№6 როგორ უნდა გაიყოს ქონება, თუ მეუღლეებმა განქორწინება გადაწყვიტეს და რა უნდა გაითვალისწინოს ორივე მხარემ, რომ მოტყუებული არ დარჩეს
საქართველოში განქორწინების რაოდენობა, ყოველწლიურად იზრდება, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს. ასეთ დროს, მეუღლეებს შორის, ბევრი სადავო საკითხი წარმოიშობა და ეს, განსაკუთრებით ქონებრივ დავებს ეხება. საქართველოში, საქორწინო კონტრაქტების გაფორმების კულტურა არ არსებობს, უცხოეთის პრაქტიკაში კი, ის ფართოდაა დანერგილი. როდესაც ადამიანი გიყვარს და მასთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას იწყებ, ამ დროს არ ფიქრობ იმაზე, რომ შესაძლოა, ერთ დღესაც, მას დაშორდე და ქონებრივი დავის გამო, სასამართლოში თვეობით მოგიწიოს სიარული. დიახ, ქორწინებისას, ვერავის წარმოუდგენია, რომ ერთ დღესაც, თავის მეორე ნახევართან, ქონების გაყოფაზე დავა მოუწევს სასამართლოში. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი დღეს საკმაოდ ბევრია და უმეტეს შემთხვევაში, დაზარალებულები ქალები რჩებიან. საქორწინო ხელშეკრულებას ბევრი იმიტომ არ აფორმებს, რომ ესირცხვილება, ზოგმა არ იცის ამის შესახებ, ზოგიც, უბრალოდ, ვერ ხედავს მომავალში მის საჭიროებას. არადა, თუ, ბოლო წლების გაშორებულ წყვილთა სტატისტიკას გადავხედავთ, ეს, დღეს ნამდვილად საჭიროა. ამასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კოორდინატორს, ნინო ჩიხლაძეს, რომელმაც საჭირო, გასათვალისწინებელი და დასაფიქრებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.
ნინო ჩიხლაძე: საქორწინო კონტრაქტი დიდი ხანია, საქართველოში არსებობს. თუმცა, მისი გამოყენება იშვიათად ხდება. ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, მეუღლეები მას არ ითხოვენ. მის საჭიროებას ვერ ხედავენ ან, უბრალოდ, ქალებს რცხვენიათ და უჭირთ, მეუღლისგან წინასწარ ქონებრივი გარანტიები მოითხოვონ და შესაბამისად, ნაკლებად არიან ინფორმიებულებიც. ამის გამო, საერთო ჯამში, სულ რამდენიმე, დაახლოებით ოცდაათამდე კონტრაქტია გაფორმებული წყვილებს შორის. ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, არსებობს რიდი და ამის გამო უარს ამბობენ მსგავს კონტრაქტზე, თუმცა, როცა პრობლემის წინაშე დგებიან, მერე აცნობიერებენ მის საჭიროებას. ძირითადად, ქორწინების დროს შეძენილი ქონება მამაკაცის სახელზეა რეგისტრირებული და მასზე ქალს არანაირი უფლება, კანონდებრივად არ გააჩნია. არადა, ქორწინების დროს შეძენილი ქონება ორივეს – ცოლსაც და ქმარსაც თანაბრად ეკუთვნის და განქორწინებისას, ის თანაბრად იყოფა. ასე რომ, თანაბარწილად აქვს ქონებრივი უფლება როგორც მამაკაცს, ისე ქალს. იყო შემთხვევა, როცა უცხოეთიდან ცოლი აგზავნიდა ოჯახში ფულს ბინის შესაძენად, ქმარმა შეიძინა ბინა, გააფორმა თავის სახელზე და როცა ცოლი დაბრუნდა საქართველოში ქმარმა აღარ მოისურვა მასთან ცხოვრება და შესთავაზა, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა ქონებაზე, დავა სასამართლოში გაეგრძელებინა.
