№6 როდის არიან ვალდებულნი სასულიერო პირები, მაღალი იერარქები ანგარიში ჩააბარონ და შენდობა სთხოვონ საკუთარ მრევლს
– თუ ადამიანი საკუთარ თავში ჯერ სიმდაბლეს მოიძიებს, მერე მოიპოვებს, ჩავარდება სინანულში, ექნება სურვილი, დაბრუნდეს მამასთან, ის დაბრუნდება ეკლესიაში, ღმერთთან. მაცხოვარი გვასწავლის: როდესაც ძე კაცისა მოვა, ის მარჯვნივ დააყენებს ცხვრებს, ხოლო მარცხნივ – თხებს. ანუ, ვინც იყო მორჩილი, მოინანია საკუთარი ცოდვები, მშიერს აპურებდა, საპატიმროში პატიმრებს მოინახულებდა და ქველმოქმედი იყო, მისთვის სამსჯავრო იქნება მსუბუქი, მიუტევებს უფალი ცოდვებს. მეოთხე კვირა კი უკვე არის ადამის სამოთხიდან გამოძევების კვირიაკე. ეკლესია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რატომ გამოაძევა უფალმა ადამი სამოთხიდან. ადამიანმა, რომელმაც მარხვა დაარღვია, დაკარგა მადლი. სიცოცხლე, რომელიც მადლის გარეშე არსებობს, არის მტანჯველი. ამიტომ, ადამიანი რომ მადლის გარეშე სამოთხეში არ დატანჯულიყო, ღმერთმა გამოაძევა სამოთხიდან, რომ დაიბრუნოს მადლი და ისევ სამოთხეში დაბრუნდეს. ადამიანმა რამდენი წელიც უნდა იცხოვროს, თუ მას მადლი არ ექნება ეკლესიის, ღვთის, აღსარების, ზიარების, უბრალოებისა და სიყვარულის, მისი სიცოცხლე იქნება არასწორი მდგომარეობა. ადამიანი არის ხორციც და სულიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ მარხვით უნდა დავამეგობროთ ხორცი და სული ერთმანეთს. ხორცი უნდა ჩავაყენოთ სულის მსახურებაში. მარხვამდე ხომ პირიქითაა: სულია ხორცის მსახურებაში. არ დავდივართ ეკლესიაში, არ ვმარხულობთ და ჩვენი სულიც დამორჩილებულია ხორცს. ამიტომაც, კეთილი ინებოს ხორცმა და რაღაც-რაღაცებზე უარი თქვას და სული დავაყენოთ ადამიანის ცნობიერების საწყისში. სულიერებამ ადამიანი უნდა შეცვალოს.
– როგორც ცნობილია, ძველად მარხვას განსხვავებული სახე და ხანგრძლივობა ჰქონდა.
– ისეთი მარხვა, რომელიც დღეს ეკლესიაშია, მეოთხე-მეხუთე საუკუნეში შემოვიდა. პირველ საუკუნეში არც მოციქულები და არც წმიდა მამები არ იცნობდნენ ასეთ მარხვას. ადრე ისე მარხულობდნენ, როგორც დღეს მუსლიმანები. ანუ, მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებდნენ – დილიდან საღამომდე, მერე უკვე შეიძლებოდა საკვების მიღება. მაგრამ, მეოთხე საუკუნიდან, როდესაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია ხდება, ბერ-მონაზვნური ცხოვრება ყალიბდება. მონაზვნები დააკვირდნენ: როდესაც საღამოს, გვიან იღებდნენ საკვებს, მთელი ღამე მათი სულიერი ცხოვრება საკვებზე იყო დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ბერ-მონაზვნობამ აკრძალა და ჩამოაყალიბა სამარხვო და არასამარხვო საკვები. 40 დღე მარხვისთვის ეკლესიამ წარმართებისთვის, კათაკმევლებისთვის დააწესა, ანუ იმ ხალხისთვის, ვისაც სჭირდებოდა ნათლისღება და ეკლესიის წიაღში შემოსვლა. ადამიანი 40 დღე კათაკმევლად დგებოდა, რომ მოსანათლად გამზადებულიყო – მარხულობდა და შობის ან აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს ინათლებოდა. მონათლულები კი მხოლოდ შვიდ დღეს მარხულობდნენ. ამ მარხვას ზოგიერთმა მამამ „სოლიდარობის მარხვა“ უწოდა. წარმოიდგინეთ, მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ჩემი მეზობელი კი წარმართია და აპირებს მონათვლას. ამისთვის ის მარხვას ინახავს, წყალსა და პურზეა, შემოდის ჩემთან, რადგან უნდა, კონსულტაცია გაიაროს, კითხვები დამისვას. ამ დროს კი მე არ ვარ მარხვაზე და ხორცს მივირთმევ, რადგან ქრისტიანი ვარ და რატომ უნდა ვიმარხულო – რაღაც შეუსაბამობას აქვს ადგილი. ამიტომაც, ეკლესიამ განაჩინა: მოდი, ყველამ ვიმარხულოთ – ვინც ნათელღებულია და ვინც არ არის, ვინც ეკლესიაში დადის და ვინც არ დადის, ყველა ერთად შევიკრიბოთ და ერთად შევინახოთ მარხვა.
