№6 რა პრობლემები ექმნება რომანტიკოსი მამაკაცის ცოლს და როგორ უნდა მოიგერიოს მან სხვა ქალები
არსებობს მამაკაცთა კატეგორია, რომლებიც ურთიერთობაში არასტაბილურები მხოლოდ იმიტომ არიან, რომ რომანტიკული ბუნება აქვთ. მათი მოტყუება ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცდუნება, მარტივდება, რადგან ამის სურვილი თავად აქვთ. ყველაფერს აიდეალებენ. ადამიანს – განსაკუთრებით ქალს ზეციურ არსებად აღიქვამენ და მისი ყველა სიტყვის უპირობოდ სჯერათ. ქორწინებაში მყოფი ასეთი კაცები ცოლებს ადვილად ღალატობენ. თუმცა, შეიძლება, ინანონ კიდეც.
თამრიკო (34 წლის): ჩემი ქმარი რომ გავიცანი, მასში რაც მომეწონა და მოვიხიბლე, რომანტიკული ბუნება იყო. ისეთი ხასიათი ჰქონდა, როგორსაც ქალები ნატრობენ, ხოლმე. საოცარი თვისებებით მაგრძნობინა თავისი განსაკუთრებულობა. სხვა კაცებს არ ჰგავდა, ჩემსავით აღიქვამდა ყვავილების მშვენიერებას, ბუნების პეიზაჟებს, ნახატებს, გარემოს, სიტუაციებს. ამით თავი მალე შემაყვარა. თითქოს ერთ ტალღაზე ვიყავით, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა. მაშინ ვერ ვამჩნევდი სახიფათო „სიგნალებს”, რაც მერე, უკვე ქორწინებაში, პრობლემად მექცა.
– რას გულისხმობთ „სახიფათო სიგნალებში?”
– ქმრის ხასისათის იმ თავისებურებებს, რომლითაც მოვიხიბლე და ვერ გავითვალისწინე, რომ სწორედ ეს შემიქმნიდა მერე პრობლემებს. „გულაჩუყებულ” კაცზე საშიში არაფერია – მით უფრო, თუ ეს კაცი შენი ქმარია. უნდა იცოდე, რომ თუ შენთანაა რბილი, დამყოლი და ადვილად „შესაბმელი,” სხვა ქალთანაც იგივე მოხდება.
– ანუ, უხეში, ჯიუტი და მაპატიეთ, ხეპრე უნდა იყოს კაცი, რომ ცოლმა მშვიდად იგრძნოს თავი?
– მე ეს არ მიგულისხმია. არც ხეპრე და ჯიუტი ვარგა, მაგრამ მაპატიეთ და ბოთეც არ უნდა იყოს. წარმოდგენა არ მქონდა ისეთ ნიუანსებზე, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მიხაროდა ოჯახში ის ურთიერთობა, რომელიც ქმართან მქონდა – უბრალო რაღაცაც კი უხაროდა. თავზე ხელის გადასმა და დამყოლი ხდებოდა. ადვილად ვახერხებდი მის სასიამოვნოდ გაოცებას. ბავშვივით გულუბრყვილო იყო და ეს მისი ერთგულების გარანტი მეგონა. ძალიან შევცდი. სულაც არ აღმოჩნდა რომანტიკული ბუნების მამაკაცი სანდო. ისეთი მოულოდნელი, უსიამოვნო სიურპრიზები მომიწყო, ლამის ოჯახი დამენგრა. არცერთ კაცს არ მოსწონს, როცა ცოლი ამოწმებს და აკონტროლებს. როცა იძულებული გავხდი ეს მეკეთებინა, სულაც არ მოეწონა. ბუნებით ძალიან ეჭვიანი ნამდვილად არ ვარ.
– „ძალიან ეჭვიანი” არ ხართ, ანუ ზოგადად, ხართ ეჭვიანი?
– ვინც ეჭვიანი არ არის, იმას არც უყვარს – არც პარტნიორი აინტერესებს და არც ოჯახის მთლიანობა. დამიჯერეთ, სულაც არ არის სასიამოვნო, როცა ეჭვიანობ. ძალიან ბევრი უარყოფითი ენერგია მოდის. ფაქტობრივად, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი. საერთოდ არ მინდოდა, რომ მეეჭვიანა. მით უფრო, რომ ქმართან ძალიან კარგი, კომფორტული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მისმა რომანტიკულმა ბუნებამ გააკეთა ის, რომ სხვა ქალმა ადვილად „შეაბა”.
