№6 კითხვა-პასუხი
კითხვა: გამიგია, რომ ჩვენი წინაპრები თავის დაბანის შემდეგ, მცენარეულ ნახარშებს ივლებდნენ. თუ მათ ძველ ფოტოებს გადავხედავთ, საკმაოდ სქელი და მოვლილი თმა ჰქონდათ. მინდა, მეც ვცადო მცენარეული ნახარშის გადავლება თმაზე. როგორ მოვიქცე და რომელი მცენარეებისგან მოვამზადო?
პასუხი: აიღეთ გვირილის ყვავილები, რომელიც აფთიაქში იყიდება. დაასხით წყალი და წამოადუღეთ. რომ გაგრილდება, გადაივლეთ დაბანილ თმაზე. რაოდენობა თავად განსაზღვრეთ – ერთი გადავლება უნდა გამოვიდეს. ეს ნახარში ქერა თმას განსაკუთრებულ ბზინვარებას აძლევს და მუქთმიანებსაც უხდება. ასევე, დაფნის ფოთლების ნახარში ამაგრებს თმის ძირებს, ანუ თმის ცვენის საწინააღმდეგოა და კარგია მისი გადავლება დაბანის შემდეგ. რამდენიმე ფოთოლი მოხარშეთ და ნახარში დაბანილ თმაზე გადაივლეთ. დაბანის შემდეგ, ძმრისა და ჭინჭრის ნახარშის (1:1) გადავლება, არბილებს და ბზინვარებას ანიჭებს თმას.
კითხვა: ცხიმიანი თმა მაქვს და მიწევს ყოველდღიურად, სამსახურში წასვლამდე მისი ჩამობანა. არის თუ არა თავის დაბანა ყოველდღიურად სასურველი და დაბანის პროცესში თმის სავარცხლით დავარცხნა?
პასუხი: დაბანის დროს თმის დავარცხნა არ შეიძლება. თბილი წყლით დაბანის დროს თმის ძირები გაფართოებულია და იმაზე მეტი თმა ცვივა, ვიდრე საჭიროა. უმჯობესია, თმა დაბანამდე დაივარცხნოთ. ზოგადად, რეკომენდებულია მშრალი თმის კვირაში ერთხელ და ცხიმიანის – კვირაში ორჯერ დაბანა. თუ თავს ყოველ დღე იბანთ, შამპუნი, მხოლოდ, კვირაში 3 ჯერ გამოიყენეთ. არ გაიწუროთ თმა დაბანის შემდეგ და მოერიდეთ ზედმეტად ცხელ თმის საშრობზე თმის გაშრობას.
კითხვა: ჭორფლსა და პიგმენტურ ლაქებს როგორ მოვიცილებ სახიდან კვერცხის საშუალებით?
პასუხი: პიგმენტური ლაქებისა და ჭორფლის მოსაცილებლად, შეგიძლიათ, მოამზადოთ ლოსიონი შემდეგი რეცეპტით: კარგად გათქვეფილი კვერცხის ცილა შეურიეთ 1 ლიომონის წვენს. ნარევს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი გლიცერინი და 0,5 ჩაის ჭიქა სპირტი. ამ ლოსიონით უნდა გაიწმინდოთ სახე დაწოლის წინ.
კითხვა: ბებია მარწმუნებს, რომ მჭადის ფქვილი კანის გამწმენდი საუკეთესო საშუალებაა და თანაც, უსაფრთხო. ერთი სიტყვით, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, საუკეთესო სკრაბი სახისთვის. მისგან როგორ დავამზადო ნიღაბი, რომ ვცადო და სასურველი ეფექტი მივიღო?
პასუხი: დიახ, ბებია არ ცდება, რადგან, სიმინდის ფქვილი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი სკრაბია. მისგან ნიღბის დამზადება ძალიან ადვილია. ფქვილი უნდა გახსნათ თბილ, ანადუღარ წყალში ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი, სქელი, ფაფისმაგვარი მასა და წაისვათ სახეზე წრიული მოძრაობით. გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბს შეიძლება, დაუმატოთ, ცოტა მარილი ან სოდა. პროცედურის დამთავრების შემდეგ, აუცილებლად გამოიყენეთ მკვებავი ლოსიონი, რომ კანი არ აიქერცლოს და ზედმეტად არ გაღიზიანდეს. ნიღაბი რეკომენდებულია, არაუმეტეს 2-ჯერ კვირაში.