№6 როგორ მოხიბლეს „ფოცხიშვილების” პატარა მოცეკვავეებმა ჯენიფერ ლოპესი და რა ილეთი ისესხა მათგან მაიკლ ჯეკსონმა
„ფოცხიშვილების ბავშვთა ნაციონალური ბალეტი პატარა ვარსკვლავები“ ტელეკომპანია NBC-იმ მსოფლიო პროექტში – World Of Dance (junior) მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. World Of Dance-ის ჟიურის წევრები პროფესიონალი მსახიობები და მოცეკვავეები არიან. ჟიურის ერთ-ერთი წევრია მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ლოპესი, რომელიც განსაკუთრებულად მოიხიბლა „პატარა ვარსკვლავების“ ცეკვით.
დავით ფოცხიშვილი (ქორეოგრაფი): ზაფხულში, საღამოს მორიგი რეპეტიციიდან დავბრუნდით სახლში და უცებ ტელეფონზე უცხოეთიდან ზარი შემოვიდა. ძალიან სწრაფად საუბრობდნენ, თან სლენგით და კარგად ვერ მივხვდით, რაში იყო საქმე. ის კი გავიგეთ, რომ NBC-იდან გვირეკავდნენ. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, თუ ასეთი ტელევიზიიდან დაგვირეკავდნენ (იცინის). ვუთხარით, რომ ჩვენი თარჯიმანი დაუკავშირდებოდათ და მისთვის დეტალურად აეხსნათ ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ ქალაქის ნომრიდან გვირეკავდნენ და თარჯიმანმა რომ დარეკა, ავტომოპასუხემ უპასუხა და ვეღარ მოვახერხეთ ამ ადამიანებთან დაკავშირება. ასე რომ, ვერ გავიგეთ, რა უნდოდათ. შემდეგ ისევ თვითონ გვიპოვეს „ფეისბუქზე“ და იქ შედგა ჩვენი კონტაქტი. როგორც გვითხრეს, ძალიან დიდხანს გვეძებდნენ. სოციალურ ქსელში უნახავთ ჩვენი მოცეკვავეების მიერ შესრულებული ცეკვა, რომელსაც უამრავი გაზიარება ჰქონდა და ძალიან ბევრი მოწონება დაუმსახურებია. გვითხრეს, რომ პროეტს World Of Dance-იდან გვირეკავდნენ. თქვენი ანსამბლის, „პატარა ვარსკვლავების“, ცეკვა ვნახეთ ინტერნეტში და აღფრთოვანებულები დავრჩით. ასეთი რამ აქამდე არ გვინახავსო. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ხომ ძალიან მაგარი პროექტია, მაგრამ ეს კიდევ უფრო წარმატებულია მსოფლიო მასშტაბით. მასში უკვე ჩამოყალიბებული ბრენდები და პროფესიონალები მონაწილეობენ. ნახევარი მსოფლიო უყურებს ამ პროექტს. მითხრეს, ჯენიფერ ლოპესია ჟიურის წევრიო. ქასთინგის ჯგუფმა უკვე ანახა მას თქვენი მოცეკვავეების ვიდეო და ისე მოეწონა, გაგიჟდაო. რამდენიმე პერფორმანსის მომზადება დაგვავალეს. ოთხი ცეკვა გვინდა, ათი-თერთმეტი ბავშვის შესრულებითო. ქართული ცეკვების თანამედროვე ვარიანტები ისედაც გვქონდა დადგმული და რომ ვაჩვენე, ძალიან მოეწონათ. მოგვთხოვეს, საქართველოსა და ჩვენი ანსამბლის შესახებ ფილმის გადაღება და გაგზავნა. ეს ყველაფერი გავუგზავნეთ და გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ. აბსოლუტურად, ყველაფერი მოგვთხოვეს ბავშვების შესახებ: სად სწავლობენ, რა ინტერესები აქვთ, მომავალში რისი კეთება უნდათ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს პროექტი, რას ფიქრობენ ამერიკაზე და ასე შემდეგ. ბავშვებმა ორასამდე კითხვას უპასუხეს და ფაქტობრივად, თითოეული მათგანი დეტალურად