№6 ჭეშმარიტად გალანტური
ანუ ბრტყელტუჩათი მოსაშვებები
გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ დიდი ბრიტანელი მინისტრი (საერთაშორისო განვითარების) თანამდებობიდან, თქვენ წარმოიდგინეთ, სამსახურში დაგვიანების გამო გადადგა!
კერძოდ, ლორდმა ბეტისმა (აწ უკვე გადამდგარმა მინისტრმა) განაცხადა, რომ რცხვენია, რაკი ადგილზე არ იმყოფებოდა, როდესაც ბარონესა ლისტერის კითხვებისთვის უნდა ეპასუხა (ჭეშმარიტი გალანტურობა!).
მართალია, მან დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა, მაგრამ პრემიერ-მინისტრს გადადგომა მაინც სთხოვა და ყურად არც თვით ბარონესა ლისტერის თხოვნა იღო (ბოდიშიც საკმარისია, ნუ დაგვტოვებთო!) და არც კოლეგებისა.
მინისტრს „ბრექსითის“ შესახებ კითხვებისთვის უნდა გაეცა პასუხი და რაკი საქართველოს ეჭვიანი მოქალაქე ვარ, იმ აზრმაც გამკრა, იქნებდა, სავარაუდო კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა-მეთქი.
ჰქონდა თუ არა, ბრიტანელმა მინისტრმა სირცხვილის ჩამოსარეცხად, უარი თქვა სკამზე. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენს თანამდებობის პირებს ბრტყელტუჩათიც კი ვერ ააცლი სკამებს, დანარჩენი არმქონენი (სკამების) კი ცხოველი ჟინით მიილტვიან, გადადგომა იქით იყოს, ისიც საქმე იქნებოდა, ამ ჩვენს ჩინოვნიკ-ნაჩინოვნიკარ-პოლიტიკოს-ნაპოლიტიკოსრებს სირცხვილის გრძნობა თუ გაუღვიძდებოდათ. –