კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 ჩანერგილი აგენტი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹52-5(892)


ჟანა რომ მზად იყო გასამგზავრებლად, საბაშვილმა საკვოიაჟი გახსნა და გოგონას, რომელსაც თვალები ლამის გადმოუცვივდა, უთხრა:
– რასაც ხედავ, ჩვენია და ანტალიაში რომ ჩახვალ, სასტუმროს ნომერში საიმედოდ დამალე. ხელი არაფერს ახლო, გარდა ამ ორი საკრედიტო ბარათისა (ანზორმა გოგონას ორივეს კოდი უთხრა) თითოეულზე სამასი ათასი დოლარია, მაგრამ ძალიან ნუ გაგულავდები. გაიგე, ფისო? – საბაშვილმა საკრედიტო ბარათები საკვოიაჟში ჩააბრუნა და დაამატა – ადგილზე რომ ჩახვალ, მაშინ ამოიღე და დანარჩენებს ხელი არ ახლო. აქ ორი მილიონი დოლარია ქეშად და ამდენივე ღირებულების ძვირფასეულობა.
– საზღვარზე როგორ უნდა გადავიტანო ეს ყველაფერი? – იკითხა უკვე აზრზე მოსულმა გოგონამ, რომელსაც თავში ერთმა აზრმა გაუელვა. ანუ, იმან, რომ ანტალიიდან გემით ოკეანის გაღმა „მოცურდებოდა” ანზორის ქონებით და თავის გარყვნილ კუროს ნულზე, ხახამშრალს დატოვებდა.
– როგორ, ფისუნი და „იქს შესტში” საიმედო სამალავი მაქვს. მებაჟეები ვერაფერს მიხვდებიან და სარფს მშვიდობიანად გაივლი.
– „იქს შესტით” მივემგზავრები?
– აბა, როგორ? ჩემს ფისუნიას ნაკლებ მანქანას ვაკადრებდი? – თავმომწონედ თქვა ვიცე-პოლკოვნიკმა. საკვოიაჟი მოიმარჯვა და ჟანასთან ერთად ბინა დატოვა.
***
მას მერე, რაც ვაჟა გოგელია დარწმუნდა, რომ თემური არანაირი „თხუნელა“ არ იყო, მხოლოდ და მხოლოდ თავისი სიმართლის დამტკიცება უნდოდა და სწორედ ამის გამო ესტუმრა მას, სიგარეტი გააბოლა და კერესელიძეს უთხრა:
– აბა, ერთი, მომიყევი, ვინ და როგორ გაგიჩალიჩა.
– საბაშვილმა, მაგ ნაძირალამ და სწორედ ეგაა „თხუნელა“, – თქვა თემურმა და თხრობა უნდა გაეგრძელებინა, რომ ვაჟიკომ სიტყვა გააწყვეტინა:
– ანზორმა?
– სწორედ მაგან.
ანზორ საბაშვილი უმწიკვლო რეპუტაციით სარგებლობდა ხელქვეით კოლეგებსა და ხელმძვანელობას შორის. მას არაერთხელ დაუყენებია საკუთარი თავი საფრთხის წინაშე. სიკვდილისთვის არაერთხელ ჩაუხედავს თვალებში. კოლეგების ზურგს არასდროს ამოფარებია. მეტიც, არაერთხელ გადაურჩენია თავისი კოლეგები სიკვდილისგან, ამიტომ, მისი „თხუნელობა“, ძალიან დაუჯერებელი ჩანდა და ვაჟიკო თემურს ჩაეკითხა:
– დარწმუნებული ხარ იმაში, რასაც ამბობ?
– მილიონი პროცენტით. ყურადღებით მომისმინე და შენც მალე დარწმუნდები ამაში.
– გისმენ, – თქვა გოგელიამ და მღელვარებისგან, ზედიზედ მეორე სიგარეტი გააბოლა.
