№6 ობოლი დემოკრატიული მარგალიტი
სკვერთამმუსვრელები
არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ დასავლეთისკენ დიდი ჟინით მივილტვით და არც დასავლელები იშურებენ ჩვენთვის დითირამბებს (ობოლი დემოკრატიული მარგალიტივით კიაფობთ ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეშიო), რაკი შედარებებიც გვიყვარს: საკუთარი თავის უკიდურესად დამცრობის ან უკიდურესად წარმოჩენის მიზნით (სიტუაციის მიხედვით), დიდად პოპულარულია ამ ჩვენს ქვეყანაში ქართული პენსიების ევროკავშირულ პენსიებთან შედარება.
და, მართლაც, განსხვავება მეტად შთამბეჭდავია: ან კი როგორ არ იქნება, როდესაც იქ ადამიანები ლამის პენსიაზე გასვლის შემდეგ იწყებენ ნამდვილ ცხოვრებას, ჩვენთან კი საპენსიო ასაკი ლამის ცხოვრების დასასრულია?!
ოღონდ, თუმცა შთამბეჭდავია, ამ საპენსიო მედალს მეორე მხარეც აქვს, კერძოდ, ის, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც დასავლური პენსიების ოდენობას ჩამოარაკრაკებენ ხოლმე, იმას აღარ ახსენებს, ყრიან თუ არა იმ მაღალპენსიურ ქვეყნებში მოქალაქეები ნაგავს, სადაც კი მოეხელთებათ; ანადგურებენ თუ არა მწვანე ნარგავებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, მალავენ თუ არა შემოსავლებს (რომ სახელმწიფოს, რაც შეიძლება, ნაკლები გადასახადი გადაუხადონ) და ა. შ. და ა. შ.
აქედან გამომდინარე კი, თუ საკითხს ორივე მხრიდან შევხედავთ, პირადად მე, ის უფრო მიკვირს, იმდენი როგორაა პენსია, რამდენიცაა, რადგან მოქალაქე-სახელმწიფოს დამოკიდებულება პლატონური სიყვარულის სქემაში ვერა და ვერ თავსდება… –