კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 ყირამალა საყვარლები

თათია ფარესაშვილი ნიმა ბარათელი

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-37(872)




წინა თავებში
თეო მომხიბვლელი და გონიერი, ოღონდ მარტოხელა ახალგაზრდა ქალია. ზურასთან წლებია, მეგობრობდა, მაგრამ ერთ დღესაც მეგობრები საყვარლებად იქცნენ. რატომ საყვარლებად? იმიტომ რომ, ზურას ოჯახი ჰყავს: ცოლი ლანა და ორი შვილი და არც არასდროს უფიქრია ოჯახის დანგრევაზე. თუმცა თეოს უმტკიცებს, რომ მის გარდა, არავინ უყვარს (თქვენ წარმოიდგინეთ, თავადაც სჯერა ამის). ლანას კი ზურა, თავისი ქმარი უყვარს და ოჯახს ზედ ევლება. თეო და ზურა ლაშასთან, ზურას ცოლისძმასთან, ანუ ლანას ძმასთან მუშაობენ და ისეთი მოხერხებულები არიან, რომ ვერავინ ხვდება მათი ფარული სიყვარულის ამბავს.
ეკა ლანასა და ზურას მეზობელია, რომელიც შემთხვევით გახდა ოჯახური სცენის მოწმე და ნაღალატევ ლანას მკითხავ ლელისთანაც უშუამდგომლა, რომელიც მას ზურას შენარჩუნებაში ეხმარება.
ლაშა, ლანას ძმა ახალგაზრდა და მიზანდასახული ბიზნესმენია, რომელსაც ცოლად ჰყავს მოცერცეტო და საეჭვო წარსულის მქონე ცოლი ქეთა. ლანას რძალთან მძიმე ურთიერთობა აქვს –  მაგრამ ძმის ხათრით არაფერს იმჩნევს. საქმე იქამდეც კი მივა, რომ ქეთა ზურას შეცდენას შეეცდება, თუმცა არაფერი გამოუვა. გაბრაზებული რჩევას თავის გამზრდელ-დამკვალიანებელ მარინას სთხოვს, რომლის ძალისხმევითაც ლაშას ცოლი გახდა. მარინა დიდი სიამოვნებით გაუწვდის დახმარების ხელს ზურას მიერ უარყოფილ ქეთას, ვინაიდან ზურას საყვარელთან, თეოსთან, თავისი ანგარიში აქვს გასასწორებელი. თეო ირა-მირას ბავშვობის მეგობარია. ირა-მირას ქმართან, ლევანოსთან კი, მარინას რომანი აქვს გაჩაღებული და ირას გზიდან ჩამოშორება უნდა.
თეოს მხოლოდ მარინა არ ემტერება, მისი ჯინი ჯონდო-ჯამლეთასაც აქვს, რომელმაც ვერა და ვერ მოინადირა თეოს გული. ამიტომაც ცდილობს, მახე დაუგოს და ზურას ცოლს შეატყობინებს, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავს. მეტიც –  მარინა და ჯამლეთა ერთად გეგმავენ ირა-მირასა და თეოს განადგურების ოპერაციას.
თეოს კი, თითქოს თავისი პირადი პრობლემები არ ეყოფოდა, თავსატეხი ბაბუის მხრიდანაც დაატყდა: მისი სათაყვანებელი ბაგრატიჩი გამოუტყდა, რომ უკანონო შვილი ჰყავდა, მისგან კი შვილიშვილიც ჰყავს, არატრადიციული ორიენტაციის ლადო. ბაგრატიჩი თეოს ლადოსთან ურთიერთობის გაბმას სთხოვს. თეო კი დახმარებას სთხოვს თავის, ასევე, არატრადიციულ მეგობარ დიტოს. მაგრამ ლადო თეოსა და დიტოს სახლიდან გამოყრის.