– პეტკა რომ მოკლეს, საბაშვილი და მერაბი უთენია, მეორე დღეს დამადგნენ სახლში. იმ დროისთვის ანზორს, ამ ნაძირალას, როგორც დავრწმუნდი, უკვე თანამიმდევრულად ჰქონდა აწყობილი გეგმა და ამ ბინძური თამაშის მთავარი შემსრულებელი, შემდგომ კი განტევების ვაცი, მე ვიყავი. საბაშვილმა მაიძულა, გავქცეულიყავი, თან, თავისი კონსპირაციული ბინის გასაღები მომცა და იქ ვიმალებოდი. ამით მან უფრო მეტი ნდობა მოიპოვა ჩემში. სინამდვილეში კი, ერთი მხრივ, კანონგარეშე დამტოვა, რომ მოკვლევისას სიმართლე არ გამჟღავნებულიყო და მისი სახელი არ ამოტივტივებულიყო, მეორე მხრივ კი, ხორხელის გასაშიფრავად გამომიყენა.
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობ, – სიტყვა კვლავ გააწყვეტინა ვაჟიკომ თემურს.
– რას ვგულისხმობ და, ხორხელი მას თავის რეალურ შემოსავალს უმალავდა და აქედან გამომდინარე, ნაკლებ პროცენტს უხდიდა მფარველობაში.
– გასაგებია, – თქვა გოგელიამ და დაამატა, – შემდეგ?
– ხორხელის მთელი შავი ფული „ნიუ-ბანკში“ ინახებოდა. მე „ნიუ-ბანკის“ მმართველს დავადექი და ვაიძულე, რომ ხორხელის ფულზე რეალური ინფორმაცია მოეცა. ამონაბეჭდი საბაშვილს მივუტანე. პა ხოდუ, „ნიუ-ბანკის“ პრეზიდენტი მოვიტაცე და ვითომდა სამომავლოდ, მოწმედ გამოსაყენებლად, საბაშვილის კონსპირაციული ბინის სარდაფში გამოვამწყვდიე. ამით შეიძლებოდა, ჩემი მისია ამოწურულიყო და ან თავად საბაშვილს გავესაღებინე, ან ჩემი თავი ხორხელისთვის გადაეცა. მაგრამ, როგორც ჩანს, საბაშვილს სიხარბემ სძლია. მთელი „კუშის“ აღება მოინდომა და თავის გეგმაში პატარა კორექტივები შეიტანა. მადლობა ღმერთს, ასე რომ მოიქცა, თორემ ისე მოვკვდებოდი, ვერაფერს გავიგებდი და „თხუნელას“ სახელი დამრჩებოდა.
– შემდეგ, შემდეგ, – მოუთმენლად თქვა გოგელიამ. თემურს გაეცინა და განაგრძო:
– საბაშვილმა დამარწმუნა, რომ „თხუნელას“ მხოლოდ მაშინ გავშიფრავდით, თუკი ხორხელის ახლო გარემოცვაში მოვახერხებდი ჩანერგვას. საამისოდ კი, მე ხორხელის კუთვნილი ერთი მილიონი დოლარი გავიტაცე.
– როგორ? – წამოიძახა ვაჟიკომ.
– „მუშტსა“ და მის ბიჭებს თავს დავესხი, როცა ფული „ნიუ-ბანკიდან“ ხორხელის ოფისში მიჰქონდათ. ოთხივე მათგანი მსუბუქად დავჭერი. ერთი სიტყვით, ისე დავდგი ეს შოუ, რომ „მუშტი“ გამოდიოდა „ნაკოლშჩიკი“.
– ამას კი „მუშტის“ სიცოცხლე შეეწირა და ის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა. შენ კი, ალბათ, მილიონი დოლარი მიუტანე ხორხელს და ათასი ბოდიშიც მოუხადე, ხომ? – მოუთმენლად ჩაამატა ვაჟიკომ.
– კი. სწორედ მასე იყო.
– შემდეგ? – ვერ ითმენდა ვაჟა გოგელია, თან, ზედიზედ აბოლებდა.