გაიცნეს. გვწერდნენ, ჩვენ კი არ მოგვწონს, გვიყვარს ეს ბავშვებიო. შოკში ვიყავით. გასაგებია, რომ საქართველოში ყველა გვიცნობს, მაგრამ ამერიკის აღიარება ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. მერე ჩვენც დაგვაინტერესა, რომელი ვიდეოთი აღფრთოვანდნენ და რომ ვნახეთ, რა ხალხს ჰქონდა გაზიარებული ეს ვიდეო და რა საოცარ კომენტარებს წერდნენ, იტალიის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტები, მსოფლიო დონის ვარსკვლავები, გავგიჟდით. ასეთი აჟიოტაჟი სწორედ იმან გამოიწვია, რომ სერიოზული
პროფესიონალები აფასებდნენ ბავშვებს სასწაულად. წარმოიდგინეთ, დიდი თეატრების წამყვანი სოლისტები წერდნენ, ამ ბავშვების ცეკვის შემდეგ, ჩვენ რაღა უნდა გავაკეთოთ, წავიდეთ და სოკო ვკრიფოთო (იცინის). ამერიკელებმა ბავშვებს უწოდეს „ანგელოზები შავებში.“ ზაფხულში საერთოდ არ დაგვისვენია. მაშინვე იმ ვიდეოების გადაღებები დავიწყეთ, რაც ჩვენგან მოითხოვეს. მსოფლიო სიმღერების ჰიტ-ათეული გამოგვიგზავნეს, აქედან ერთ-ერთ სიმღერაზე უნდა დადგათ ქართული ცეკვაო და ჩვენ ჯეკსონი ავირჩიეთ. ჯეკსონი ისეთი თემაა, მთელი მსოფლიო რომ იცნობს და რა უნდა გააკეთო იმაზე მეტი, რაც აქამდე გაუკეთებიათ. მაგრამ, გულწრფელად ვიტყვი, მის სიმღერაზე შესრულებული პერფორმანსი რომ გავუგზავნეთ, შოკში ჩავარდნენ, მართლა გაგიჟდნენ. ვერ წარმოედგინათ, რომ ჯეკსონის მუსიკაზე კიდევ შეიძლებოდა რაღაც ძალიან მაგარის გაკეთება. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი და მეორე სეზონი ფოკლორული ცეკვებისგან ძალიან შორსაა, ჩვენ მესამე სეზონში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც ამ ზაფხულს იქნება. ახლა უკვე ძალიან სერიოზულად ვემზადებით მესამე სეზონისთვის. წინ ჯერ დიდი დრო გვაქვს, მაგრამ, იქ რომ ჩახვალ, გამარჯვების ამბიციაც უნდა გქონდეს. ამიტომ, ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ.
– თან, ძალიან დიდი ცდუნებაა, პრიზის სახით – ერთი მილიონი დოლარი და მსოფლიო აღიარება.
– ერთი მილიონი დოლარი, მართლა, ძალიან მაგარი პრიზია და მსოფლიო მასშტაბით ცნობადობა, ხომ, საერთოდ – სასწაული. ეს ჩვენი ანსამბლისთვის წინ გადადგმული საოცარი ნაბიჯი იქნება. მთავარია, ბავშვები კარგად გრძნობენ ამ პასუხისმგებლობას, მარგალიტებივით ამორჩეული ბავშვები არიან. თვითონ მოითხოვეს, რომ ჯეკსონის მუსიკაზე თეთრი ჩოხები სცმოდათ. ახლა კიდევ ერთ ბომბს ვამზადებთ ამ პროექტისთვის, მაგრამ ჯერ ვერ გავამხელ. საერთოდ, შოუს დაწყებამდე ამ პროექტის შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლებაც არ გვქონდა. გვთხოვეს, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი და არც ვიდეოები განათავსოთ სადმეო. ვიდეოები მართლა არ გაგვივრცელებია, მაგრამ ამ ამბის დამალვა არც ისე მარტივია (იცინის). იმედია, გვაპატიებენ. ძალიან დიდი ხანი ვმალავდით, რვა თვის განმავლობაში, მაგრამ ვფიქრობთ, ახლა არც ისე დიდი პრობლემა იქნება, მთავარია, ვიდეოები არსად დაგვიდია.