სასოწარკვეთილ თეოს სხვა გზა არ დარჩენია, დახმარებისთვის ზურას მიმართოს, რომელიც მოულოდნელად, უარს ეტყვის. თეო და ზურა იჩხუბებენ. სასოწარკვეთილი თეო მარტო რჩება და ამ დროს, მოულოდნელად, ძველი და პირველი სიყვარული დუდუ გამოეცხადება. ზურაზე გაბრაზებული და მისგან გულნატკენი თეო ვნებებს აჰყვება... დილით კი თეოს კართან ზურა მივა, რომელიც პატიებასა და ხელს სთხოვს დაკეტილ კართან, რომლის მიღმაც დუდუ და თეო არიან. ამ სცენას თეოს ბაბუაც შეესწრება, რომელიც თავზარდაცემულია მოსმენილით. უფრო დიდი შეძრწუნება მოხუცს თეოს სახლში შესვლის შემდეგ ელის, როდესაც თეოს საძინებელში დუდუს აღმოაჩენს. ბაგრატიჩს ინფარქტი დაემართება. თეო და დუდუ მას საავადმყოფოში წაიყვანენ.
ამის პარალელურად, მარინასგან დარიგებული ჯამლეთა ირა-მირას შეცდენას შეეცდება, რომელსაც იმავე საავადმყოფოში მიიყვანენ, სადაც თეოს ბაბუა ბარგატიჩია.
ამასობაში ლაშა, ლანას ძმა, ეკას, ლანას მეზობელს (რომელსაც შორიდან იცნობს), მოულოდნელად დაპატიჟებს საქმიან შეხვედრაზე სტამბოლში (ცოლს განზრახ ტოვებს მარტო, რომ კერძო დეტექტივმა ზუსტად გაარკვიოს, რას ხლართავს მის ზურგს უკან ქეთა). ეკა დასთანხმდება... მოვლენები დაუგეგმავად განვითარდება, თუმცა ეკა დროზე ადრე, მარტო დაბრუნდება თბილისში. ლაშას კი საავადმყოფოში ტოვებს...
ჩვენი გმირების ისტორია გრძელდება: თბილისში დუდუ, თეო, ლევანო საავადმყოფოში არიან, სადაც ბაგრატიჩი მიიყვანეს... სტამბოლის საავადმყოფოში კი, მარტო დარჩენილი ლაშა ცდილობს, გაერკვეს თავის ოჯახურ ცხოვრებასა და ეკასადმი გრძნობებში.

ისტორია ოცდამეთერთმეტე
ახალი ნაცნობები - ძველი ტკივილები
(მოქმედი პირები: დუდუ, ზურა, ლევანო და თეო)
დუდუ ისევ მარტო იჯდა გრძელ და ჩაბნელებულ დერეფანში. დღე ნელ-ნელა ცხელდებოდა და დუდუს გულიც დუღდებოდა. სულ უფრო და უფრო ეძალებოდა ბოღმასავით განცდა. სადღაც მზის წნულთან ამოსუნთქვას მონატრებული ჩასუნთქვა ჩაუდგა და აღარ ტოკდებოდა. დუდუს ხელახლა ახსენდებოდა უცნობი მამაკაცის მოგუდული და ათრთოლებული, სინაზით გაჯერებული აღსარება. ახსენდებოდა ყველა სიტყვა და სათითაოდ უშანთავდა ყურებს, გულს, გონებას და უწამლავდა სისხლსა და ფიქრს.
