№5 რატომ გაიწყვიტა ჩინეთში შუბლის ძარღვი თინათინ მაღალაშვილმა და რატომ დასდევდნენ მას ჰარბინში ჩინელები
დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი ცოტა ხნის წინ ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც ჰარბინის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა. ჩვენებამ ძალიან წარმატებულად ჩაიარა და რაც მთავარია, მომავალ წელსაც მიიწვიეს ის მოდის კვირეულზე.
თინათინ მაღალაშვილი: 2017 წელი ძალიან აქტიური მქონდა. ჯერ ვიყავი უკრაინის ფეშენ-ბაზარზე, შემდეგ – აზერბაიჯანის მოდის კვირეულზე, შემდეგ – მოსკოვში „მერსედეს-ბენცის” მოდის კვირეულზე. ნოემბრის დასაწყისში, როდესაც საქართველოში დავბრუნდი, ვთქვი, რომ გაზაფხულამდე აღარსად ვაპირებდი წასვლას. რა თქმა უნდა, ყველამ დამცინა, რადგან ჩემთვის, სამი თვე ერთ ადგილზე გაჩერება წარმოუდგენელია. მართლაც, ძალიან მალე ბელორუსის მოდის კვირეულის ორგანიზატორმა მომწერა და მთხოვა, რომ მასალები ჩინეთში გამეგზავნა. სიმართლე გითხრათ, შარშანაც მიმიწვიეს, მაგრამ მაშინაც ძალიან დატვირთული წელი მქონდა და კოლექცია ფიზიკურად აღარ დამრჩა, ახალის გაკეთებას კი ვერ ვასწრებდი. თან, დამეზარა, ამდენი საათი, მეფრინა. წელს გავაგზავნე ახალი კოლექციის „ლუქ-ბუქი” და მომივიდა პასუხი: ჩვენთვის დიდი პატივია „თინათინის” ჩამოსვლაო. აბსოლუტურად ყველა ხარჯი თავის თავზე აიღეს – ასისტენტიანად დამაფინანსეს. რადგან ყველა დიზაინერს, ვინც მიწვეული იყო, ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ, მივხვდი, სერიოზული ღონისძიება იქნებოდა და გადავწყვიტე, წავსულიყავი.
– გაამართლა მოლოდინმა?
– რეკომენდაცია გამიწია ბელორუსის მოდის კვირეულის ორგანიზატორმა და ასევე, რუსეთის მოდის კვირეულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. ყველაფერი საოცრად მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ეს ერთ-ერთი, ყველაზე კარგად ორგანიზებული გახლდათ. 46 ქვეყნის 120 დიზაინერი ჰყავდათ ჩამოყვანილი. საქართველოდან მხოლოდ მე ვიყავი და ეს ჩემთვის ისეთი დიდი პატივი იყო, ცოტა მეშინოდა კიდეც. უკვე პირადად ორგანიზატორებისგან მივიღე მომავალი წლის მიწვევა. რაც შეეხება მოდელებს, ძალიან კარგი გოგონები ჰყავთ. რომ მივდიოდი, მეუბნებოდნენ: ბევრი ქინძისთავი წაიღე, კაბების დამოკლება მოგიწევსო. ჩვენ ხომ ექსკლუზიურ მოდელებს ვქმნით და რაც
ჩინეთისთვის გავაკეთეთ, სწორედ ისინი მოუვიდათ მოკლე – ძალიან ლამაზი, მაღალი გოგონები ჰყავდათ. მოდის კვირეული ჰარბინში გაიმართა, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი მხარეა, ანუ პროვინცია. თვითონ ქალაქში კი 10 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ჩინური „ვოგი” იყო მოდის კვირეულის პარტნიორი. ხშირად გვქონდა მათთან ინტერვიუ, ფოტოსესიები, რაც შემდეგ მათ ფურცლებზე დაიბეჭდა. მთელ ქალაქში უამრავი ცათამბჯენია და რაც მთავარია, ჰარბინი ტურისტებისთვის ძალიან ცნობილი ქალაქია. სხვათა შორის არგენტინელი და ამერიკელი