– შემდეგ ხორხელმა დამიახლოვა. მანამდე კი, სავარაუდოდ, საბაშვილს სთხოვა, გადავემოწმებინე და ანზორი ხომ არ ეტყოდა, მოგიგზავნეო?
– მერე, მერე!
– დამშვიდდი, ვაჟიკო, – გაეცინა თემურს და განაგრძო, – რადგან ხორხელმა დაიჯერა, რომ მე პაბეგში იმიტომ ვიყავი, რომ ჩემი უფროსის ცოლს ვჟიმავდი და იმან საქმე შემიკერა, იფიქრა – ბინძურ საქმეში გამოვიყენებო და ვახო ხორავას მიმამაგრა. სხვათა შორის, სწორედ ხორავამ მოკლა პეტკა. ჰოდა, მაშინვე საქმეში ჩამრთეს. მარნეულში ნარკობარიგისგან ოცი მილიონი დოლარის ჰეროინი უნდა გვეყიდა და ხორხელსა და ხორავას მე უნდა ვხლებოდი შოფრად და მცველად. ეს ინფორმაცია რომ საბაშვილს გადავეცი, შევატყვე, რომ აცქმუტდა. თუმცა, ცდილობდა, არ შეემჩნია. სწორედ მაშინ შემეპარა მასში ეჭვი, – თქვა თემურმა. პაუზა გააკეთა და გააბოლა.
– რა დროს მოწევაა. შემდეგ! – ლამის ყვიროდა აზარტში შესული გოგელია.
– შემდეგ, ანუ, საბაშვილს რომ ეს ინფორმაცია მივაწოდე, მან მითხრა: გზაში დაგხვდები. შენ ხორხელი და ხორავა განაიარაღე. შემდეგ კი ისინი ფულიანად საიმედო ადგილზე მივათრიოთ და გამოვტეხოთ, თუ ვინაა „თხუნელაო“. მერე კი უკვე ფაქტებით მივიდეთ კანტორაში. შენც გამართლდები და ფულსაც ამოვიღებთო. პარალელურად, მერაბს ინკოგნიტოდ შევატყობინებ მარნეულში ჩამოსული ბარიგის ამბავს და ჰეროინსაც რომ ამოიღებენ ჩვენები, ყველაფერი თავის ადგილზე დადგებაო.
გოგელიას სახეზე ფერი ეცვალა და ზიზღით თქვა:
– საბაშვილი სამივეს დაგბრიდავდათ. ოც მილიონს გაიტაცებდა და წყლიდან მშრალი ამოვიდოდა. მართალი ვარ?
– ეგ უკვე იმდენად ნათელი იყო, რომ ეჭვიც არ შემპარვია, – ჩაეცინა თემურს და დააყოლა, – ამიტომ, მარშრუტი შევცვალე და განიარაღებული ხორხელი და ხორავა ჩემი საცოლის, მირანდას აგარაკზე მივიყვანე. იქ ისინი გამოვტეხე, თუ ვინ იყო „თხუნელა“ და მე და მირანდა ოცი მილიონი დოლარით უფრო საიმედო ადგილზე გადავედით.
– სად?
– მცხეთაში, პეტკას ნაყიდ აგარაკზე, რომლის შესახებაც მხოლოდ იმ ცხონებულმა და მე ვიცოდით.
– ჰეროინის ამბავი, ალბათ, შენ შეატყობინე, ხომ მერაბს?
– კი. მირანდას დავარეკინე. თან, გავაფრთხილე, რომ ჩვენებისთვის არ ეთქვა და სპეცჯგუფი წაეყვანა ოპერაციაზე.
– ჰო. ჩვენთვის არაფერი უთქვამს მერაბს და ყველაფერი პოსტფაქტუმ შევიტყვეთ.
– რა, სწორად არ მოვიქეცი? თავი დავიზღვიე ინფორმაციის გაჟონვისგან. დარწმუნებული ვიყავი, რომ საბაშვილი მერაბს არ შეატყობინებდა და შემთხვევით რომ გაეგო ეს ინფორმაცია მერაბმა იცოდა, მაშინ ჩემს ოპერაციას ჩაშლიდა.