– „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” საქართვლოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც, ერთ-ერთ მეუღლეს უფლება აქვს, მეორის ქონების წილი მისი თანხმობის გარეშე გადმოიფორმოს. კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს კანონპროექტი?
– საკანონმდებლო წინადადების მიზანია, მეუღლეთა ქონებრივი უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების გაზრდა, რაც გულისხმობს, ქორწინებაში მყოფი პირისთვის, ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების რეგისტრაციის უფლების მინიჭებას, მეორე ნახევრის უფლების გარეშე. საკანონმდებლო წინადადება, განსაკუთრებით შეუწყობს ხელს, ქორწინებაში მყოფ ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვას, რადგან საქართველოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ქალების სახელზე, ძირითადად არ არის დარეგისტრირებული თანასაკუთრებაში არსებული ქონება. ამიტომ, მათ უმეტეს შემთხვევაში, უწევთ სასამართლოს გზით თანასაკუთრებაზე უფლების აღიარება. შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები უზრუნველყოფს მეუღლეთა ქონებრივი უფლებებისთვის თანაბარი სამართლებრივი გარემოს შექმნას, კერძოდ, თითოეულ მათგანს უფლება აქვს, მოითხოვოს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ რეგისტრაცია და ამ უფლების რეალიზაციისთვის არ სჭირდება მეუღლის თანხმობა. მოცემული ცვლილება უზრუნველყოფს მეუღლეთა მიერ ქორწინებაში შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების სათანადო რეალიზაციას და მეუღლეებს თავიდან აარიდებს სასამართლოში თანასაკუთრების მტკიცების ტვირთს. ეს კანონპროექტი, ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიების გაზრდისთვის დამუშავდა და მისი მიზანია, მეუღლეთა ქონებრივი უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების გაზრდა. ანუ, თუ ქალს არ აქვს რეგისტრირებული მასზე ბინა, რომელიც ქმართან თანაცხოვრების დროს შეიძინა, შეუძლია, მისი თანხმობის გარეშე მოითხოვოს წილი, დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში და გადმოიფორმოს, ქორწინების მოწმობის საფუძველზე ისე, რომ მეუღლის თნხმობა არ იყოს საჭირო. ეს, რეალურად, ხელს უწყობს, დაცული იყოს გენდერული თანასწორობა ოჯახურ ურთიერთობებშიც – საკუთრების ფლობის უფლება რომ ჰქონდეთ მეუღლეებს თანაბარწილად და არ მოხდეს ამ ქონების გასხვისება მეუღლის თანხმობის გარეშე. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ქონება მხოლოდ მამაკაცზე იყო რეგისტრირებული და ისე გაასხვისა, რომ არც კი ჰკითხა მეუღლეს. კიდევ ერთი მიზეზი ამ კანონპროექტის საჭიროების გახლდათ ის, რომ დღეს, ეს წესი რეგულირდება სასამართლოს წესით. მაგრამ, იმისთვის, რომ სასამართლო განტვირთულიყო, რადგან ძალიან ბევრი საოჯახო დავა აქვს, ეს უფრო მარტივი გზაა იმისთვის, მოხდეს ამ ქონების დარეგისტრირება საჯარო რეესტრის მიერ.
– თუ წყვილს მხოლოდ ჯვარი აქვს დაწერილი, ამ დროს როგორ მოხდება ამ კანონით სარგებლობა?
– ამ შემთხვევაში, ჯვრისწერა არ წარმოშობს სამართლებრივ საფუძველს, ანუ უნდა იყოს სამოქალაქო ქორწინება დარეგისტრირებული, შესაბამისი წესით. როცა რეგისტრირებულია ქორწინება, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ქალს, ქონების ფლობის შესაძლებლობა. ქონებრივი დავის დროს, საკმაოდ დიდია ბაჟის გადასახადი და ის შეადგენს საერთო ქონების სამ პროცენტს. თუ ეს თანხა არ აქვს ქალს, შესაბამისად, დავას ვერ აწარმოებს. ამიტომ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ამ კუთხითაც ფიქრობს, გააგრძელოს მუშაობა და ბაჟის საკითხიც დაარეგულიროს კანონმდებლობით. ბევრი ქალი, რომელიც ჩვენთან მოდის პრობლემით და იგებს ამ ბაჟის შესახებ, უკან იხევს, რადგან არ აქვს იმის შესაძლებლობა, სასამართლოს მიმართოს, ბაჟი გადაიხადოს და დავა აწარმოოს.
