№5 მიიჩნევს თუ არა ღალატად აკაკი გოგიჩაიშვილი „რუსთავი 2-დან“ წამოსვლას და რამ გამოიწვია მასა და ნიკა გვარამიას შორის უკმაყოფილება
ტელეწამყვანი აკაკი გოგიჩაიშვილი „რუსთავი 2-იდან“ „იბერიაზე“ გადავიდა. არხის ერთ-ერთი მთავარი სახის მიერ ტელევიზიის დატოვებას, ბუნებრივია, აზრთა სხვადასხვაობა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, უკმაყოფილებაც მოჰყვა.
აკაკი გოგიჩაიშვილი: „იბერიაზე“ იყო და არის ყოველდღიური ბიზნესგადაცემა – „ბიზნესკოდი“. არხმა ჩათვალა, რომ ეს გადაცემა არასაკმარისად ხარისხიანია და გადახალისება სჭირდება. ამ საქმის შესასრულებლად დამიკავშირდნენ და მეც თანხმობა განვაცხადე. შესაბამისად, მოვამზადებთ იგივე გადაცემას, რომელიც იგივე დროს გავა ეთერში. ახალი მხოლოდ გუნდი იქნება.
– რაც შეეხება საგამოძიებო გადაცემას, რომელიც ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2-ზე“ დაიწყეთ, მაგრამ მალევე შეწყდა. ისიც გადმოვა „იბერიაზე“?
– „ბიზნესკურიერი“ თავდაპირველად, ყოველდღიური გადაცემა იყო. შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ყოველკვირეული გამხდარიყო, რამაც, ფაქტობრივად, შეცვალა მისი შინაარსიც და ფორმატიც. ვფიქრობ, რომ ეს კარგი გადაცემა იყო. ყოველ შემთხვევაში, არხის ხელმძღვანელობის მხრიდან, შექების გარდა, არაფერი დაგვიმსახურებია. ნეგატიური დამოკიდებულება მათგან არასდროს წამოსულა. პირიქით, ყოველთვის გვაქებდნენ. უფრო მეტიც, ბიზნესკურიერის „თოფ თემები“ მერე შაბათის კურიერში გადიოდა. ერთ დღეს ითქვა, რომ გადაცემა უნდა დაიხუროს. მაგრამ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მიუღებელი ფორმით მოხდა. გადაცემის დახურვის შესახებ არა დირექციისგან, არამედ პროგრამების განყოფილებისგან შევიტყვე. იმ პერიოდში იყო საშუალება, რომ ჩემი გადაცემის დახურვის მიზეზი მეკითხა ნიკა გვარამიასთვის და მან მიპასუხა, რომ გადაცემას რეიტინგი არ ჰქონდა, რაც ნამდვილად არ იყო სიმართლე. ჩვენ ყველას ერთი და იგივე რეიტინგები მოგვდიოდა და რეალურად, 80-90 პროცენტ შემთხვევებში, ჩვენ ჩვენს უშუალო კონკურენტს ვუგებდით, რომელსაც „იმედი“ წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ამის შესახებაც ვუთხარი მას, მაგრამ გავიგე, რომ სანაცვლოდ სხვა გადაცემა უნდა გაკეთებულიყო. გვარამიამ თქვა, იმ ბიუჯეტით, რომელიც ამ გადაცემისთვის იხარჯება, ასეთი შინაარსის გადაცემა არ მიღირს. მინდა, რომ „პრაიმ თაიმში“ გააკეთო სხვა, კერძოდ, საგამოძიებო გადაცემაო. სიმართლე რომ ვთქვა, მე ამის სურვილი არ მქონდა. მას შემდეგ, რაც საგამოძიებო გადაცემის კეთება შევწყვიტეთ, თხუთმეტი წელი გავიდა და მგონი, გასაგებია, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. თან, აღარც მქონდა ეს ინტერესი. მაგრამ, რადგან არხს სჭირდებოდა, მით უმეტეს, ისეთ დროს, როცა „რუსთავი 2-იდან“ წავიდა მთავარი