– მაინც რა მალე გადამცვალა! ჰო, ქალი სანდო არ არისო და არა მხოლოდ რუსის. ყველა ქალი სუსტია და მარტო ვერ ჩერდება... მაიცა, რა, ბებიაჩემი ანა 22 წლის დაქვრივდა და 59 წლის ისე გარდაიცვალა, ძაძა არ გაუხდია და თვალები არ აუწევია... მერე და კარგი ქნა?! შენ არ იყავი, რომ გაიძახოდი, ანა ბებიამ სულ ტყუილად დაითხარა თვალები მარტოობაშიო? თუ ეს, პრადვინუტობის იმიჯს აწვები ხოლმე...  –  დუდუ თითქოს გაორდა და გასამდა კიდეც. მასში ერთმანეთს ებრძოდა თეოსადმი ახლად აფეთქებული ვნება, ძველი სიყვარული და მოულოდნელი ეჭვიანობა. თუმცა რატომ მოულოდნელი?! რას ფიქრობდა, ზრდასრული ქალი ასე მარტო იხეტიალებდა ამდენ წელს, სანამ დუდუ ნაშებსა და ბიზნესს აგვარებ-ალაგებდა? თუ ერთგულების მაგალითი დავუტოვე? ან იქნებ მე არ ვიყავი, ვინც დაუმსახურებელი ტკივილი მივაყენე?! მაგრამ, თუ ვუყვარვარ, არ უნდა ეღალატა! თან –  სხვისი ქმარი არ უნდა აეკონწიალებინა თავმოყვარე ქალს... ახლა ეს ტიპი სანახავი მყავს. და რა ვუთხრა მერე: შე ჩემა, რა გინდა სხვის ქალთან, როცა ცოლ-შვილი გყავსო?! არა. დაყენდი, დუდუ დიდებულიძე, თორემ შეცდომას შეცდომაზე უშვებ და ჯერ ორი დღეა, რაც საქართველოში ჩამოხვედი! ცოტა გონზე მოდი! აქ სხვა ამბებია და გაიხსენე, სად იმყოფები. გაიხსენე ბაგრატიჩის მზერა... დროულად თქვი იქ, რაც თქვი, თორემ ... ჰო, რა თორემ?! რას მიზამდა ახლა სანდრო ბაბუ, აგერ გახდა თვითონ იმასქნილი...
ჰოდა, რომ გახდა და გადარჩა, მადლობა თქვი, შენ გამო და შენვე, ხელში რომ არ ჩაგაკვდა ტიპი... მაინც რამ მოიყვანა ყველა თეოსთან ერთდროულად?! ბედი არ გინდა?! მე მელოდებოდა ყველა?! რა ქალაქია, რა ხალხი ხართ?! არაფერი იცვლება და არც არაფერი გეშველებათ... შენ ვითომ სხვანაირი ხარ? თუ დიდი ხანია, აქაურობას გაექეცი?! აბა, რა გინდოდა? თეო ძაძებში დაგხვედროდა. ბაგრატიჩი ფეხქვეშ დაგგებოდა და ტაში შემოერტყა ყველას, დუდუ დაბრუნდაო?
– დუდუ, რა სახე გაქვს, რა იყო, შენ რაღა გჭირს? –  ლევანო მხარზე ხელს უთათუნებდა მეგობარს და მადლიერი მზერითა და თბილად ათვალიერებდა დუდუს მართლაც გატანჯულ და უძინარ სახეს.
– როგორ არის ირა?!
– უკეთო, რა ვიცი, არ შემიშვეს. ტვინის შერყევაც აქვს და მოწამვლის ნიშნებიო. დაჟეჟილობები... წაქცეულა სადღაც. ეტყობა, ისე გამწარდა, იმ ნაძირლისგან რომ წამოვიდა, გული წაუვიდა სადღაც და დაეცა... რომ წარმოვიდგენ, მთელი ღამე სადღაც, ქუჩაში ეგდო უგონოდ... მე იმ ჩათლახ არაკაცს ყელს გამოვღადრავ. ვერ გამომგლეჯს ხელიდან ვერა ძალა, რომ ვიპოვი. წუხელის რომ დამირეკა ირამ და ავქანდი, უკვე აღარ ეგდო სახლში. მეზობელმა მითხრა, დავინახე, მანქანაში ჩაჯდა ცოტა ხნის წინათ და გავიდა ეზოდანო. კარს ვამტვრევდი და გამოიხედეს... სად არ ვეძებე, მაგრამ სად ვიპოვიდი. და თურმე ირა... კი ვურეკავდი წამდაუწუმ და არ მპასუხობდა. მეგონა, გამებუტა და არ უნდა ჩემთან ლაპარაკი-მეთქი. მეგონა, სახლში ავიდა, აბა, სხვა რა უნდა მგონებოდა. ამ არაკაცის ძებნას გადავყევი და სახლშიც გამთენიისას ავედი... მოკლედ, მადლობა ღმერთს, შენ აქ დახვდი და არ დაგვიანდა... შენი მევალე ვარ, ძმაო...