– კი. სწორად მოიქეცი, – თქვა ვაჟიკომ და დააყოლა, – შემდეგ?
– შემდეგ უკვე საბაშვილის მოხელთებასა და კანტორაში მოთავსებას შევეცადე, მაგრამ არ ჭამა და არ შემხვდა. მეტიც, მირანდას აგარაკი გაშიფრა იმ შაკალმა. „ნიუ-ბანკის“ პრეზიდენტიც იქ მიიყვანა და სამივე დახოცა. ყველაფერი მე შემომტენა და თვითონ ჯერჯერობით სუფთადაა.
– როდემდე იქნება სუფთა. დედას ვუტირებთ! – კბილებში გამოსცრა ვაჟიკომ და ზიზღით დააყოლა, – ცოცხლად გავატყავებ.
– დამშვიდდი, ვაჟიკო. უემოციოდ უნდა ვიმოქმედოთ. საბაშვილისთვის „თხუნელობის“ დამტკიცება ადვილი საქმე არაა და ყველაფერი იუველური სიზუსტით უნდა შევასრულოთ. უფრო სწორად, შენ უნდა შეასრულო. ერთი გეგმა მაქვს და ყურადღებით მომისმინე.
– გისმენ, – მიუგო გოგელიამ თემურს და კვლავ სიგარეტი გააბოლა.
***
თემური ვაჟიკოსთვის თავისი გეგმის გაცნობას ნახევარ საათს მოუნდა. მეგობარს ყველაფერი დაწვრილებით აუხსნა. ყველა დეტალი რამდენჯერმე დაწვრილებით, სკურპულოზურად გაიმეორეს და ბოლოს უთხრა:
– ახლა შენზე და მერაბზეა ყველაფერი დამოკიდებული. მერაბმა „დაბრო“ უნდა თქვას. შენ კი უზადოდ შეასრულო.
– ნუ გეშინია. მერაბიც ყაბულს იქნება და არც მე დაგაღალატებ. ასე რომ, წავედით!
– წავედით... – ამოიოხრა თემურმა და ორივე მაიორმა, მირანდა ქურციკიძესთან ერთად, ვაჟა გოგელიას ბინა დატოვა.
სამივე ვაჟიკოს მანქანით გაემართნენ „კანტორისკენ“. თუმცა, მირანდა სახლში მიიყვანეს და მიუხედავად იმისა, რომ ქალს საქმროსთან დაშორება არ უნდოდა, თემურმა მას უთხრა:
– იცოდე, არ გამაბრაზო. სახლში იჯექი და ყველაფერი რომ დასრულდება, მე თვითონ მოგაკითხავ.
– თემო, საყვარელო, იცოდე, ძალიან ფრთხილად იყავი. ეგ ნაძირალა საბაშვილი ძალიან საშიში ვინმეა და მარცხი არ მოგივიდეს.
– ნუ გეშინია, ძვირფასო. ყველაფერი კარგად იქნება. გადადი ახლა და როგორც გითხარი, ისე მოიქეცი, – მიუგო თემურმა საცოლეს და შუბლზე აკოცა.
მირანდა აყოვნებდა. ძალიან ნერვიულობდა თემურის გამო და ფეხები უკანკალებდა. გოგონა ვაჟა გოგელიას მიუბრუნდა და შეევედრა:
– ვაჟიკო, ჩემო კარგო, ძალიან ფრთხილად იყავით. თემურს რომ რამე მოუვიდეს, თავი რად მინდა ცოცხალი.
– ნუ გეშინიათ, მირანდა. ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი სახლში ადით და თემურს დაელოდეთ, – უთხრა გოგელიამ მას. გაუღიმა და როდესაც ის მანქანიდან გადავიდა, ძრავა ჩართო და ადგილიდან დაძრა.
