაფიისა და კიდევ სხვადასხვა ფაქტორის დამსახურებაა. როგორც ჰოლანდიის მოქალაქეს, მქონდა ამის უფლება. თუმცა, საქართველოს მოქალაქეც ვარ. სხვათა შორის, მინდა, აქვე ვახსენო, რომ ჩემი ჰოლანდიელი მეუღლეც საქართველოს მოქალაქეა. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მას ეს ჩემთვის არც კი უთქვამს, სიურპრიზი გამიკეთა (იცინის). საოცრადაა შეყვარებული საქართველოზე. ბევრი ქართველი მეგობარიც ჰყავს და ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ საქართველოც განსაკუთრებით უყვარდეს. მისდამი სიყვარული კი, ამ ფორმითაც დაამტკიცა (იცინის).
– პარალელურად, აქტიურად ხართ ჩართული ხელოვნების განვითარებაში,  ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდებსაც ეხმარებით.
– საქართველოს უკეთ გასაცნობად ჰოლანდიაში, 2009 წელს ჩამოვაყალიბე ფონდი „არტ-ექო“, რომელსაც დღემდე ვხელმძღვანელობ.  ფონდის მთავარი საქმიანობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის არსებული კულტურული კავშირების განმტკიცება და ახალი კულტურული ხიდების გადებაა. პირველად 2010 წელს, ბუნებრივია, ქართული კულტურის მასშტაბური ფესტივალი ჩავატარეთ ჰოლანდიაში: ქართული ცეკვა, სიმღერა, მხატვრობა, კინოკლასიკა, ვორქშოფები, რუსთაველის კედლის გახსნა... – ეს ყველაფერი მხოლოდ 2010 წლის პროგრამის შემადგენელი ნაწილია. მეორე გამოშვება მიეძღვნა ჰოლანდიური ანიმაციის ფესტივალს საქართველოში, მას მერე, ასეა მონაცვლეობით  ყოველწლიურად  და სულ, 8 პროექტი გავაკეთეთ. მინდა, აქვე, განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ რადგან თავად აფხაზეთიდან (გალიდან) ვარ, 2014 და 2017 წლებში, ფონდის პროექტები აფხაზეთიდან  დევნილ ხელოვანებს მივუძღვენით.  30-მდე ხელოვანის ორი ჯგუფური გამოფენა გავმართეთ ჰოლანდიაში. ბოლო პროექტი კი, გასული წლის ნოემბერში გვქონდა. ეს იყო ერთ-ერთი, ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდის, მარიამ ხორავას გამოფენა თბილისში. ასე რომ, საქართველო მუდამ ჩემს გულსა და გონებაშია. განსაკუთრებულად კი, ჩემი კუთხე – აფხაზეთი, რომელიც  ჩემს ყოველდღიურობას მუდამ წითელ ზოლად გასდევს.  შეიძლება ითქვას, აფხაზეთი და მანდ განვითარებული ცნობილი მოვლენები, არის ჩემი ცხოვრების სრული ტრანსფორმაციის მიზეზი.

скачать dle 11.3