– რას ბოდავ, რის მევალე... ირა დაა ჩემი და თეოც რომ არ იყოს, ჩემი ბავშვობის მეგობარია, ან რა გავუკეთე რო... ისე, უცნაური ღამე გავიარე, რა დაგიმალო... ცოტა დავიძაბე და ამდენი მოულოდნელი საფიქრალ-სადარდებელი ერთად... მთავარია, ახლა ირა და ბაგრატიჩი კარგად იყვნენ. მერე მივხედავთ მაგ ტიპს. მეც მყავს ერთი სანახავი. მაგაზე მერე დაგელაპარაკები. უნდა დამეხმარო, ალბათ, პოვნაში...
– ლევანო?! შენ აქ რა გინდა? –  თეო თეთრხალათმოხურული, მხრებში მოხრილი და გაფითრებული, გაოცებისგან თვალებგაფართოებული ხან ლევანოს უყურებდა და ხან –  დუდუს. თითქოს ვერცერთს ვერ ცნობდა და ვერ იხსენებდა, აქ რატომ იყვნენ
– თეო, როგორ არის სანდრო ბაბუ?
– სძინავს უკვე... და შენ ვინ გითხრა, აქ...
– ირა შემოიყვანეს და...
– რატომ? ირას რა მოუვიდა?!
– არაფერი, კარგად იქნებაო. არ ვიცი, მერე გეტყვის ყველაფერს. არ ინერვიულო ახლა. შენიც გეყოფა, – ლევანო დაიბნა. მართლა არ უნდოდა თეოსთვის ჯამლეთას ისტორიის გამხელა, თან, თეო ისეთი დაღლილი და გაწამებული ეჩვენებოდა, არ იყო ახლა ამაზე ლაპარაკის დრო ნამდვილად.
– არა, ეს რა დღე გათენდა... –  თეო სკამზე ჩამოჯდა და თვალები გაუშტერდა... ვინმემ სიგარეტი მომაწევინეთ და ყავა დამალევინეთ. სამსახურში დავრეკე და ახლა ცოტას მოვდუნდები, რომ კარგად გავერკვე, ვინ მიმათარსა გუშინ...
– ჰო, მართლა უცნაური დღე იყო, იყო რა –  არის, –  დუდუ წამოდგა და ყავის აპარატისკენ გაემართა.
– თეო, წადი სახლში, მე და დუდუ ვიქნებით აქ და მივხედავთ სანდრო ბაბუსაც და ირასაც. რას აკეთებ? დაისვენე და საღამოსკენ მოხვალ. ისეთი სახე გაქვს, საფლავიდან ამოღებულს ჰგავხარ. დუდუ არ დააფრთხო, გოგო, –  ლევანომ გახუმრება სცადა, მაგრამ თეომ ერთი ამოხედა, ოდნავ დაბრიცა ტუჩი ირონიით და იყუჩა.