– ეს კანონპროექტი, მხოლოდ უძრავ ქონებას ეხება თუ მასში შედის, მაგალითად, თანაცხოვრების პერიოდში ერთობლივად შეძენილი ნივთები, ძვირფასეულობა, ჭურჭელი, მანქანა, ავეჯი და ასე შემდეგ?
– ეს მხოლოდ უძრავ ქონებას ეხება. ხოლო მემკვიდრეობით მიცემული და ჩუქებით გაცემული ქონება არ იყოფა და რჩება მემკვიდრეს. საქორწინო ხელშეკრულება საკმარისი გარანტი და პირობაა მეუღლეთა შორის წარმოქმნილი ქონებრივი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად. ამასთან, კონტრაქტი ამსუბუქებს ხანგრძლივ სასამართლო პროცესებს. საქორწინო ხელშეკრულების შინაარსში მეუღლეებმა შეიძლება, გააერთიანონ მთელი თავისი ქონება, დატოვონ ნაწილი ინდივიდუალურ ან თანაზიარ საკუთრებაში. ანუ, კანონი იძლევა შესაძლებლობას, მეუღლეებმა დადონ საქორწინო კონტრაქტი, განსაზღვრონ მისი პირობები და ვადები. მისი დადებისას, მხარეები ვალდებული არიან, დაიცვან ყველა ის წესი და პირობა, რაც ზოგადად, აუცილებელია ხელშეკრულების დადებისას. ის არ წარმოადგენს სავალდებულო ხასიათის აქტს და მისი დადება მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. აღნიშნული კონტრაქტით არ შეიძლება, განისაზღვროს ოჯახის სხვა წევრთა ქონებრივი ხასიათის უფლებები და მოვალეობები.
– თუ ერთი მეუღლე მუშაობს, ფინანსურად უზრუნველყოფს ოჯახს, ხოლო მეორე დიასახლისია, ამ დროს, საქორწინო კონტრაქტის პირობით, ქონება მაინც შუაზე იყოფა?
– თუ მათი ქორწინება კანონით დადგენილი წესით იყო რეგისტრირებული, მათ მიერ ამ პერიოდში შეძენილი ქონება საერთო საკუთრებაა. კანონი ამას აღიარებს იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მეუღლე არ მუშაობდა, შვილებს უვლიდა და არასდროს ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. მათი ქონება მაინც საერთოა. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ცოლი მუშაობდა თუ არა, ოფიციალური შემოსავალი რომ არ ჰქონდა და ოჯახს უვლიდა, როდესაც ცოლ-ქმარს შორის წარმოიქმნება დავა ქონების გაყოფის თაობაზე, მათი ქონება მაინც თანაბრად უნდა გაიყოს. ეს იმიტომ, რომ კანონის მიერ მათი ქონება თანასაკუთრებად ითვლება. ხშირად ყოფილი ქმარი ამტკიცებს, ყველაფერი ჩემი ფულითაა შეძენილი და რატომ უნდა გავყოო, მაგრამ ცოლს სრული უფლება აქვს, წილი მოითხოვოს და ამ ქონების ნახევარი მიიღოს. მაგრამ, თუ ქმარს დაქორწინებამდე ჰქონდა შეძენილი ბინა, განქორწინების შემთხვევაში, მეუღლე ამ ქონების წილს ვერ მოითხოვს, რადგან ეს მისი ინდივიდუალური საკუთრებაა.