– როგორც ვიცი, სახელწოდება „პატარა ვარსკვლავებსაც“ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.
– ფოცხიშვილების გვარს ცეკვა მამაჩემმა შეგვაყვარა. 1978 წელს მისი ძალისხმევით დაარსდა ანსამბლი „მეტეხი“. 1990 წელს გადაწყვიტა, ბავშვთა ანსამბლიც შეექმნა. იმ დროს დიდების ანსამბლი ამერიკაში მიდიოდა სამი თვით. მათგან წერილი მოგვივიდა, ხუთი პატარა ბავშვიც წამოიყვანეთო, გვწერდნენ ამერიკელი პროდიუსერები. ამიტომ, მამამ პროგრამაში ჩართო ხუთი ბავშვი. საოცარი გასტროლი იყო „ატლანტიკ სითიში“ – ჩვენი ანსამბლი, ბარი ვაითი, შერი და ამ დონის ვარსკვლავები გამოვიდნენ ერთად დიდ საკონცერტო დარბაზში. სასწაული სტატიები დაიწერა ჩვენი ანსამბლის შესახებ. სახლში მაქვს იმდროინდელი პრესა. სამი თვის განმავლობაში უამრავი კონცერტი ჩავატარეთ ამერიკაში და ერთ-ერთი მაიკლ ჯეკსონსაც უნახავს. მე მაქვს ამონარიდი მისი ინტერვიუდან, სადაც მაიკლ ჯეკსონი ჩვენი ანსამბლის შესახებ ამბობს: არ ვიცი, რა წარმომავლობის ცეკვაა ეს. როგორც მაცნობეს, ჯორჯიიდან არიანო. მუხლებზე დაცემასა და სხვა ილეთებს განიხილავს და წერს, რომ ძალიან რთული ცეკვაა და ძალიან მოეწონა. თვითონ ამ ცეკვიდან იღებს მუხლზე დაცემის ილეთს. ჯეკსონი ერთ-ერთ შოუში ცეკვავს „ჰიპ-ჰოპს“ და იქ მუხლზე ეცემა ზუსტად ჩვენი ტექნიკით. წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს. ამერიკაში ჩატარებული ძალიან ბევრი კონცერტიდან, ერთ-ერთი ჩიკაგოში იყო. მას მსოფლიო ბალეტის მოცეკვავე – რუდოლფ ნურიევი ესწრებოდა. კონცერტის შემდეგ სცენაზე ამოვიდა და მამაჩემს უთხრა: ეს პატარა ბავშვები ვინ არიან, ესენი მოცეკვავეები კი არა, პატარა ვარსკვლავები არიანო. აქედან წამოვიდა ეს სახელწოდება „ფოცხიშვილების ბავშვთა ნაციონალური ბალეტი – პატარა ვარსკვლავები“. საქართველოში ბევრი საოჯახო ანსამბლი არაა. არის „სუხიშვილები“, რომელიც ოჯახური ტრადიციებით მუშაობს და მეორეა – „ფოცხიშვილები“. ჩვენს ოჯახში ათი ადამიანი ცეკვავს. ამდენი მოცეკვავე საქართველოს სხვა ოჯახში არ არსებობს. ეს უკვე ძალიან დიდი საქმეა. ასეთი რამ მსოფლიოშიც არ არის და ამას თამამად ვამბობ.