დუდუმ ქაფქაფა ყავა მოუტანა, სიგარეტი ლევანომ მიაწოდა და ის იყო, ასანთი უნდა მოეკითხა, რომ მეშვიდე გრძნობით, თუ მეხუთეა მხოლოდ ეს დალოცვილი ინტუიცია, თეომ მისაღების ოდნავ დაბინდული დერეფნის დასაწყისში გაღებული კარის ხმაზე თავი ასწია და ზურას სილუეტი დაინახა. აი, ახლა ამ სცენას ზურაღა აკლდა!  მაგრამ ფიქრის, მით უფრო, ხმამღლა რაიმეს თქმისა და გაკეთების უნარი არ გააჩნდა. ყავა თითებს უწვავდა, კბილებით დაკავებული სიგარეტი უმოწყალოდ დასველდა, დუდუ სანთებელას აწვალებდა ხელებში და თეოს თვალს არ აცილებდა. ბოლოს თავი ასწია და მოახლოებულ მამაკაცს შეხედა. რაღაცამ ისევ მზის წნულთან ჩაიმუხლა და ისევ გაუჭირდა ამოსუნთქვა. ეს ტიპი არ მოეწონა და თან –  ეცნო. კი, ნამდვილად იცნობს! ერთხელ ბიზნესლანჩზე ჰყავს ნანახი პიტერში. დუდუს საძმოს პარტნიორის დირექტორია თუ მეწილე, კარგად არ ახსოვს, მაგრამ მაშინ დუდუს ინტერესებიც იყო და საქმე ერთად გაიარეს. ზურაბი, მე მგონი, ასე ჰქვია და მოიცა, ზურაო, ხომ? და გუშინდელი ზურა... არა. მთლად სერიალების პონტი ხომ არ გაიჩითება აქ?! მაგრამ რატომ გაჩერდა და რატომ მიშტერებია თეოს ასეთი თვალებით?
– თეო, როგორ არის ბატონი სანდრო? შენ ხომ კარგად ხარ? უნდა დაგელაპარაკო...
– ძმაო, თეო დაღლილია და თუ საქმე გაქვს... –  ლევანო შეეცადა უხერხული სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ პირიქით –   დაძაბა. ჰაერში იგრძნობოდა მოახლოებული ავდრის სურნელი. გარეთ, ალბათ, თავსხმა დაიწყებოდა. ხოლო კლინიკის მისაღებში ჭექა-ქუხილის გავარდნას არაფერი უკლდა...
– არა, ლევანო, არ არის საჭირო შენი დახმარება! მე და ბატონი ზურაბი თანამშრომლები ვართ, სამსახურში დავრეკე და...
– თეო, არ არის საჭირო ასეთი ოფიციალური საუბარი. ჯობია, შენმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ ჩვენც ახლო მეგობრები ვართ.
თეომ ცოტა გაკვირვებულმა ახედა ზურას. უჩვეულო ინტონაცია და მზერაში მოულოდნელი სიმტკიცე დამაბნევლად ეჩვენა. ახლა კი გაახსენდა, რომ დუდუმ ყველაფერი მოისმინა! ისიც გაახსენდა, რომ ზურა რაღაც ძალიან მოულოდნელ უცნაურობას სთავაზობდა წუხელ. და, რაც მთავარია, დუდუსთან გატარებული ღამე და ბაგრატიჩის მუქარა, ჯერ ამ ყაზილარს დაველაპარაკები და მერე ცირკს მივხედავო... თუ რაც თქვა?! თეოს აშკარად აერია მეხსიერებაში წუხანდელი ღამე, სტუმრები, ახლობლები, დაპირებები, სიტყვები და გრძნობები. მოდი და, არ აგრეოდა! ერთად და თან –  საავადმყოფოს მოსაცდელში თავზე ადგას  ცხოვრების ორი მამაკაცი! და ორივე წუხანდელ ღამენათევსა და გადარეულს იმას ჰპირდება და სთხოვს, რაც აქამდე არცერთს არ ემეტებოდა! და რასაც ცალ-ცალკე ორივესგან ელოდებოდა გულგახეთქილი და გამწარებული. თეო ბედის ირონიას ჯერ კარგად ვერ აგემოვნებდა, მაგრამ სიტუაცია ნელ-ნელა რომ იძაბებოდა, ამას გრძნობდა და აქ და ახლა სულაც არ უნდოდა გარჩევები და აურზაური. ძალები მოიკრიბა. სიგარეტი ლევანოს მიაწოდა, მანაც მორჩილად გამოართვა, ზურას ხელკავი გაუკეთა და დერეფნის მეორე კუთხისკენ წაიყვანა. თავი შემოატრიალა და ელდანაკრავივით გახევებულ დუდუს მიუგდო: სასაუბრო მაქვს ჩემს თანამშრომელთან. აქ დამელოდეთ. მალე მოვალ...