მირანდა მძიმე ნაბიჯებით ადიოდა კიბეზე და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. გოგელია და თემური კი „კანტორისკენ“ მიიჩქაროდნენ და როდესაც ოფისს ორასიოდე მეტრით მიუახლოვდნენ, გოგელიამ მანქანა გააჩერა. თავისი ტელეფონი თემურს დაუტოვა და სანამ გადავიდოდა, უთხრა:
– წავედი მერაბთან. აი, ნახავ, თუ არ დამთანხმდეს და როგორც კი „დაბროს“ იტყვის, მაშინვე დაგირეკავ.
– კარგი. გელოდები, –  მიუგო ვაჟიკოს თემურმა. ტელეფონი გამოართვა და უკანა სავარძელზე ისე მოკალათდა, რომ ქუჩაში გამვლელ-გამომვლელები ვერ ხედავდნენ. თავად კი სრულად აკონტროლებდა ქუჩას.
დრო გადიოდა, მაგრამ ვაჟიკო არ რეკავდა. თემურს თითქმის ამოეწორა იმედი და ფიქრობდა, რომ მერაბ ხმალაძემ უარი განაცხადა მისი გეგმის განხორციელებაზე. ამიტომ, სიგარეტს სიგარეტზე აბოლებდა და ნერვიულობდა. ზედიზედ მეხუთე ღერი რომ მოწია, ქუჩას გახედა და ერთად მომავალ მერაბსა და ვაჟიკოს მოჰკრა თვალი. თემური დაიძაბა. არ ელოდა მერაბის გამოჩენას და როდესაც პოლკოვნიკი წინა სავარძელზე მოკალათდა, დაძაბული მზერა მიაპყრო პოლკოვნიკს.
– რას გაჩუმებულხარ. გამარჯობა მაინც თქვი, – ღიმილით უთხრა მერაბმა თემურს.
– გამარჯობა, ბატონო პოლკოვნიკო, – თქვა თემურმა.
– ბატონო არა, – გაეცინა ხმალაძეს და თემურს ხელი ჩამოართვა, თან დააყოლა, – ესე იგი, ანზორი „თხუნელაა“, შენი აზრით?
– დიახ, – მოკლედ მიუგო თემურმა.
– კარგი. თუ მართლა მასეა, მაშინ შეასრულეთ თქვენი ჩანაფიქრი და ვნახოთ, რა გამოვა. მაგრამ, – მერაბმა თითი დაუქნია თემურს და დააყოლა, – თუ ტყუილი აღმოჩნდა, მაშინ...
– მაშინ შუბლში ტყვიას ვიხლი, – მოკლედ მოუჭრა თემურმა პოლკოვნიკს, რომელიც უხმოდ გადავიდა მანქანიდან და „კანტორაში“ დაბრუნდა.
***
მას მერე, რაც საბაშვილმა ჟანას წინ საკვოიაჟი სამალავში შეინახა და აუხსნა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, გოგონა თბილისის გასასვლელამდე მიაცილა და საბურთალოზე ტაქსით წავიდა. ამ დროს მისმა მობილურმა დარეკა.
– გისმენ, – უპასუხა საბაშვილმა.
– ვაჟა გოგელია ვარ, ანზორ, – თქვა მაიორმა.
– რა ხდება, ვაჟიკო?
– „ჩეპეა” და სასწრაფოდ შენი ნახვა მინდა. ტელეფონზე ვერ გეტყვი.
– სად ხარ?
– სპორტის სასახლესთან.
– ათ წუთში მოვალ, – თქვა საბაშვილმა და ტელეფონი გათიშა.
ვაჟა გოგელია, საბაშვილს ძალიან აღელვებული დახვდა და უთხრა:
– კერესელიძის ადგილსამყოფელი დავადგინე.
– ამას საბაშვილი არ მოელოდა და ემოციურად ჰკითხა:
– სადაა?
– დიღმის მასივში. ერთი ძველი ქარხანაა და იქ შეუფარებია თავი.
