№6 ჭეშმარიტი რწმენა
გახსოვდეს სიკვდილის ჟამი
რას ნიშნავს სულის ხორცთან გაყრა? რა არის იმქვეყნად? როგორი ცხოვრებაა იქ? შენ ჯერაც არ განგიცდია ყოველივე ეს, მაგრამ აუცილებლად შეიტყობ და გამოცდი, რა შეიძლება, შეემთხვეს სიკვდილისას უღირსებო ქრისტიანს, რომელსაც სმენია ღვთის მრისხანებისა მართლმსაჯულების, საშინელი სამსჯავროს, მარადიული ტანჯვის შესახებ, როცა სინდისი ყველა აღსრულებულ ბოროტ საქმეს ჩამოთვლის, როცა თვალწინ დადგება მთელი განვლილი ცხოვრება, აღსავსე თავშეუკავებლობით, თვითნებობით, სიამაყით, მემთვრალეობით, ბილწსიტყვაობით, უჯერო მხიარულებით, გარყვნილი ფიქრებით. ყოველივე ამისთვის პასუხისგებას მიეცემა ადამიანი, სიკვდილი ზღურბლთანაა, მასთან ერთად კი, ღვთის მართლმსაჯულება.
მაშინ უბედური ცოდვილი დაინახავს საკუთარ თავს დროსა და მარადიულობას შორის, დაინახავს უსწრაფესად მიმქროლავ ჟამს და როგორ დაიწყებს ის სინანულს: ცხოვრება დამთავრდა, სულისთვის კი არაფერია ნაღვაწი. რამდენი რამ სმენია ამქვეყნად სიკვდილის შესახებ, მაგრამ – ამაოდ. ფიქრობდა, რომ მუდამ ცოცხალი იქნებოდა და არასოდეს წარდგებოდა ღვთის წინაშე.
ბრმანო! როდემდე ვიქნებით დაუდევარნი? როდემდე მოვიტყუებთ თავს, რომ სიკვდილის ჟამი არასდროს დაგვიდგება და არ იქნება საიქიო ცხოვრება. იცოდეთ, ვინც ამქვეყნად არ შეინანებს და არ განაგდებს ბოროტის ქმნას, ის ყველაფრისთვის პასუხს აგებს ღვთის წინაშე და სიკვდილის შემდგომ, მარადიულად დაიტანჯება. მარად სინანულში იქნება თავისი უგულისხმოების, ჯიუტობისა და გულფიცხელობის გამო. იმის გამო, რომ ამქვეყნად უარი თქვა ღვთის მოწყალებაზე, რომელიც გამუდმებით შეახსენებს ცოდვილს გამოსწორებას, სინანულსა და სიკვდილს, რომელიც გარდაუვალია ყველა ადამიანისათვის. ამინ!
გზა ქრისტესკენ
ძმებო, რა გზებითაა შესაძლებელი სვლა ქრისტესაკენ? აი, გზა მისკენ – ღვთის წმიდა ტაძარი.
მოდით ტაძარში და თქვენ შეიგრძნობთ უფლის აქ მყოფობას. ყველაფერი მასზე ღაღადებს. მომართეთ თქვენი მზერა ტაძრისაკენ და განჭვრიტავთ უფლის სახეს. მის ამქვეყნიურ ცხოვრებას; ნახავთ ტრაპეზს, რომელზედაც უხილავად განისვენებს იგი; ნახავთ ჯვარს, რომლითაც გამოგვიხსნა მან ჩვენ; ნახავთ მღვდელმსახურებს, რომლებიც განასახიერებენ და მოგვაგონებენ მას. თქვენი სასმენელნი მოისმენენ მაცხოვრის სიტყვას, რომელიც თვით მას წარმოთქვა მთელი ქვეყნიერებისათვის და ყველა დროისათვის. მოისმენთ წმიდა საგალობლებს მის მიმართ აღვლენილს, მონანიე სულის გალობას, მადლიერებით აღსავსეს. დაიმდაბლეთ გული და შეიცნობთ უფლის ტაძარში მყოფობას. ნეტარია ის, ვისაც უყვარს ტაძარი და ხშირადაც ეწვევა მას, ვინც შიშითა და კრძალეულობით დგას და შემუსვრილი გულით ლოცულობს მასში. ასეთი ადამიანი პირდაპირ მიდის ქრისტესკენ და აუცილებლად მივა კიდეც მასთან.
წმიდა ზიარების ხშირად მიღება – აი, ეს არის მეორე გზა უფლისკენ. მზიარებელი ამ წმიდა საიდუმლოთი უერთდება ქრისტეს, მკვიდრდება მასში.
ძმებო, გწყუროდეთ ეს ზეციური საკვები. იჩქარეთ, რათა აღივსოთ მისით, „როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისაკენ...“ (ფს. 41,2). თუკი ისურვებთ ამ უხრწნელი საზრდელით დაპურებას – ახლოს იქნებით ქრისტესთან. თუ გაუცხოვდებით მისგან და დიდი ხნის განმავლობაში უზიარებელი იქნებით – შორს იქნებით უფლისგან და ვერასდროს მიეახლებით მას.
ლოცვა, განუწყვეტელი ლოცვა, ესე იგი, მუდმივი მიმართება გონებისა და გულისა ქრისტესკენ – ესეც გზაა მისკენ, კავშირის დამყარება უფალთან. როცა გული ანთებულია ქრისტეს სიყვარულით, როცა გონება უმეტესად ფიქრობს მასზე, როცა ნება ეძიებს მხოლოდ ერთს – აღასრულოს ღვთის ნება, ეს სხვა არაფერია, თუ არა მუდმივი სვლა ქრისტესკენ. ნუთუ ძნელია ყოველივე ეს? სრულებითაც არა. პირიქით, სასიამოვნოცაა, როცა ვფიქრობთ კეთილისმყოფელზე, მშობელ მამაზე, ადამიანზე, რომელიც ახლობელია ჩვენთვის. და ვინ შეიძლება, იყოს უფრო ახლობელი, უფრო ძვირფასი და კეთილისმყოფელი, თუ არა ქრისტე, რომელმაც სული დადო ჩვენთვის. ბრძანებას თუ რჩევას კეთილი ადამიანებისას ვასრულებთ, და ვისი სწავლება და მოძღვრებაა უფრო მხსნელი, თუ არა ქრისტესი? მისი სწავლება არის სულიც და ცხოვრებაც.
ძმებო! ქრისტე ყველას გვიხმობს, რათა ამ გზებით ვიაროთ. მაშინ, გავუდგეთ გზას, რომელიც ცად ზეაღგვიყვანს, ამინ!