დიზაინერები იყვნენ ჩამოსულები. მათ თქვეს „თაიმ სკვერზე” მიდიოდა „ჰარბინის მოდის კვირეულის” რეკლამა და ამან გადაგვაწყვეტინა აქ ჩამოსვლაო. თავიდან ყველანი ეჭვის თვალით ვუყურებდით, მაგრამ ძალიან კარგი და სერიოზული ღონისძიება აღმოჩნდა. ჰარბინი იმითაც არის ცნობილი, რომ აქ ყინულის სასახლეა თავისი უზარმაზარი ყინულის ქანდაკებებით, რომელთაც ყოველ წელს აგებენ. ძალიან დიდი ტერიტორია უკავია და ნოემბრის დასაწყისში ორიათასამდე დიზაინერი მუშაობს. მოაქვთ ყინულები და დილიდან საღამომდე აშენებენ. ყოველ წელს ასე მეორდება და მას აფინანსებს სახელმწიფო. გამაფრთხილეს, მინუს 40 გრადუსი იქნება ყინვაო და იმდენი მეცვა, ქურთუკი რომ შევიკარი, ხელები ვეღარ მიმქონდა ტანთან. ულამაზესია, დაახლოებით, 35-მეტრიანი. ადიხარ და ზემოდან რომ იხედები, საოცარი მისტიკაა. თავი ყინულის დედოფლის სასახლეში მეგონა, ბავშვობაში დავბრუნდი.
– ელზას სასახლეში. ისე კი ჰგავხარ ელზას ფერებში.
– ჩემი ფერები და გარეგნობა კიდევ ერთი საოცრება იყო. იქ დიდითვალები იშვიათია და მე რომ
მხედავდნენ: დიდი, თან ცისფერი თვალებით, უკან დამდევდნენ და მეძახდნენ: „ბიუთიფულ,” „ბიუთიფულ”. ერთ უზარმაზარ სივრცეში იყო ყველაფერი: სასტუმრო, პავილიონი, სავაჭრო ცენტრები. ყველა დიზაინერს მიმაგრებული ჰყავდა ჯგუფის ლიდერი და ასისტენტ-თარჯიმანი. ამიტომ, გზააბნეული ბატებივით არ დავდიოდით. რუს დიზაინერებს ის მომენტი ჰქონდათ: ვაიმე, გვითვალთვალებენო. ჩვენ არაფრის გაფუჭებას არ ვაპირებდით და თვალთვალი, თუ ყურადღების მოქცევა, პირიქით, კომფორტულიც იყო. პირველ სართულზე რომ ვიყავით სასტუმროს ვერ ვაგნებდით. ისეთი დიდი სივრცე იყო, ქეჩოთი მიგვიყვანდნენ ხოლმე – სულ თან დაგვყვებოდნენ. მოდის კვირეულს ძალიან კარგი რეკლამა ჰქონდა ყველგან. ამ სივრცეშიც ყველა კუთხეში იყო დიზაინერების ფოტოები. რომ დავინახავდი, ვინმე ჩემს ფოტოსთან იღებდა სურათს, მეც გავიქცეოდი და გვერდით დავუდგებოდი ხოლმე. ისეთი შოკირებულები იყვნენ, ისე უხაროდათ. პრესკონფერენციებიც იქვე ტარდებოდა. რომ დამანახეს, ჩემი პრესკონფერენციისას სცენაზე უნდა ავსულიყავი, გული გამისკდა, იმდენი ხალხი ესწრებოდა. თან, ინგლისურად უნდა მიმეცა ინტერვიუ. მე იმ თაობას მივეკუთვნები, რომელმაც მშობლიურივით იცის რუსული ენა, ინგლისური კი დამტვრეულად. მაგრამ, შუბლის ძარღვი გავიწყვიტე და მივეცი ინტერვიუ. კარგი ის იყო, რომ ჩინელებმა არც ინგლისური იციან და არც რუსული. თარჯიმანმა კი კოხტა თარგმანი დაადო. მაგრამ, ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ დავამთავრეთ თარჯიმანმა მითხრა: შენი ინტერვიუ პირდაპირ ეთერში გადაიცა და ორმილიონ-ნახევრმა ადამიანმა უყურაო. მერე მითხრა: შენი ფანკლუბი გაკეთდა, ფოტოების გადაღება უნდათო. სრული ნახევარი საათი გაღიმებული სახით ვიდექი და ფოტოებს ვიღებდი. ნახევარი საათის შემდეგ ამიკანკალდა ლოყები, ვეღარ ვიმორჩილებდი კუნთებს და თარჯიმანმა მითხრა: ესენი თავს არ დაგანებებენ, წამოდი, უნდა გაგაპაროო და გამომაპარა.