გადაცემები, რომლებიც რეიტინგს წერდნენ: „ნიჭიერი“, „ექიმები“ და სხვა გასართობი სპექტრის პროექტები, ჩავთვალე, არხს ასე სჭირდებოდა და თუ სჭირდებოდა, უნდა გამეკეთებინა. ოთხი თუ ხუთი გადაცემა გავიდა ეთერში და შემდეგ ისევ იგივე მოხდა: მე ორი დღით ადრე, შემთხვევით გავიგე, რომ თურმე, გადაცემა მოუხსნიათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დამწყდა გული. როგორც უკვე ვთქვი, დიდად არ მსიამოვნებდა ამ გადაცემის კეთება, მაგრამ რაც გაკეთდა და ეთერში გავიდა, ყველას ქვეშ მოვაწერ ხელს. რეიტინგიც კარგი ჰქონდა, მაგრამ მაინც ასე მოხდა. ამის შემდეგ გადამიყვანეს „პოსტ სკრიპტუმში“. წესით, იქ ჩემთვის იდეალური გარემო იყო. ფაქტობრივად, იგივე ხელფასით მიწევდა კვირაში მხოლოდ ერთი სიუჟეტის გაკეთება და არანაირი პასუხისმგებლობა არ მქონდა არც რეიტინგზე და არც თემების მოფიქრებაზე. ეს ჩემთვის მაქსიმალურად კომფორტული რეჟიმი იყო. შეიძლება, კი ვარ იმ ასაკში, როცა ადამიანმა კომფორტზე უნდა იფიქროს და საპენსიო განწყობა ჰქონდეს, მაგრამ მე არ მაქვს. მინდა, რაღაც კარგი გავაკეთო, გამოწვევები შევუქმნა საკუთარ თავს და რაღაც დავუმტკიცო. როცა ამის საშუალება მომეცა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ და როგორი რეიტინგის არხზე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.
– როგორი იყო ამ პროცესების შიდა სამზარეულო კოლეგებთან ურთიერთობების დონეზე?
– იყო გარკვეული უთქმელი დაძაბულობა ჩემსა და არხის ადმინისტრაციას შორის, რაც მათი დამოკიდებულებით იყო გამოწვეული. რამდენჯერმე მათი მხრიდან იყო სურვილი, გარკვეული თემები დაბლოკილიყო. პირდაპირ ამბობდნენ: „არა, ეს სიუჟეტი არ გავა“. ამას მოჰყოლია იმდენად მწვავე კონფლიქტი, რომ მითქვამს: ან გავა, ან მე წავალ აქედან-მეთქი და გასულა. როცა მსგავსი რამ რამდენჯერმე ხდება, ურთიერთობა იძაბება. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არასწორი მენეჯერული დამოკიდებულების ფორმატში გადავიდა. მე არ მომწონს მათი სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღეს. კერძოდ, არ მომწონს მათი მხრიდან გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღების ფაქტი და ამიტომაც დავიწყე ფიქრი ალტერნატივაზე.
– გვარამიას მრავალფეროვანი ამპლუაც უარყოფითად აისახება არხის რეიტინგზე?
– არ ვიცი, მაგრამ პირადად მე, არ მომწონს ეს ყველაფერი. ჩემთვის ცოტა გაუგებარია. თუ არხის გენერალური დირექტორი ხარ, გენერალური დირექტორი იყავი. თუ აკეთებ ოპოზიციურ პოლიტიკურ განცხადებებს, მაშინ უნდა იყო პოლიტიკურ ოპოზიციაში. თუ შოუმენი, ხარ მაშინ იყავი შოუმენი. შეიძლება ცოტა ჩამოვრჩი ცხოვრებას, მაგრამ ჩემთვის ეს ცოტა გამაღიზიანებელია.
– წამოსვლასთან დაკავშირებით არ გქონიათ გვარამიასთან კომუნიკაცია? თავად თქვა, რომ კარგი იქნებოდა, ამ ფორმით არ გაეგო თქვენი წასვლის შესახებ.
