№5 როგორ უხალისებს ცხოვრებას საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ავთანდილ კაკაბაძე
ავთანდილ კაკაბაძის სახელი საბერძნეთში ქართველი მომღერლების არაერთ წარმატებულ და შთამბეჭდავ კონცერტს უკავშირდება. ათწლიანი განშორების შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა და აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს იმისთვის, რომ მომავალი ერთი წლის კონცერტების გეგმა შეადგინოს. მხოლოდ იმას ამხელს, რომ ზაფხულში ერთ-ერთი, ცნობილი ქორეოგრაფიული ანსამბლის კონცერტს გეგმავს, რომელიც ძალიან მასშტაბური და დასამახსოვრებელი იქნება. დასაოჯახებელია და ფიქრობს, რომ, როცა საქმე სიყვარულს ეხება, ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს.
ავთანდილ კაკაბაძე: 2008 წელს წავედი საბერძნეთში, უცხო ქვეყანაში ფეხის მოკიდება ადვილი არ იყო. განსაკუთრებით გამიჭირდა მაშინ, როცა კრიზისული პერიოდი დაიწყო. დავკარგე სამსახური და ფაქტობრივად, ჰაერში დავრჩი. თუმცა, არასდროს არ უნდა დაეცე და ნებისმიერ სიტუაციაში, ყველაფრის თავიდან დაწყება უნდა სცადო.
– რატომ გადაწყვიტეთ საბერძნეთში ქართული კონცერტების კეთება?
– საბერძნეთში ქართველების უზარმაზარი დიასპორაა და ეს ადამიანები ყოველდღიურად ძალიან ბევრს მუშაობენ საკუთარი ქვეყნისა და ოჯახებისგან შორს. ენატრებათ ყველაფერი, რაც ქართულია და ამიტომ, გადავწყვიტე, მათთვის ერთი ლამაზი საღამო მეჩუქებინა, საქართველოდან ჩამეყვანა მონატრებული მომღერალი, რომელიც თავისი სიმღერებით გაახალისებდა და შეუმსუბუქებდა მათ იმ რთულ ყოველდღიურობას. მუსიკალური განათლება მაქვს, ვუკრავ ფორტეპიანოზე, ვმღეროდი „გეპეის” კაპელაში და ეს სფერო ჩემთვის უცხო არ არის. პირველად, ანრი ჯოხაძის კონცერტი დავგეგმე. რეკლამირებიდან ზუსტად ერთ თვეში, არცერთი ბილეთი აღარ იყო. კონცერტამდე მთელი თვე იყო დარჩენილი. ამიტომ, კიდევ ერთი კონცერტის დამატება გადავწყვიტე. ანრისთან ერთად მისი და-ძმა და რძალიც მონაწილეობდნენ კონცერტში. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. როცა ვხედავდი, ამ ადამიანების გაბრწყინებულ თვალებსა და ბედნიერ სახეებს, სტიმული მეძლეოდა, კიდევ უფრო მეტი ბედნიერი დღე მეჩუქებინა მათთვის. თუმცა, ადვილი საქმე არ არის, მსმენელსაც და მომღერალსაც ყველაფერი მოარგო.
– ასეთი ტრიუმფის მერე, ალბათ, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძენით. როგორ გააგრძელეთ მუშაობა?
– რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ხალხის მხრიდანაც მეტი მოლოდინი გაჩნდა. მეც მინდოდა, კიდევ მეტი სიხარული მიმენიჭებინა მათთვის. გადავწყვიტე, ისეთი კონცერტი გამეკეთებინა, სადაც ბევრი ახალგაზრდა მოვიდოდა და გაერთობოდა. ამიტომ, დავგეგმე ნინი ბადურაშვილისა და ნოდიკო ტატიშვილის საღამო. ზუსტად იმ პერიოდში დამიკავშირდნენ „ეკა ხოფერიას შოუდან” და მითხრეს, რომ საბერძნეთში ჩამოსვლას აპირებდნენ და იქ მცხოვრებ ქართველებზე გადაცემის გაკეთებას. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. მათი ჩამოსვლა ნინისა და ნოდიკოს კონცერტს დაემთხვა – შოუც და საღამოც არაჩვეულებრივი გამოვიდა.
– საბერძნეთში ძალიან ბევრი გიცნობთ. ქართული კულტურა წარადგინეთ ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ბერძნულ შოუშიც. როგორ მოხვდით იქ?