– როგორი იყო შენი კოლექცია და როგორ ჩაიარა ჩვენებამ?
– შემოდგომა-ზამთრის კოლექცია უნდოდათ და მე მივწერე, რომ არ მქონდა ჯერ გაკეთებული. მაშინ ის წამოიღეთ, მოსკოვში, „მერსედესის” მოდის კვირეულზე რომ გქონდათო. „დაცემული ანგელოზი” – ასე ჰქვია ამ კოლექციას. ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული. საქართველოში ვაპირებდი ამ ჩვენების გაკეთებას, მაგრამ დროის უქონლობის გამო, ვერ მოვახერხე. მოსკოვში რომ წავიღე ეს კოლექცია, მითხრეს: ნაკლებად დამეტვირთა ნეგატვითი. კონცეფცია ასეთია: ქალი გათხოვების შემდეგ ეშვება ღრუბლებიდან, ოცნებებიდან, ხვდება რეალურ ცხოვრებაში და მას თუ გვერდით ისეთი ადამიანი არ ჰყავს, ვინც ანგელოზად აგრძნობინებს თავს, ეცემა. შემდეგ იძულებული ხდება ფეხზე ადგეს, განაგრძოს ცხოვრება. ამიტომაც დავიწყე საქორწილო კაბით, რასაც თეთრი კოლექცია მოჰყვა; შემდეგ – შავ-თეთრი, მერე შავი, შავს – წითელი და ბოლოს იასამნისფერი, რადგან ეს ოცნების ფერია. ჩვენ ხომ მეოცნებები ვართ და მაინც გვჯერა ბედნიერების.
– საკუთარ თავს, ალბათ, არ მიიჩნევ „დაცემულ ანგელოზად”.
– არა, მე არ ვარ დაცემული ანგელოზი, რადგან ვიცი, როგორ ვიდგე ფეხზე. ცვეტაევას სიტყვები ანათებდა ეკრანზე: თავისუფლებაა, როცა ფრთები საფრენადაა გაშლილი, ხოლო თუ ზურგს უკან კიდია – ეს უკვე სიმძიმეაო. მუსიკა ვიკინგების სერიალიდან ავიღე და საოცარი მიქსი გამოვიდა. ეს
ყველაფერი გავაკეთე ჩინეთშიც. რეჟისორს ისე მოვეწონე, ბოლო ორჯერ გაიმეორა. დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენებამ, ბევრმა დიზაინერმა მითხრა: გაოცებული ვარ, ყველაფერი კარგად იყო შეფუთული, ძალიან საინტერესო გამოვიდაო.
– ანგელოზის თემას რომ დავუბრუნდეთ – ფრთები სულ გაშლილი გაქვს?
– კი, რადგან ხელოვანი სულ ფრთებგაშლილი დადის. ქალი ხელოვანი სხვა ქალისგან იმით განსხვავდება, რომ ჩვენ, როგორც არ უნდა დავეცეთ, ფრთები მაინც გაშლილი გვაქვს – იქნებ, უცებ ავფრინდეთ. მე სამსახურში არ ვიღლები, ენერგიისგან ვიცლები და სახლშიც რომ მივდივარ, ვხატავ. ჩვენი ტვინი არასდროს ისვენებს, სულ შემოქმედებითად ვიწვით და ახალი ენერგიით ვიტვირთებით. დაცემის მომენტები ყოფილა, მაგრამ ცხოვრებაში ბევრად უფრო მეტი პრობლემა არსებობს.
– თქვი: ქალს ისეთი კაცი უნდა შეხვდეს, მას ანგელოზად რომ აქცევსო. შენს შემთხვევაში როგორ არის?
– მე იმაში გამიმართლა, რომ მეუღლეც მხატვარია, დედამთილიც და ხელის შეშლის მომენტი არ მქონია. გამიშვეს: იფრინე რამდენიც გინდაო. ჩემი ფრენა ხელს არავის უშლის და მეც დავფრინავ.