– ანუ, ქალმა „შეაბა” და მას ეს არ უნდოდა?
– მე ჩემი ქმარი ანგელოზად არ გამომყავს, ღმერთმა დამიფაროს. როგორ უნდა დაიფიცო, რომ კაცი შენი ერთგულია ბოლომდე, მაგრამ რომ არა იმ ქალის რომანტიკული „გადახვევები” და „ჩანართები”, ჩემი ქმარი ასე ადვილად არ მოიხიბლებოდა. როცა უკვე სიტუაციას „ეპიცენტრში” აღმოვჩნდი, გაირკვა, რომ ის ქალი ცდას არ აკლებდა, ჩემი ქმარი ეცდუნებინა.
– „ეპიცენტრში” როგორ აღმოჩნდით?
– როცა უკვე გავიგე ჩემი ქმრის ფლირტისა, თუ რომანის შესახებ, ქმარს კატეგორიულად მოვთხოვე, ყველაფერი მოეყოლა, თუკი ოჯახის შენარჩუნება უნდოდა. პატიება შემიძლია, ტყუილში ცხოვრება და ტყუილის მოთმენა – არა. ადვილი არ ყოფილა რომანტიკული კაცის ცოლობა. ასეთი კაცები ძალიან მარტივად უყურებენ ყველაფერს – ვარდისფერი სათვალით და შედეგებზე არ ფიქრობენ. ჩემს ქმარს მოსწონდა ყურადღება იმ ქალის მხრიდან. ისიც კარგი „შებერტყილი” ვინმე აღმოჩნდა, ზუსტად უპოვა სუსტი წერტილი და კარგადაც „ჩაიჭირა”. მერე მე წავიკითხე, რას სწერდა ჩემს ქმარს. როგორ ახვევდა თავბრუს და ეუბნებოდა, რომ განსაკუთრებულია, რადგან ასეთი მგრძნობიარე, ფაქიზი ბუნების კაცები ცოტანი არიან. მითხარით, რომელი კაცი დარჩება გულგრილი ასეთი სიტყვების მიმართ. არ დავმალავ – ქმარს სერიოზული სკანდალი მოვუწყვე. რა დავაშავე ასეთიო, გაოცებული მეკითხებოდა: საყვარლად კი არ დავისვამდიო. ვუხსნიდი, რომ სწორედ ეს არის ღალატი. ვიღაც უცხო ქალისთვის გულის გადაშლა და ინტიმური ატმოსფეროს შექმნა. ძალიან გამიჭირდა – ვერ ვაგებინებდი, რატომ ვიყავი ასეთი აღშფოთებული. მისი განცვიფრება კიდევ უფრო მიშლიდა ნერვებს და მაღიზიანებდა. მერე მივხვდი, რომ მოცემულობად უნდა მიმეღო ჩემი ქმრის რომანტიკოსობა და ჭკვიანურად დავპირისპირებოდი. ქმრის აცერცეტება-ამჩატებისთვისაც უნდა მეჯობნა და იმ ქალის ინტრიგებისთვისაც. პირადად იმ ქალს არ დავპირისპირებივარ. ეს ისევ მის წისქვილზე დაასხამდა წყალს. იმას დაუცველ, ნაზ არსებად აღიქვამდა, ჩემი ქმარი, მე კი – ანჩხლ და ავ დედაკაცად. ამიტომ სხვა ტაქტიკა შევარჩიე – ჩემი ქმრისთვის უნდა დამენახვებინა, რომ ჩემზე მონათესავე სული მას არ ჰყავდა – რომ რომანტიკაც არ მაკლდა და კარგადაც ვუგებდი. თან, ნელ-ნელა თვალის ახელაც მინდოდა ჩემი გულუბრყვილო ქმრისთვის. არა, ოჯახი რატომ დამენგრეოდა, ეგ რა შუაშიაო. ასეთი სიბრიყვე გინახავთ?
– ეს თქვენი ქმრის რომანტიკული ბუნების ბრალია?
– რა თქმა უნდა. ჩემი ქმრისნაირი კაცები ადვილად ებმევიან ქალების მახეში. იმ ქალს, რომ ჩემი ქმრის „დათრევა” უნდოდა, ამაში ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, იმასთან საქმე არ მაქვს. მთავარია, ჩემი ქმარი მყავს მაგრად „შეჯანჯღარებული” და კიდევ გავუმეორებ პროცედურას, რომ რეალობა დაინახოს. მეორედ ამას ვეღარ გადავიტან.