– ბოლო დროს ჩვენ შორის კომუნიკაცია აღარ იყო. მას შემდეგ, რაც გადაცემა დაიხურა ისე, რომ ჩემთვის სიტყვაც არავის უთქვამს, ორჯერ ვცადე ნიკა გვარამიასთან შეხვედრა, მაგრამ მდივნის პირით გავიგე, რომ არ სცალია. რაც შეეხება გადაწყვეტილებას ჩემი წასვლის შესახებ, ვალდებული ვარ, ეს ჩემს უშუალო ხელმძღვანელს გავაგებინო. ჩემი უშუალო ხელმძღვანელი გვარამია აღარ იყო. რაც შეეხება „პოსტ სკრიპტუმის“ დირექციას, ის საქმის კურსში იყო. უბრალოდ, როცა მოლაპარაკებები მიდიოდა და ჯერ მეც კი არ ვიცოდი, გადმოვიდოდი თუ არა ამ არხზე, სათქმელიც არაფერი იყო. მაგრამ, როცა გადაწყდა, მერე ჩავაყენე საქმის კურსში ისინი. გვარამიას ვუთხარი: მე შენი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ვხედავ, რომ ჩემი საჭიროება ამ არხზე ამოწურულია და ამიტომ წასვლაზე ვფიქრობ-მეთქი. მიპასუხა, ასე არ არის, შენ გეჩვენებაო. მე ჩავთვალე, რომ არ მეჩვენებოდა და ეგ იყო სულ.
– გვარამიას ბოლო პოსტსაც ნახავდით, სადაც წერს, რომ რასაც და ვისაც ამ წლების განმავლობაში ებრძოდით, ახლა ნაწილობრივ მათ მხარეს გადახვედით. როგორც არხიდან არხზე გადასვლის დროს ხდება ხოლმე – მოღალატეებად რომ აცხადებენ ჟურნალისტებს, დაახლოებით ამ კონტექსტით.
– არანაირი კომპლექსი არ მაქვს, ვისაც რა უნდა, ის დამიძახოს. მე ჩემი აზრი მაქვს და მისი გამოთქმის კომპლექსი არასდროს მქონია.
– ემოციურად არ იყო რთული ამ არხიდან წამოსვლა, ოცწლიანი თანამშრომლობის შემდეგ?
– თეორიულად ეგრეა, მაგრამ დღევანდელი „რუსთავი 2“ არ არის ის „რუსთავი 2“, რომელთანაც მე ისეთი ემოციური კავშირები მაქვს, რომლის გაწყვეტაც ჩემთვის ძალიან მტკივნეული იქნება. ამდენად, სიმართლე რომ ვთქვა, რთული არც ემოციურად ყოფილა.
– რაც შეეხება დავით კიკალიშვილს, მასთან რა პრობლემა იყო?
– მე მის მაგივრად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩემთან პირად საუბრებში და ეს სხვებმაც იციან, თუმცა თუ დამალავენ, ეს მათი ნებაა, მასაც იგივე განცდები ჰქონდა, რაც მე. კონკრეტულად – ის მენეჯმენტი, რომელიც არხზე ხორციელდებოდა, იყო მინიმუმ გაუგებარი, მაქსიმუმ – მიუღებელი.
– „იმედზე“ გადასვლა არ ყოფილა განხილვის საგანი?
– „იმედზე“ გადასვლა იმთავითვე გამორიცხული იყო. ეს ნაბიჯი რომ გადამედგა, ის ნამდვილად შეიძლებოდა, ჩათვლილიყო ღალატის ტოლფასად, ანუ, ფაქტობრივად, მეორე მხარეს გადავიდოდი. არის ერთი მხარე პროსამთავრობო და მეორე – ოპოზიციური. ჩემთვის ორივე მიუღებელია. არ ვფიქრობ, რომ მედია უნდა იყოს ოპოზიცია ან ხელისუფლების დასაყრდენი.
– ანუ, „რუსთავი 2-ზე“ ყოფნისას არ გქონდათ პოზიცია?
– ვცდილობდი, ჩემი ავტონომია შემენარჩუნებინა და ამას ვახერხებდი, ზოგჯერ ბრძოლით, ზოგჯერ ნერვების ფასად და მეტად თუ ნაკლებად. როცა დავინახე, რომ ამის საშუალება აღარ იყო, შევეშვი. ამდენად, ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადასვლა ჩემთვის გამორიცხულია და ამაზე არც მიფიქრია.
– თქვენი მეუღლეც „იბერიაზე“ გადმოვიდა?
– ნინო ჩემზე ადრე წამოვიდა „რუსთავი 2-იდან” და ახლა საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ფიქრობს. უნდა, რომ კაფე გააკეთოს გუდაურში, რაც მისი შთაგონების წყაროა. გიჟდება თოვლსა და თხილამურებზე. არ ვიცი, რამდენად გამოუვა, მაგრამ ჩემი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა აქვს.
– პროფესიული ორომტრიალის პარალელურად, როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება?