ლევანომ უხმოდ შეხედა დუდუს და სავარძელში ჩაეშვა. დუდუ იდგა და უყურებდა, როგორ მიდიოდა მისგან  მისი თეო  ვიღაც ზურაზე ხელკავგაყრილი და ახლა ზუსტად იცოდა, რომ ეს ზურაბია ის ზურაბი, რომელიც პიტერში ლანჩზე დაპატიჟა, ხოლო წუხელ კარს უკან იდგა და მის თეოს სიყვარულს ეფიცებოდა. ესე იგი, ეს ის ზურიკოა, რომელიც...
– დუდუ, დაჯექი. ძმაო, ახლა აქ არ არის მაგის დრო, –  ლევანომ ხელზე მოქაჩა და შეეცადა, დუდუ ტრანსიდან გამოერკვია. დუდუმ ძმაკაცს უცხოსავით გადახედა და თავი დაუქნია.
–  ჰო, ახლა აქ ამის დრო არ არის... დრო საერთოდაც არ არის ამის... არსად არ არის...
კლინიკის ეზოში პირველი მსხვილი და იშვიათი წვეები დაეცა მარმარილოს კიბეს... მერე წვიმამ, თითქოს გამბედაობა მოიკრიბაო, ერთბაშად გახსნა გუდა და ისეთი თავსხმა დაიწყო, გარეთ ძაღლს არავინ გააგდებსო, რომ იტყვიან ჩვენში...
წვიმდა –  გამეტებით და უხვად, წვიმდა ქალაქში და შლიდა წუხანდელი ღამის ტკივილებისა და სიგლახეების ნაკვალევს. წვიმას, რაც შეეძლო, წაშლიდა დაუზარებლად, მაგრამ დერეფნის ნახევრად ჩამობნელებულ ორივე  კუთხეში დარჩენილ სატკივარსა და საფიქრალს გარეთ გაშმაგებული ავდარი ვერაფერს ჩამორეცხავდა, სამწუხაროდ. პირიქით, უჰაერობა ჩამოწვა კლინიკის ჭერქვეშ და ისე გაავდრდა და დაიძაბა სიტუაცია, როგორც გარეთ ან იქნებ კიდევ უფრო უარესედაც...

გაბითურებულები
(მოქმედი პირები: ლაშა და ზურა)
ეკას ახლა ვერ გავაჩერებდი. აზრი არ ჰქონდა. ან რომ გამეჩერებინა, რას ვთავაზობდი?! დარჩენის ვერცერთ ლოგიკურ მიზეზს ვერ დავუსახელებდი. მაგრამ ეს ამბავი ასე ვერ დამთავრდებოდა, ეგ უკვე ზუსტად ვიცოდი. არა, მაინც რა მომივიდა: რაღა, მაინცდამაინც, ახლა?! ყველაფერი რა უდროოდ ხდება ცხოვრებაში?! ვერც ვფიქრობდი, ვერც ვაზროვნებდი. არც მინდოდა. ვიწექი და ჭერს ვუყურებდი.
ექიმიც შემოვიდა: რამე ხომ არ გჭირდებათ?
– არაფერი, შემიძლია, ავდგე?
– გადასხმა დასრულდება და ადექით. უკეთესიცაა. მოწამლვის ნიშნები გქონდათ. უნდა გაიხსენოთ, რას იღებდით რეგულარულად. ნივთიერების დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო. თქვენი სურვილის გარეშე ამას ვერ გავაკეთებთ.