– ადამიანების უმრავლესობა, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ინახავს მარხვას. ჩვენ, ბუნებრივია, ვერავის განვსჯით, ვერავის განვიკითხავთ, მაგრამ რა არის მაინც ასეთ დროს მნიშვნელოვანი?
– ადამიანი, რომელიც ინახავს მარხვას, უნდა დადიოდეს ეკლესიაში, უნდა ჰყავდეს სულიერი მოძღვარი და საკუთარი შეხედულებებით არ უდგენდეს თავს გარკვეულ კანონებს, წესებს: მარხვის დროს რა მიიღოს, რა არ მიიღოს, რა წაიკითხოს და რა არ წაიკითხოს. თუ მოეპრიანება წავა ეკლესიაში, თუ არ მოეპრიანება – არ წავა. სასურველია, რომ ამ დროს ადამიანს ჰყავდეს მეგზური, მიაშუროს ეკლესიას. თუ აქვს კეთილი სურვილი, შეინახოს მარხვა და ამ დროს მას არ აქვს საჭირო განათლება, არ გააჩნია მოძღვრის მხრიდან მითითებები, მისი მარხვა იქცევა დიეტად და ერთი სული ექნება, როდის დამთავრდება მარხვა, რომ ხორციელი ტრაპეზი მიიღოს. ეს, გარკვეულწილად, ფარისევლური მარხვაა. ჯერ კიდევ მესამე-მეოთხე საუკუნეებში, როდესაც მეუდაბნოე მამები იწყებდნენ მარხვას, ისინი გადიოდნენ უდაბნოში, მაგრამ, სანამ გავიდოდნენ, მანამდე გალობდნენ, ურთიერთს შენდობას ეუბნებოდნენ, იმიტომ რომ, არ იცოდნენ, კიდევ შეხვდებოდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს. ასეთი ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი: პატრიარქი, ყველა მღვდელმთავარი, ტაძრის წინამძღვარი ვალდებული არიან, გარკვეული ანგარიში ჩააბარონ თავის მრევლს, შენდობა ითხოვონ. შენდობის თქმა კი, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარ ნაკლოვანებებზე უარის თქმა. თუ შენდობას ითხოვ, ესე იგი, შენი ქმედებიდან რაღაც არ მოგწონს და, გინდა, გამოასწორო. შენდობის გარეშე მარხვას აზრი არ აქვს. თუ 47 დღე ისე იმარხულებ, რომ ამ ხნის განმავლობაში შენდობას არ ითხოვ ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, თანამშრომლებისგან, საზოგადოებისგან, ესე იგი, შენც ისეთივე ორგული ხარ, როგორც ის ფარისევლები, რომლებიც მარხულობდნენ, მაგრამ სძულდათ საზოგადოება, იტყუებოდნენ, იპარავდნენ. დღეს ძალიან ბევრი საერთოდ არ ითხოვს შენდობას – მიაჩნია, რომ არაფერი დაუშავებია და ის ამ დროს ხიბლის მდგომარეობაშია. ხედავ, მოდის ადამიანი, ჯვარი ჰკიდია, ხელზე ფსკვნილი უკეთია. იფიქრებ, რა კარგი ქრისტიანიაო. მაგრამ, ის შინაგანად შეიძლება, იმ ფარისეველზე მეტი ფარისეველი იყოს. ღმერთმა დაიფაროს ყველა ის ადამიანი, ვინც მოჩვენებითად შეინახავს მარხვას, მოჩვენებითად დადის ეკლესიაში, ფარისევლურ, მოხიბლულ მდგომარეობაშია.