№6 ორად გაუყვია?!
ანუ უპატრონო საქართველოს ოკუპანტები დაეპატრონენო
2018 წლის ივნისში, ბრიუსელში „ნატოს“ მორიგი სამიტი უნდა გაიმართოს. მანამდე კი საერთაშორისო კვლევების ამერიკული ფონდის (Heritage Foundation) დირექტორმა ლიუკ კოფიმ ანგარიში მოამზადა, რის მიხედვითაც, ალიანსს მოუწოდებს (ზედაც, უსაბუთებს), რომ სასწრაფოდ მიიღოს საქართველო თავის რიგებში, ვინაიდან ღირსიაო.
ფონდის მესვეურთა აზრით, ალიანსმა საქართველო ისეთი დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს, რომ წევრობის კანდიდატობის ფაზას უნდა გადაახტუნოსო.
რეკომენდაციაში 2008 წლის ომსაც იხსენებენ. მოგეხსენებათ, აწ უკვე აღარ მალავენ დასავლელები, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე წევრობის კანდიდატობაზე უარის თქმამ აუნთო „მწვანე შუქი“ რუსეთს საქართველოსთან საომრად (პრინციპით, უპატრონო ეკლესიას ოკუპანტები დაეპატრონენო).
და იქვე, იმ უხერხულობის განმუხტვის მექანიზმსაც სთავაზობენ (მოგეხსენებათ, „ნატო“ თავის რიგებში არ იღებს ქვეყანას ტერიტორიული პრობლემებით): „ბევრს მიაჩნია, რომ საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანება რუსეთთან ომს მოასწავებს, მაგრამ საქართველო ალიანსის წევრი შესაძლოა, გახდეს ალიანსის დებულებაში ცვლილების შეტანის გზით და დროებით შეჩერდეს აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ ტერიტორიაზე „ნატოს“ მეხუთე მუხლის მოქმედება, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით.“
ჩვენ არ ვიცით, გაიზიარებს თუ არა ალიანსი ზემომოტანილ რეკომენდაციას, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პირველად ალაპარაკდნენ დასავლეთში „ნატოს“ დებულებაში ცვლილებების შეტანაზე. მეორე მხრივ, თუ თურქეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს გავითვალისწინებთ და იმას, რომ სწორედ თურქეთია (შესაძლოა, უკვე იყო) „ნატოს“ ბასტიონი მუსლიმანურ სამყაროსთან, ნათელია, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ჰაერივით სჭირდება სამხედრო ბაზა კავკასიაში.
რა თქმა უნდა, ეს შანსია და გამოწვევაც, ოღონდ გადაწყვეტილება ფხიზელ გონებაზეა მისაღები და არა პათოსით: „ტაშკენტიდან მოდის ქარავანი“!