– ყველაფერი გააკეთეთ, რაც საჭიროა და პასუხები გამომიგზავნეთ. თავს კარგად ვგრძნობ. დილით როდის გამწერთ? ნივთები უნდა ჩავალაგო და არც ის ვიცი, როდისაა რეისი.
– ექთანი წამოგყვებათ სასტუმროში. ნივთებს ჩაგალაგებინებთ და ჩვენ აგაცილებთ თვითმფრინავშიც. თქვენმა მეუღლემ გვითხრა, რომ ადგილზე დაგხვდებიან. კარგია, რომ წავიდა. დასვენება არ აწყენს. ძალიან ღელავდა. ის რომ არა, თქვენ ახლა ცოცხალი არ იქნებოდით. კარგია, რომ ფრთხილი ძილი ჰქონია. ძალიან უყვარხართ, გაგიმართლათ.
– ვიცი, გმადლობთ. – ექიმს გავუღიმე. ცხოვრება მოჩვენებითია, რაღაცებს სახელი ერქმევა და ეს სახელები, როგორც წესი, მათ არსს არ შეესაბამება. ნამდვილი ცხოვრება კი, ამ სახელებს მიღმაა.
თავში გამუდმებით ეკას ნათქვამი მიტრიალებდა: ის შენთან ძალიან ახლოსაა.
ტელეფონის ძებნა დავიწყე. ჯერ შალვას დავურეკე, ჩემი ხმის გაგონება ისე გაუხარდა, თითქოს საიქიოდან მობრუნებული ვიყავი: კარგად ვარ, შალვა. არაფერი მომხდარა. სათხოვარი მაქვს შენთან: გაიგე, რომელ საათზე ჩამოდის ამაღამ რეისი სტამბოლიდან და ჩემს მეგზურს დახვდი აეროპორტში. ხომ იცნობ?
– ცხადია. დასამახსოვრებელი ადამიანია, – შალვა ძალიან კორექტული კაცია.
– ძალიან კარგი. სახლში წაიყვანე. ოღონდ ფრთხილად და არავის არაფერი უთხრა. ეცადე, ვერავინ დაგინახოს. ჩემი რეისის დროს მოგწერ და დამხვდი. ზურაც წამოიყვანე აეროპორტში.
მართალია, დეტექტივს ვუთხარი, რომ ჩამოსვლამდე არ შევეწუხებინე, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მას ჩემთვის აუცილებლად ექნებოდა საჭირო ინფორმაცია.
– ბატონო ლაშა, არ ველოდი თქვენს ზარს ასე მალე. ჩამოსვლამდე…
– გეგმები ცოტა შეიცვალა. რამე ხომ არ გაარკვიეთ უკვე?
– არის საინტერესო ინფორმაცია, ოღონდ მამაკაცის ნასახი არ ჩანს: თქვენს დასთან იყო სახლში ორჯერ. სხვაგან არსად გასულა. თქვენს სიძეს ურეკავდა ძალიან ხშირად და უცნაური დიალოგიც გაიმართა მათ შორის.
– ჩანაწერი ხომ გაქვთ?
– ცხადია. და კიდევ ერთ ქალს დაურეკა. ვფიქრობ, იმ ქალთან საუბარი უფრო დაგაინტერესებთ. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია?
– რატომ მეკითხებით?
– ცუდად გახდით?
– საიდან იცით?
– გამოგიგზავნით ჩანაწერებს და თავად მიხვდებით. ჰო, კიდევ, ინტერნეტკაფეში იყო თქვენი მეუღლე, რაღაც ფოტოები ამოაბეჭდინა. ცხადია, ფოტოები ჩვენც გვაქვს უკვე. მათაც გამოგიგზავნით. და ამის შემდეგაც, თქვენს დასთან მივიდა სტუმრად, ოღონდ ძალიან მალე წამოვიდა. ფოტოებს რომ დახედავთ, მიხვდებით მისი სტუმრობის სავარაუდო მიზეზსაც.
– ყველაფერი გამომიგზავნეთ და განაგრძეთ თვალთვალი.
– ცხადია.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3