– ჩემით დაინტერესდა საბერძნეთის ტელევიზიის პირველი არხი. არის გადაცემა, რომელიც საბერძნეთში უცხო ქვეყნის მცხოვრებლებსა და მათ კულტურაზე კეთდება. სტუმრებმა სხვადასხვა ფორმით უნდა წარადგინონ თავიანთი ქვეყანა. მითხრეს, რომ ორი ქართული კერძი უნდა გამეკეთებინა და მაშინვე ხინკალი და ხაჭაპური მომივიდა თავში. ხაჭაპური იმდენად ცნობილია, რომ მინდოდა, გამერთულებინა და გავაკეთე აჭარული ხაჭაპური. ჩაწერის დროს წამყვანს ხინკლის მოხვევა ვასწავლე. გავაკეთე აჭარული ხაჭაპური, დავაგემოვნებინე ქართული ღვინო და რა თქმა უნდა, ბევრი ვისაუბრე საქართველოზე. ამ გადაცემის ეთერში გასვლას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი ქართველი მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ ძალიან ამაყობდნენ ამით.
– ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული რომელი კონცერტი გამოვიდა?
– რიგით მესამე – ლელა წურწუმიას საღამო. წინა კონცერტები ათენის ერთ-ერთ თეატრში გავმართეთ, სადაც 800 ადამიანი ეტეოდა. გადავწყვიტე, ამ კონცერტისთვის სხვა დარბაზი შემერჩია, სადაც ბევრად მეტი ხალხი დაეტეოდა და პირობებიც უკეთესი იქნებოდა. წინა შემთხვევებში, მე მომიწია აპარატურის დაქირავება და ბევრი სხვა დისკომფორტიც იყო. არჩევანი ათენში, რიგით მესამე თეატრზე შევაჩერე, რომელიც დაახლოებით, 1 500 მაყურებელს იტევს. თუმცა, მის მოსაპოვებლად, ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა. ბევრ ბერძენ მომღერალს ვიცნობ და გადავწყვიტე, ისინიც ჩამერთო კონცერტში – ამ ფორმით დამეკავშირებინა ჩვენი კულტურა ერთმანეთთან.
ყველა ბილეთი ძალიან მოკლე დროში გაიყიდა და გადავწყვიტე, კონცერტის შემდეგ გამეკეთებინა „ავთერ ფართი”, სადაც 700 სტუმარი მოვიდა. საოცრად თბილი საღამო გამოვიდა. ნახევარი დრო სცენის მაგივრად, დარბაზში, ხალხის გარემოცვაში გაატარა ლელამ. ქართველებმა ისინიც მოიყვანეს, ვის ოჯახებშიც მუშაობდნენ და ვისაც უვლიდნენ. მათ შორის, ერთი ბერძენი მოხუცი ქართველმა მომვლელმა ეტლითაც კი მოიყვანა. ლელა წინ დაუჯდა და ერთი სიმღერა პირადად ამ ქალბატონს უმღერა. ეს ფაქტი ძალიან აიტაცეს ბერძნებმა და დიდხანს ლაპარაკობდნენ ამაზე. კონცერტზე თამთა გოდუაძეც მოვიდა.
– ეს კონცერტი თქვენს დაბადების დღეს დაემთხვა. ალბათ, ეს დღე ორმაგად ემოციური იყო თქვენთვის?
– იმდენად საოცარი დღე იყო, რომ ლელას ვეუბნებოდი, ჩემი თილისმა ხარ-მეთქი. 8 ოქტომბერს იყო კონცერტი და მეორე დღეს – ჩემი დაბადების დღე. 35 წლის გავხდი, ტორტი ჩავაქრე და სცენაზე ამოვიდა კონცერტის სპონსორი, სამშენებლო კომპანიის sky development-ის წარმომადგენელი, რომელმაც გამოაცხადა, რომ ბინა მაჩუქეს. ვერ გადმოვცემ, მძაფრი იყო ემოცია. ასეთი სასწაულები, მეგონა, მხოლოდ ზღაპრებსა და ფილმებში ხდებოდა.
– რატომ დაბრუნდით ათი წლის შემდეგ საქართველოში და რა გენატრებოდათ ყველაზე მეტად?
– 14 იანვარს იყო „კომედი შოუს” საახალწლო კონცერტი, 1 კვირაში გავყიდე 600 ბილეთი. ჩემი მხრიდან ერთგვარი საახალწლო საჩუქარი გავუკეთე ბავშვებს და უმუშევრებს, რომლებიც უფასოდ ესწრებოდნენ კონცერტს. ბილეთის ფასი გავუნახევრე სტუდენტებსაც. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. ეს ხალხი გამოვაცილე და მეორე დღეს, მეც გამოვფრინდი. მენატრებოდა ყველაფერი ქართული და ის ხალხი, ვინც აქ მყავს. სამომავლო გეგმების დასაწყობად ჩამოვედი, რაშიც ძალიან მეხმარებიან აქაური მეგობრები. მათ შორის, თაკო დოლაბერიზე, რომელსაც თქვენი საშუალებით კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მადლობა.