– ამას უწოდებ „ჩეპეს”? ყოჩაღ, ვაჟიკო. დადგა იმ ნაძირალას აღსასრულის დღე.
– „ჩეპე” სხვა რამეა. მისი საცოლე შემომაკვდა. მირანდას მის სახლში „ვუსადკავებდი” და, რომ გამომეტეხა, საგანგებოდ დავკითხე. მან მხოლოდ კერესელიძის ადგილსამყოფლის თქმა მოასწრო და უცებ თვალები გადააბრუნა, მოკვდა. ხელოვნური სუნთქვაც კი ჩავუტარე, მაგრამ ვერ გადავარჩინე.
– სადაა ახლა?
– თავის ბინაში.
– კიდევ ვინმემ იცის ამის შესახებ?
– არა.
– მოკლედ, ასე ვქნათ. მე არავისთან არაფერს ვიტყვი. რას იზამ, არც ის იყო ანგელოზი, რადგან იმ ნაძირალას ხელს აფარებდა. ახლა კი, მე და შენ კერესელიძეს დავადგეთ და ავიყვანოთ. იარაღი გაქვს?
– კი.
– წავიდეთ.
დიღომში რომ მივიდნენ, საბაშვილმა გოგელია ქვევით დატოვა, – დამაზღვიეო, თავად კი, იარაღმომარჯვებული, ფრთხილად გაემართა თემურის მოსაკლავად და კვალის წასაშლელად. შემდგომ კი იტყოდა – სხვა გზა არ მქონდა და მოვკალიო.
საბაშვილი, ყველა ოპერატიული წესის დაცვით მოძრაობდა. თუმცა, თემურმა მისი განიარაღება მოახერხა. პისტოლეტი წაართვა და ხელბორკილით რადიატორზე მიაბა, თან უთხრა:
– მაინც მომაგენი, ხომ? თუმცა კოვზი ნაცარში ჩაგივარდა და ჩემი მოკვლა და კვალის წაშლა ვერ მოახერხე?
– თემურ, ოცი მილიონი დოლარი დიდი ფულია. უჩემოდ, მაინც ვერსად გაიქცევი. მოდი, გავიქცეთ ერთად. ხოდები მაქვს და უცხოეთში უზრუნველად ვიცხოვრებთ.
– სისხლიანი ფულით, არა? რომელიც თხუნელობით იშოვე და პეტკა გაწირე. მე კი ეს გამიჩალიჩე.
– პეტკაზე ბოდიშს გიხდი. დანარჩენები კი, ბანკის პრეზიდენტი, ხორხელი და ხორავა ნაძირლები იყვნენ. ისინი რომ არ დამეხოცა, მე დავიწვებოდი.
თემურს ჩაეცინა. უბიდან მიკროგადამცემი ამოაცურა, რომელიც მიკროფონის ფუნქციას ასრულებდა და თქვა:
– შენი ყურით ხომ გაიგონე, მერაბ, რომ დამნაშავე არ ვარ და ვინ დაატრიალა ეს ყველაფერი?
მცირე პაუზა, მერე ხმადაბალი, მძიმე ხმა გაისმა:
– მაიორო, ვიცე-პოლკოვნიკს გადაეცი, რომ თუკი ვაჟკაცობის ნატამალი დარჩა, საკუთარ თავს თვითონ გამოუტანოს განაჩენი. კავშირის დასასრული, გზაზე დაბრუნდი.
თემურმა საბაშვილის იარაღში ერთი ტყვია დატოვა და წინ დაუდო, თავად კი იქაურობას  გაშორდა მეორე სართული რომ ჩაათავა, სროლის ხმა გაისმა. საბაშვილმა ტყვია დაიხალა შუბლში.
ქუჩაში გამოსულ თემურს კი მირანდა მიეგება. კისერზე ჩამოეკიდა და უთხრა:
– როგორ ხარ, საყვარელო. ძალიან ვნერვიულობდი.
– ახლა უკვე კარგად. წავედით.
დასასრულიскачать dle 11.3