№6 თმის გამაჯანსაღებელი, ქერტლის საწინააღმდეგო და ცვენის შესაჩერებელი ნიღბები
თუ ძვირად ღირებულ შამპუნებს ხმარობთ, შედეგი კი ნამდვილად არაა ისეთი, როგორსაც ელოდით, არ ინერვიულოთ. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ამაში კი, მცენარეული სავლებები და ის ნიღბები დაგეხმარებათ, სახლის პირობებში მარტივად რომ მოამზადებთ.
ნორმალური თმა ბრწყინავს, ელასტიკურია, ადვილად ლაგდება და ივარცხნება. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებს სუფთა იერს. თუ თმა დაბანიდან მეორე დღესვე ჭუჭყიანს ემსგავსება და აქვს არაჯანსაღი იერი, ცხიმიანი ტიპისაა. მშრალ თმას მქრქალი, უსიცოცხლო იერი აქვს, ადვილად იწეწება, წყდება, ცუდად ივარცხნება. შერეული ტიპის თმა ძირებთან ცხიმიანია, ხოლო ბოლოებთან კი – მშრალი.
* მაიონეზის ნიღაბი მშრალი თმისთვის – მაიონეზის ნიღაბი არბილებს და აბზინვარებს თმას. აიღეთ 100 გრამი მაიონეზი, დაუმატეთ 1 კოვზი არაყი და 1 კოვზი ლიმონის წვენი. შეიზილეთ სველ თმაზე და გაიჩერეთ 20–30 წუთი. შემოიხვიეთ პარკი და ზემოდან პირსახოცი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
* გვირილისა და კვერცხის ნიღაბი თმის მბზინვარებისთვის: გვირილის ნახარშში აურიეთ კვერცხის გული და შეიზილეთ სველ თმაზე. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ, კარგად ჩამოიბანეთ.
* თმის ძირების გასამაგრებელი და ცვენის შესაჩერებელი ნიღაბი – აიღეთ 1 კოვზი მდოგვის ფხვნილი, დაუმატეთ 1 კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღებული ფაფისმაგვარი მასა დაიტანეთ სველ თმაზე. შეიხვიეთ პოლიეთილენის პარკით და მოიხვიეთ ზემოდან პირსახოცი. რამდენიმე წუთი გაითბეთ თავი თმის საშრობი ფენით. თავის კანი ოდნავ უნდა აგეწვათ. გაიჩერეთ 30 წუთი და შემდეგ, ჩამოიბანეთ.
* დაზიანებული თმის აღმდგენი ინის ნიღაბი: გახსენით ინა ცოტა წყალში და სველ თმაზე წაისვით. ერთი საათი გაიჩერეთ და შემდეგ ჩამოიბანთ. ეს ამაგრებს თმის ძირებს და მკურნალობს დაზიანებულ სტრუქტურას.
* თმის დამარბილებელი ძმრისა და ჭინჭრის ნახარში – დაბანის შემდეგ, ძმრისა და ჭინჭრის ნახარში გადაივლეთ თმაზე. ის არბილებს და მბზინვარებას ანიჭებს თმას.
* ქერტლისგან სამკურნალო ლუდის სავლები: შამპუნით დაბანილ თმაზე შეიზილეთ ოთახის ტემპერატურის ლუდი. 10-15 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ.
* თმის გამაჯანსაღებელი და მოცულობის აღმდგენი შავი პურის ნიღაბი: თავის დაბანამდე რამდენიმე საათით ადრე, წყალში ჩაალბეთ შავი პური. დამბალი პური შეიზილეთ თმის ძირებში და თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. შემოიხვიეთ თმაზე პოლიეთილენის პარკი და 15 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით, უშამპუნოდ.