– უფროსი შვილი თოთხმეტი წლისაა. გარდატეხის ასაკშია, რთული პერიოდი აქვს და ძალიან ვწუხვარ, რომ სამსახურის გამო საკმარის დროს ვერ ვუთმობ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. უმცროსი ოთხი წლისაა და ყველა რთულ სიტუაციაში ჩვენი მხსნელია. სულ კარგ ხასიათზეა, აქტიურია და ყველა პრობლემას მომენტებში აქარწყლებს.
– შვილად აყვანასთან დაკავშირებითაც გკითხავთ. ბევრი ოჯახი, ვისაც ბიოლოგიური შვილი ჰყავს, თქვენგან განსხვავებით, ამ ნაბიჯს აღარ დგამს.
– სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ ის, ვინც ბავშვის შვილად აყვანას გადაწყვეტს, შემდეგ ბავშვს გარეგნობის, წარმოშობისა და სხვა ფაქტორების მიხედვით არჩევს. ეს გადაწყვეტილება მე და ნინომ ერთად მივიღეთ. ვიცოდით, რომ თუ ამის საშუალება მოგვეცემოდა, აუცილებლად ავიყვანდით ბავშვს, მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური შვილი გვყავდა. შემოვლით გზებს რომ არ მივმართავდით, ეს თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. ამიტომ სრულიად ლეგალურად ჩავდექით მომლოდინეთა რიგში. ჩვენი ნომრის მიხედვით და სტატისტიკის გათვალისწინებით, სადღაც 60 წლის ასაკში გვიწევდა ბავშვის აყვანა. ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ თუ ღმერთის ძალით მაინც მოხდებოდა ეს ყველაფერი, ძალიან გაგვიხარდებოდა. თუმცა, რამდენიმე წელში შემოგვთავაზეს, ეგრეთ წოდებული, „დაწუნებული“ ბავშვი. ზოგს მისი თმის ფერი არ მოეწონა, ზოგს ის, რომ თბილისში არ იყო დაბადებული და ასე შემდეგ. ზოგი პროფესიაზე მეუბნება, რომ ესაა ჩემი მიღწევა ცხოვრებაში, ზოგი სხვა რამეზე, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველაზე კარგი, რაც ამ ცხოვრებაში გამიკეთებია და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მიმიღია, ნიკას შვილად აყვანაა. ის ჩვენი შვილია, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ ნინოს ჩვენს ბიოლოგიურ შვილზე მეტად უყვარს და პირადად მეც, ვერაფრით გამოვარჩევ მათ შორის ჩემს დამოკიდებულებას.
– უფროს შვილს ნინოსგან არ ეწყინება?
– კი, სულ ნაწყენია და ხშირად გვაქვს დავა. „ნიკას ასე ექცევით“, – ამ ფრაზას ხშირად ვისმენთ უფროსი შვილისგან, მაგრამ მგონია, რომ ეს ნებისმიერი ოჯახისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.
– არსებობს კლიშე, რომლის მიხედვითაც, ბავშვს არ უნდა გაუმხილო, რომ აყვანილია.
– ნინოს აბსოლუტურად არ აქვს ამასთან დაკავშირებით არანაირი კომპლექსი. სიმართლე რომ ვთქვა, მე მაქვს. ჩვენ ხომ ვიცით, როგორი დამოკიდებულებაა ჩვენს სოციუმში გარკვეული საკითხებისადმი და ამიტომ, არ გვინდა, ამან მას დისკომფორტი შეუქმნას. განსაკუთრებით მანამ, სანამ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდება. ვინმემ ცუდად არ წამოაძახოს, ერთადერთი, ამის მეშინია, თორემ ადამიანის ტყუილში ცხოვრებაზე ცუდი რა უნდა იყოს?! თუმცა, ამ ეტაპზე ნიკას ვამზადებთ იმისთვის, რომ შემდეგ ეს ინფორმაცია მარტივად მიიღოს.
– რაც შეეხება საბას, რომელიც ინ ვიტრო ბავშვია. ზოგადად, ეს თემაც იწვევს აზრთა სხვადასხვაობას და რამდენადაც ვიცი, თქვენც შეეჯახეთ ამას.
– ნინო შეეჯახა ამას და საკმაოდ განიცადა. ჩემთვის ეს არანაირი პრობლემა არ არის. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრი არსებობს. მე ჩემი აზრი მაქვს და თუ მიმაჩნია, რომ სწორია, სხვა არ მაინტერესებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საკუთარ შვილს ეხება.